Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კალაძე: სააკაშვილი საქართველოს ანტიპიარს, ქართველი ხალხის დისკრედიტაციას ეწევა

კახა კალაძე: სააკაშვილი საქართველოს ანტიპიარს, ქართველი ხალხის დისკრედიტაციას ეწევა

610

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

_ ბატონო კახა, რამდენიმე დღის წინ პრემიერის მიერ ევროპის სახალხო პარტიისადმი გაგზავნილი წერილი საკმაოდ ვრცელია და მასში პუნქტობრივადაა ჩამოთვლილი ყველა პრობლემა, რომლებიც წინა ხელისუფლების არასწორი მმართველობის შედეგად შეიქმნა. როგორ ფიქრობთ, რატომ სჭირდებათ დღეს ევროპელებს ასე დეტალურად ახსნა, თუ რა ხდება საქართველოში? მით უფრო, რომ მათი დამკვირვებლები, ხელისუფლების მოწვევითვე, ადგილზე იმყოფებიან და თვითონ ეცნობიან, რა პროცესები მიმდინარეობს აქ.

 

_ მე ვფიქრობ, ეს წერილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მასში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პუნქტებადაა დაწერილი, თუ რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში, როგორ მოღვაწეობდა სააკაშვილის ხელისუფლება. სახალხო პარტიას რაც შეეხება, მათი განცხადებები არ უნდა აღვიქვათ მთლად დასავლეთის პოზიციად. არ უნდა ავყვეთ სააკაშვილის უაზრო ილუზიებს, რომ თითქოს დღეს ისე ახლოს ვართ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს. ამ ყველაფრისთვის გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. გასაძლიერებელია დემოკრატიული ინსტიტუტები, დასახვეწია სასამართლო სისტემა, ზოგადად მართლმსაჯულება და ა.შ.

_ ევროპის სახალხო პარტია, ფაქტობრივად, ოპოზიციაში გიდგათ. მოდი, დავაკონკრეტოთ, რითაა ეს განპირობებული?

_ ჩვენ კითხვები არ გვაშინებს, მაგრამ კრიტიკა იქნება ეს, მოწოდება თუ რჩევა, მთავარია, სამართლიანი იყოს. თქვენ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ სახალხო პარტიის წევრი იყო ჩამოსული და ამ ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის საძინებელში იმყოფებოდა. მე ვურჩევდი მათ, რომ, მარტო საძინებლებში კი არა, ქუჩებშიც იარონ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასაც შეხვდნენ. მხოლოდ ასე გაიგებენ, რა ხდებოდა აქ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. სააკაშვილი ჯერ კიდევ ახერხებს, ქვეყანას ავნოს, დადის საზღვარგარეთ და ეწევა საქართველოს ანტიპიარს. ასევე, ის ცდილობს, საერთაშორისო ასპარეზზე მოახდინოს ქართველი ხალხის, საზოგადოების დისკრედიტება, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მისი ეს პროპაგანდა დასრულდება კრახით, ისევე, როგორც კრახით დასრულდა მთელი მისი მცდელობა, შეენარჩუნებინა ძალაუფლება.

_ რაც შეეხება საგარეოპოლიტიკურ მიმართულებას, ხელისუფლების პოზიცია და ის განცხადებები, რომლებიც დღემდე გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია. ერთის მხრივ, საუბარია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, მეორე მხრივ კი, პრიორიტეტად რჩება ევროკავშირი და ნატო. ეს ორი რამ ერთმანეთს, ფაქტობრივად, გამორიცხავსრა კურსს ირჩევს რეალურად «ქართული ოცნება», რა არის ჩვენი საგარეოპოლიტიკური ვექტორი?

_ ჩვენი კურსი არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ნატოში, ევროკავშირში. რუსეთს რაც შეეხება, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, დარეგულირდეს ურთიერთობები და ამისთვის აუცილებელია, დაიწყოს გარკვეული მოლაპარაკებები. ამ ეტაპზე რაც უნდა გაკეთდეს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია დაბრუნდეს მათ ბაზარზე. ეკონომიკის კუთხით ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მე არ მინდა, სამომავლო თემებზე ვისაუბრო.

_ დაახლოებით ორი თვის წინ ჩვენთან ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს პროკურატურაში მისვლა (რა სტატუსით, სხვა საკითხია). დღეს, როცა მისი გუნდი ფაქტობრივად არ მიდის არანაირ დათმობაზე და არ ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბარი?

_ სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, _ ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს. სააკაშვილი არის მშიშარა. ამ მშიშარა ადამიანს, თავის გუნდთან ერთად, ჩადენილი აქვს არაერთი დანაშაული. დარწმუნებული ვარ, თითოეულ გადაცდომაზე, თითოეულ ფაქტზე გამოძიება თავის სიტყვას იტყვის…

_ ეს მშიშარა ადამიანი, როგორც თქვენ მოიხსენიეთ, 19 აპრილს მიიღებს კონსტიტუციურ უფლებას, დაითხოვოს პარლამენტი და მთავრობა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამას ვერ გაბედავს, მაგრამ ვთქვათ, გაბედა, რას აპირებთ? რა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ?

_ თუ სააკაშვილმა გადაწყვიტა, დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი, ეს იქნება მისი სრული პოლიტიკური კრახი, იმიტომ, რომ ახალი არჩევნების შემდეგ «ნაციონალური მოძრაობა» საერთოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან. არა მგონია, სააკაშვილი ისეთი სულელი იყოს, რომ ამას ვერ აცნობიერებდეს. მერწმუნეთ, არიან მის გუნდში ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი კარგად ესმით.

_ გასაგებია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება სააკაშვილის მინისტრების პირობებში.

_ «ნაციონალურ მოძრაობას» «ქართულმა ოცნებამ», ქართველმა ხალხმა არჩევნები მოუგო მაშინ, როცა ის სრულიად აკონტროლებდა პოლიციას, ჯარს, ტელევიზიების უმრავლესობას, როცა ზეწოლა ხორციელდებოდა ჟურნალისტებზე, კოალიციის თითოეული წევრის, აქტივისტის ოჯახზე და ა. შ. დღეს უკვე რა რეალობაა, ხომ ყველამ ვიცით?! თუ არჩევნები ჩატარდება, გაძლევთ პირობას, სააკაშვილის გუნდი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ისინი საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან…

_ ჩვენ მაინც განვიხილავთ იმ ვერსიას, რომ სააკაშვილი ვერ გაბედავს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენებას. კითხვას გიმეორებთ: თუ გაბედავს, რა ბერკეტები გაქვთ? რას ელოდებით იმავე 19 აპრილს?

_ გარწმუნებთ, 19 აპრილს არაფერი მოხდება, უბრალოდ, სასაცილოა ის განცხადებები, რომლებიც გვესმის… ვინ იქნება ამ აქციაზე? ალბათ, მარტო თვითონ შეიკრიბებიან. რამდენი დარჩნენ, არ ვიცი, მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მალე მათ, ყველას მოუწევთ შეგუება იმ რეალობასთან, რომ, როდესაც ხელს აფათურებ ბიუჯეტში, ადამიანებს ქონებას ართმევ, აწამებ, ციხეებში აუპატიურებ, ესაა კრიმინალი და არ აქვს მნიშვნელობა, კაცი იქნება მკვლელი თუ ჰალსტუხიანი კრიმინალი, ყველა აგებს პასუხს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here