Home რუბრიკები საზოგადოება Run, Misha, Run!!!

Run, Misha, Run!!!

676

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორის ცნება მეორე მსოფლიო ომის დროს დაამკვიდრა. მიუხედავად იმისა, რომ შტატებმა 418 ათასი ადამიანი დაკარგა სამხედრო მოქმედებების დროს, ქვეყნის სამრეწველო წარმოება 2,5-ჯერ გაიზარდა. წარმოების ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ამერიკული კონტიგენტი სამხედრო მოქმედებებისგან შორს იდგა.

აშშ სტრატეგიული პარტნიორის ცნებას ახლაც მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ შტატებში დიდი დეპრესიის პერიოდმა, უკვე დიდი ხანია, ჩაიარა, ამერიკელმა ლიდერებმა ჭკუა ისწავლეს და პარტნიორობას იმაზე ადრე იწყებენ, ვიდრე ჯიბე დაუცარიელდებათ. ასე მოხდა «არაბული გაზაფხულის» დროსაც. მსოფლიოში მძვინვარე ეკონომიკურმა კრიზისმა არც ძია სემის სამშობლოს აუარა გვერდი და ახალი სტრატეგიული პარტნიორების მოძიების საჭიროება მოითხოვა.

მავრიტანია, ალჟირი, ტუნისი, ლიბანი, სირია, იორდანია, ერაყი, საუდის არაბეთი, სუდანი, მაროკო, ჯიბუტი, სომალი, ბაჰრეინი და ბურკინა-ფასო ის ქვეყნებია, რომლებშიც ოპოზიციური მიტინგები სოციალური ქსელების მეშვეობით იგეგმებოდა. ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი სოციალური ქსელი ამგვარი «ივენთების» მოსაწყობად Facebook-ია.

ყოველი საპროტესტო აქციის დროს ძია სემი ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვდა და ხელისუფლების ნაბიჯებს გმობდა.

«არაბული გაზაფხულის» ქვეყნებს შორის ყველაზე საინტერესო ადგილი მაინც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფს უჭირავს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კადაფიმ 1972 წლის 11 ივნისს მუსლიმანებს საქვეყნოდ მოუწოდა, ებრძოლათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. გასაკვირი არაა, რომ მშვიდობისმყოფელმა ძია სემმა ოდნავ ჩათვლიმა იმ დროს, როდესაც მუამარ კადაფს ქუჩაში კლავდნენ.

მეორე საინტერესო პერსონაჟი გაზაფხულის სისხლიან დღეებში მაჰამად ჰოსნი საიდ მუბარაქია, რომელმაც დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ თავისი პოსტი დათმო და 2012 წლის 2 ივნისს სამუდამო პატიმრობაც მიესაჯა.

«არაბული გაზაფხულის» ქვეყნები დემოკრატიას ითხოვდნენ. მიიღებენ თუ არა საწადელს, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საინტერესოა, რამდენად შესაძლოა, აშშ-ის სხვა სტრატეგიულმა პარტნიორებმაც ასეთი სცენარით დაასრულონ? საქართველოც ხომ მელოტი არწივის ფრთის ქვეშ ცდილობს დამალვას. ასევე საინტერესოა, რამე რომ მოხდეს და მელოტ არწივს აფრენა დასჭირდეს, ფრთას საქართველოს ააცლის თავიდან თუ რომელიმე სხვა პარტნიორს?

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ ქარიზმატული სპიჩით წარსდგა გაეროს ასამბლეაზე, მაგრამ, მიუხედავად მისი ექსცენტრიულობისა, მას ბევრად მწირი აუდიტორია ჰყავდა, ვიდრე აწ გარდაცვლილ მუამარ კადაფის. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ ქვეყნის ლიდერის მოსმენა, რომელსაც დიდი ოდენობით ნავთობი მოეპოვება, უფრო საინტერესოა ვიდრე პრეზიდენტისა, რომელსაც აეროპორტიც კი ვერ აუშენებია ხეირიანად.

სხვათა შორის, «არაბული გაზაფხულის» მთავარ პერსონაჟებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არა მხოლოდ პოლიტიკურ ხედვაშია განსხვავება. «გარდამავალი სეზონის» ლიდერების მთავარი სურვილი ეროვნული ავთენტურობის შენარჩუნების მცდელობა იყო, სააკაშვილმა კი იმდენი ილაპარაკა ქართველების ევროპელობაზე, რომ თვითონაც დაიჯერა ასეთი ტიპის «ამერიკული ოცნების» ახდენის შესაძლებლობა.

«ამერიკული ოცნების» ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ფორესტ გამპია. მას, ფაქტობრივად, ყველაფერი «თავისით მოსდის». სააკაშვილს სულ რამდენიმე საერთო შტრიხი აქვს ფორესტ გამპთან; თუმცა პერსონაჟი იმდენად დადებითია, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეხსენება მაყურებელს (და მკითხველსაც) დიდ სიამოვნებას არ მოჰგვრის. მიშასაც ფორესტ გამპივით სჯერა, რომ ელვის პრესლიმ ცეკვა მისგან გადაიღო, მიშაც ისეთივე პოპულარულია, «როგორც კენგურუ ავსტრალიაში», სააკაშვილსაც სჯერა, რომ «მომავალში გადასასვლელად წარსული უნდა დაივიწყო», შესაძლოა, მიშას ფულიც სადმე «ხილის კომპანიაშია ჩადებული», მასაც დედა ეუბნებოდა, რომ «ცხოვრება შოკოლადის კანფეტების ყუთს ჰგავს, არასოდეს იცი, რა შეგხვდება» (თუმცა, ჩემი აზრით, თუ ყუთზე დატანილ შემადგენლობას წაიკითხავ, ალბათ, ბევრ უსიამოვნებასაც აირიდებ), მიშას დედასაც უნდოდა, «კარგი განათლება მიეცა შვილისთვის»… მთავარი განსხვავება ისაა, რომ დაბალი ინტელექტუალური კოეფიციენტისა და სავანტიზმის სინდრომის მქონე პატარა ამერიკელ ბიჭს ესმოდა, როდესაც ეუბნებოდნენ: «გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი»!

ან სააკაშვილს არავინ ეუბნება: «გაიქეცი, მიშა გაიქეცი!» ან ის, უბრალოდ, არაფრად აგდებს ამ ფრაზას, რომელმაც ფორესტის სიცოცხლე ბევრჯერ გადაარჩინა.

კადაფისთვის ეს ფრაზა, როგორც ჩანს, მიუღებელი იყო და ამიტომაც დასრულდა ყველაფერი საკმაოდ სწრაფად, თუმცა დამამცირებლად. მუბარაქისთვის ფრაზა ნაცნობი აღმოჩნდა და მან გარკვეული პერიოდი თავის შეფარებაც მოახერხა, მაგრამ სამუდამო პატიმრობას ვერც ის გაექცა. მიშას კი ამერიკელი მეგობრები ძალიან ბანალურად ამშვიდებენ: შჰიტ ჰაპპენს («ნეხვი შეგხვდება ხოლმე»). ამ ყველაფერში გართულმა მიშამ უკვე ვეღარ დაინახა, რომ ეს  ჰაპპენს ტენდენციაში გადაიზარდა…

საინტერესოა, მიიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ბრძანებას: Run, Misha Run! და დაემორჩილება თუ არა, როგორც ჯარისკაცი _ გენერალს.

რუსუდან თამარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here