Home რუბრიკები პოლიტიკა შენელებული მოქმედების დუშმანი

შენელებული მოქმედების დუშმანი

1449

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში 30 წლის წინაც იბრძოდნენ. თუ ახლა დემოკრატია შეაქვთ ამერიკელებთან ერთად, მაშინ ინტერნაციონალურ ვალს იხდიდნენ. ვალი ვალია, გინდ ინტერნაციონალური დაარქვი, გინდ _ კოალიციური. ვალმოხდილი ბიჭები ბრუნდებოდნენ და ყვებოდნენ მოჯაჰედებზე, რომლებსაც დუშმანებად მოიხსენიებდნენ. ბიჭები იმასაც ყვებოდნენ, რომ დუშმანები «რასტიაჟკებს» დგამდნენ: დაჭიმული მავთული ოდნავ შეხებისას ნაღმის დეტონაციას იწვევდა და გაუფრთხილებელი მებრძოლი ფეთქდებოდა.

დუშმანს ქართველები მტერს ეძახიან. დღეს, განსაკუთრებით 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ერთი დუშმანი ჰყავს. როგორც იტყვიან, კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარსა და სახელს არ დავასახელებ, მით უფრო, რომ მასთან ერთად მთელმა «ნაციონალურმა მოძრაობამ» უამრავი «რასტიაჟკა» დატოვა და ახალ მთავრობას მართლაც დანაღმულ ველზე უწევს გზის გაკვლევა.

ევროპარლამენტართა ყბადაღებულ ეპისტოლარულ ურთიერთობას საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთობ საინტერესო დეტალების გახმაურება მოჰყვა. კერძოდ, როგორც ირკვევა, 750-კაციან ევროპარლამენტში ამ 23 დეპუტატს სწორედ ის აერთიანებს, რომ ისინი ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის მრჩევლები, ლობისტები ან პირადი მეგობრები არიან. ერთი მათგანი, ესტონელი ინდრეკ ტარანდი, 2007 წლიდან მისი მრჩეველი იყო და დღესაც მისი ლობისტია.

მეორე _ ავსტრიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ერნსტ შტრასერი ორიოდე თვის წინ სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ სცნო, ხოლო ათი წლის წინ ზუსტად ისე მოქცეულა, როგორც ვანო მერაბიშვილი _ გირგვლიანის საქმეში. შტრასერმა ყველაფერი იღონა, რომ ხელი დაეფარებინა თავისი ხელქვეითებისთვის, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. უნგრელი იორგ შოფლინი ამერიკელებმა და ევროპელებმა არადემოკრატიულობაში ამხილეს, რადგან მან, სტახანოვურად, მოკლე ვადაში, 200 კანონის მიღებით საკუთარ პარტიას უპირატესი მდგომარეობა შეუქმნა.

ერთი სიტყვით, ევროპარლამენტის ერთობ საეჭვო რეპუტაციის წევრებმა ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ძველ ხელისუფლებას და პირდაპირ ჩაერივნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში. ამ სახის ნაღმები ჩვენმა დუშმანმა არა მარტო ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩადო. 9 წლის განმავლობაში იგი მეთოდურად იმყარებდა პოზიციებს უცხოეთში, რომელთაც საფუძველი ჯერ კიდევ რევოლუციამდე ჩაუყარა მოქალაქეთა კავშირის «რეფორმატორულმა ფრთამ».

ყველაზე მეტი ნაღმი, რა თქმა უნდა, მაინც აქ, საქართველოშია, ჩადებული. პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პროკურორები და მათი ნების მორჩილად აღმსრულებელი მოსამართლეები, ალბათ, ყველაზე სერიოზული ნაღმია. ამომრჩეველი, რომელიც სულმოუთქმელად ელის სამართლიანობის აღდგენას, ყოველდღიურად ხდება იმის მოწმე, თუ დაკავებულ ბობოლა «ნაციონალებს» როგორ უშვებს გარეთ ერთბაშად «გაჰუმანურებული» მოსამართლეთა კორპუსი.

კიდევ ერთი ნაღმი დედაქალაქშია ჩადებული «ნაციონალური» მერიისა და მისი ურიცხვი სამსახურების სახით. ნაცვლად იმისა, რომ «ქართულმა ოცნებამ» საკუთარი თავგანწირული მომხრეები დაასაქმოს, ყოფილი მმართველი პარტია ბიუჯეტიდან ინახავს თავის ყოფილ დეპუტატებს, მეხოტბეებსა და კოორდინატორებს. საკმარისია, მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე სამსახურში კადრების განახლება მოინდომონ, მაშინვე იწყება ისტერიული განცხადებები «პოლიტიკური ნიშნით დევნაზე».

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ციხეებში ჩაყრით განთქმული «ნაციონალური მოძრაობა» ახალ მთავრობას გამოღმა ედავება. გამოდის, რომ «კმარას» აქტივისტები, რომლებმაც უნივერსიტეტებში პროფესორების ადგილები დაიკავეს, ისევ იქ უნდა დარჩნენ, ხოლო პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტებიდან გამოყრილი პროფესორმასწავლებლები კვლავაც გარეთ უნდა დარჩნენ.

საზოგადოდ, უნივერსიტეტებში მხოლოდ ეს პრობლემა როდია; «რევოლუციის» შემდეგ მალევე «ნაციონალებმა» ყველა უმაღლესი პარტიულ კონტროლს დაუქვემდებარეს და 9 წლის განმავლობაში ახალი კომკავშირელებისა და კომისრების მთელი არმია გამოზარდეს. პრაქტიკულად, უმაღლესი სკოლა «ნაცმოძრაობის» იდეოლოგიურ სამჭედლოებად აქციეს და მათ დათმობას არც ახლა აპირებენ. აგრარული უნივერსიტეტის გარშემო ატეხილი აურზაური სწორედ ამის დემონსტრირებაა და, ვიდრე «ნაციონალთა» ეს ბუდეები არ მოიშლება, ესეც ერთ მსხვილ ნაღმად დარჩება ახალი ხელისუფლების გზაზე.

«რასტიაჟკებია» დადგმული «ნაციონალური» ტელემაუწყებლების სახითაც. მათზე ძველი ხელისუფლების კონტროლი შენარჩუნებულია. ამას მოწმობს საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარებაც. ამ ფონზე გუშინდელი ოპოზიციური ტელეკომპანიები ვერც მაუწყებლობის მასშტაბით, ვერც აქტიურობით მათ კონკურენციას ვერ უწევენ. მთელი საქართველოს მასშტაბით  კვლავ «ნაციონალური» სახეები მეტყველებენ და ხალხს ყოველდღიურად ახალი ხელისუფლების შეცდომებსა თუ დანაშაულზე მოუთხრობენ.

ყურადღებას იქცევს, რომ ყველა ჩამოთვლილ სფეროში მუდამ ერთი და იგივე სახეები ფიგურირებენ. მედია-ჰოლდინგის მფლობელი ბენდუქიძე და ჩერგოლეიშვილი აგრარულ უნივერსიტეტში მოკალათდნენ. ამავე უნივერსიტეტის უფლებებს საპროტესტო აქციებზე «ნაციონალური მოძრაობის» ახალგაზრდული ფრთის, «თავისუფალი უნივერსიტეტისა» და «თავისუფლების ინსტიტუტის» წარმომადგენლები იცავენ. ეკა კვესიტაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ებრძვის «ქართულ ოცნებას», მისი ქმარი შოთა უტიაშვილი კი აგრარულ უნივერსიტეტს არის შეფარებული «ნაციონალური» ხელისუფლების შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად და ზემოთ ნახსენებ «თავისუფალ» ახალგაზრდებს უმშვენებს მხარს საპროტესტო აქციებზე.

ერთი და იგივე სახეები არიან ყველგან, «ნაციონალური» სახეები. თავისუფლება მხოლოდ მათია. 11 მარტს ისინი «ერისიონისთვის» აეროპორტში «სირცხვილის დერეფნის» ორგანიზებას აპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან იმავე დღეს აგრარული უნივერსიტეტი გაუხდათ «გადასარჩენი». სოციალურ ქსელებში მათ დასცინეს კიდეც: «ისე ცოტა დარჩით, რომ ორ ადგილას ერთდროულად ვერ იკრიბებითო»?

ისინი ცოტანი არიან, მაგრამ ძალიან დიდ ხმაურს იწვევენ. მათ გულწრფელად მიაჩნიათ, რომ ყველა ამქვეყნიური სიკეთე მხოლოდ მათ ეკუთვნით _ არა აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში! მათ აინუნშიც არ მოსდით, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარდა ამქვეყნად სხვა ადამიანებიც არიან და მათაც რაღაც ეკუთვნით.

ერთი ჩემი მეგობარი იუსტიციის სამინისტროში მივიდა წართმეული ბიზნესის გამო საჩივრის შესატანად. კარგად დახვდნენ, მოუსმინეს, მაგრამ ისიც უთხრეს, რომ მისი განცხადება 11 ათას მეორასე იქნებოდა! ესეც ნაღმია, რომლის ძალას აორმაგებს საეჭვო მინიშნებები «კეთილსინდისიერ მყიდველებზე», რომელთათვისაც ქონების ჩამორთმევა «ისეთივე დანაშაული იქნება, როგორსაც «ნაციონალები» სჩადიოდნენ»!

ნაღმებია ჩადებული დუშმანის მორჩილი პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებსა თუ რეზოლუციებშიც. მათ შორის გამორჩეული «ჩერქეზთა გენოციდის» აღიარებაა. ამ აღიარებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამაგიეროს გადახდის თუ ვინმეს სჯერა, ის უთუოდ თავს ისულელებს. სამომავლოდ კი ამ ნაღმმა საქართველოს შეიძლება არანაკლები პრობლემები მოუტანოს. ჩერქეზთა ერთობ სადავო გენოციდის საკითხმა, შესაძლოა, სომეხთა გენოციდის საკითხის აღძვრაც გამოიწვიოს, რომლის აღიარებას უთუოდ მოჰყვება თურქეთთან ურთიერთობების დაძაბვა, ხოლო მასზე უარის თქმა ჯავახეთის ავტონომიის მოსათხოვნად საკმარისი საბაბი შეიძლება აღმოჩნდეს. რა გვრჯიდა, როცა რუსეთს ჩერქეზების ნაცვლად ვედავებოდით მათ გენოციდს, ჩვენი პრობლემები არ გვყოფნიდა?

ნაღმებია ადგილობრივ გამგეობებში, სამხარეო სტრუქტურებში, ტენდერებში, კონკურსებში, შესყიდვებში… 9-წლიანმა მონოპოლიამ იმდენად მახინჯი ფორმა მიიღო, რომ ახალ მთავრობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე «რასტიაჟკა» ხვდება და მანევრის საშუალებას თითქმის აღარ უტოვებს. «ნაციონალების» ევროპელი ლობისტებისთვის ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის მკვახე შეძახილმა ერთგვარი იმედი გააჩინა, რომ ნაღმების გაუვნებელყოფა შესაძლებელია. თუმცა დასავლური ველი, რომელზეც «ქართული ოცნება» ძველი ხელისუფლების კვალშია ჩამდგარი, სულაც არ არის უსაფრთხო. დაცული მაშინ ხარ, როცა მეგობრის კვალში დგახარ. როცა დუშმანს მიჰყვები, უნდა ივარაუდო, რომ იგი ნაღმებს თვითონ დაგიდებს.

დღეს ერთადერთი ველი, რომელზეც ჩვენს დუშმანს ნაღმის დადების შესაძლებლობა არ აქვს, რუსეთთან ურთიერთობის ველია, რომელიც ბოლო წლებში საცალფეხო ბილიკამდე დავიწროვდა. ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს და მის ბრიგადირებს ამ ველზე არ შეესვლებათ. ამას გრძნობს დუშმანი და ამიტომაც ატეხა სრული ისტერია «ერისიონის» მოსკოვში გასტროლების გამო, თორემ ასეთი გასტროლები მანამდეც ყოფილა და ხმაც არ ამოუღია არავის!

საქართველომ ბოლო წლებში ბევრი გაკვეთილი მიიღო, მწარე გამოცდილება შეიძინა, რაც მანამდეც არ დაჰკლებია, მაგრამ უპირობო მეგობრობასა და უპირობო მტრობაზე ისე იოლად წამსვლელი აღარ არის, როგორც თუნდაც 2003 წელს. დემოკრატიის სახელით ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის შენება ჩვენი დუშმანის მოგონილი არ არის, მაგრამ მისმა დასავლელმა მეგობრებმა თავისი ორმაგი სტანდარტებით ნამდვილად თავი მოაბეზრეს ქართველებს.

საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება წარმატება. და ეს წარმატება სოციალურზე მეტად სხვა საკითხშია საჭირო. რუსეთთან მხოლოდ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობებით შემოფარგვლა არაფრის მომტანია. ყველა იმ პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად, რომლებიც დაგროვდა, პირუთვნელი ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღებამდე მისვლის რთული გზა არის გასავლელი. ეს გზა ნაღმებისგან სრულიად თავისუფალი არ არის, მაგრამ დუშმანი ახალი ნაღმების დამატებას ვეღარ მოახერხებს და ესეც შეღავათია.

«ნაციონალებთან» კონკურენცია ევროპისა და ნატოსკენ სწრაფვის საკითხში, გარდა იმისა, რომ მეტად რთულია, არც არაფრის მომტანი არ არის. რეზოლუცია, რომელიც «ნაციონალთა» ფრაქციის მოთხოვნით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, უფრო დეკლარაციაა და თანაც _  ყოფილი მმართველი პარტიის უნაყოფო გზის გაგრძელება. მათ, რა თქმა უნდა, ხელს აძლევთ, რომ ახალმა მთავრობამ მათი რიტორიკა განაგრძოს, რასაც საქართველოს გამთლიანებისთვის არც მათი მმართველობისას მოუტანია რაიმე შედეგი და არც მომავალში მოიტანს, მაგრამ ეს საქართველოს არ აძლევს ხელს.…

«ნაციონალების» საყვარელი ტესტი ასეთია: «აბა, თქვი: არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი»?

 ყოველთვის, როცა ახალი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი მათ ამას უდასტურებს, უნდა იცოდეს, რომ მათი კურსის გახანგრძლივებას უწყობს ხელს და უსაშველოდ შორდება საქართველოს გამთლიანებას. 1993 წელს პარლამენტში დეპუტატთა ერთი ჯგუფი დაჟინებით მოითხოვდა დადგენილების მიღებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარმა, როგორც ოკუპანტმა, უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. თითქოს ქაღალდზე ამის დაწერის შემდეგ ისინი თავქუდმოგლეჯილები გაიქცეოდნენ! მაშინ ჯაბა იოსელიანმა ასეთი რამ თქვა: «ჩემთან, კაბინეტში კაცი რომ შემოვა, ორჯერ რომ ვეტყვი, გადი-თქო და არ გავა, მესამეჯერ აღარ ვამბობ, იმიტომ, რომ მე თვითონ გამოვდივარ ბითურიო»!

ცნობისათვის: სტამბოლის სამიტის შეთანხმების შედეგად საქართველოს ტერიტორიიდან 2006 წლისთვის სრულად გაყვანილი რუსეთის ჯარი ჩვენმა დუშმანმა სწორედ ამგვარი უგუნური პოლიტიკის შედეგად უკან შემოაბრუნა!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here