Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ მგალობლიშვილი: ჩქარა კეთდება მხოლოდ დიქტატურა

ნოდარ მგალობლიშვილი: ჩქარა კეთდება მხოლოდ დიქტატურა

1046

საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი აქტიურად იყო ჩართული «ქართულო ოცნების» წინასაარჩევნო პროცესში. გამარჯვებიდან მეხუთე თვის თავზე ვეკითხები:

_ კმაყოფილი ხართ, ბატონო ნოდარ, მიღწეულით? ამაოდ ხომ არ დაიხარჯა ძალისხმევა?

_ მოქმედება, მე მგონი, არასოდეს არის ამაო, თუ კეთილ საქმეს ემსახურება. შედეგი, რა თქმა უნდა, დადებითია, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ხალხის მოუთმენლობას კრიტიკულად ვუყურებ. ისეთი ნგრევის შემდეგ, რომლის მოწმენიც ვართ ცხრა წლის განმავლობაში (და მეტისაც), ქვეყანას ნორმალურ კალაპოტში უცებ ვერ ჩააყენებ. ჩქარა-ჩქარას წინააღმდეგი ვარ. ჩქარა კეთდება მხოლოდ დიქტატურა. ჩვენი მოქალაქეებისადმი მოთმინების უქონლობის გამო მაქვს პრეტენზია: «მოთმინებითა შენითა მოიპოვე სასუფეველი შენი».

_ საზოგადოებრივ აზრში ხაზგასმულად იჩინა თავი ახალი ხელისუფლების მიერ აქტიურობის ტემპის დაკარგვამ: თითქოს შავი ფიგურებით თამაშობს და უმცირესობის სვლებისთვის პასუხის გაცემით უფროა დაკავებული, შემოგდებულ თემებზე რეაქციით, ვიდრე საკუთარი პოლიტიკის განხორციელებით.

_ და მაინც მე მგონია, რომ ვთამაშობთ მომავალი ცხოვრების გასაკეთილშობილებლად.

ჯერ ის უნდა იცოდე, მტერს რა სურს, რა აქვს ჩაფიქრებული. უნდა აცალო, თავს როგორ გაამჟღავნებს, გააანალიზო მისი პოლიტიკა და შემდეგ განახორციელო კონტრდარტყმისთვის საჭირო ღონისძიებანი. პაუზა ამისთვისაა საჭირო.

თუ ისინი, ვინც დღეს უმცირესობაში არიან, თვლიან, რომ გაღმა შედავებით თავს გადაირჩენენ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის საწინააღმდეგო ტაქტიკა. უმრავლესობა, მე ვფიქრობ, სწორ პოლიტიკას ადგას. რა შედეგს მივიღებთ,  უფალმა იცის.

გაფეტიშებული «კოაბიტაცია», დღეს რომ გვთავაზობენ, წარმოუდგენელია იმ ადამიანებთან, რომლებსაც არავითარი შეგრძნება არ აქვთ ეროვნულობის და უნარი სახელმწიფოს მომავლის მშენებლობის.

თანაცხოვრება ამ სიტუაციაში ვერ განხორციელდება, ამიტომაა, რომ დაპირისპირების მიმდინარე პროცესებს მტკივნეულად განვიცდით.

_ ჩვენ განვიცდით, ოპოზიცია კი «რქებით აწვება».

_ ეს არის მათი უბედურება. ნაცმოძრავისტები თავიანთ ჩადენილ დანაშაულს შეცდომას უწოდებენ და ყველაფრის გამართლებას ცდილობენ. კაცის მკვლელობა თურმე შეცდომაა, არადა, მოსვლის პირველივე დღეებიდან დაიწყეს ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვა და პრემიერის მოკვლით გააგრძელეს, ციხეებში პატიმრების წამება  «შეცდომაა» და, ამ «შეცდომებს» რომ მივყვეთ, იმდენია, ბოლომდე გასვლა გაგვიჭირდება.

მათი საქციელი უჭკუობას გამოხატავს, თუ ბოროტებას არა.

_ ამიტომ მწიფდება აზრი «ნაცმოძრაობის» აკრძალვის შესახებ.

_ ეს აზრი უნდა მომწიფდეს: საზოგადოებაც უნდა შეეჩვიოს და «ნაცმოძრაობის» წევრებიც. «ნაცმოძრაობა» წმინდა ქართული მოვლენაა, მაგრამ ერთ პარალელს მაინც გავავლებ: თავის დროზე გიგა ლორთქიფანიძემ რუსთავის თეატრში დადგა კოროსტილიოვის «დეკაბრისტები». ცეკადან სპექტაკლის ჩასაბარებლად მოსულმა დევი სტურუამ, ცეკას მაშინდელმა მდივანმა, უარი თქვა მის გაშვებაზე. გიგა შეეკითხა, რატომო? ასოციაციას იწვევსო. რის ასოციაციას? _ არ მოეშვა გიგა. თქვენც კარგად იცით, რისასაცო, _ უპასუხა დევიმ.

«ნაცმოძრაობაც» იწვევს ასოციაციას. რის ასოციაციას, თქვენც კარგად იცით.

_ თქვენ კი ახსენით, ბატონო ნოდარ, ხელისუფლების «მეორე შეტევით» თამაშის პრინციპი, მაგრამ მუსირებს აზრი, რომ პარლამენტის უმრავლესობისა და მთავრობის ფრთხილი ნაბიჯები განპირობებულია უცხოეთისთვის ანგარიშის გაწევით, გოგოლის აკაკი აკაკიევიჩისა არ იყოსშინელი»), _ Как бы чего не выщло»- პოზიციით. გაბედულება ხომ არ გვაკლია?

_ არა მგონია, გვაკლდეს. დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როცა საერთაშორისო პროცესებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს დიდ სახელმწიფოებს. ამიტომ მათთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია, თორემ გაგჭყლეტენ, გაგსრესენ _ იქიდანაც და აქედანაც.

_ აღმოსავლეთსა და დასავლეთს გულისხმობთ?

_ დიახ. რუსეთი ამოვიჩემეთ. მაგრამ რუსეთს მმართველობის თავისი ტექნოლოგია აქვს, თავისი პრინციპები, თავისი გავლენის სივრცე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მასთან გონივრულ ლავირებას. ჩვენ სწორედ ეს გვაკლია. ანგარიში უნდა გაუწიო, მაგრამ არ უნდა დაემონო. ამის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ სწორედ ეს არის უმაღლესი დიპლომატიის ხელოვნება.

_ მმართველობის ტექნოლოგია ახსენეთ და საქართველოც დადგა ახალი ტექნოლოგიის ათვისების აუცილებლობის წინაშე, ვგულისხმობ საპარლამენტო მმართველობის ფორმას, იმასაც, მაგალითად, თუ როგორ უნდა განაწილდეს ფუნქციები პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის.

ცნობილი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია მიიჩნევს, რომ ქვეყნის მართვა, საბაზისო დარგებისა და მიმართულებების ხელმძღვანელობა უნდა განახორციელოს პრემიერ-მინისტრმა, ხოლო კონფლიქტების მოგვარების, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს.

_ საფუძვლიანი მოსაზრებაა შრომის ასეთი «განაწილება», თორემ აქამდე შემთხვევით ადამიანებს ისე ნიშნავდნენ ამა თუ იმ თანამდებობაზე, რომ არც შეეფერებოდნენ, არც რაიმე გამოცდილება ჰქონდათ, მით უფრო, _ მიდრეკილება და უნარი. ხოლო კონფლიქტური რეგიონების პრობლემები ისეთ ჩინოვნიკებს ებარათ, როგორიც, მაგალითად, შსს ანალიტიკური სამსახურის უფროსი იყო. რუსეთის პრობლემის მოგვარებას კი რაღაც არალეგალური მეთოდებით ცდილობდნენ.

_ თუ საერთოდ ცდილობდნენ რამეს.

_ პრობლემების ეს წრე მართლაც საპრეზიდენტოა, მაგრამ არანაკლებ პრობლემურია თვით პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა. საყოველთაოდ ცნობილია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. მე მგონი, ძალიან დიდი შეცდომაა, როცა უმაღლეს თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის დროს არ წარმოებს მათი ფსიქო-ფსიქოლოგიური შემოწმება. ასეთი ტესტი უნდა გაიაროს ჯერ კიდევ კანდიდატად შერჩევისას. თუ პრეზიდენტად აირჩიეს, წელიწადში, წელიწად-ნახევარში კიდევ უნდა შეამოწმონ.

_ რომ არ დაემართოს «თავბრუს დახვევა წარმატებებისგან»?

_ (ეღიმება). საბჭოთა პერიოდთან ავლებთ პარალელს? სამედიცინო შემოწმება შეურაცხყოფა არ არის, რადგან მას სახელმწიფო აბარია, და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გარკვეულ სიტუაციაში ქვეყნის ბედია დამოკიდებული.

ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხელმძღვანელი რას ნიშნავს, საქართველომ გამოსცადა, თუნდაც 2008 წლის აგვისტოში.

პრეზიდენტის კი არა, თეატრის ხელმძღვანელის კანდიდატურასაც სჭირდება ყოველმხრივ შესწავლა, მისი მიდრეკილებების, შემოქმედებითი კრედოსი და ა.შ. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ თემურ ჩხეიძე უფრო უკეთესია მარჯანიშვილის თეატრისთვის, ვიდრე რობიკო სტურუა, მაგრამ იგივე თემურ ჩხეიძეს რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ვერ ვხედავ.

_ თქვენ ახსენეთ ორი გამოჩენილი ქართველი რეჟისორი. მინდა გკითხოთ, რობიკო სტურუასა და თემურ ჩხეიძის თბილისში დაბრუნების გარდა, სხვა რა მოხდა ღირსშესანიშნავი ქართულ სცენაზე უკანასკნელ პერიოდში?

_ ერთ-ერთ შეხვედრაზე მკითხეს, კმაყოფილი ვარ თუ არა დღევანდელი თეატრით? ვუპასუხე, რომ, შეიძლება, მე კმაყოფილი არ ვიყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რადგან თეატრი, როგორც ცხოვრება საერთოდ, განიცდის ჩავარდნისა და აღმასვლის ეტაპებს. თეატრი ცხოვრების პრობლემების მიმართ აქტიური უნდა იყოს, პოლიტიკურიც უნდა იყოს. ყველა თეატრმა მოქალაქეობრივი ვალი უნდა ატაროს.

_ ატარებს?

_ მე მგონი, ვერ ატარებს. უფრო გართობისთვის, წუთიერი სიამოვნებისთვის არსებობს. არის რაღაც მინიშნებები, თითქოს ამბობენ სიმართლეს, მაგრამ ნახევარტონებში. არის ეს საკმარისი? თეატრმა სულიერად უნდა ჰკვებოს საზოგადოება.

_ ორიოდ დღის წინათ აშშის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკაში ყველას აქვს უფლება, იყოს სულელი. მიხეილ სააკაშვილის სულელიზმები ამერიკელების ამ უფლების საქართველოში გადმოტანის სურვილით ხომ არ აიხსნება?

_ ბატონმა ჯონ კერიმ, ალბათ, იხუმრა, სააკაშვილის პრობლემა კი სერიოზული შემთხვევაა. ასეთ კაცს შეიძლება პურის მაღაზია ჩააბარო, მაგრამ _ სახელმწიფო?! ჩვენ ჩავაბარეთ. და ახლა მასთან კოაბიტაციას გვთხოვენ, თანაცხოვრებას…

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ვცოცხლობ და იმედი მაქვს კიდევ ვიცოცხლებ თქვენი თანადგომით, ღირსეულო , თავმდაბალო ქართველებო.დღეს, რამოდენიმე წლის შემდეგ,ისევ შევხვდი მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს. მარტალია ხარისხებით და ორდენებიტ არ ვახსენე, ეს ჩემთვის მართლაც საამაყო ადამიანი, მაგრამ ორდენებს თითონ გამოუცხადა ომი. ღისებას რომ წაართმევ კაცს, ღირსების ორდენი რაღად უნდაო. ასეთი პიროვნება გყავდეს და …ვის მივაგებთ პატივს ?ის მე არ მიცნობს, მე , ერთ- ერთი უბრალო ქართველის სახელით მივესალმე და პატივი მივაგე. ეს კაცია ჩემთვის ორიენტირი. ყველას თავის გზა აქვს.

  2. ცოტა მოტეხილი ჩანხართ…ღმერთმა გაგაძლიეროთ ბატონო ნოდარ!!! ის ვინც თქვენ პატივს არ გცემთ, არ შეიძლება რომ მას ღირსების ნატამალი გააჩნდეს!!!

  3. ვა მალადეც ნოდარ..შენ ეგ გამოთქმა არ გეკადრება!! ჩქარა არც არავინ ითხოვს, ისე პრემიების გამოწერა როგორი უსწრაფესი ტემპებით დაიწყეს, ამაზე რატომ არ გააკეთე კომენტარი? ყველაზე უბედურება კი ის არის ნაცისტების წისქვილზე, რომ ასხამენ წყალს, თეთრი მელას და ნაცისტი სააკიანის ნარჩენი მინისტრები და გარშემო ფაშიზმის ხელის შემწყოფთა აგენტურა ყავთ შემოკრებილი!!! მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ აგენტურულმა ქსელმა პირველ რიგში უნდა მოახდინოს ბიძინას დისკრეტირება და მერე ადვილად გაუსწორდეს ქართველ ერს!!!!!

  4. ეეჰ როგორ მიყვარს თქნენნაირიი ლამაზი და შემოქმედებითი ადამიანებიი..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here