Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კუკავა: უნდა დააპატიმრონ ყველა, ვისაც შეუძლია კონტრრევოლუციაში მონაწილეობა

კახა კუკავა: უნდა დააპატიმრონ ყველა, ვისაც შეუძლია კონტრრევოლუციაში მონაწილეობა

847

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებულმა გამოძიებამ თითქმის ყველა უწყება მოიარა. ყველა ყოფილი მინისტრისა და მათი მოადგილეების კარი შეაღო (ვინც არ გაქცეულა); გაყალბების მთავარი ბერკეტი _ ცესკო კი კვლავ ხელშეუხებლად დარჩა. მეტიც, არჩევნების შემდეგ მმართველ გუნდს მის მიმართ კითხვები არც გასჩენია (ყოველ შემთხვევაში, არ დასმულა) და როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არც მომავალში იგეგმება რამეუნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაზე და რა საფუძველი არსებობს ამისთვის, _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტია «თავისუფალი საქართველოს» ლიდერი კახა კუკავა.


_ ბატონო კახა, თქვენი აზრით, რატომ არ იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ გამოძიება? წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომაც ხელისუფლება, «ქართულ ოცნებას» ვგულისხმობ, სერიოზულ დარღვევებზე საუბრობდა.

_ პროკურატურას არ აქვს მუშაობის ერთიანი სტრატეგია. სახეზე გვაქვს შერჩევითი მართლმსაჯულება. დღეს საქართველოში, საარჩევნო დანაშაულის კი არა, საერთოდ დანაშაულის ძიება არ მიმდინარეობს. ყურადღება ეთმობა მხოლოდ იმ საკითხებს, რომელთა წამოწევაც რაღაც მოცემულ მომენტში ვიღაცას სჭირდება. მაგალითად, პარლამენტში აკლიათ 9 დეპუტატის ხმა, იწყება 9 დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება, იქ კიდევ ვიღაცის ჩაძირვაა საჭირო, იმას უტევენ. ერთიანი სტრატეგია კი, როგორც გითხარით, რა არსებობს.

ჩემი აზრით, პროკურატურამ უნდა მიიღოს რამდენიმე გადაწყვეტილება: პირველი: რა სიმძიმისა და ხანდაზმულობის დანაშაულს იძიებს და მეორე: თითოეული მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს სპეცპროკურატურები, როგორც  ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ასეთი რამ დღესდღეობით საქართველოში არ ხდება და ამიტომ არ მიმდინარეობს არც ერთი გაყალბებული არჩევნების გამოძიება. სავარაუდოდ, ეს არც დაიწყება ამ ხელისუფლების პირობებში, თუ, ვიმეორებ, საარჩევნო კომისიის რომელიმე ყოფილმა ხელმძღვანელმა მმართველ გუნდს არ შეუქმნა პრობლემა. აი, ესაა, სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურის საქმიანობა და ეს ეხება არა მარტო საარჩევნო დანაშაულებს, არამედ ადამიანების დახვრეტებს, ჩვენ გვახსოვს ასოცი დახვრეტა, რომელთაგან სულ ორზე თუ სამზეა დაწყებული გამოძიება, ეხება დარბევებს, ქონების რეკეტს და ა. შ.

_ გამოდის, რომ ამ ეტაპზე საარჩევნო დანაშაულის გამოძიება ხელს არ აძლევს ხელისუფლებას?

_ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, უბრალოდ, ეს არაა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი. საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ, რომ მათ არ ჰყავთ კვალიფიციური კადრები. ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, საქართველოში თუ კი რამის კადრები არის, პირველ რიგში, ესაა იურისტები. მეორეც, ჩვენ ვხედავთ, სადაც არსებობს პოლიტიკური ნება, იქ კადრების ნაკლებობა შეფერხებას არ ქმნის. მაგალითად, «ქართუ ბანკისა» და «ელიტა ბურჯის» შემთხვევებში გამოძიება მყისიერად წარიმართა. საქმე ისაა, რომ მოქმედი ხელისუფლება, მისი წინამორბედიც და იმის წინაც ერთი და იგივე პოლიტიკური კლასია, ერთი და იმავე რაღაც ორგანიზებული ჯგუფის სხვადასხვა კლანი, რომლებმაც, მართალია, ძალაუფლება წაართვეს ერთმანეთს, მაგრამ საერთო ფესვებიდან იკვებებიან. აქედან გამომდინარე, საარჩევნო დანაშაულის გამოძიება, შეიძლება, ერთნაირად მტკივნეული იყოს ორივე მხარისთვის… მე ვხვდები, რატომ ფერხდება თუნდაც 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიება. იმიტომ, რომ იქ შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლების ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ამოტივტივდეს. იმავეს ვიტყვი იმ ქონებრივ თუ ფინანსურ დანაშაულებზე, რომელთა გამოძიებაც ასევე არ ხდება…

_ გარდა ამისა, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ გაყალბებაში გამოწრთობილი კადრები ახალ ხელისუფლებასაც სჭირდება?

_ ნამდვილად, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ, როგორც «ნაციონალებმა» გადმოიბარეს ეს «ინფრასტრუქტურა», თავის დროზე წინამორბედისგან, ისე გადმოიბარებს ახლა «ოცნება». როგორც დორიან გრეის პორტრეტი იცვლება, ისე ჩვენ ვუყურებთ ახალ-ახალ ნაკვთებს კოალიციის პოლიტიკურ სახეზე და მომსწრენი ვართ, როგორ ემსგავსებიან ისინი დღითიდღე «ნაციონალურ მოძრაობას».

_ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა არჩევნები და არა მარტო არჩევნები, მათ შორის გამოკითხვებიც, ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ანალოგიურად ეჭვქვეშ დგას ნატოს 2008 წლის სამიტამდე ჩატარებული პლებისციტის ობიექტურობაც, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს?

_ რა თქმა უნდა. პლებისციტი სწორია თუ არა, ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენად ადეკვატურადაა მასში ხალხის ნება ასახული და არა იმის მიხედვით, ვის რა აძლევს ხელს. დღესდღეობით «ქართულ ოცნებაში» არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა საკუთარი მისწრაფება უკვე გამოხატა; ხოლო როცა ეკითხები _ როდის? გიპასუხებენ: _ 2008 წლის 5 იანვარს. ეს ის არჩევნებია, რომლის შემდგომაც ჩვენ ერთად ვიდექით რუსთაველზე და ვაპროტესტებდით ტოტალურ გაყალბებას… საინტერესოა ერთი, როგორ ჩაიარა მაშინ ხმის მიცემის პროცედურამ, მაგალითად, მარნეულის რაიონში. ალბათ, ჩავიდნენ იქ «ნაციონალები» და ამომრჩეველს უთხრეს: გაჩეჩილაძეს არ მისცეთ ხმა, სააკაშვილს მიეცით და ნატოსთან მიმართებაში, რაც გინდათ, ის აირჩიეთო. ეს ხომ კომედიაა?! ჩვენ, ყველანი, კარგად ვხვდებით, რომ 2008 წლის 5 იანვარს არანაირი თავისუფალი ნების გამოხატვა არ ყოფილა; მათ შორის, არც იმასთან დაკავშირებით, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

არც «ქართული ოცნება» და არც «ნაციონალური მოძრაობა» არაა დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, ორივე ჭიპლარით მიერთებულია ვაშინგტონზე. თამაშის წესებს, რომლებსაც ადგენს «თეთრი სახლი», ვერც ერთი ვერ დაარღვევს. თუ სააკაშვილი დაითხოვს პარლამენტს და მთავრობას, კოალიცია იძულებული იქნება, მას დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაუმორჩილებლობა ამერიკის მიერ შეფასდება, როგორც პუტჩი და სამხედრო გადატრიალება. სააკაშვილის მხრიდანაც სამხედრო ძალის გამოყენება იქნება გამართლებული დასავლეთის თვალში. ჩემი აზრით, ამ საფრთხეების ასაცილებლად «ქართულ ოცნებას» ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეებში უნდა გადაედგა უფრო ქმედითი ნაბიჯები. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა მოეხდინათ «ნაციონალური მოძრაობის» ნეიტრალიზება. შეიძლება არც ახლაა გვიან, შესაძლოა, დღეები წყვეტდეს ყველაფერს და მე არ გამოვრიცხავ, ივანიშვილმა 19 აპრილამდე გააკეთოს ეს.

_ ნეიტრალიზება კონკრეტულად რა ფორმით უნდა მოხდეს?

_ ყველა ფორმით, როგორსაც საქმე მოითხოვს. ისტორია იწერება ისტორიის კანონებით და არა სისხლის სამართლის კოდექსებით, უნდა დააპატიმრონ ყველა, ვისაც შეუძლია კონტრრევოლუციაში მონაწილეობა.

_ თქვენ თქვით, რომ ეს ხელისუფლებაც, ისევე, როგორც წინა, ამერიკის წინაშე ანგარიშვალდებულია. თუკი ივანიშვილი ვაშინგტონის ხელდასხმული ფიგურაა, რა პერსპექტივა აქვს მიმდინარე მოლაპარაკებებს რუსეთთან და მით უფრო აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მცდელობას?

_ ამერიკასაც და რუსეთსაც _ ორივეს აქვს უნდობლობა ამ ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილი დროს წელავს და ის ძალიან ჰგავს იმ ქართველ მეფეებს XVII საუკუნეში, რომლებიც, გვახსოვს ჩვენ, შაჰს ხანგრძლივად არწმუნებდნენ ერთგულებაში; ბოლოს ეს მთავრდებოდა ორნაირად: ზოგი მეფე იგებდა ომს, ზოგს თავს კვეთდნენ ისპაჰანში. ჩემი აზრით, ასეთი კვანძის გახსნა აქაც არის გარდაუვალი. ეს გაურკვევლობა დიდხანს ვერ იქნება შენარჩუნებული…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. კახა,დიდ პატივს გცემ და გეთანხმები ანალიზში,თუმცა მე ვფიქრობ,რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაა ,საზოგადოებასთან ერთად ამ უმრავლესობის,ჯერ-ჯერობით?!

  2. ჩემის აზრით "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებული არიან რაღაც სცენარის გარშემო და ერთ თამაშს თამაშობენ.

    ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია, რომ როგორც 2003 წელს მოხდა ხელისუფლების გადაბარება ისევე მოხდა 2012 წელსაც.

    ბელარუსიის პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეცვალა და მესამედ იყარა კენჭი, ასევე კაზახეთის პრეზიდენტმაც(თუ არ ვცდები), აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მამამ შვილს გადაულოცა გვირგვინი, შვილი კი მგონი მეუღლეს გადაულოცავს. პუტინმა ერთი საპრეზიდენტო პერიოდი გამოტოვა და დროებით მედვედევს ჩააბარა პრეზიდენტის პოსტი, თვიტონ კი გაპრემიერდა, თუმცა არ ვდაობთ იმაზე, რომ ის მართავდა ქვეყანას. ამასთან ერთად საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე გაზარდა.

    ყველა ეს ქვეყნები ითვლება როგორც არადემოკრატიული ქვეყნები და მათ "ნატო" და "ევროკავშირი" არ "ემუქრებათ" და არც მიილტვიან.

    ყველაზე ჭკვიანი სააკაშვილი აღმოჩნდა: მან დროებით პრეზიდენტობა გადააბარა ივანიშვილს და ოპოზიციაში გადავიდა. მალე ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან და ალბათ 4-5 წელიწადში ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება უმრავლესობით და პრემიერი სააკაშვილით.

    ეს ვერსია ყველა გაუცემელ კითხვას სცემს პასუხს: რატო მოექცა ნაცები ბოლო 2011-2012 წლებში საკუთარ ხალხს, რატო მოაწყო 26 მაისი, რატო მიაბა ნაგავი შუქს, მოდელირებული "ქრონიკა" "იმედზე", მთვრალი სააკაშვილი მახათას მთაზე, სააკაშვილის "ვეფხისტყაოსანი" ახალციხეში, ყველა ტელევიზიაში ფილმები ინგლისური ტიტრებით და ბევრი რამის ჩამოთვა შეიძლება.

  3. პარტია, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება ასე არ ექცევა საკუთარ ხალხს. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ხალხი გადადგომოდა სააკაშვილს და ახლადგამოჩეკილი ლიდერის-ივანიშვილის მხარეს დამდგარიყო.

    ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ არ სჯიან არავის, მხოლოდ მიმდინარეობს დაუმთავრებელი სასამართლო პროცესები.

    ალბათ ბოლო წელში ისევე გამკაცრდება და გამხეცდება დღევანდელი მთავრობაც და სააკაშვილს სანატრელს გაგვიხდის, რომელსაც დიდი სიამოვნებით მივიღებთ.

    ღმერთმა ქნას ვცდებოდე

  4. დიდი ხანია ყარს ქართული პოლიტიკა და პოლიტელიტა, ახალ წლამდე გვპირდებოდნენ გახმაურებული მკვლელობების გამოძიებას და …. ვატყობ სულაც ტემპერატურის დაწევაზე მიდის მუშაობა და ყველა კმაყოფილია კიდევ ერთხელ გადაგდებული უბრალო ქართველების გარდა.

  5. ოცნებამ ვერ გაამართლა!
    ხალხს იმედები გაუცრუა!
    არაპროფესიონალიზმი და ნეპოტიზმი ოცნების სამოქმედო გეგმა გახდა!
    ახალი კეზერაშვილები გაჩნდნენ!
    ბენზინი და სხვა გაიაფებები არ ჩანს!
    მინისტრთა ხელფასები 7500 ლარამდე გაზარდეს, როცა სამომხმარებლო კალათა 150 ლარია!
    სადაა ანტიმონოპოლიური სამსახურები?
    აზრზე მოდით მეოცნებეებო, თორემ თქვენც ჩაირეცხებით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here