Home რუბრიკები საზოგადოება «ვარდების ხელისუფლებამ» სასურსათო გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს

«ვარდების ხელისუფლებამ» სასურსათო გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს

596

მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საქმეში განსაკუთრებული როლი ენიჭება მოსახლეობის უზრუნველყოფას სრულფასოვანი, დაბალანსებული სურსათით.

ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, საკვებ რაციონში პური უნდა შეადგენდეს დღეში – 350 გრამს, ხორცი _ 200 გრამს, რძე და რძის ნაწარმი _ 960 გრამს, კარტოფილი _ 170 გრამს, ბოსტნეული _ 370 გრამს, ხილი _ 210 გრამს, თევზი _ 50 გრამს, ცხიმი _ 30 გრამს, შაქარი _ 100 გრამს.

ეს ნორმები ემყარება საერთაშორისო ნორმებს და გათვალისწინებულია საშუალო ასაკის 70 კგ, მსუბუქი შრომით დაკავებული 31-50 წლის მამაკაცისთვის (იგივეა 60 კგ წონის ქალისთვის) და შეადგენს 2800 კილო კალორიას დღეში. ეს ციფრები უმნიშვნელოდ იცვლება ასაკის, წონის, გეოგრაფიული გარემოსა და სხვა ფაქტორების გავლენით.

სამწუხაროდ, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ფიზიოლოგიური ნორმები ძალზე უხეშადაა დარღვეული. კერძოდ, უკიდურესად დაბალია სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ცილოვანი საკვების მოხმარება (ხორცის _ 2,5-3-ჯერ, თევზის _ 4-5-ჯერ, რძის პროდუქტების 2-3-ჯერ), ცილოვანი დეფიციტი კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვების, მოზარდებისა და ხანდაზმულებისათვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონების სოფლის მეურნეობის სამმართველოებისა და სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის დახმარებით რეგიონებსა და  ქალაქებში სტრატეგიული დანიშნულების სასურსათო პროდუქციის წარმოება-მოთხოვნა-მოხმარების მაჩვენებლების დადგენის მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ ხორცის მოხმარება (საშუალოდ) მოსახლეობის კვების რაციონში, გამოხატული კალორიებში, 3-5 პროცენტს არ აღემატება, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის კი _ 1 პროცენტს.

საქართველოს რეგიონებიდან ხორცს ყველაზე მეტად მოიხმარს კახეთის (5 პროცენტი), ყველაზე ნაკლებად აჭარის მოსახლეობა (2 პროცენტი). საყურადღებოა, რომ ქალაქების მოსახლეობა უფრო მეტად განიცდის სურსათის (და მათ შორის ცილების) დეფიციტს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა, რაც აიხსნება იმით, რომ ქალაქის მოსახლეობა იძულებულია, უფრო მეტად გასწიოს არასასურსათო ხარჯები (ტრანსპორტი, კომუნალური გადასახადები და ა. შ.). ეს ამცირებს სასურსათო ხარჯების გაწევის შესაძლებლობას. მეორე მხრივ, სოფლად ფულის დეფიციტი ამცირებს არასასურსათო ხარჯებს. ქვეყანაში სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება საშუალოდ 70:30-ზეა, რაც ცხოვრების ძალზე დაბალი დონის მაჩვენებელია (განვითარებულ ქვეყნებში სასურსათო ხარჯები 15-20 პროცენტს შეადგენს).  

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც თვითონ იყო ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორი, 2-3-ჯერ ნაკლებს მოიხმარს ამ პროდუქციას, ვიდრე განვითარებული (იტალია, გერმანია და სხვ.) და ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნები (რუსეთი, უკრაინა), რაც ჩვენი მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მსყიდველობითი უნარით უნდა აიხსნას.

საყურადღებოა ერთ სულზე პურისა და პურპროდუქტების (ბურღულეულის ჩათვლით) მოხმარების მაღალი ციფრი: მაგალითად, 650-700 გრამი 350 გრამთან (ფიზიოლოგიური ნორმა დღეში) შედარებით, რის გამოც საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულების თითქმის 60 პროცენტი მოდის პურპროდუქტებზე, რაც ღარიბია ორგანიზმის არსებობისთვის აუცილებელი ინგრედიენტებით: ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

ჩვენი მოსახლეობა სიღარიბის, დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო ძირითადად პურით იკვევება და დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების კომპენსაციას პურით ახდენს (განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი საკვებ რაციონში 12-15 პროცენტს არ აღემატება). ასეთი დისბალანსი საკვებ რაციონში, ბუნებრივია, პათოლოგიურ ცვლილებებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და სავალალო შედეგებს იწვევს.

თუ დინამიკაში განვიხილავთ მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარებას, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღებიდან (1991წ.) დღემდე, ეს მაჩვენებელი თანდათან მცირდებოდა და 1995 წელს ყველაზე დაბალი იყო. შემდგომში (1997-98წ.წ.) მოკრძალებულად, მაგრამ მაინც დაიწყო მატება 2003 წლის ჩათვლით, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ნაკლები დარჩა ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით: ხორცზე _ 2,5-ჯერ, რძესა და რძის პროდუქტებზე _ 1,7-ჯერ. აქაც პურის მოხმარება 2-ჯერ მეტი იყო ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით.

მომდევნო 2004-2009 წლებში ადგილი ჰქონდა სასურსათო პროდუქციის მოხმარების არა თუ ზრდას და მდგომარეობის რამდენადმე გამოსწორებას, არამედ მის თანდათანობით შემცირებას. 2009 წლის მოხმარების მაჩვენებლები კიდევ უფრო დაშორდა ფიზიოლოგიურ ნორმებს, კერძოდ: ხორცი და ხორცპროდუქტები _ თითქმის 2,5-ჯერ, რძე და რძის პროდუქტები _ 2,7-ჯერ, ბოსტნეული _ 2,5-ჯერ, კვერცხი _ 2,7-ჯერ. რაც შეეხება პურის მოხმარებას, 2004 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი სტატისტიკაში არ ჩანს; სავარაუდოა, რომ იგი იმდენად მაღალია, რომ მისი გამოჩენა უხერხულობას გამოიწვევდა(!).

2009 წლის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს თუნდაც მწირი ინფორმაცია  მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მდგომარეობის შესახებ, რადგან 2010 წლიდან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაუქმებულ იქნა მასთან არსებული «სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორია» და, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს არანაირი კვლევა და სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება სასურსათო უსაფრთხოების თემატიკაზე.

2004-2012 წლებში «მოღვაწე» ხელისუფლებას არ ადარდებდა ხალხის სოციალური პირობები, ამას მოწმობს კომუნალური და სხვა გადასახადების, ფასების მუდმივი ზრდა, შემწეობებისა და დახმარებების შეკვეცა, სამუშაო ადგილების შემცირება და ა. შ.

2010 Global  Hunger Index  კვლევის თანახმად, საქართველო იმ სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდა, რომლებშიც შიმშილობის საშუალო დონეა. გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადამიანი შიმშილობს, თუ ის დღეში 1800 კილოკალორიაზე ნაკლებს იღებს. ამავე კვლევის შედეგებით, საქართველო ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს: სომხეთსა და აზერბაიჯანს (2008წ.).

მოსახლეობის 50 პროცენტი გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე – 2100 კილოკალორიაზე ნაკლებს იღებს, ხოლო 35 პროცენტი კი კრიტიკულზე, 1800 კილოკალორიაზე, ნაკლებს _ 1600 კილოკალორიას. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კალორიების ნახევარზე მეტი პურზე მოდის, მოსახლეობის მდგომარეობა კომენტარს აღარ საჭიროებს.

Low-Income Food-Deficit Countries-ის 2012 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველო დაემატა იმ 66 ქვეყნის ჩამონათვალს, რომლებშიც არის სურსათის დეფიციტი, ხოლო შემოსავლები ძალზე მცირეა. ამ სიიდან კი გამოაკლდა: ტუვალუ, ვანუატუ და სხვ.

გაეროს მსოფლიოს მოსახლეობის ორგანიზაციის მონაცემებით (2011წ.), საქართველოს მოსახლეობის 13 პროცენტს (600 ათას ადამიანს) დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 2 ლარი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: სომხეთში ასეთი მოსახლეობის რიცხვი 4 პროცენტია, აზერბაიჯანში, რუსეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში _ 2 პროცენტი.

Human Development Index (HDI) _ ადამიანის განვითარების ინდექსის 2011 წლის მონაცემებით, საქართველო აღმოჩნდა 75-ე ადგილზე და ჩამორჩა ალბანეთს, კუბას, კოსტა-რიკას, თურქმენეთს და სხვ.

FAO-ს მონაცემებით, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაბალია, ყოველწლიურად მცირდება. საქართველომ სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლით  განვითარებადი ქვეყნების მე-5 ჯგუფიდან მე-6 ჯგუფში გადაინაცვლა და დღეს უღარიბესი ქვეყნების რიცხვშია (ისევე, როგორც სუდანი, კამერუნი, ნიგერია და სხვ.).

ყოველივე ეს მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს სასურსათო გენოციდთან, რასაც ნებით თუ უნებლიეთ ახორციელებდა ყოფილი ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ.

ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში NATO-ს სოფლის მეურნეობის დაგეგმარების კომიტეტმა (FAPC) საქართველოს მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მაჩვენებლები და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მდგომარეობა საგანგაშოდ შეაფასა, მიგვითითა, მიგვეღო შესაბამისი სასწრაფო ღონისძიებები მდგომარეობის გამოსასწორებლად. მაშინდელმა ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და NATO-ს მიერ საგანგებოდ შეფასებული სურსათის მოხმარების მაჩვენებლები იმავე 2003 წლის 8 მაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს #111-ნ ბრძანებით, «ნორმად» დაამტკიცა. ამ ბრძანების თანახმად, ხორცის მოხმარების მაჩვენებელი 80 გრ/დღ ჩაითვალა «ნორმად», რომელიც 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისო ნორმას (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ (!) 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის განახევრდა 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შემცირდა 100 გრამიდან 55 გრამამდე. მოუმატეს პურის მოხმარების ნორმას 350 გრამიდან 400 გრამამდე დღეში(!).

ამრიგად, ფიზიოლოგიურ ნორმად ჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდენობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა და მოხმარების მაჩვენებელიც ახალ «ნორმებს» დაუახლოვდა, ზოგიერთი პროდუქტისთვის გადააჭარბა კიდეც (რძე და რძის ნაწარმი). ასე მარტივად «მოგვარდა» სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა, ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევისა და ღონისძიებების გატარების გარეშე.

საინტერესოა 2011 წლის ივნისში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ ინტერნეტში (www.choose-myplate.gov) გამოქვეყნებული სურსათის რეკომენდებული ნორმები. მათთან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსაზღვრული «ახალი ნორმების» შედარებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31-50წ.) განსაზღვრული ნორმები ბევრად ჩამორჩება არა მარტო იმავე კატეგორიის აშშ-ის მოქალაქისთვის რეკომენდირებულ ნორმებს, კერძოდ: ხორცზე _ 2,3-ჯერ, რძესა და რძის პროდუქტებზე _ 3,2-ჯერ, ბოსტნეულზე _ 3,2-ჯერ, ხილზე _ 2,3-ჯერ (რაც, ბუნებრივია, გაკვირვებას არ იწვევს, რადგან 2003 წლამდე ჩვენთან არსებულ ნორმებთან შედარებითაც იგივე სურათია), არამედ მნიშვნელოვნად ნაკლებია 3,5-4 წლის ბავშვის ნორმებზეც კი, რასაც აბსურდამდე მივყავართ(!).

როგორც აღნიშნული ბრძანების სათაურიდან ირკვევა («საკვებ ნივთიერებათა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ»), აღნიშნული ღონისძიების განხორციელება ძირითადად ე. წ. სასურსათო კალათის ღირებულების შემცირების მიზნით მოხდა, რათა შემცირებულიყო საარსებო მინიმუმის ღირებულება, როგორმე დაახლოებოდა მოსახლეობისთვის გაცემულ პენსიებსა თუ სხვა შემწეობებს, ან როგორმე შემცირებულიყო ის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც პენსიებს, შემწეობებსა და არსებობისთვის საჭირო თანხას შორის არსებობს. ამ მიზნით სასურსათო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირდა ძვირადღირებული პროდუქციის ჩამონათვალი და გაიზარდა შედარებით იაფი პროდუქციის რაოდენობა. 

ამ დანაშაულებრივი ღონისძიების გადახედვითა და გამოსწორებით არც მომდევნო, «ვარდების ხელისუფლება» დაინტერესებულა და 2004 წლიდან დღემდე სასურსათო კალათას და მისგან გამომდინარე საარსებო მინიმუმს ამ ნორმებით ანგარიშობდნენ.

ეს «ახალი სასურსათო კალათა» დღეისთვის 150 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს იძლევა, რაც მაინც მიუწვდომელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

სპეციალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოსული რეკომენდებული ნორმებითა და სასურსათო პროდუქციაზე დღევანდელი (2-2,5-ჯერ გაძვირებული) ფასების გათვალისწინებით, დღეს სასურსათო კალათის რეალური ღირებულება 2-ჯერ აღემატება მოქმედის ღირებულებას.

ამასთან ერთად, ვინაიდან მთელი რიგი გამოკვლევებით საქართველოში სასურსათო კალათა 70 პროცენტს შეადგენს საარსებო მინიმუმის ღირებულებაში და 30 პროცენტი მოდის არასასურსათო, საყოფაცხოვრებო ხარჯებზე, საეჭვო ხდება არასასურსათო, საყოფაცხოვრებო ხარჯების მცირე მოცულობა მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადების ფონზე, რაც მიგვანიშნებს, რომ რეალური საარსებო მინიმუმი რამდენიმეჯერ მეტი უნდა იყოს დღეისთვის დადგენილ 150 ლარზე.

ცნობისათვის: ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში _ 328 ლარია, სომხეთში _ 230 ლარი, რუსეთში _ 390 ლარი, ესტონეთში _ 520 ევრო, სლოვენიაში _ 830 ევრო, ამერიკაში _ 902,5 დოლარი, ნორვეგიაში _ 2100 ევრო. საყურადღებოა ისიც, რომ აფხაზეთში საარსებო მინიმუმი 260 ლარია.

ჩვენი ქვეყნის საჯარო სექტორში დასაქმებულთა 50 პროცენტს ზემოთ აღნიშნულ არარეალურ საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურება აქვს. ოფიციალური სტატისტიკით კი, სახელმწიფო მმართველობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, 2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 926 ლარის ტოლი იყო, ანუ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმზე 7-ჯერ მეტი.

ამასთან, მოსახლეობის უმძიმესი პირობების ფონზე მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასი 7-9 ათასი და მეტია თვეში.

მისასალმებელია ახალი ხელისუფლების მიერ პენსიების გაზრდა 150 ლარამდე, რაც წლეულს სექტემბრიდან განხორციელდება და დღეისათვის მოქმედი საარსებო მინიმუმის ტოლია. მართალია, პენსია 150 ლარის ოდენობით შორსაა რეალურად საჭირო თანხისგან, მაგრამ ნამდვილად კარგი დასაწყისია და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თანდათანობით მივაღწიოთ და გადავაჭარბოთ რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის პირობასაც გვაძლევს თვით პრემიერ-მინისტრი.

იგივე ეხება ხელფასების გაზრდას, რაც უკვე განხორციელდა სკოლის 70 ათასი მასწავლებლისთვის, თითოეულისთვის 80 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურეთათვის ხელფასების მომატება, ომში დაღუპულთა ოჯახებისა და უმწეოთა შემწეობების გაზრდა და ა. შ.

აღსანიშნავია სხვა ღონისძიებებიც მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით: უპრეცედენტო დახმარება სოფლის მოსახლეობას (640 ათასი ოჯახის მიწების დამუშავება უფასოდ, 100-დან 600 ლარამდე დახმარება სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად უპროცენტო და დაბალპროცენტიანი სესხებით უზრუნველყოფა და ა. შ.), ჯანდაცვის დაფინანსების გაორმაგება, მოსახლეობის ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა, უფასო მშობიარობა, შეძლებისდაგვარად გადასახადების შემცირება ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე და სხვ.

ახალი ხელისუფლების მიერ გაცხადებული პროგრამა და გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯები იმედს გვაძლევს, რომ მთავრობა ყველა რესურსს გამოიყენებს მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, დაიცავს მათ ჯანმრთელობას და კონსტიტუციით მინიჭებულ უმთავრეს პირობას _ სიცოცხლის უფლებას.

შოთა ჩხეიძე,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

კვების მრეწველობისა და აგროტექნოლოგიის აკადემიების წევრი,

ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here