Home რუბრიკები პოლიტიკა რიგითი «ძაღლიშვილის» გადასარჩენად…

რიგითი «ძაღლიშვილის» გადასარჩენად…

1100

პატივცემულო მკითხველო, წინამდებარე წერილის ერთი შეხედვით უცნაური სათაური არის ერთგვარი კომპილაცია ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფაქტისა და სუბსტანციისა, რომელთა უხეში, მაგრამ გამიზნული ნაზავი გვაძლევს წინადადებას, რომელიც აბსოლუტური სისავსით აღნიშნავს მთელ იმ ორომტრიალსა და «ძიძგი, ძიძგი მამალოს», საქართველოს ახალ ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მამიდებს, ბიცოლებსა თუ ბიძიებს შორის რომ ჩამოყალიბდა!..

ლათინური ამერიკის ქვეყნების, კერძოდ ნიკარაგუის, ისტორია იცნობს პრეზიდენტებს, მამა-შვილ ანასტასიო სომოსა გარსიასა და მის ვაჟს _ ანასტასიო სომოსა დებაილეს, ანუ იმავე «ტაჩიტოს», რომელმაც კაცობრიობას თავი იმით დაამახსოვრა, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ტომარაში ჩასვამდა, მოუკრავდა თავს და მერე ამ ტომრებს ვერტმფრენიდან ყრიდა, რითაც ძალიან ხალისობდა. 

«ტაჩიტოს» ასევე ძალიან უყვარდა ხელფეხშეკრული და ცემით დასისხლიანებული ოპოზიციის ლიდერების ოკეანეში გაყვანა და იქ, სადაც უზარმაზარი ზვიგენები ირევიან, მათი გემბანიდან გადაყრა… მოგეხსენებათ, ზვიგენი სისხლის სუნსა და განწირული ადამიანის ყვირილით გამოწვეულ ხმაურს ძალიან შორი მანძილიდანაც კი შესანიშნავად გრძნობს და…

ასე თქვლეფდნენ, სხეულის სხვადასხვა ნაწილს აგლეჯდნენ, მუცელს უფატრავდნენ, თავს აჭამდნენ დამშეული ზვიგენები ხელფეხშეკრულ ნიკარაგუელ ოპოზიციონერებს და ეს მაშინ, როცა იქვე, სამხედრო კატარღაზე ან კეთილმოწყობილ იახტაზე მოკალათებული პრეზიდენტი სომოსა ამ ყველაფერს გაუნელებელი ხითხითით გამოწვეული მუცლის ხტუნვითა და ისეთი ქირქილით უყურებდა, ჩვენმა ვადაგასულმა სააკაშვილმა რომ იცის ხოლმე ჩაქირქილება!..

სომოსა ტკბებოდა და ნეტარებდა, ხოლო ზვიგენები საშინელი და გაუმაძღარი ყბებით ადამიანებს ფლეთდნენ და ანაწევრებდნენ!..

«ტაჩიტოს» მამა _ უფროსი ანასტასიო სომოსა გარსიაც მანიაკი და მკვლელი იყო და შესაძლოა, თავის შვილზე უფრო შეუბრალებელი და სასტიკი, მაგრამ «პოპულარული» იგი უფრო იმ ფრაზის წყალობით გახდა, რომელიც მის შესახებ ამერიკის შეერთებული შატატების ერთ-ერთმა ყველაზე უფრო დიდმა და წარმატებულმა პრეზიდენტმა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა, 1939 წელს თქვა: «სომოსა, შესაძლოა, ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია!..»

მართლაც, ამერიკის «ძაღლიშვილი» სომოსა, რომელიც წარმატებით ებრძოდა და ხვრეტდა ნიკარაგუელ კომუნისტებს, თეთრი სახლის მესვეურთა აღფრთოვანებას დიახაც რომ იწვევდა…

 ახლა კი ერთი ძალიან ნაღვლიან, მაგრამ რეალურ ისტორიაზე შექმნილი ფილმის შესახებ, რომელიც ჰოლივუდის დიდოსტატმა, ებრაული წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა, სტივენ სპილბერგმა, 1998 წელს გადაიღო. ეს ძალიან ცნობილი და ოსკაროსანი ფილმია, რომელსაც ასე ჰქვია «რიგითი რაიანის გადასარჩენად». ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ და წინამდებარე წერილის სათაური ბოლომდე გაგიშიფროთ, ძალიან მოკლედ მოგითხრობთ ფილმის სიუჟეტს: მეორე მსოფლიო ომში ოთხი ამერიკელი ძმა _ რაიანი იბრძვის. აქედან სამი თითქმის ერთსა და იმავე დროს იღუპება ბრძოლის ველზე, ცოცხალი და უვნებელია ერთი _ რიგითი ჯეიმს რაიანი, რომლის გადასარჩენადაც ამერიკის სარდლობა რვა გამოცდილ მებრძოლთან ერთად აგზავნის კაპიტან ჯონ მილერს, რომელიც მტრის ზურგში უნდა გადავიდეს, ჯარისკაცი რაიანი ცოცხალი და საღსალამათი უნდა გამოიყვანოს ბრძოლიდან, რათა სამხედრო ხელმძღვანელობამ შემდეგ მოახდინოს მისი დემობილიზაცია და სამშობლოში, გაუბედურებულ დედასთან მისი დაბრუნება!..

რიგითი რაიანის გადასარჩენად კაპიტანი ჯონ მილერი და მისი თანამებრძოლები სასწაულებს ჩადიან და ბოლოს მიზანს აღწევენ!..

ახლა კი _ პრეზიდენტ ანასტასიო სომოსა გარსიას ისტორია, ზემოხსენებული ფილმის სიუჟეტი და კიდევ ის ამბავი, რომ ეს ჩვენი მუცელზე მფორთხავი «პრეზიდენტი» თავისი მანიაკალური ახირებებით ძალიან ჰგავს «ტაჩიტოს» თუ «ტაჩიტოს» მამას, უხეშად ავურიოთ ერთმანეთში და წერილის სათაურიც «გამომცხვარია» _ «რიგითი ძაღლიშვილის გადასარჩენად!..»

მართლაც, მიხეილ სააკაშვილი აშკარად აკმაყოფილებს «ძაღლიშვილობის» იმ კრიტერიუმებს, რომლითაც პრეზიდენტმა რუზველტმა სოციოპათ სომოსას ეს სახელი უკურთხა. ანუ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი, «რუზველტის შკალის» მიხედვით, აშკარად «ამერიკის ძაღლიშვილია» (!!!). ასეთებს კი დასავლეთში ძალიან, ძალიან უფრთხილდებიან!.. თუნდაც იგივე სომოსა ამერიკელებს 1956 წლამდე ჰყავდათ «დამწნილებული», ვიდრე ფეხები არ გაჭიმა. აღარაფერს ვამბობ ამერიკის ისეთ აღიარებულ და სამთელქვეყნოდ ცნობილ «ძაღლიშვილზე», როგორიც გახლდათ სისხლიანი ავგუსტო პინოჩეტი _ ჩილეს ცნობილი დიქტატორი, რომელმაც, სულ მცირე, 5 ათასი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, და რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია მთელი ოცდაცამეტი წლის განმავლობაში შუშა კიტრივით ინახავდა და სულს უბერავდა, ვიდრე ბოლოს ინვალიდის ეტლში  არ განუტევა სული!..

მართალია, ბრძოლაში გაქცეულ და სამარცხვინოდ წაქცეულ მიხეილ სააკაშვილს სპილბერგისეული ჯეიმს რაიანისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს, მაგრამ მიშა და რიგითი რაიანი იმით კი აშკარად ჰგვანან ერთმანეთს, რომ როგორი თავგამოდებითაც კაპიტანი ჯონ მილერი და მისი რაზმი იბრძვიან ძმებჩახოცილი ჯარისკაცის საშველად, ისე «ევროპის სახალხო პარტიის» უმაღლესი ბლაღოჩინები, «ექსპერტები», ლობისტები, «შემფასებლები», პოლიტმეძავები, ფულისტები, «ჯიბისტები», ირჟენ ბუზეკები, ბუზები, ბოზები, «მესაჯდომეები», «მრჩევლები», «პროგნოზისტები», კონგრესმენები, სენატორები თუ ჯოჯოხეთიდან ამორწყეული მაჯლაჯუნები იბრძვიან სიცოცხლეშივე მიცვალებული მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად!..

ისე გადარჩა ჩვენი მტერი და დამაწყევარი, მიხეილ სააკაშვილი რომ გადარჩება, მაგრამ ესენი ხომ მაინც თავისას ცდილობენ და მიერეკებიან, ესენი ხომ გვაგიჟებენ და ტვინში სისხლს გვიქცევენ!

ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი _ ვიტაუტას ლანდსბერგისი ერთ-ერთია, რომელიც სააკაშვილის გადასარჩენად ძალ-ღონეს არ იშურებს…

ჩემდა უნებურად მახსენდება 1991 წელი და ევროპისა და ამერიკის მიერ ლიტვის აღიარების შემდეგ ხმაჩაკმენდილი და საეჭვოდ გატრუნული ცბიერი ვიტაუტასი, რომელმაც, თავისი რომ გაინაღდა, ზვიად გამსახურდიას თავისუფალი საქართველოს აღიარება ფეხებზე დაიკიდა. არადა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელსაც ცალკერძ მაშინდელი და საერთოდ მარადიული «ძაღლიშვილის» _ შევარდნაძის მსტოვრები და თავისუფალ ქვისმთლელთა დასავლელი ქურუმები უტევდნენ, ხოლო ცალკერძ _ თავისი გამოზრდილი ლეკვები, როგორ სჭირდებოდა, ეიმედებოდა და ენატრებოდა პრეზიდენტ ლანდსბერგისის «სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი»!.. არა და არა, არ დაადგა მაშინ საშველი არც ლანდსბერგისის ხმის ამოღებას და არც ლიტვის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

დასავლეთი მაშინაც გატრუნული იყო, როცა შევარდნაძის «ოპრიჩნიკები» საქართველოში მშვიდობიან მიტინგებს ხვრეტდნენ და სამეგრელოს აწიოკებდნენ… ჩვენ სააკაშვილის ჯალათების მიერ პატიმრებისთვის უკანალში ცოცხების გარჭობის ამბავმა ახლა მოგვჭრა თვალი და ყური, თორემ იდეაში მთელ საქართველოს, მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას, დემოკრატიასა და თომას ჯეფერსონის თავისუფლების დეკლარაციას _ ყველაფერს ერთად მაშინ მოუღერეს ცოცხი, როცა 1992 წლის 26 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აუარება ხალხის თვალწინ ცნობილმა «კანონიერმა ქურდმა» და «მხედრიონის» ლიდერმა ჯაბა იოსელიანმა საქართველოში სისხლიანი ხუნტის «გასაპრავებლად» სტუმრად ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და «შევარდნაძის მეგობარს», ჯეიმს ბეიკერს, მკერდზე «მხედრიონელთა» ორდენი მოაბნია წარწერით «ჯ» და იგი «საპატიო მხედრიონელადაც» აკურთხა!..

მახსენდება გერმანიის ელჩის, ბატონი დალჰოფის განცხადება 1993 წელს, როცა შევარდნაძეს ძალიან გაუჭირდა, _ თუ საქართველოს ხელისუფლების სათავეში არ იქნება ბატონი შევარდნაძე, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, საქართველოს დახმარებაზე უარი ვთქვათ!..(!!!)

ანუ «ძაღლიშვილის» გადასარჩენად მაშინ მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი გაერთიანდა…

ანალოგიური სიტუაციაა დღესაც, მაგრამ ერთია განსხვავება მხოლოდ: ახლა სხვა დროსა და ეპოქაში მეორდება ის ყველაფერი და, თუ მაშინ თავიანთი «ძაღლიშვილის» გადასარჩენად მავანი საქართველოს ტანკებით მოთარეშებას არ მოერიდა, ახლა მთელი ეს ბინძური «შემოქმედება» იმ მარაზმამდე დავიდა, რომ 2012 წლის 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ ცხვირგასიებული ჩიორა თაქთაქიშვილი სააკაშვილის პოლიტიკურმა თუ ბიზნესპარტნიორებმა, _ «ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა» მოგვიანებით ლოგინში მოინახულეს!.. (!!!)

დიდი ჰიუგო, როცა საწოლში მწოლიარე კოზეტის მშვენიერებას აღწერს, შენიშნავს: ახლა კი კოზეტის საწოლს ფარდა უნდა ჩამოვაფარო, რათა ვიღაცის ავმა თვალმა უნებურად ქალიშვილის საწოლში არ შეიჭვრიტოსო!..

მე არ ვიცი, არის თუ არა ქალბატონი ჩიორა ქალწული და საერთოდ რა მსგავსებაა მისი და კოზეტის სილამაზეს შორის, მაგრამ მე იმ სამარცხვინო ხალხისა გამკვირვებია, რომლებიც ევროპიდან ოდენ ჩიორას ცხვირის სანახავად ჩამოქანდნენ!..

არც სანდრო გირგვლიანის, არც ბუტა რობაქიძის, არც ზურაბ ვაზაგაშვილის, არც როინ შავაძის, არც აფრასიძეების, არც გურამ შარაძისა და არც 26 მაისს დახოცილი ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები, რომელთა გვამებიც ოლეგ ჟვანიას მაღაზიის სახურავზე შემოაწყვეს, არ გახსენებიათ არ მოუკითხავთ და არ მოუნახულებიათ არც «ევროპის სახალხო პარტიის» წევრებს, არც დასავლეთისა და ამერიკის ელჩიონებს და არც არავის იმათგან, ვინც თავისი «ძაღლიშვილის» _ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დღეს ხელებდაკაპიწებული და დაოთხილი დარბის!..

როლანდ გურგენიძეს 7 ნოემბერს რეზინის ტყვია ტერფში მოარტყეს და ტერფი დაკარგა, მაგრამ მის მოსანახულებლად არც ევროპიდან ჩამოსულა ვინმე და არც ეჩმიაძინიდან!.. რატომ? იმიტომ, რომ ეს პატიოსანი ქართველი ვიღაცის «ძაღლიშვილი» არ არის?

პატივცემული «ძაღლიშვილების» კიდევ უფრო პატივცემულო მეპატრონეებო, თქვენ თუ მართლა «დემოკრატიისა» და «საქართველოს ევროპული მომავლის» ბედი გაღელვებთ, როგორ და რა მანქანებითაც აიტანეთ საქართველოს «პრეზიდენტად» კაცი, რომელმაც დაარბია და დახურა ტელევიზიები, პატრული შეიყვანა უნივერსიტეტში და პროფესურა ტუალეტში გამოკეტა, რომელსაც პაპანაქება ზაფხულში წყალს არ აძლევდნენ, ქუჩაში დახოცა უამრავი ახალგაზრდა, გააბახა სასამართლო, შექმნა პოლიტიკური პოლიცია, რომელიც მიტინგების დარბევის დროს «მიშა, მიშას!» გაჰკოდა, გააყალბა უკლებლივ ყველა არჩევნები, წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები, დაატერორა ბიზნესი და სულ ბოლოს ცოცხზე შესვა ქართველობა?

სხვას რომ ყველაფერს თავი გავანებოთ, ჩამობრძანდით და შეისწავლეთ, თუ რა ქონების მფლობელია ქალბატონი გიული ალასანია _ თქვენი «ძაღლიშვილის» პროფესორი დედა, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, ერთხანობა ისე უჭირდა, რომ თავის კოლეგა ქალბატონებს ძველ ტანსაცმელს სთხოვდა. დღეს ეს ქალბატონი მხოლოდ თბილისში ფლობს ჩალის ფასად შეძენილ რამდენიმე ისეთ ისტორიულ შენობას, რომელთა ფასი რამდენიმე ათეულს კი არა ასეულ მილიონ დოლარს აჭარბებს!..

აღარაფერს ვამბობთ სააკაშვილის ძმებზე, ცოლეულებზე, ბიძაზე, უახლოეს გარემოცვასა და მეგობრებზე, რომლებმაც ქვეყნის სიმდიდრე და ქონება შეთქვლიფეს!..

ის კაცია თქვენი არჩევანი, რომელმაც «ბი-ბი-სი»-ს ეთერში ჰალსტუხი შეჭამა?!

სულ ეგა ხართ? საქართველოსთვის მხოლოდ ეგეთი «ძაღლიშვილი» გემეტებათ?

მინდა გითხრათ, რომ ისეთ «ძაღლიშვილს», როგორიც სააკაშვილია, კრემლი საქართველოს არ აკადრებდა!..

საერთოდ კი უკლებლივ ყველა «ძაღლიშვილს» _ დახვეწილსა თუ ჰალსტუხისჭამიას, მაღალსა თუ დაბალს, განათლებულსა თუ უმეცარს, მამაცსა თუ მიწაზე მფორთხავს, ყველას ძაღლი მიაკვდა სულში, პატივცემულო მკითხველო და «ძაღლიშვილების» პატრონებო!..

ლუკა აბუსერიძე

1 COMMENT

  1. გაიხარეტ ბატონო ლუკა ამ სტატიის დაწერისტვის! როგორი სიმარტლიტ და სიზუსტიტ გაკვტ აღწერილი ამ მარტლაც და "ძაღლიშვილის" როლი ჩვენი დასავლელი "კეტილიმოსურნეებისტვის".

  2. ემოციების ქვეშ ვარ…. ამომწურავად და ნათლადაა ყველაფერი ნათქბვამი..

  3. ლუკა აბუსერიძე,გმადლობთ,ამ სტატისთვის,ბრწყინვალე ანალიზია!აი, ესაა რეალობა ?!

  4. საერთოდ კი უკლებლივ ყველა «ძაღლიშვილს» _ დახვეწილსა თუ ჰალსტუხისჭამიას, მაღალსა თუ დაბალს, განათლებულსა თუ უმეცარს, მამაცსა თუ მიწაზე მფორთხავს, ყველას ძაღლი მიაკვდა სულში

    ამინ

  5. მაგ სომოსებსაც თურმე არჩევნებში წაუგიათ და მშვიდობიანად გადაუბარებიათ ხელისუფლება ოპოზიციისათვის. გვარები და სახელები სხვადასხვა თორე ზუსტად ერთნაირი ისტორიებია.

  6. რამდენი რამ დაგვიწყებია! ხშირად უნდა გავიხსენოთ, რომ არ დაგვავიწყდეს!!!

  7. ყველაფერი დიდი სიზუსტითაა აღწერილი, დიდი მადლობა ავტორს. კარგი იქნებოდა, რომ სტატია წერილის სახით გადაგზავნილიყო ამერიკის სენატისა და ევროპარლამენტის მისამართებზე…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here