Home რუბრიკები საზოგადოება ვაი, მიქელე, ვაი…!

ვაი, მიქელე, ვაი…!

818

თხრობას პატრიარქის იუბილით დავიწყებ. უწმინდესის რეზიდენციაში ივანიშვილის გვერდით მოულოდნელად «ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის» გამოჩენამ სოფელში ჩემი მეზობლის კატის საქციელი გამახსენა: კარიდან რომ გააგდებ, ფანჯრიდან ისევ მოძვრება ხოლმეახლა იმასაც მეტყვიან, რა ქნას ენერგიით სავსე, კიკოსავით კაცმა? ამ უგულოებმა თვითმფრინავები მარტო სურათის გადასაღებ ფონად დაუტოვეს, დედისეულ ჟანგიან დაფახფახებულ მანქანაში ზედმეტ ბენზინს აღარ უსხამენ და იძულებულია, ეკონომიური ოკროჭინა ელექტრომობილით იაროს.

სასახლეში შუქს არ ართვევინებენ, დაცვა გამოუხშირეს, ერთი საცოდავი მილიონი შემორჩა და ისიც თვითმარქვია ელიტკლუბელებიდან ერთ-ერთს, «წვერებიან ბებიას», ანუ გია ნოდიას ჩაუჭუჭკა ხელის კანკალით, _ «ამ მაყუთით მაშველი რგოლი სადმე შემიძინეო!»… რგოლი ვერა და წკირი კი გამოუჩხრიკა _ მჩხავანა თუთბერიძე. მანაც ბავშვით ხელში მოაღო პირი ახალაიას ციხის «გოდების კედელთან» და თავის საცოდავ ბაღანას, როგორც იტყვიან, იმდენი გველ-ბაყაყი აყარა სახეში, შეამჩნევდით, გული მისდიოდა. 

ბავშვზე გამახსენდა: იმხანად მიშაც ნიკოლოზით ხელში დაიარებოდა ხოლმე, _ გული მოგიკვდებოდა!.. «ციგანსკი ტაბორიდან» გამოყრილები გეგონებოდა ისიც და თუთბერიძეც. ჰოდა, რა გასაკვირია, მარტოშთენილი მიშიკო საპატრიარქოში ივანიშვილს ბოკალით ხელში, კრილოვის ჭრიჭინასავით «კოჰაბიტაციურად» რომ მიუცუცქდა, ალბათ, გულისფანცქალით უჩურჩულა: «კაცი არა ხარ? დარჩენილი დრო როგორმე გადამატანინეო!» ეს კი იგივეა, მომდევნო 9-10 თვეს კვლავ ნერვების წყვეტით გვაცხოვრონ, ისევ დაკარგული ღიმილის ძიებაში ამოვიღამოთ თვალები, მაგრამ რას იზამ, ასე სურთ სააკაშვილის გულშემატკივარ უცხოელ ბატონებს და ჩვენც თურმე თავი ასკილივით უნდა ვუკანტუროთ!..

იმას კი შეამჩნევდით, «აქ დაჯექო!» _ ბიძინამ მომთვინიერებელივით რომ დაურტყა მიშას დივანზე ხელი, ალბათ, იფიქრა, ზედმეტი ბოდიალით მსოფლიო პატრიარქთანაც თავი არ მოგვჭრასო.

 ამასწინათ სააკაშვილმა ევროპელებთან დაიტრაბახა «ივანიშვილზე უკეთესი რუსული ვიციო!»… გასაკვირიც იქნებოდა, «კაგებეს» სკოლადამთავრებულს რუსული კარგად არ სცოდნოდა. აი, კლასიკოსებისა კი რა მოგახსენოთ, თხზულებების ციტირება შემიძლიაო, რომ დააბრეხვა. _ მტყუვნის, თუ «ვეფხისტყაოსანზე» უკეთესად იცოდე, რაბათის ციხის გახსნისას სტრიქონი სტრიქონს რომ ვერ მიაბი და თავი შეირცხვინემეთქი! _ აქედან მივაძახე, მაგრამ  რას გავაგონებდი!..   

ეს უღმერთო, ავტორიტარულიდან უკვე «გადაძალვის» რეჟიმშია გადასული და გაწყდა წელში ქვეყანა! რას ებღაუჭება, რა უნდა, კაცო, ამ დაქცეულ, შინაური პაჭანიკების მოოხრებულ ქვეყანაში?! აგერ, ივანიშვილის სტიპენდიანტმა პანტომიმელმა შალიკაშვილმა რა თქვა: «ვინც სააკაშვილი სათავეში მოიყვანა, ის არის ბრძენი. არ არის მიშა დასაკარგი, კარგი ბიჭია, აქ არ დატოვებენ, გაეროში ან სხვაგან წაიყვანენო». თქვენ პირს შაქარი, ამირან ბატონო, თუ მაგ პატივს დაგვდებენ, მაგრამ, რომ ზოზინობენ და ვერც ჩვენ ვიშორებთ ბაბაჯანას ქოშივით? მაგრამ ის როგორ იყო, ამ «კარგ ბიჭს» გასულ წელს თეატრი ფუკასავით რომ აუცლია თქვენთვის, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გაუყიდია და მშრალზე დაუტოვებიხართ? მეეჭვება, ახლაც იმავე აზრზე იყოთ, თუმცა თქვენი რა გამიკვირდეს, როცა ისეთი ოჯახიც ვიცი, სადაც კაცს (გვარს ნუ მათქმევინებთ) ბიზნესი წაართვეს, ციხეში ძვლები და კბილები დაულეწეს, ცოლ-შვილი უცხოეთში გაუქციეს და ამ დროს მისი სიდედრი ისევ სააკაშვილის მზეს ფიცულობს. ბედი უნდა ყველაფერს, ბედი!..

ჰოდა, გავარდება ახლა ეს «ბედის ნებიერა» სამეგრელოში ზონდერებით, გინდა სვანეთში ანდა სხვაგან სადმე, თავშესაფრად გლეხის ქოხს კი არ დაუწყებს ძებნას ჩვენი საწყალი მეფეებივით ანდა დევნილი პირველი პრეზიდენტივით, ტყე-ღრეში გდებით რომ ამოჰხადეს სული (ტყუილად კი არ აიშენა ჩვენს ხარჯზე ამდენი მუქთი სასახლე ქვეყნის ყველა კუთხეში) _ კომფორტულად მოეწყობა, გაგვილიპარიტბაღვაშდება და მემატიანე ოდესმე მასზეც იტყვის: «განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდაო…» რატომ ძველქართულად? იმიტომ, რომ, როგორც თავად სააკაშვილმა თქვა, «კრაკადილის» სინდრომით შეპყრობილები უკუსვლით თურმე წარსულში ვბრუნდებით და ცხადია, ადრე თუ გვიან, აღმაშენებლის ეპოქამდეც მივალთ. «ზადნიხოდის» შედეგისა კი რა მოგახსენოთ: მაშინ დიდ მეფეს შინაც და გარეთაც არ დასჩხაოდნენ ყვავებივით _ «კოაბიტაცია… კოაბიტაციაო!» კაცო! ეს კოაბიტაცია (მეორენაირად «მუტუალიზმი») მე კარგი რამ მეგონა და თურმე არარეგისტრირებულ ქორწინებაში შესულ წყვილს არ ნიშნავს?! (დავითის დროს ამას «სიძვა-მრუშობა» ერქვა, ხოლო თანაცხოვრების ნაყოფს _ «ბუში» და «ნაბიჭვარი»). იმიტომაც მიკვირდა, ამ მეცოცხე და «მეოცნებე» პარლამენტარებს პრეზერვატივების რა ერთობლივი დახარისხება აუტყდათ-მეთქი და აი, თურმე რა ყოფილა!..

დღეს ვინ ვის თამაშს თამაშობს, ეს უცხოელებიც რას გვაღადავებენ თუ გვეღადავებიან, უკვე ვეღარ გავიგე. როცა შევტიროდით, _ «გვიშველეთ, ამ ურჩხულისგან გვიხსენითო!» _ ყური არ გაუბარტყუნებიათ და, როცა უკვე ვიხვეწებით _ «გვაცალეთ სამართლიანობაო!», კი არ გვთხოვენ და გვირჩევენ, უკვე უსირცხვილოდ და იმპერატიულად მოითხოვენ, სააკაშვილის ჩინოვნიკებს ბუზი არ აუფრინოთ, ითანამშრომლეთ და საპრეზიდენტო ვადა ათი თვით კიდევ გაუხანგრძლივეთო!.. ეს მაშინ, როცა თავისთან პრეზიდენტს არათუ ათ თვეს, ზედმეტად ათ საათსაც არ გააჭაჭანებდნენ და თანაც ასეთ სულთამხუთავს.   ჩეხეთის პრეზიდენტს, ვაცლავ კლაუსს, იმპიჩმენტი სწორედ დამნაშავე მაღალჩინოსნებისთვის ამნისტიის გამოცხადების გამო მოუწყვეს და მოღალატედ შერაცხეს; სააკაშვილი იმავეს ულტიმატუმის ენით რომ სთხოვს პარლამენტს, რაზეც «ჩვენს მეგობარ» დემოკრატიულ ქვეყნებს რატომღაც რეაქცია არ აქვთ და საბუდრის კრუხებივით იტრუნებიან, ამნეზია სჭირთ თუ რა ემართებათ? ყველაფერს რომ შევეშვათ, თავად რა ხასიათზე დადგებოდნენ, მათი ქვეყნების პრეზიდენტებს გარემოს დაცვის მინისტრად დაფშტვენილი, ლაყაფისტი მედოლე რომ დაენიშნათ, ეკონომიკის მინისტრად _ სტრიპტიზის პანელიდან ჩამოხსნილი მეფუნთუშე, ხოლო მეგობარი გოგოცუნების ხელისუფლებაში «მოსატყვანად» (სააკაშვილის ნეოლოგიზმია) კონსტიტუციები უპრაგონოდ ეცვალათ და პარლამენტარობის ზღვრული ასაკი «წიწკვობის» ასაკამდე დაეწიათ? სილვიო ბერლუსკონის, მექალთანეობის ბრალდებით, ლამის მეგობარი გოგოს ბიკინი ჩამოაცვეს თავზე და ამ უზნეოებმა ჩვენი შვილების წახდენა «ბუჩქებიდან» დაიწყეს. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილმა თავდაპირველად ბაზალეთის ახალგაზრდულ ბანაკში ეთნიკური სომეხი და ქართველი გოგო-ბიჭები ერთად რომ შეყარა და თინეიჯერულად აღტკინებულმა «ხლისტების» სექტის ატამანივით გამოუცხადა: მშვენიერი ბუნებაა და აგერ ბუჩქებში წაიბღლარძუნეთ ხოლმეო…

ახალგაზრდობის ეს წაბღლარძუნება-ემანსიპაციის დაჩქარებული პროცესი ქვეყანაში სულ მალე პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. ყველას გვინახავს ჩვენს სადარბაზოებსა და ლიფტებში გაკრული სატყუარა განცხადებები: ვიწვევთ ახალგაზრდებს უფასო გასართობ ამა თუ იმ ღონისძიებაზეო და ჩვენი გოგო-ბიჭებიც ხამი მწყურვალებით ეწაფებოდნენ ვირტუალური ბედნიერების შხამიან ნექტარს. მადაგახსნილი ხელისუფალნი ბოლოს ჰარემზე გადავიდნენ, სადაც მათი ე. წ. პროდიუსერები თუ მამაშები სოფლებიდან გამოტყუებულ უმანკო გოგონებს სექსის საკითხებში ათვითცნობიერებდნენ. მახსენდება ერთი მათგანის ამასწინანდელი ნათქვამი: «გამოგვიცხადეს, _ ამაღამ დაწყვილდითო». მეც დავემორჩილე, მაგრამ მთელი ღამე ჯინსის შარვალი არ გამიხდიაო». ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ამგვარი გაუხრწნელი, ქორფა-ქორფა, ლამაზი გოგონები ადგილის დედისთვის _ მშობლიური კერისთვის მოეწყვიტათ, სხვადასხვა ხერხებით ეცდუნებინათ, უღრან ტყეებს შესეული შვლებზე დაგეშილი მარეკებივით ცდილობდნენ მათ გამოლალვას მშობლიური სიწმინდეებიდან, ჯანსაღი ტრადიციებიდან, ოჯახიშვილობიდან, რომ მთელი რიგი პროცედურების შემდეგ, ამ ეგზოტიკური ქართული «პროდუქციისთვის» სარეალიზაციო სახე მიეცათ და ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე სარფიანად გაესაღებინათ (გაიხსენეთ, თუნდაც სააკაშვილის მიერ დონალდ ტრამპისთვის წარდგენილი ქართველი ლამაზმანების ფოტოალბომი, რომელსაც ბებერი მუსუსი მილიარდერი სწორედ რომ «სასაქონლო პრეისკურანტივით» ათვალიერებდა და არჩევდა). ამ ყოველივეს კი წინ უსწრებდა გოგოების ფორმაში მოსაყვანი მთელი რიგი პროცედურები სხვადასხვა სქემით: კიწმარიშვილის ცოლის ე. წ. სილამაზის კონკურსები, ასევე კასტინგები, შოუები, პოდიუმები, დიეტები, მასაჟები, აუზებში ჭყუმპალაობა, მანერების სექსუალურად დახვეწა, სიშიშვლე, ტუსოვკები, გელფრენდები და ბოიფრენდები… ბოლოს კი ბათუმში ჰერი-ჰერი!.. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, კუტუ-ნიოების კონცერტებზე ძიგძიგი, იქვე რესტორნები, თვალმახარა ღამის კლუბები… შედეგად შერყვნილ-ატროფირებული ცნობიერება, ასე თვალდახელშუა დაკარგული სიწმინდე, ზურგნაქცევი სოფელი, გაუცხოებული ახლობლები, გამქრალი დედობის ბუნებრივი სურვილი, ლიმონივით გამოსუნტული სხეული, რომელიც, ახალგაზრდული ასაკოვნების გამო, მათთვის ჯერ კიდევ ბოლომდე შესაგრძნობი ვერ იქნება. 

ასე თანდათანობით მოხდა ახალგაზრდების ჩამოშორება საქვეყნო სატკივრებიდანაი, ეს იყო პირველი დამანგრეველი რეალური კოაბიტაცია კაბარეების დასავლეთთან, ჩვენი ერისთვის პირველი დარტყმა ბაყილოს ძირებში, ოჯახზე, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედზე.

 პოლიტიკური კოაბიტაცია უკვე მეორე რაუნდია, ერის შეტორტმანებულ სხეულზე შემდგომი დარტყმის მისაყენებლად გარედან თავსმოხვეული.  

ისიც საინტერესოა, სააკაშვილის უცხოელ ფანებს როგორ წარმოუდგენიათ სისხლის სამართლის უმძიმეს დამნაშავეებთან თანამშრომლობა? დღემდე ასე ვიცოდი, რომ «სიცილიელი ნაბიჭვარი» (პოლიტიკური მაფია) სწორედ ხელისუფლებასთან კრიმინალის კოაბიტირებით იშვა და მსოფლიოს მზარდ მოუშორებელ ჭირად ექცა. რაო, ბატონებო, იმას გვიკიჟინებთ, თქვენც ასე ლაყე კვერცხებივით შეეთქვიფეთ ერთმანეთსო? ანდა, საკუთარ ხალხთან ოპოზიციაში მყოფი, ბოროტად დაპირისპირებული პრეზიდენტი როგორი ასატანია? ამ ვაჟბატონმა სოციოპათებით, ჯალათებით გაავსო ქვეყანა, რომელთათვისაც ადამიანების წამება, მკვლელობა არა მხოლოდ ადვილია, უკვე მოთხოვნილებადაა ქცეული და, უბრალოდ, არ მესმის, თავად ეს უცხოელები ასეთ მონსტრთან იკოაბიტაციებდნენ (მოტყდეთ ენა!) თუ ქართველებს მიგვიჩნევენ მონებად, ხოლო ქვეყანას _ ჰიტლერის დაწყებული საქმის საექსპერიმენტო ლაბორატორიად თუ პოლიგონად? 

უფროსი თაობიდან ზოგიერთს ემახსოვრება «ნორჩი პიონერის საზეიმო დაპირება». თუ არ ახსოვთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ვოლფრედ მარტენსის «რაპორტით» გაახსენდებათ, სააკაშვილს რომ უპატაკებს: «არჩევნებში შენს გასამარჯვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ახლა კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ მხარდასაჭერად და მომავალში გასამარჯვებლადო»! ვერ მოგართვესმეთქი! _ გაბრაზებულმა (ცოტა უწმაწურადაც) მივაძახე, მაგრამ ვერც მას გავაგონე. ჰოდა, ასეთებისგან გაჯეჯილებულგათამამებული «ნაცებიც» რქებით აწვებიან «მეოცნებეებს» და ისინიც უკან იხევენ. არ დაიხევენ და ისევ მიეჭრება სააკაშვილი თავის მწყალობლებს ქართველ ერზე ფურთხებით, ისინიც ისევ აჰყვებიან მოზარე დედაკაცებივით, ჩვენი ხალხის ჯიბიდან წაღლეტილი დოლარებით გამსუნაგებულებსაც ერთი კაკაფონია, ვაიუშველებელი შეუდგებათ და მერე ნახე, ჩვენ საწყლებისთვის შარიანი დედინაცვალივით თავში ჩაჩქუნი!..

ის ჩვენი ცოდვით დასაწვავები იმდენს იზამენ, ისევ რუსთხელმწიფის კარზე დაგვაჩოქებენ დასაკლავ ხბოსავით და მთელ ამ წვალებას, თავისუფლებისთვის ბრძოლას და თავგანწირვას წყალში ჩაგვიყრიან. მაინც რას გვამადლიან? თუ რაიმეთი დაგვეხმარნენ, ერთი იკითხონ, ხალხამდე რა მივიდა, _ ისევ ეს მძარცველები გაამდიდრეს (სულ ცინცხალი ფაქტი გინდათ? თუნდაც ლტოლვილთა სამინისტროში გადამალული ოთხმილიონიანი საწყობები გავიხსენოთ, ამ ვირთხებს სათავისოდ რომ ჰქონდათ მოყუჩებული. თავად მესაწყობეები კი პარლამენტში ხალხის რჩეულებად წამოიჭიმნენ) და, დიდი ალბათობით, თავადაც კარგად იხეირებდნენ! საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველა პარამეტრით მოწინავე საქართველო ამ ვერაგი ცრუპენტელას ხელში დღეს ყველაზე ჩამორჩენილი, დაზარალებული ქვეყანაა. ვინმემ რომ ნაცბანდის ნამოქმედარი ახალ «შავ წიგნად» აკინძოს, ჯერ მარტო იმით, რაც გაზეთებში იბეჭდება, მსოფლიო შოკში ჩავარდება.

ფიზიკურად ჯანმრთელი ერი დაგვასნეულეს, დემოგრაფიულად განადგურებულებს ომები არ გვაკმარეს და დამატებით, ხალხის დასაჩმორებლად, ციხეების გარდა, უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა ქუჩაში ჩაგვიცხრილეს (ეს მაშინ, როცა სიკვდილით დასჯა კანონით აკრძალულია!). სააკაშვილი ქართველი ერის ღია, აშკარა გენოციდს ახორციელებს და ჩვენი ქვეყნის უცხოელი «მეგობრები» ამას დემოკრატიის შენებად უთვლიან? ბნელა თუ გვაბრმავებენ?!  ნამდვილი მეგობრები, როგორც გაფრთხილებად მომავალი თაობებისადმი, ოკუპაციის მუზეუმის ანალოგიით, თუნდაც გლდანის ციხის ბაზაზე, შიდამაოხართა მუზეუმის გახსნას გვირჩევდნენ, ამ დროს კი, მათ ამ ყბადაღებული კოაბიტაციით უნდათ, რომ «ნაცების» ცხრაწლიან სიბინძურეს მიწა წააყარონ კატასავით და მიჩქმალონ. არ გამოვა! ის მიწა მაინც აშმორდება, სიმყრალე რადიაციასავით მოედება გარემოს, სადაც სამართლიანობის მომლოდინე ჩემი ტრამვირებული ოჯახიცაა. 

დიახ, არ გამოვა ნაცბანდასთან თანხმობა-თანამშრომლობა! ესენი მარადიულ ხელისუფალთა «როლში ჩარჩენილი» ამორტიზებული ხალხია, მათი ჩამჩოჩებელი ივანიშვილისადმი ბიოლოგიური სიძულვილით აღსავსენი და ამ ნიშნით შერჩეულები. შეხედეთ ნაციონალურ თარაზოში გამოყვანილ მათ სახეებს და საქციელს პარლამენტში, _ ხალხის რომელ ინტერესებზეა ლაპარაკი? რეალობას სრულიად მოწყვეტილები, რევანშის ლოზუნგებითაც გამოდიან: _ «ჩვენ ვერ დაველოდებით ოთხ წელიწადს!.. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება!… იმ  მდგომარეობამდე მივიყვანთ, რომ შეჩერდება ეს დაკითხვები და გადავალთ შეტევაზეო..» როგორ გგონიათ, ამას ვინ ამბობს? _ სწორედ რეპრესიების დიდოსტატი, «ბუა» მერაბიშვილი, წესით, ადეიშვილთან ერთად რომ უნდა დაატარებდნენ დაკითხვებზე! თუმცა, იმასაც ვხედავთ, რომ ნაცბანდელები ისევ კორდის კურდღლებივით დაბალახობენ და უკვე ისე გათავხედდნენ, აქეთ დასცინიან «მეოცნებეებს» და დაკითხვებისთვის პაემნებს თავის ხუშტურზე უნიშნავენ.

კუბლაშვილის გაუკუღმართებული მოსამართლეები ოღრაშობის ჩვეულ  ტაქტიკას უკვე სხვა ფორმით აგრძელებენ, რასაც პირობითად შეიძლება   «ძაღლურიც» ეწოდოს: პროცესზე «საქმეს» ჩვენი ოთხფეხი მეგობრებივით «დასუნავენ» და პროკურორის დადებულ «ნიშანს» საკუთარი «ავტოგრაფით» ანულებენ. ამის გამოა, რომ როგორღაც გალაითებული «დაჭერობანას» თუ «კატათაგვობანას» თამაშიც უკვე კომიკურ სახეს იღებს, მაშინ, როცა ხალხს ნერვები სიმივით აქვს დაჭიმული, სამართალს ელოდება და არ ეხუმრება.

მაგრამ, ერთიც მგლისკენო… თუ დამნაშავეებს შესაბამის სამხილებს არ დაუდებენ, «გაბლატავდებიან», მაშ, რას იზამენ?! ისიც იგრძნობა, ორი პატიოსანი ადამიანი (წულუკიანი და კბილაშვილი) რა შავ დღეში, უფრო სწორად, ორ წყალშუა რომ არიან. აი, ეს ყოფილა იმ უცხოელების მოწონებული კოაბიტაცია _ თურმე რევერანსები, დამნაშავეთათვის თავზე ხელის გადასმა და შედეგიც სახეზეა: _ ლამის «ჯეკი მფატრავის» რეპუტაციის მქონე ბაჩო ახალაიას სასამართლო დარბაზში ტაშითა და ოვაციებით, ეროვნული გმირივით ეგებებიან… კოალიციის ზოგიერთი წევრის ნაცებთან კოაბიტაციური შეთამაშება და პრაშტაპრუშტი უკვე იმის ეჭვსაც აჩენს, ციხის ამ მთავარ ქონდაქარს, პატივით რომ უზით ფაშასავით, შესაძლოა, სასჯელი მაქსიმალურად შეუმსუბუქონ. ასეთებს საქმე, მგონი, იქით მიჰყავთ, სისხლის სამართლის უმძიმეს დამნაშავეებს მხილება აკმარონ და ცოდვები მიუტევონ, მერედა, ვის ხარჯზე და ვისი სახელით? _ ხალხის?! ამ ტენდენციით მივიღებთ ბევრად უარესს და წარმოუდგენლად მძიმეს _ ლინჩის წესს, ანუ ყოვლისწამლეკავ სახალხო მსჯავრს და საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.

დასკვნა ერთია: თუ ახალი ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღსადგენად გაბედული და კარდინალური ნაბიჯები არ გადაიდგა, ასე შიშის ფართხალით და წაჯექ-უკუჯექობით ქვეყანას საშველი არათუ კარგახანს, საერთოდ არ დაადგება. უნდა მოხდეს «ნაცმოძრაობის», როგორც პირწავარდნილი ფაშისტური ორგანიზაციის ლუსტრირება და სრული დემონტაჟი, _ აი, ამის მოლოდინშია მოსახლეობა!.. ეტყობა, «მეოცნებეები» სააკაშვილს კიდევ კარგად არ იცნობენ: მოჩვენებით თანხმობაში ისე არ დაემართოთ, კატას დაჭერილი თაგვი რომ თამაშ-თამაშში სოროში შეუვარდება და ხახამშრალი დატოვა. რად უნდა ლაპარაკი, უშუალოდ ივანიშვილის ფაქტორმა და ციხის კადრებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი!.. უდავოდ დასაფასებელია ქ-ნ ნინო ბურჯანაძის, ასევე კახა კუკავას, ჯონდი ბაღათურიას სოლიდარული და თავშეკავებული, აწონ-დაწონილი პოზიციაც. თუმცა გულსატკენია, რომ ალიანსის მხრიდან რატომღაც ამ ჭეშმარიტად ოპოზიციური პარტიების ხისტი იგნორირება ხდება და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ძნელი წარმოსადგენია კოალიციის წიაღში ნაშობი ოპოზიცია და ასეც რომ არ იყოს, ზემოთ დასახელებული გამოცდილი  პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობის გარეშე, თუნდაც ქალბატონი ნინოსი, ვისი გონიერება და ავტორიტეტი უდავოდ აკლია ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზს (მასთან დიტო ლორთქიფანიძე, თემურ შაშიაშვილი, კახა კახიშვილი და სხვანი), _ პოლიტიკური ცხოვრება იმაზე უღიმღამო და ერთფეროვანი გახდება, ვიდრე ეს «ნაციონალების» ჩაკეტილი სექტის დროს იყო.

უთანასწორო ძალების მიუხედავად, «ოცნებას» შეეძლო არჩევნებში უკეთესი შედეგებიც ჰქონოდა და შესაბამისად, _ ნაკლები სადღეისო თავისტკივილიც. ტყუილად არაა ნათქვამი _ «ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო».

მეგრელი კაცის, კახა მიქაიას, გარდა, ბევრი სხვაცაა, რომელთა პოტენციალი, ჩვენი შეხედულებით, სათანადოდ არ იქნა შეფასებული და გამოყენებული. აქ ისევ ბედუკაძის თემას გავაგრძელებ:

ციხის საშინელებებზე აკი მანამდეც გვსმენოდა, მაგრამ ხელისუფლებას მოსახლეობა უკვე ისე ჰყავდა ზომბირებული (ნამეტნავად ახალგაზრდობა), ატროფირებული და დათრგუნული, როგორც ფაშისტების დროს, როცა კრემატორიუმებში ხალხი მორჩილად და უემოციოდ, საკუთარი ფეხით შედიოდა. რომ არა ბედუკაძისგან ნატურაში მოწვდილი მასალა, მომაკვდავი ერი, შესაძლოა, კომიდან გამოუსვლელად ჩაბარებოდა მიქელგაბრიელს (ხორცის კი არა, სულის კვდომაა სიკვდილი). გამოსაფხიზლებლად უმძლავრესი ინექცია იყო საჭირო, რის ვალდებულებაც ამ ადამიანმა იკისრა და განზრახვა უდიდესი რისკის ფასად მოიყვანა სისრულეში. სხვათა შორის, იმ ჯოჯოხეთზე ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით… თუნდაც ის, თუ, როგორც ითქვა, რატომ სტუმრობდა პრეზიდენტის სათნოღიმილიანი მეუღლე ციხის მორგს ისე ხშირად, რა იყო იმ იდუმალი ვიზიტების მიზანი: პათანატომის ხელობას ეუფლებოდა თუ წამებულთა გვამებს ლოცვებს უკითხავდა? ლოგიკური იქნებოდა, ასეთ დროს პატიმრების მდგომარეობითაც დაინტერესებულიყო, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. ეს იმ ფონზე, როცა ადამიანის ორგანოებით მოვაჭრენი, როგორც დაიწერა, გიენებივით დასუნსულებდნენ ჩვენს ციხეებთან.

ომის დროს სეპარატისტებზე დაუჯერებელ საშინელებებს ყვებოდნენ. ისიც ითქვა, მათი ქალები ქართველ ბიჭუნებს სათესლეებს უგრეხდნენ, თქვენი ჯიში აღარ გამრავლდესო. თუმცა გენოციდის ბევრად გამაოგნებელ ფაქტებს ვისმენთ ჩვენსავე ციხეებზე: ფერტილური ასაკის პატიმარ კაცებს ქირურგიული ჩარევით ასაჭურისებდნენ, ქალებს დედობის უნარს ართმევდნენო. რა ხდება ჩვენს თავს?!

ქვეყნისთვის ყავლგასულმა, ხოლო უსუფაშვილისთვის კვლავ «ბატონმა პრეზიდენტმა» სააკაშვილმა და მისმა ამფსონებმა რევოლუციურად და მტკივნეულად, ნაჯახით მოინდომეს ადამიანთა გადაკეთება, ანუ დაჩმორება-დადებილება და შედეგად დასახიჩრებული საზოგადოება მივიღეთ. ზემოთ ახალგაზრდები ვახსენე და, სამწუხაროდ, უკეთესი მდგომარეობა არც დღესაა, «ნატვრის ხეში» რომ არის, «ისევ გაშტერდა, შენი კვნესამეო!» _ მიშას ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებულებს გამოსაფხიზლებლად კიდევ  ერთი შემომლაწუნებელი ოხროხინე ნამდვილად არ აწყენდათ!.. პრეზიდენტის სასახლესთან «ღირსების შეკრების» მონაწილეებს რომ გადავხედე, ახალგაზრდები მხოლოდ აქა-იქ დავლანდე. სამაგიეროდ, ეს ჩვენი ნაცმაცუნები ყავლგასული სააკაშვილის შეხვედრებს არ აკლდებიან. ბოლო დროს მიშამ მათ ქუთაისში ჩაუტარა «ლექცია». თემა «აპოკალიფსი» გახლდათ და აჟიტირებული «ლექტორი» ავი წინასწარმეტყველებით ზაფრავდა მსმენელებს: _ გადაიტანენ პარლამენტს თბილისში და განადგურდება დასავლეთი საქართველოო!!! _ მტყუვნის-მეთქი! _ აქედან მივაძახე, მაგრამ ისევ რას გავაგონებდი!.. ეჰ, მუხრანი ყოფილიყო, პირში მიახლიდა: «რა გიხარია, შე შობელძაღლოო!» და გულს მოგვფხანდა. ამ დროს ის საცოდავი ბავშვები ენაჩავარდნილები შესცქეროდნენ და რაღაც წამებში, პითონ «კაასგან» გამოლენჩებული, ხეებზე შეყუჟული აკანკალებული ბანდერლოგები დამიდგა თვალწინ კიპლინგის «მაუგლიდან»… გვიღუპავს მომავალს, ეს შეჩვენებული!..

ღვთის წყალობით, ხელისუფლებაში უკვე მოვიდა მშრომელი და მეურნე, სუფთა ბიოგრაფიის კაცი ორთაბრძოლის ტრადიციული, ქართული ილეთებით, რის გამოც «ნაციონალები» პიროვნულად მასთან «წელში შევარდნას» და სარმის გამოდებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, თუ, რა თქმა უნდა, უცხოელმა «არბიტრებმა», მით უფრო საკუთარმა თანაშემწეებმა არ დააღალატეს. ბიძინა ივანიშვილს სურვილიც აქვს და გონიერებაც, რომ სააკაშვილისეული ცხრაწლიანი კოლაფსიდან ქვეყნის ამოყვანის უმძიმესი მისია იტვირთოს.

იგი, წინამორბედისგან განსხვავებით, საზოგადოების აღზრდაზეა ორიენტირებული. აღზრდა თავისთავად ევოლუციის თანმდევი, ბუნებრივი პროცესია, უმტკივნეულო, მაგრამ დროში გაწელილი, როდესაც შეგირდთან ერთად, ოსტატიც სწავლობს და იზრდება; ისინი ერთმანეთს შეიმეცნებენ და დინამიკაში ვითარდებიან. ეს პროცესი უკვე დაიწყო. დანარჩენი, _ ვნახოთ!..

და ბოლოს, ისევ «ნაცებს» ვეკითხები: _ თქვენი მოწონებული კოაბიტაციაა მაი?.. ეჰ, მართლაც, რომ ვაი, მიქელე, ვაი!..

მირონ ხერგიანი,      

მწერალი, რიგითი პოლიტპრობაციონერი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here