Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული ოცნება და 23 ევროპელი კომისარი

ქართული ოცნება და 23 ევროპელი კომისარი

567

გრძელდება პოლემიკა საქართველოს ახალ ხელისუფლებასა და ევროპის სახალხო პარტიას შორის; ერთ წერილს მეორე მოსდევს, მეორეს _ მესამე და დასასრული ამ ეპისტოლარულ რომანს არ უჩანს. რა მიზნებს ისახავენ მასში ჩართული მხარეები და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან საქართველოს?

შარო, საიდან მოდიხარო?

ევროპის სახალხო პარტია 1976 წელს ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიებმა შექმნეს, შემდეგ მათ კონსერვატიული პარტიებიც შეურთდნენ და, საბოლოოდ, მან მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების მსხვილი პანევროპული გაერთიანების სახე მიიღო. ევროპის სახალხო პარტიაში 73 კოლექტიური წევრი შედის, მას ჰყავს ყველაზე დიდი ფრაქცია ევროპარლამენტში და შთამბეჭდავი წარმომადგენლობა ევროკავშირის ყველა საკვანძო სტრუქტურაში. სრულუფლებიანი წევრების გარდა, ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებებში მონაწილეობენ ასოცირებული და დამკვირვებელი წევრები; დამკვირვებელთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგალითად, თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტია (ლიდერი _ პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი), სომხეთის რესპუბლიკური პარტია (ლიდერი _ პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი). «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ» დამკვირვებლის სტატუსი 2007 წლის სექტემბერში მიიღო და მიხეილ სააკაშვილს მიეცა შესაძლებლობა ევროპის სახალხო პარტიის სამიტებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რასაც ბოლო დროს ფრიად აქტიურად აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროპის სახალხო პარტია «ნაციონალებისთვის» გადაიქცა მთავარ «ფანჯარად ევროპაში», ადგილად, სადაც მათ ჯერ კიდევ ყურადღებით უსმენენ და მათთვის სასურველ განცხადებებს აკეთებენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ პარტიის მოქმედი პრეზიდენტი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვილფრედ მარტენსი და ზოგიერთი მისი თანაპარტიელი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ღია პოლემიკაში ჩაება, რომელიც, იმისდა მიუხედავად, რომ მის ფარგლებში რბილი და დიპლომატიური ფორმულირებები გამოიყენება, შეიძლება შეფასდეს, როგორც საკმაოდ მწვავე და ქართულ-ევროპული ურთიერთობების მომავლისთვის უარყოფითი ეფექტის მომტანი.

ვილფრედ მარტენსი სააკაშვილის აქტიური ადვოკატის როლში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მოგვევლინა და მისი კრიტიკული განცხადებები ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ საზოგადოების განსჯის საგანი რამდენიმეჯერ გახდა. ბოლო კვირებში დეტონატორის როლი 23 (19 მათგანი ევროპის სახალხო პარტიის წევრია) ევროპარლამენტარის წერილმა შეასრულა, რომლითაც მათ, ფაქტების ჩამოთვლის გარეშე, იმ უაპელაციო სტილში, რომელსაც თავის დეკრეტებში 26 ბაქოელი კომისარი იყენებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასე მიმართეს: «თუ თქვენი ძალისხმევა დემოკრატიისგან აშკარა უკუსვლას გამოიწვევს, საქართველო უკან დაიხევს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავსნათელია, რომ ზეწოლა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე, გამოცხადებული და მუდმივი ზეწოლა სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აგრეთვე, აგრესიული რიტორიკა და ბრბოს გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებთან დასაპირისპირებლად, ასევე უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის ხშირი გამოყენება, საქართველოს ევროპულ ოცნებას აშორებს».

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფს (19 დეპუტატი 736-დან), ამ წერილმა საქართველოში ძალზე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. საქმე ის როდია, რომ ჩვენი დემოკრატია უპრობლემოა ან კრიტიკა ზოგადად მიუღებელი; ასე ნამდვილად არ არის. საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურესად გააღიზიანა იმან, რომ ამ წერილში ადრინდელი მდგომარეობა, ფაქტობრივად, წარმოჩენილი იყო, როგორც «უკეთესი დემოკრატია», ხოლო ბრალდებები დასაბუთებული არ იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა ამ წერილს ვრცელი პასუხი გასცეს. ისინი შეეცადნენ, არგუმენტირებულად აეხსნათ, თუ რას წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი, დაემტკიცებინათ, რომ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და საქართველო მიიწევს დემოკრატიისკენ და არა საპირისპირო მიმართულებით. საინტერესოა, რამდენად სწორი იყო ამის გაკეთება? უნდა გასცენ თუ არა ასეთი ფორმატის პასუხი სუვერენული ქვეყნის ხელისუფლების პირველმა პირებმა ევროპარლამენტარების ჯგუფს, რომელიმე ფრაქციას ან პარტიას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ბრალდებები დასაბუთებული არ არის?

როგორ მოიქცეოდა ასეთ სიტუაციაში ჩვეულებრივი დიქტატორი, რომელიც ძია სემის მხარდაჭერით სარგებლობს? ის, სავარაუდოდ, აღმოაჩენდა (ან დამაჯერებლად გააყალბებდა; სახელმწიფოს რესურსი ამის შესაძლებლობას იძლევა) დოკუმენტურ მტიკიცებულებებს იმისა, რომ ევროპის სახალხო პარტიის თავკაცები ქვეყნის ყოფილი მმართველებისგან დიდძალ, საეჭვო წარმომავლობის თანხებს იღებდნენ, ან მართლა მიუშვებდა გამწარებულ ხალხს (პოლიცია 20 წუთით დააგვიანებდა; ტელეფონი გაუფუჭდებოდა) და რამდენიმე ყოფილ ზონდერფიურერს ლინჩის წესით გაასამართლებინებდა, ან კიდევ მოახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ «ჩრდილოეთით წავა» (განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამის გაკეთება მრავალათასიან მიტინგზე), გამოიყენებდა სხვა, მათ შორის, გაცილებით ეფექტურ საშუალებებს და საბოლოოდ მიიყვანდა სიტუაციას იმ სტადიამდე, როდესაც ძია სემი იძულებული გახდებოდა, კონფლიქტის დარეგულირებაში ჩარეულიყო (სხვა რა უნდა ქნას, მაშინ როდესაც «რეჟიმის შეცვლისთვის» ობიექტური წინაპირობები არ არსებობს და ამ გზით წასვლა უარეს დესტაბილიზაციას მოიტანს?). სავარაუდოდ, დაარეგულირებდა კიდეც; ეს მას ნამდვილად ეხერხება. ეს იქნებოდა კლასიკური ტრიუკი «ჩვენი ძაღლიშვილების» სტილში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამ გზით არ წავიდა, რადგან ეს დიქტატორის არჩევანი, სიცრუისა და შანტაჟის პოლიტიკა იქნებოდა და პატიოსანი თამაშის წარმოება არჩია.

როგორც ჩანს, მარტენსმა და მისმა კოლეგებმა ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობიდან ჩათვალეს, რომ ივანიშვილმა თავის მართლება დაიწყო და შეტევის გაძლიერება გადაწყვიტეს. 13 მარტს პარტიის საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომელიც არაერთმა ქართველმა კომენტატორმა შეაფასა, როგორც თავხედური დიქტატის ნიმუში; მიხეილ სააკაშვილი უკეთესს ვერ ინატრებდა. მასში ნათქვამი იყო, რომ არჩევნების შემდეგ დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა და აქედან გამომდინარე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიკაცია საფრთხის ქვეშ დგება. ასევე ეწერა (მაგალითად), რომ ევროპის სახალხო პარტია «მოელის საქართველოს მთავრობისგან იმის უზრუნველყოფას, რომ არ იარსებებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივობების არანაირი შეზღუდვა», მოუწოდებს მას, რომ «არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ან აღქმულ იქნას, როგორც გამოხატვის თავისუფლების სფეროში ჩარევა» და ასე შემდეგ, 23 ევროპარლამენტარის 6 მარტის წერილის სტილში, თითქოსდა ქვეყნის ხელისუფლება რეციდივისტების ჯგუფს წარმოადგენდეს, რომელიც აპრიორი ეჭვმიტანილია დანაშაულში და თავი უნდა იმართლოს.

მალე ულტიმატუმსაც დაწერენ

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიფრედ მარტენსმა «ევროპის სახალხო პარტიის» მიერ მიღებულ დოკუმენტს «საგზაო რუკა» უწოდა, ანუ ღონისძიებების გეგმა, რომელიც არსებულიდან სასურველ მდგომარეობამდე წინსვლას გულისხმობს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და, ალბათ, სწორედ ეს ჩათვალეს კომენტატორებმა უდიდეს თავხედობად; სად გაგონილა რომელიმე პარტია საკუთარი ინიციატივით რომელიმე უცხო სახელმწიფოს «საგზაო რუკებს» უწერდეს და მათ შესრულებას მოითხოვდეს.

უცხოელებს ასეთ სტილში შეეძლოთ საუბარი სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელიც 2008 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ ლეგიტიმურობის დეფიციტს განიცდიდა, აქედან გამომდინარე, უცხოელების დადებითი შეფასებები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ ისინი დროდადრო ზღვარს სცდებოდნენ. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდიდან მოდის უცხოელების კომენტარებისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება და შესაძლო შედეგების კატასტროფიზაცია.

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა (მიუხედავად იმისა, როგორ იქცეოდა სააკაშვილი წარსულში). ის მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-თან, თანდათან ალაგებს ურთიერთობებს რუსეთთან და ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან კარგი, პრაქტიკულად, უპრობლემო ურთიერთობები აქვს. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ თუნდაც ცალი ყურით უნდა მოუსმინოს ტენდენციურ კრიტიკას რომელიმე უცხოური პარტიისგან. ივანიშვილს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ძალიან უხეშად, ცენზურის დაცვის გარეშე, მიეთითებინა ვილფრედ მარტენსისთვის, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ის თავის პარტიასთან ერთად; ამას ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ძალიან დიდი ალბათობით ოვაციებით შეხვდებოდა. მაგრამ ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, მთავრობამ ევროპის სახალხო პარტიას ახალი წერილი გაუგზავნა, რომელშიც საკმაოდ დიპლომატიურად შეეცადა, აეხსნა ოპონენტებისთვის, რაში ცდებიან ისინი. «მჯერა, ერთად შევძლებთ ისეთი სამოქმედო გეგმის შექმნას, რომელიც მაღალ ევროპულ სტანდარტებს დაეფუძნება», _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა თანმდევ განცხადებაში. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა საჭიროა ეს რევერანსები?

ზოგადად, სუსტმა სახელმწიფომ (პრინციპში, ძლიერმაც) მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახალი მტრები არ გაიჩინოს, მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენენ ისინი და რამდენად ხშირად ცრუობენ. პოლიტიკისა და დიპლომატიის მწვერვალი მტრის მტრად გამოცხადება კი არა, მისი მოყვარედ თუ არა, ნეიტრალად  გადაქცევა მაინცაა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ივანიშვილმა არ გასცა მარტენსს ის პასუხი, რომელსაც, კომენტატორების დიდი ნაწილის აზრით, ის ამ «საგზაო რუკის» გამოქვეყნების შემდეგ იმსახურებდა. ალბათ, ამ კონტექსტში საჭიროა სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებაც _ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი თანამდებობას დატოვებს, ინტერესი მის მიმართ ევროპის სახალხო პარტიაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდება და სასურველია, ამ მომენტისთვის ივანიშვილის ხელისუფლება და ეს პარტია ერთმანეთს მოსისხლე მტრებად არ აღიქვამდნენ, ეს ახალ (სააკაშვილის გარეშე) რეალობაში თანამშრომლობას ხელს შეუშლის.

მთელი ამ ისტორიის ფონზე შეიძლება დაიბადოს კითხვა: რატომ იქცევა ევროპის სახალხო პარტია სწორედ ასე _ ებღაუჭება სააკაშვილს (ანუ წარსულს) და, ფაქტობრივად, მისი რუპორის როლს ასრულებს? რატომ არ სურს, დაკავდეს სიტუაციის რეალური მონიტორინგით (თუნდაც მუდმივმოქმედი მისია დააწესოს) და პოლემიკაში დაუსაბუთებელ ბრალდებებს იყენებს? და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ხშირად ისმის: სად იყვნენ აქამდე, სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ხოცავდა და აწამებდა ადამიანებს და მიწასთან ასწორებდა დემოკრატიულ პრინციპებს, დამოუკიდებელ სასამართლოსა და მასმედიას?

რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად

გულუბრყვილობაა იმის წარმოდგენა, რომ ევროპის სახალხო პარტიის წევრები ობიექტური ინფორმაციის დეფიციტს განიცდიან და იძულებულნი არიან, სააკაშვილის მონაყოლსა და ინტერპრეტაციებს დაეყრდნონ. ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, როდესაც ინფორმაცია არ იკარგება, ხოლო მისი დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რატომ იკავებენ დღეს მარტენსი და მისი თანაპარტიელები (იგულისხმება მათი მცირე ნაწილი და არა უზარმაზარი, სხვადახვა ქვეყნების პარტიებისგან შემდგარი ერთობა) პოზიციას, რომელიც არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ, ერთი შეხედვით, საღ აზრსაც ეწინააღმდეგება?

ძნელი სათქმელია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩათვალეს ევროპის სახალხო პარტიაში, რომ «ნაციონალური მოძრაობა» მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციისაა და მიხეილ სააკაშვილი შეიძლება სერიოზული ევროპელი პოლიტიკოსების გვერდით დასვან. ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს 2007 წელს მოხდა, როდესაც «ვარდოსანი ხელისუფლებისათვის» ავანსების გაცემის პერიოდი დასრულებული არ იყო, ხოლო განსაკუთრებით მძიმე ეპიზოდები მას ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. 

მისთვის გაცილებით უმტკივნეულოა, დროებით «დემოკრატი ევროპის სახალხო პარტიისთვის საკმაოდ წამგებიანია სააკაშვილის ოპონენტების მოსაზრებების გაზიარება, იმის აღიარება, რომ შეცდა, კარი სადისტ დიქტატორს გაუღო, და «ნაცმოძრაობისთვის» სტატუსის ჩამორთმევის პროცედურის დაწყება.

სააკაშვილის» მითის ერთგული დარჩეს, მისი ვადის ამოწურვას დაელოდოს და უხერხულ პარტნიორს ზედმეტი ხმაურის გარეშე დაემშვიდობოს.

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ნუთუ ვერ დაინახეს, ვისთან ჰქონდათ საქმე? სამწუხაროდ, ევროპის ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ამა თუ იმ დიქტატორის მმართველობის პირველ პერიოდში მას აღტაცებით უყურებდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყანაში; ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ მხრივ ბენიტო მუსოლინია. ეს ფენომენი ნამდვილად არსებობს და ძნელი სათქმელია, რა უნდა ვუწოდოთ მას _ «ევროსიბრმავე» თუ «ევროიდიოტიზმი». ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის წინარე პერიოდში მან ძნელად შესამჩნევი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო როლი შეასრულა.

არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი _ ვიღაც დასავლეთში «სააკაშვილის მითის» დამცველად უნდა დარჩეს და, როგორც ჩანს, ეს მისია ევროპის სახალხო პარტიამ იტვირთა, მაშინ, როდესაც მთავრობები და წამყვანი მედიასაშუალებები სავსებით პრაგმატულად გათავისუფლდნენ მისგან.  დასავლეთში სააკაშვილის გულშემატკივრების რიგები დრამატული სისწრაფით შემცირდა და ის, ფაქტობრივად, მარტენსის, «მეორე ეშელონის» რამდენიმე პოლიტიკოსის, ექსპერტისა და გამოცემის ამარა დარჩა. რეჟიმის ადვოკატების როლს ისინი, სავარაუდოდ, მომავალშიც შეასრულებენ და ქართული გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებსაც გარკვეული დროის განმავლობაში ეჭვქვეშ დააყენებენ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, «ვარდოსანთა იმიჯის» ანიჰილაცია ელვისებურად მოხდება და კატასტროფის ნიშნებს შეიძენს, ხოლო უხერხული კითხვა «ვის ვუჭერდით მხარს?» მთელი სიმწვავით დადგება.

ამასთანავე, სააკაშვილმა იმ პირობებში, როდესაც დასავლელი მოკავშირეები ერთი მეორის მიყოლებით ივიწყებენ მას, არ უნდა იგრძნოს, რომ «მარტოდმარტო დარჩა», რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება უკონტროლო გახდეს და დასავლელ პარტნიორებზე მაკომპრომენტირებელი «ცრუ მოგონებების» (ან სულაც, ნამდვილის) გავრცელება დაიწყოს.

 მარტენსის პარტია ამ კონტექსტში ერთგვარი «უსაფრთხოების ბალიშის» როლს ასრულებს.

შესაძლოა, «მარტენსმა და კომპანიამ» კიდევ ერთი მისია უნდა შეასრულონ _ მოაწყონ ერთგვარი ტესტი ივანიშვილისთვის (და მისი ხელისუფლებისთვის), როგორ რეაგირებს ის სხვადასხვა სახის გამოწვევაზე, როგორია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, სააკაშვილივით მარიონეტის პოზაში ჩადგება თუ მოუხერხებელი პარტნიორი იქნება და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ეს ინფორმაცია საკმაოდ ღირებულია დასავლური ისტებლიშმენტისთვის (თუმცა აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ვინ გადაწყვიტა ამ ტესტირების ჩატარება?). ალბათ, არის სხვა, შედარებით უმნიშვნელო მოტივებიც, თუმცა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მთავარი კი, სავარუდოდ, ისაა, რომ არ აღვიქვათ ეს პოლემიკა, როგორც კოსმოსური მნიშვნელობის მქონე და გლობალური შედეგების მომტანი. ეს უფრო ჰგავს თამაშს, რომელშიც უკანასკნელად თამაშდება გაჭრილი, უსარგებლო კარტი, იმის იმედით, რომ ის თუნდაც მინიმალურ სარგებელს მოიტანს. სხვა მიზნებისთვის სააკაშვილის გამოყენება, კაცმა რომ თქვას, უკვე შეუძლებელია.

ცხადია, ყოველივე თქმული, სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაივიწყონ, თუ როგორც სცადა 23-მა ევროპელმა პარლამენტარმა დალაპარაკება მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან 26 ბაქოელი კომისრის სტილში და შესაბამისი დასკვნების გამოტანაზე უარი თქვან.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here