Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი (დიაკონიძე): მართლმადიდებელმა ქვეყნებმა ალიანსი უნდა შევქმნათ

მამა ელიზბარი (დიაკონიძე): მართლმადიდებელმა ქვეყნებმა ალიანსი უნდა შევქმნათ

627

საქართველოს საგარეო ურთიერთობებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ეკლესიის როლსა და მისიაზე «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარი (დიაკონიძე) ესაუბრა.

_ ცოტა ხნის წინ რუსეთში ბრძანდებოდით. მოგვიყევით თქვენი ვიზიტის შესახებ.


_ დიახ.  რუსეთში გახლდით და იქ აფხაზებსაც შევხვდი. არავითარი აგრესია არ მიგრძვნია მათგან.

მინდა გითხრათ, რომ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დამრჩა. მოსკოვის ქუჩებში ჩოხით დავდიოდი, მაგრამ ერთი პოლიციელიც არ მოსულა და არ უთქვამს, ხანჯალი ცივი იარაღია და ქუჩაში ასე სიარული არ შეიძლებაო, რადგან მათ იციან, რომ ეს ჩვენი ღირსების საქმეა. საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის დროს კი, ხანჯლები მოახსნევინეს ქართველ მოცეკვავეებს, რადგან თურმე ბუშს ეშინოდა, და ამერიკელი თავის ქვეყანაში ჩოხის ჩაცმის უფლებასაც არ მომცემს. რუსს კი არაფერი უთქვამს, თავის ქალაქში კრემლის კარი გამიხსნა და ჩემი, ქართული დროშა მაფრიალებინა, ამიტომ მირჩევნია მე რუსი ამერიკელს.

ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსკოვში, ანაფორის ქვეშ ჩოხა მეცვა. იქ ვთქვი, ჩვენ, ქართველები, პატარა ერი ვართ, ჩვენში სასულიერო პირი მეომარიც უნდა ყოფილიყო, მიწის მუშაც და მასწავლებელიც, ამიტომ ანაფორის ქვეშ იარაღსაც ატარებდნენ-მეთქი და გავიხსენი ანაფორა. დარბაზი ტაშით დაინგრა. ყველა ფეხზე წამოდგა. დიდი მადლობა გადამიხადეს და აღნიშნეს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, თურმე ქართული ღირსება არ დაკნინებულა.

თუ მუსლიმანებთან შეგვიძლია საუბარი, ქრისტიანებს როგორ ვერ უნდა დაველაპარაკოთ? უამრავ ქვეყანასთან აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა, რუსთაველის პროსპექტზე ვერ გაივლი, იმდენი ირანელი და არაბი შეგხვდება. მობრძანდნენ, კი ბატონო, სტუმრად მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ცხინვალში რომ ვერ ჩავსულვართ, ეს კარგია?!

კარგი იქნება, თუ მართლმადიდებელი ქვეყნები ერთ ალიანსს შევქმნით. ეს არ უნდა იყოს არც სამხედრო, არც პოლიტიკური გაერთიანება, მხოლოდ დავეხმარებით ერთმანეთს კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში. მაგალითად, მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა და საქართველო რომ გაერთიანდეს, უკვე სერიოზული ძალა იქნება. სასურველია, ამ გაერთიანებას მართლმადიდებელი ქვეყნების თანამეგობრობა ან კავშირი ეწოდოს. ჩვენ შორის იქნება სჯულის კანონზე დაფუძნებული ურთიერთობა.

_ რუსეთის როლი როგორ გესახებათ კონფლიქტის მოგვარების საქმეში?

_ კონფლიქტის მოგვარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. ურთიერთობა უნდა  დაიწყოს რუსეთთან და ამან ჯანსაღი ხასიათი უნდა მიიღოს. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან. ამას სჭირდება ჯანსაღი პარლამენტი და ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც ჯერჯერობით ჩანან, მაგრამ რაღაც საკითხები უშლით ხელს და ცოტა მეტი სიმამაცე და თავგანწირვის უნარი სჭირდება ამ საქმეს. «ნაციონალები» რას იტყვიან და მსოფლიოს წინაშე დაგვაბეზღებენ, ეს ფრაზა ქვეყანაში საერთოდ აღარ უნდა ითქვას. «ნაციონალებმა» 9 წლის მანძილზე რაც ილაპარაკეს და აკეთეს, გვეყო. საკმარისია!

ევროპიდან მირეკავენ ახლობლები და მეუბნებიან, რომ საშინლად იქცევიან იქაური საკონსულოების თანამშრომლები. მაგალითად, ირლანდიაში საკონსულოს თანამშრომელი ვიმნე კოპლატაძე ადგილობრივ ხელისუფლებას აწვდის ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესებსა და ადამიანის უფლებებს ლახავს. რომელ კოაბიტაციაზეა საუბარი? მინდა ვკითხო პატივცემულ კოაბიტატორებს, ღორთან კოაბიტაცია შეიძლება? სახარებისეულ ცნებას, მარგალიტებს ნუ დაუყრით ღორებსო, რით უპასუხებთ?

თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ხმამაღლა განვაცხადო. რამდენიმე ხნის წინ ერთ პიროვნებას, რომელიც «ქართული ოცნების» მხარდამჭერია, დაურეკეს და უთხრეს, დაგვეხმარე «ნაციონალებს», თორემ ჩვენ მალე დავბრუნდებით და, ხელახლა რომ მოვალთ ხელისუფლებაში, განახებთ ბიძინა ივანიშვილს და «ქართულ ოცნებას» წითელ ტრუსებში ჩაცმულებსო. ზუსტად ასე უთხრეს. გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ ვერ დავასახელებ მის ვინაობას, მაგრამ საკმაოდ წარჩინებული, ავტორიტეტული პიროვნებაა და მისგან ითხოვენ ახალი პარტიის შექმნას, რომელიც სინამდვილეში იქნება «ნაციონალების» და ხმებს წაართმევს «ოცნებას». «ნაციონალები» პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებას ყველანარად ეცდებიან, თუნდაც სახელშეცვლილი პარტიით. ამაზე უკვე აქტიურად მუშაობენ. 9 წლის მანძილზე მოპარული ფულისა და უცხოეთიდან მხარდაჭერის იმედი აქვთ. ზურაბ ადეიშვილთან ინახება ეს თანხა. ამ უნიათო პარლამენტის იმედიც აქვთ, უფხოები რომ არიან. ყველამ მაპატიოს, ვისაც არ ეხება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ცოტა გონს მოვლენ.

ამ ცოტა ხნის წინ ერთმა გლეხმა მითხრა, კი ყოფილან ძლიერები ეს «ნაციონალები», ხელისუფლება ვერაფერს უხერხებსო. ყანაში მომუშავე გლეხმა გაიგო ეს და ჩვენმა პარლამენტმა _ ვერა.

ხელისუფლებამ ქმედითი ზომები განახორციელოს და საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქართველებმა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ უამრავი საქმე მოიგეს, მაგრამ შეშფოთების გარდა რა გააკეთა საერთაშორისო საზოგადოებამ? ახლახან შემთხვევით ამერიკის ელჩს შევხვდი. სააკაშვილის რეზიდენციის წინ აქცია გავმართეთ, გამოვიდა აშშ ელჩი და პოლიციის უფროსივით დაგვიწყო ლაპარაკი, სააკაშვილი თქვენი პრეზიდენტია და დაიშალეთ გინდა თუ არაო. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მილიონ-ნახევარი კაცის ხელმოწერა მივუტანეთ. ამერიკაში როგორ ხდება, მილიონ-ნახევარი კაცის ხელმოწერას ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს-მეთქი, ელჩს ვკითხე და პასუხს თავი აარიდა.

რამდენიმე ხნის წინ კოალიცია «ერთსულოვნების» ლიდერებთან ერთად ბატონ დავით უსუფაშვილსაც შევხვდი და ვკითხე, რაშია საქმე, რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები-მეთქი, და, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ უცხოელები გვიშლიანო. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინო. საით მივიწევთ? უფსკრულისკენ მივდივართ!

ასევე ძალიან მტკივნეულად აღიქმება მეჩეთის მშენებლობის საკითხი და მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, რომ მე, როგორც სასულიერო პირი, წინააღმდეგი ვარ და ვამბობ, რომ არავითარი მეჩეთი არ უნდა აშენდეს. მეჩეთის მშენებლობის საკითხი რატომ უნდა წყდებოდეს თურქეთში, ერდოღანთან? თურქეთის პრეზიდენტს ვინ ეკითხება, მე აქ მეჩეთი მექნება თუ არა? თუმცა, როგორც ჩანს, თურქებს დიდი თურქეთის შექმნის იდეა აწუხებთ, რაც დამაფიქრებელია…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ელიზბარ დიაკონიძის ნახვა მინდა დ. Iქნებ კორდინატები მომაცოდოდ, 598 30 20 23

  2. ჩემთვის როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქესთვის მიუღებელია მამა ელიზბარის ნაბოდვარი. ჩვენი წინაპრები ასეთ გამოთაყვანებულებს მოღალატეებს ეძახდნენ, მიკვირს ჩვენი ხალხის ნაწილს რა დაემართა ასეთ იდიოტებს რომ აძლევენ საჯაროდ აზრის გამოთქმის უფლებას. გასაგდებია მის სულიერ სამშობლო რუსეთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here