Home რუბრიკები საზოგადოება მიშასტაზი უნდა მოიკვეთოს!

მიშასტაზი უნდა მოიკვეთოს!

599

სულხან-საბას «მაოხრებელი მკვდარი» ყველამ კარგად ვიცით… «მიხეილ მაოხრებელიც» ასე თუ ისე გავიცანით და მისი მსახვრალი ხელი ერმა თუ ბერმა ჩვენსავე ტყავზე გამოვცადეთ, მაგრამ ძალიან ცოტას თუ უფიქრია იმ სამომავლო საფრთხეზე, რომელიც სააკაშვილის ცხრაწლიან პრეზიდენტობას შედეგად ისევე აუცილებლად მოჰყვება, როგორც გათხოვილ ქალს მზითევი!..

მახსოვს, 1998 წელი იყო, მაისის თუ ივნისის მშვენიერი დღე, როცა სახელმწიფო კანცელარიის მაშინდელ შენობას დევნილთა დაახლოებით ორასკაციანი დემონსტრაცია მიადგა… დევნილები შევარდნაძის პოლიტიკას აპროტესტებდნენ და აფხაზეთში დაბრუნებას ითხოვდნენ!..

მოულოდნელად, სად იყო და სად არა, გაძლიერებული დაცვის თანხლებით სახელმწიფო კანცელარიიდან ჩამოვიდა და დევნილების წინაშე წარსდგა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც დევნილების მიერ მოტანილი მეგაფონი თუ მიკროფონი ხელში აიღო და მომიტინგეებს განუცხადა: _ მე ბევრ ჭაღარას ვხედავ აქ, მაგრამ ჩემზე უფრო ხნიერი, ალბათ, არც ერთი არ ხართ… თუ საჭირო გახდება, მე გაგიძღვებით წინ და მე დაგაბრუნებთ აფხაზეთშიო!..

 მრავალჭირნახულმა და შევარდნაძის მიერ ათასგზის მოტყუებულმა დევნილებმა კიდევ ერთხელ «ყლაპეს» ედუარდის ეს მამალი ტყუილი, აღფრთოვანებულებმა ტაში დასცხეს და იმედმოცემულები და გახარებულები დროშების ფრიალით დაიშალნენ, აქაოდა, აწი რაღა გვიჭირს, ედუარდი წინ გაგვიძღვებაო!..

მაშინვე მინდოდა მეღრიალა, _ ისე აშენდა შევარდნაძის ოჯახი, როგორც ეგ თქვენ სადმე წინ წაგიძღვებათ და აფხაზეთში დაგაბრუნებთ-მეთქი, მაგრამ ყელში ბურთივით მომაწვა რაღაც და ხმა ჩამიხშო!..

ამ ამბიდან ცხრა წლის შემდეგ, 2007 წლის 16 დეკემბერს ზუსტად იგივე დევნილები, მაგრამ ახლა უფრო ყურებჩამოყრილები, წელში მოხრილები, თვალებაწყლიანებულები და გატეხილები უკვე წითელ როლინგსა და ყავისფერ «ვილვეტის» პიჯაკში გამოწყობილმა სააკაშვილმა მიიპატიჟა მერიის ძველ შენობაში და სიტყვასიტყვით განუცხადა: «მე გაძლევთ სიტყვას, თუ 5 იანვრის არჩევნები ჩავატარეთ ნორმალურად, შემდეგი ზამთარი ჩვენ, ყველანი ვიქნებით ბევრად უფრო თბილი კლიმატის პირობებში, ჩვენ დავბრუნდებით სახლებში და მე ამის გარანტიას და დაპირებას გაძლევთ!.. არასოდეს არ მითქვამს არაფერი ასე კონკრეტულად! ღმერთი კი არა, ჩვენ ვიზამთ ამას!..»

დიახ, ერთ-ერთმა დევნილმა, რომელიც, ეტყობა, ხელფეხგაკოჭილი ჰყავდათ შეყვანილი უგულავას მაშინდელ საბრძანებელში, ეჭვით შეხედა ცრუქაქუნა სააკაშვილის დანაპირებს და ამოიოხრა: «ღმერთმა ჰქნას!», რასაც მაშინვე მოჰყვა სააკაშვილის მკვირცხლი რეაქცია: «ღმერთი კი არა, ჩვენ ვიზამთ ამას!»

როგორც ვხედავთ, დღეს უკვე 2013 წელიასააკაშვილის დანაპირების თანახმად, უკვე ოთხი წლის დაბრუნებული უნდა გვქონდეს სოხუმი, მაგრამ ფაფუაფხაზეთის «ლურჯი მთები» და «თეთრი სანატორია» დღეს ისე შორს არის ჩვენგან, როგორც სააკაშვილი _ სინდისნამუსისა და ქართველი ხალხისგან!..

კაცმა რომ თქვას, ეგ უსირცხვილო ტყუილი, რომლითაც მიშამ ამ ხუთი წლის წინ დევნილების მოთაფლვა სცადა, სააკაშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შემოგდებული ნაღმი კი არა, სიტუტუცეა  და მიშას მიერ დატოვებულ ნაღმებზე ჩვენ აწი ვაპირებთ საუბარს!..

 ჩერქეზთა გენოციდის აღიარება სააკაშვილის მიერ დატოვებული ის გეოპოლიტიკური ნაღმია, რომელზეც საქართველო კი არა, საფრანგეთისოდენა ქვეყანა შეიძლება აფეთქდეს!..

არსებობს დადასტურებული ფაქტები. აგერ 90-იან წლებში ნარკოტიკებით გაჟღენთილი შეიარაღებული ქართველები, რომლებიც მაშინ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, სამეგრელოს ქართველობას გენოციდს უწყობდნენ _ მამაკაცებს სასქესო ორგანოებს აჭრიდნენ და ასაჭურისებდნენ, ხოლო ფეხმძიმე ქალებს მუცლებს უფატრავდნენ, _ თქვენ არ უნდა გამრავლდეთო!.. ამ ყველაფრის დამადასტურებელი მასალები გერმანელმა უფლებადამცველებმა მიუნხენში, ერთ-ერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისში აჩვენეს ერთ-ერთ ქართველ ქალბატონს, რომელსაც გაოგნებულებმა ჰკითხეს: _ ესენი თქვენები, ქართველები არიან?

ახლა რუსეთმა რომ აიღოს თავზე ხელი და გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქართველების მიერ სამეგრელოს ქართველობის გენოციდი აღიაროს, სად ბებიაჩემის ბაბუასთან მირბიხარ, მიშა?

აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ, ვინც მიშას ჩერქეზთა გენოციდი აღიარებინა და, როგორც იტყვიან, შეუჩხიკინა, იმას ჩერქეზეთი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში გერმანიის მოსაზღვრე ქვეყანა ჰგონია და არც საქართველოს ისტორია იცის და არც ჩერქეზების შესახებ სმენია რამე!..

«საქართველო უფრო მეტ ბუზს მოკლავს თაფლით, ვიდრე ძმრით!..» _ დაგვიბარა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა _ კუშნერმა, რომელსაც, როგორც სამთელქვეყნოდ ცნობილია, გორში, მეჯვრისხევის ქუჩაძე მიშა თავზე გადაახტა და რუსის თვითმფრინავებს ასე გაექცა!.. ამაზეა ნათქვამი: «არც შენი იცოდე და არც სხვისი გესმოდესო!..»

უმძიმესია ის გეოპოლიტიკური ნაღმიც, რომელსაც სააკაშვილი აჭარაში გვიტოვებს…

ბათუმში არის ქუჩები, რომლებსაც ქართველი კაცისთვის აბსოლუტურად უცნობი თურქი ეროვნების ადამიანების თუ შეიხების სახელები აქვს მინიჭებული. ცალკე სატირალი და სადარდებელია ის, რომ ბათუმსა და მის შემოგარენში უკვე დაფუძნდა, საკუთრება შეიძინა და დამკვიდრდა, სულ მცირე, 20 ათასი ეთნიკური თურქი, რომლებმაც მთლიანად ხელში ჩაიგდეს ვაჭრობა და ბიზნესი…

 როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ბათუმში მომრავლებული თურქული სახელწოდების თითოეული ქუჩის უკან სააკაშვილის დედის _ თურქოლოგისა და პროფესორის _ გიული ალასანიას ფავორიტი თურქი მამაკაცები დგანან!..

ხვალ რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოინდომოს და ბათუმში რომელიღაც თურქული სახელწოდების ქუჩისთვის, მაგალითად, სააკაშვილის მიერ უღვთოდ გაწირული «შინდისის გმირების» ან «კოდორის ხეობის» დარქმევა მოიწადინოს, ხომ შეიძლება იმ 20 ათასმა თურქმა პროტესტი გამოხატოს და, თუ გაუჭირდათ, 80-მილიონიან თურქეთს უხმოს საშველად?

მერე სად გავიქცეთ და ვის ვთხოვოთ დახმარება, _ ამერიკას, ჩერქეზებს თუ ევროსაბჭოს?

სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხის აბუჩად აგდებასა და დამცირებას ხომ საზღვარი არ აქვს. მხოლოდ იმისთვის, რაც მან საბერძნეთში თქვა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა და ერი თავის ხელისუფალს, თუნდაც ვადაგასულსა და სამარცხვინოდ დამარცხებულს, აუცილებლად პასუხს აგებინებდა და საკადრისს მიუზღავდა, მაგრამ ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომელიც 2003 წლის 22 ნოემბრამდე ტახტზე წამოწოლილები არხეინად ვამთქნარებდით და ვამბობდით, _ «ნახავთ, შევარდნაძეს აფხაზეთის დასაბრუნებლად რაღაც აქვს ჩაფიქრებულიო».

 საბერძნეთში კი მიშამ განაცხადა: «ის, რაც მოხდა საქართველოში ბოლო არჩევნებზე, გასული წლის ოქტომბერში და ის, რაც მოხდა მოლდოვას პარლამენტში რამდენიმე წლის წინათ, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის არის რეგრესი!.. ნათელია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმიტომ, რომ საქართველოს არჩევნებში ძალიან დიდი თანხა იყო ჩაყრილი და სწორედ ამ ფინანსურმა მანიპულაციებმა და დიდმა ფულმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენი მთავრობის დამარცხებაში, რომელიც მანამდე, ბოლო რვა წლის განმავლობაში რეფორმებს ატარებდა!..»

ე.ი. მთელი საქართველო რომ ცოცხზე შესვეს და ხალხი მართლაცდა «წყობილებიდან გამოიყვანეს», ეგ თურმე არაფერი ყოფილა და ფულს მოუგია არჩევნები?!

როგორ ფიქრობთ, ვის უფრო მეტი ფული ჰქონდა არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილს თუ მიხეილ სააკაშვილს და მთელ იმ ხროვას, რომელიც მიშასა და მთელ მის უახლოეს გარემოცვას წაღმა-უკუღმა აფინანსებდა?

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილზე ბევრად უფრო დიდი ქონება მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილომა დააგროვა საქართველოს გაყიდვითა და ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯით და, თუ 2008 წლის არჩევნებზე დახარჯა სააკაშვილმა მილიარდ-ნახევარი, არც ახლა დაიხევდა რამეზე უკან!..

დიახ, გახსოვთ, ალბათ, როგორ წამოსცდა მას ამ ხუთი წლის წინათ, _ არჩევნები მილიარდ-ნახევარი დაგვიჯდაო!.. ცხადია, მილიარდ-ნახევარს კი არა, მთელ თავის ავლა-დიდებას დახარჯავდა და დაყაჭავდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, _ ფულმა, სპეცრაზმმა, ზონდერებმა, პოლიციამ, ჯარმა, ე. წ. ნებაყოფლობითმა პატრულმა, ადმინისტრაციულმა რესურსმა, მკვდარმა სულებმა, უცხოელმა ლობისტებმა, მოსყიდულმა ჟურნალისტებმა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოკალათებულმა «ფოკუზნიკებმაც» კი ვერაფრით გადალახეს და გადააბიჯეს ხალხის ნებას!..

ცხადია, ის, რაც სააკაშვილმა საბერძნეთში თქვა, არ ყოფილა გეოპოლიტიკური ნაღმი, ესეც ჩვეულებრივი სიტუტუცე იყო, რაც არაერთგზის, არაერთგან და ხშირად მოგვისმენია მიშასგან!..

კაცი ისეა დაბოღმილი, აღარ იცის, რა ქნას, _ აქეთ ქართულ ბანკებს ეცა, იქით _ ვინმე გარდაბნელ სადიგოვს…

დარწმუნებული ვარ, ოქტომბრამდე კიდევ ბევრ სისულელეს იტყვის და ბოდიშიც ბევრჯერ ექნება მოსახდელი, თუ მარტო ბოდიშს დააჯერეს!..

ლუკა აბუსერიძე

 

1 COMMENT

  1. სააკაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს გენეტიკურ შეცდომასთან.არა და როგორ შეიძლებოდა თავმოყრილიყო ერთ პიროვნებაში სიცრუე,უხამსობა,უზრდელობა, უვიცობა,შურიანობა, მომხვეჭელობა,ღალატი,გარყვნილობა,უგუნურობა,უზნეობა,ბოროტება, ავყიობა,სისასტიკე,გულქვაობა…..არ მახსენდება თვისება, რომელიც დადაბითად დაახასიათებდა ამ ადამიანს.გულდასაწყვეტია ის, რომ 9 წელიწადი ქართველი ხალხი ამ მანკიერი ვურდალაქის რეჟიმის ქვეშ გმინავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here