Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: საქართველოში გამარჯვებულებს და არჩევნების გამყალბებლებს არ ასამართლებენ

ნანა კაკაბაძე: საქართველოში გამარჯვებულებს და არჩევნების გამყალბებლებს არ ასამართლებენ

739

რატომ დაიწყო ერთი ადგილის ტკეპნა «სამართლიანობის აღდგენამ», რატომ არ ხდება რეჟიმის დამნაშავე მესვეურთა დასჯა და რატომ არ სჯის ახალი ხელისუფლება არჩევნების გამყალბებლებს? ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ესაუბრება:


_ ეს არის საერთაშორისო იმიჯზე გათვლილი პოლიტიკა, როგორ შეგვხედავს დასავლეთი. მთავარი კი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ქართველი ხალხის ხმას უნდა უსმენდეს. წინა ხელისუფლება ახერხებდა, რომ დასავლეთისთვის მიეწოდებინა სრული სიცრუე და ამაში აბსოლუტურად დაეჯერებინა ისინი. ახლანდელი ხელისუფლება კი ვერ ახერხებს, სიმართლეში დაარწმუნოს დასავლეთი! ჩვენ ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში ხოცავდა და აწამებდა საკუთარ მოსახლეობას, არღვევდა მათ უფლებებს, აპატიმრებდა და უკანონოდ ასამართლებდა მათ და ა.შ. დასავლეთი კი გვეუბნება, რომ ძველ, დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებთან უნდა ვიყოთ კოაბიტაციაში. დამნაშავესთან თანამშრომლობის მოთხოვნა დანაშაულია და ეს კარგად, მკაფიოდ უნდა ავუხსნათ ყველას.

დასავლეთსაც და ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოების მთავარი მოთხოვნა იყო და არის სამართლიანობის აღდგენა. ეს იყო მთავარი პირობა, რისთვისაც  ხალხმა დაუჭირა მხარი «ქართულ ოცნებას» _ სამართლიანობის აღდგენა კი საქართველოში დღეს არ ხდება ან ხდება ძალიან არასრულფასოვნად და დაბალი ხარისხით.

_ ვინ მფარველობს ზოგიერთ «დაჯავშნულ» მაღალჩინოსანს, რომელიც არათუ მონანიების გზას არ დაადგა, ნიშნის მოგებითაც კი იქცევა?

_ მათი დამცველები სწორედ ის დასავლელი ლობისტები არიან, რომელთაც დღევანდელი ხელისუფლება ღიად და დაუფარავად მილიონობით თანხას ურიცხავს დღემდე. დღევანდელს იმიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები ჯერ ისევ ხელისუფლებაში არიან. ისინი მართავენ მერიას, არიან პარლამენტში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. წინა ხელისუფლება ნიშნავს წარსულს და დამთავრებულს, ეს ადამიანები კი ისევ მთავრობაში არიან, არსად წასულან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, კრიმინალებთან არ შეიძლება სახელმწიფო იყოს დიალოგის რეჟიმში, მათთან სახელმწიფო უნდა იყოს სამართლებრივ რეჟიმში და პასუხს უნდა სთხოვდეს როგორც პოლიტიკურს, ასევე მორალურსა და  იურიდიულს. სახელმწიფო მათ უნდა ასამართლებდეს იმ უკანონობების გამო, რომლებიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს თანამდებობებზე ყოფნისას საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ეს არ ხდება.

ის, რომ ესა თუ ის პირი არჩეულ თანამდებობაზეა, სულაც არ ნიშნავს, რომ კანონის წინაშე ხელშეუხებელია და საკუთარ დანაშაულზე პასუხი არ უნდა მოეთხოვოს, ამ ლოგიკით ჰიტლერიც არჩეული იყო. თბილისის მერ უგულავას ჩადენილი აქვს კონკრეტული მძიმე დანაშაულები და, მიუხედავად ამისა, იგი მაინც არ დააპატიმრეს, პირიქით, სასამართლომ მას 100-ლარიანი გირაოც კი არ შეუფარდა და უტიფრად აგრძელებს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას.

_ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე რომელი არჩევნები მიგაჩნიათ ყველაზე მეტად გაუყალბებლად? სააკაშვილის პირველ არჩევნებს არ ვგულისხმობ.

_ სააკაშვილის პირველი არჩევნებიც არ იყო გაუყალბებელი. გაყალბება მარტო იმას არ გულისხმობს, რომ ურნაში რაც შეიძლება მეტი ბიულეტენი ჩაყარო. იგივე სააკაშვილის პირველი არჩევნები ავიღოთ, რომელიც მიმდინარეობდა რევოლუციის, ემოციის, ეიფორიის, აჟიტირებულ-ეგზალტირებული მასის ფონზე. თუ ადამიანებს გარკვეულწილად რაღაც ტრანსში ჩააგდებ და მერე ამ ფონზე მათ მონაწილებას მიაღებინებ არჩევნებში, მაშინ სწორედ ამ გზით ახდენ არჩევნების გაყალბებას და ეს ეხება 20 წლის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნებს.

_ ანუ გაუყალბებლად არც ერთ არჩევნებს არ მიიჩნევთ?

_ ყველაზე მეტად გაუყალბებელი მაინც 1 ოქტომბრის არჩევნები იყო, სადაც ხალხის აზრმა გაიმარჯვა, თუმცა «ნაციონალებმა» არც ეს არჩევნები არ  დატოვეს გაყალბების გარეშე. «ნაციონალები» ყველაზე დიდი გამყალბელბელები არიან. ისინი ამ საქმეს ჯერ კიდევ «მოქალაქეთა კავშირის» დროიდან ეწევიან, გაყალბება სწორედ მათ შემოიტანეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

_ რამდენადაც მახსოვს, არც არავინ დასჯილა ამის გამო.

_ დამნაშავე გამყალბებლების დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, საქართველოში გამარჯვებულებს და არჩევნების გამყალბებლებს არ სჯიან და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ გამარჯვებულები ის ადამიანები არიან, ვისაც არჩევნების გაყალბებაზე მიუწვდეოდათ ხელი. ასე რომ, არც არის გასაკვირი, მაგრამ მათი დასჯა არც ამ ეტაპზე ხდება.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

1 COMMENT

  1. ოცნებამ უნდა დაიწყოს ცეკოს საქმეების გამოძიება! თუ არ დაიწყო ე,ი ის მოლაპარაკებულია ნაცებთან!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here