Home რუბრიკები საზოგადოება ალი ბაბაევი: სააკაშვილმა მუსლიმანებშიც განხეთქილება შეიტანა

ალი ბაბაევი: სააკაშვილმა მუსლიმანებშიც განხეთქილება შეიტანა

1133

ამასწინათ აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გამოსვლა თავიდან ბოლომდე იმის მტკიცებას მიუძღვნა, რომ თურმე რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოაზერბაიჯანს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ. მისი თქმით, კრემლს ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ბზარების გაჩენა სურს და ამისთვის ეთნიკურ უმცირესობებს იყენებს. სეპარატიზმის შესაძლო საფრთხეებზე გაკეთებულმა მინიშნებამ საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მწვავე პროტესტიც მოჰყვაწინა კვირას გარდაბნის რაიონიდან ჩამოსულმა ორმოცდაათამდე მოქალაქემ, პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნით, ავლაბრის რეზიდენციასთან აქცია გამართა. სააკაშვილის ადმინისტრაციამ, როგორც სჩვევიათ ხოლმე ანალოგიურ შემთხვევაში, ეს ყველაფერი უკომენტაროდ გაატარა. აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი განმარტებულია, რომ ვიზიტის ფარგლებში ზემოაღნიშნული საკითხი არ განხილულა. რა მიზანს ემსახურებოდა პრეზიდენტის მხრიდან ეთნიკურ ჯგუფებს შორის შუღლის შესაძლო გაღვივებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება და არის თუ არა ეს რეალური, ამის თაობაზე გვესაუბრება საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი.

_ ბატონო ალი, «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებს თუ დავუჯერებთ, რუსეთის ხელისუფლება იმდენს აკეთებს, რომ საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა, სადაცაა, დამოუკიდებლობას მოითხოვს ან, უკეთეს შემთხვევაში, ავტონომიას გამოაცხადებს. დაპირისპირების მოსალოდნელ საფრთხეებზე სააკაშვილმა ბაქოშიც ისაუბრა. რა აზრის ხართ მის ამ განცხადებებზე?

_ უწინარესად, მინდა მოკლედ შევეხო იმ საკითხს, _ რა გააკეთა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 9 წლის განმავლობაში: მან საქართველო მიზანმიმართულად გაანადგურა. ამ კაცმა შექმნა წმინდა ფაშისტური ორგანიზაციები: სოდი, კუდი და მათი მეშვეობით რეგიონები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული, მთელი ეს წლები ინაღმებოდა. ფართო საზოგადოებამ კიდევ არ იცის, აქ რა მოღალატეობრივი ქვედინებები მიმდინარეობდა. სააკაშვილი, თავის გარემოცვასთან ერთად, საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის საშიშ პიროვნებად იქცა. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ არა ღვთის წყალობა და ის შედეგი, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებში მივიღეთ, დღეს სათუო იქნებოდა, ვიარსებებდით თუ არა. მე ფიზიკურ არსებობას ვგულისხმობ, იმიტომ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ესენი მზად იყვნენ, კარდაკარ დაევლოთ მათთვის არასასურველი თითოეული მოქალაქისთვის…

სააკაშვილისა და მისი ბრბოს ვიზიტი აზერბაიჯანში ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, _ როგორმე ჩირქი მოეცხოთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის. სააკაშვილი არის საქართველოს მტერი და მან ეს დაამტკიცა თავისი ბოლოდროინდელი მოქმედებებით… თურმე ჩვენ, აზერბაიჯანელები, სეპარატისტები ვყოფილვართ და ვიღაც მესამე ძალა გვმართავს. ესაა  სიცრუე და ამათი ფანტაზიის ნაყოფი. სინამდვილეში მათ უნდათ, ასე რომ იყოს, იმიტომ, რომ მერე ამას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაგრამ საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ისეთივე შვილები, როგორც ნებისმიერი სხვა, ასე რომ, ვერანაირი ბინძური პროვოკაცია ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ვერ იმოქმედებს; ამაში ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ.

_ თქვენი აზრით, საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებული ანტისახელისუფლო განცხადებებით სააკაშვილი რეალურად უქმნის თუ არა საფრთხეს მმართველი გუნდის იმიჯს?

_ არა თუ მმართველ გუნდს, ის საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. მოუსმინეთ მას ამასწინათ, ევროპაში სახალხო პარტიის მიწვევით რომ იყო, რა განცხადება გააკეთა? ეს კაცი უკვე აგონიაშია. მან დაკარგა ყველაფერი, ის პირობები, როცა არაფერი აკლდა, ამიტომ სრულიად ერზე, საზოგადოებაზეა დაბოღმილი. სააკაშვილი დღეს არაა ხელისუფლების ოპოზიცია, ისაა საქართველოს, ქართველი ხალხის ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, მისგან არაფერია გასაკვირი. ნურც ის გაგიკვირდებათ, ხვალ თუ რომელიმე ოფიციალურ შეხვედრაზე გამოვა და იტყვის, საქართველო კაციჭამიებისა და პაპუასების ქვეყანააო. მისთვის სამშობლო არაფერს ნიშნავს, თუ თვითონ არ იქნება პირველი კაცი. თქვა კიდეც ამასწინათ, ადრე ჩემი დღე სულ დატვირთული იყო, ახლა რა გავაკეთო, არ ვიციო. აი, ესაა მთავარი პრობლემა, ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას, იმას, რომ ყურადღების ცენტრში აღარაა.

_ მან თქვა, რომ ადრე ყოველ დღე ახალახალ ობიექტებს ხსნიდა, დღეს კი არაფერი კეთდება.

_ კარგი, მაშინ ვსვამ კითხვას: სადაა 21 მილიარდი ლარი, რომელიც ვალადაა აღებული?! რა გაკეთდა ამ ფულით?! მე გეტყვით: პრემიები გამოიწერეს, საზღვარგარეთ სახლები იყიდეს, ვილები აიშენეს… დღეს შეექმნათ საფრთხე, რომ ეს ყველაფერი დაკარგონ და ამიტომ არიან გაგიჟებულები. ახლა ამათ უნდათ, მოახდინონ ქვეყნის დესტაბილიზაცია, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა გაამწვავონ, ეთნიკურ უმცირესობებში შუღლი გააღვივონ და მერე, როცა აქ ყველაფერი თავდაყირა დადგება, მსოფლიოს უთხრან: აი, რა ველური ხალხია ეს ქართველები. ვერ ეღირსებიან ამას!

_ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პოლიტიკაც ამიტომ აღიზიანებთ?

_ რა თქმა უნდა. აბა, როგორ შეიძლება ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანს მეზობელთან, გნებავთ, არამეზობელთან, ურთიერთობის მოგვარება და შერიგება აღიზიანებდეს?! რა არის ცუდი იმაში, თუ ჩვენი პროდუქცია რუსეთში შევა?! ამით ჩვენ არ მივიღებთ სარგებელს? ან რა არის ცუდი კულტურულ ურთიერთობებში? აგერ «ერისიონი» ჩავიდა მოსკოვში და რა ამბავი ატეხეს… რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და შერიგება ამის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, მაგრამ როდემდე შეიძლება კონფრონტაციაში ვიყოთ?! რა მოგვიტანა ამან და რას მოგვიტანს მომავალში? სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, მის პოლიტიკას საითაც მივყავდით, მაგრამ ის არის მავნებელი; მას არ აინტერესებდა, ხალხისთვის რა იქნებოდა შედეგი. მას აინტერესებდა მხოლოდ საკუთარი გარანტიები. ამას შეეწირა საქართველოს უსაფრთხოებაც და სუვერენიტეტიც.

_ სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებაზე გკითხავთ: ბაქოდან დაბრუნების შემდეგ მან თქვა, რომ რუსეთში შეიქმნა ორგანიზაცია, რომელშიც აზერბაიჯანელი ოლიგარქებიც არიან და მათი მიზანია, დესტაბილიზაცია როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანშიც. რა აზრის ხართ ამაზე?

_ მე არ ვიცი, რა ხდება სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ, როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოში მცხოვრებ არც ერთ აზერბაიჯანელს არ აქვს რაიმე ამბიცია დამოუკიდებლობის ან გამოყოფის, დესტაბილიზაციის შემოტანის და ა. შ. ეს არის სააკაშვილის ბინძური ფანტაზია და რომ მიეცეს საშუალება, ის ამაზე წამსვლელია, მაგრამ ვიმეორებ: ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

_ რამდენიმე ხნის წინ იყო საუბარი რელიგიური შუღლის გაღვივებაზეც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, ძირითადად, ქვემო ქართლში. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად რეალურია?

_ თუ რეალურია, 1 ოქტომბრის მერე რატომ დაიწყეს ამაზე საუბარი?! რა, მანამდე ყველაფერი კარგად იყო და მოვიდა თუ არა «ქართული ოცნება», აფეთქდა ხალხი?! ამასაც თავი დავანებოთ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩვენშიც, მუსლიმანებშიც, განხეთქილება შეიტანა, როცა მუსლიმანური არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა და კანონი შეცვალა. ამაზე მართლმადიდებლურ ეკლესიასაც თავის დროზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა.

_ განხეთქილების შეტანაში რას გულისხმობთ?

_ საქართველოს მუსლიმანური საზოგადოება, რომელიც ექვემდებარებოდა აზერბაიჯანს, გაყვეს რამდენიმე განშტოებად. ზოგი ირანის დაქვემდებარებაშია, ზოგი _ თურქეთის, ზოგი ქურთთა რაღაც კავშირის და აქეთ, კახეთის ზონიდან კიდევ შემოდის ჩრდილოეთ კავკასიიდან ვაჰაბიტური განშტოება. არაა გამორიცხული, მათ შორის დაპირისპირება მოხდეს. ამის პირველი შემთხვევაც უკვე იყო გურიაში და შემდეგ თეთრიწყაროში გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად ინსპირირებული, თორემ ჩვენ ერთად ვცხოვრობდით წლების მანძილზე, როდის ყოფილა მსგავსი რამ?! ისტორიას მაინც გადახედოს სააკაშვილმა. როცა აღა-მაჰმად ხანი შემოვიდა თბილისში, პირველად მას შეხვდნენ თბილისელი მუსლიმანები ყურანით ხელში და სთხოვეს, ქვეყანას ნუ ააოხრებთო. მტერმა ქართველებთან ერთად დახოცა ისინი. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. საქართველო ჩვენი სამშობლოა. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელს… სხვათა შორის, ამასწინათ პატრიარქის 80 წლის იუბილეზე კავკასიის მუსლიმთა შეიხი ალახ ფაშა შუქურ ზადე იყო ჩამოსული და ორი დღე აქ დარჩა. ამათმა ისეთი ბინძური კამპანია ააგორეს, გააძევეს აქედან. ახლა ესენი გველაპარაკებიან შემწყნარებლობასა და კოაბიტაციაზე? კი, ბატონო, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ არავითარი შერიგება არ იქნება, სანამ «ნაციონალური მოძრაობა» ბოლომდე არ გაიკრიფება ქართული პოლიტიკიდან. ყველა კრიმინალია, ყველა დასაჭერია ესენი…

_ ანუ, თქვენი აზრით, «ნაცმოძრაობასთან» კოაბიტაცია შეუძლებელია?

_ ნებისმიერი საკითხის მშვიდობიანად მოგვარება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ დანაშაულთან, კრიმინალთან და კაცის მკვლელთან შერიგება კოაბიტაცია კი არაა, არამედ კანონის უგულებელყოფა; სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაც ამაზე წავა, სახელმწიფო არაა. 700-ზე მეტი კაცი ჰყავთ მოკლული ციხეებში და ქუჩაში. ეს ადამიანები არ უნდა დაისაჯონ?! ცოდო არაა იმ მოკლულის ოჯახი?! მე, მაგალითად, სანამ სააკაშვილი ამ თავის ანტისახელმწიფოებრივ ბოდვებს აგრძელებს, არანაირ კოაბიტაციაზე საუბარი არ მინდა.

_ დასასრულს თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაარაღიარებასთან დაკავშირებითაც გკითხავთ. ბოლო დროს ეს საკითხი აქტიურად განიხილებასადაც ჩერქეზების გენოციდი აღიარა, იქ სომხების გენოციდიც უნდა აღიაროს თბილისმაო. როგორ ფიქრობთ, ჩვენი მხრიდან აღიარების შემთხვევაში, რა რეაქცია ექნება ოფიციალურ ანკარას და ბაქოს?

_ ჩერქეზების გენოციდის აღიარების საფუძვლიანობა და ამ პოლიტიკური ნაბიჯის შესაძლო შედეგები ცალკე თემაა _ საქართველო, ისევე, როგორც ყველა ქვეყანა, უწინარესად, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ახალი ხელისუფლება არასოდეს გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორები დაგვაკარგვინოს. ეს ყველას უნდა ესმოდეს და არც უნდა მოითხოვოს ვინმემ ჩვენგან ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების  გადადგმა. მსგავსი რამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში არ ხდება…

რაც შეეხება სომხების გენოციდის შესაძლო აღიარების შედეგებს, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე ცალსახად უარყოფითი რეაქცია ექნება თურქეთს და არამარტო თურქეთს, კიდევ ძალიან ბევრ სახელმწიფოს. ისინი ითხოვენ თითქმის ასი წლის წინ მომხდარი გარკვეული ფაქტისთვის კონკრეტული სტატუსის მინიჭებას. ამ დროს საკითხავია, იყო თუ არა ეგ საერთოდ გენოციდი. მეორეც, საერთაშორისო ექსპერტები, ძალიან დიდი ეჭვით უყურებენ ამ ყველაფერს. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ეს გენოციდი უფრო ფანტაზიის ნაყოფია; აი, ხოჯალის გენოციდთან დაკავშირებით კი, რომელიც აგერ სულ რაღაც 21 წლის წინ მოხდა, ისტორიკოსებს ნამდვილად აქვთ კითხვები. ასე რომ, ასე მარტივად ვერ დადგება ეს საკითხი.

საქართველო, ისევე, როგორც ყველა ქვეყანა, უწინარესად, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება არასოდეს გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორები დაგვაკარგვინოს. ეს ყველას უნდა ესმოდეს და არც უნდა მოითხოვოს ვინმემ ჩვენგან ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა. მსგავსი რამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში არ ხდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატონო ალი…უაგღრესად დიდ პატივს მოგაგებთ..მთელი ნაც ბანდას იწონით… უფალი თქვენთან…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here