Home რუბრიკები საზოგადოება სოსო მანჯავიძე: სახელმწიფო არ უნდა აცდუნებდეს და მიზანმიმართულად არ უნდა აზარალებდეს საკუთარ...

სოსო მანჯავიძე: სახელმწიფო არ უნდა აცდუნებდეს და მიზანმიმართულად არ უნდა აზარალებდეს საკუთარ მოსახლეობას

527

გემბლინგი _ იგივე ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს სათამაშო ავტომატებზე, კაზინოსა და ტოტალიზატორზე დამოკიდებულებას. მეცნიერება ლუდომანიას ისეთი დაავადებების გვერდით აყენებს, როგორიცაა ნარკომანია და ალკოჰოლიზმი, თვითონ აზარტული თამაშებით გატაცებულნიც ეთანხმებიან მეცნიერთა ამ მოსაზრებას. დღეს ეს საკითხი საქართველოში მეტად მწვავედ დგას. ამ პრობლემას ფართოდ ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო და თავად პატრიარქიც. რამდენიმე ხნის წინ კი თბილისში ყველა კაზინოსა და სლოტკლუბის დახურვის ინიციატივით ახლახან ჩამოყალიბებული პარტია «საქართველოს პატრიოტთა ალიანსი» გამოვიდა. დღეს «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარი ამ პარტიის გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე გახლავთ.

_ თქვენ საქართველოში სათამაშო ბიზნესის აკრძალვის ინიციატივით გამოდიხართ. ამაში საპატრიარქოც აქტიურად გიჭერთ მხარს.

_ ეს ინიციატივა ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის შემუშავებული. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, სახელმწიფოს აღვირახსნილი პოლიტიკის გამო, დიდი ზიანი მიადგა. ეს შეეხება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშობდნენ და ფული წააგეს, არამედ მათაც, ვინც მათ უკან იდგნენ _ ოჯახი, შვილები ან თუნდაც ბიზნეს-პარტნიორები. ამგვარად, ეს მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა.

სახელმწიფოს ვალია, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. ამისათვის უნდა არსებობდეს კანონებიც. რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, პარლამენტში შევიდა პეტიცია, ხელმოწერილი სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ. ამ პეტიციას ჩვენც ვაწერთ ხელს დანარჩენ პატრიოტებთან ერთად და, რა თქმა უნდა, საპატრიარქოც აქტიურად გვიჭერს მხარს ამ საქმეში.

_ იქნებ საკმარისია კაზინოებსა და ზოგადად სათამაშო ბიზნესზე საქართველოში მხოლოდ გარკვეული შეზღუდვების დაწესება?

_ საერთოდ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფოს აღებული აქვს გარკვეული ვალდებულებები უცხოელ ინვესტორებთან თუ ბიზნემენებთან, რის გამოც, შესაძლოა, შეიქმნას იურიდიული სახის პრობლემები, რაც ისევ ჩვენს მოსახლეობას დააწვება მძიმე ტვირთად. ასევე საუბარი იყო 95 მილიონ ლარზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში სწორედ ამ ბიზნესის წყალობით შედის, ამიტომ ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩენილიყო, რაც წარმოუდგენელია პირადად ჩემთვის. არსებობს მესამე მოსაზრება, ჩვენი აზრით, ყველაზე ცივილური და მისაღები, რომლის საფუძველზეც უნდა შედგეს პროგრამა: თანდათან ავკრძალოთ რეკლამა, შევიმუშაოთ პოლიტიკა ინტერნეტთამაშებთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია, რადგან ამ თამაშებს აქტიურად ეტანებიან ჩვენი შვილები. უნდა შემუშავდეს რეგულაციები, რომელთა მიზანიც იქნება ან საბოლოო აკრძალვა, ან ამ ბიზნესის ლოკალიზაცია გარკვეულ სასაზღვრო ზოლში. კიდევ ვიმეორებ, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო არ უნდა აცდუნებდეს და არ უნდა აზარალებდეს მიზანმიმართულად საკუთარ მოსახლეობას. ჩვენ რომ ერთიანი საკანონმდებლო აქტით ავკრძალოთ ყოველივე, სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას.

_ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ბიზნესის ქართველი მესვეურები ჩვენი ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან და ზოგი მათგანი თავს უფლებას აძლევს კიდეც, დაგვმოძღვროს

_ მათ აქვთ ლაპარაკის უფლება, ოღონდ ეს ადამიანები უნდა საუბრობდნენ ციხის საკნიდან და ისიც თავიანთ ადვოკატებთან. საერთოდ, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებისთვის საჯარო სივრცე ღიაა და ჩვენ ვხედავთ მათი ფაშისტური პოლიტიკის გაგრძელებას, ოღონდ ვერბალურ ასპექტში, რადგან მათ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ ტერორის გამოყენება, იმის გამო, რომ  ხელისუფლების ინსტრუმენტები ხელთ არ უპყრიათ, წარმოუდგენელი დაცინვაა და ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის.

_ ორი სიტყვით მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შევეხოთ. როგორ უნდა მოხდეს ახალი პრეზიდენტის არჩევა ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ დაშვებული შეცდომების გამეორების საშიშროება?

_ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევა სახალხო არჩევნების გზით უნდა მოხდეს. უნდა გავითვალისწინოთ ყველა დეტალი, ასაკიდან დაწყებული _ პოლიტიკური წარსულის ჩათვლით. ხალხის ნების გამოხატვა უნდა იყოს გაცნობიერებული და უზრუნველყოფილი, ამისათვის უნდა გამარტივდეს სარეფერენდუმო და საპლებისციტო კანონები. ეს თუ არ მოხდა, ჩვენ ვერ შევდგებით როგორც ქვეყანა.

_ უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის პრეროგატივა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე ჩრდილოეთის ქვეყნების მიმართულებით სიტუაციის ნორმალიზება?

_ აუცილებლად! მარტო მისი კი არა, ეს ყველას პრეროგატივა უნდა იყოს. პოლიტიკის სწორად წარმოების შემთხვევაში, საქრთველოს დიდი შანსი აქვს წარმატების მისაღწევად. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ დიდი პოტენციის მქონე ქვეყანა ვართ, მაგრამ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს აქვს გარკვეული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, რომელთა დაკმაყოფილებაც, ჩვენი ინტერესებისა და ღირსების დაცვის შემთხვევაში, გამოიწვევს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნებასაც. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ ომს და ძალისმიერ მოქმედებას, უბრალოდ, ჩვენ ჩვენი ინტერესებისთვის დადებითი ბალანსი უნდა შევქმნათ სამხრეთ კავკასიაში.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

1 COMMENT

  1. როგორც სხვა პრესა არც საქართველო და მსოფლიოა თავისუფალი,რაც არ მოგწონთ იმ კომენტარებს შლით, თქვენც მასონთა მსახურნი ხართ და არა საქართველოსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here