Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა არეშიძე: ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ცალსახად რუსეთის გასაღიზიანებლად იყო მოფიქრებული

მამუკა არეშიძე: ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ცალსახად რუსეთის გასაღიზიანებლად იყო მოფიქრებული

667

ამ რამდენიმე ხნის წინ უცხოურ საიტებზე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სომხეთის გენოციდზე საუბარი უსაფუძვლოა. აღნიშნული განცხადება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის _ რონალდ რეიგანის ყოფილ მრჩეველს _ ბრიუს ფეინს ეკუთვნის, რომელიც აცხადებს, რომ ვაშინგტონმა თავის დროზე ჩაატარა კვლევა, შეძლო არქივების მოძიება და ამის საფუძველზე დაადგინა, რომ «ზღაპრები სომხების გენოციდის შესახებ თავად სომეხი ისტორიკოსების წარმოსახვის ნაყოფია».  რას იზამს საქართველოს მთავრობა, თუ სომხეთის ხელისუფლება მოსთხოვს, მათი გენოციდი აღიაროს და რა შეცდომა დაუშვა რუსეთის შიშითა და ჯიბრით «ნაციონალურმა მოძრაობამ», როდესაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა?! _ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» ექსპერტს კავკასიის საკითხებში _ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

_ იყო თუ არა «ნაცმოძრაობის» მიერ ჩადენილ სისულელეთაგან ერთერთი დიდი სისულელე და შეცდომა ჩერქეზთა გენოციდის აღიარება?

_ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ცალსახად რუსეთის გასაღიზიანებლად იყო მოფიქრებული. აბა, რაში სჭირდებოდათ ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის გააქტიურება?! იმისთვის, რომ რუსებისთვის დამატებითი დისკომფორტი შეექმნათ ოლიმპიადის კონტექსტში, ოლიმპიადა ხომ ჩერქეზულ მიწაზე ტარდება _ «კრასნაია პოლიანა» ხომ ჩერქეზული მიწაა, სადაც უბიხები და სხვა ჩერქეზული ტომები ცხოვრობდნენ.

როდესაც ქართული მხარე ჩერქეზთა გენოდის აღიარების გადაწყვეტილებას იღებდა, მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, თუ კი ვინმემ იცის საქართველოში და არა მარტო საქართველოში კავკასიის ისტორია, ერთ-ერთი მეც ვარ. კარგად ვიცი, რაც მოხდა მაშინ ჩერქეზთა მიწაზე, ეს იყო ჩერქეზი ხალხის უდიდესი ტრაგედია გენოციდის ნიშნებით, მაგრამ ეს მთლად ასეც არ იყო: რუსები, ხშირ შემთხვევაში, შეგნებულად იყენებდნენ ერთ ჩერქეზულ ტომს მეორე ჩერქეზული ტომის წინააღმდეგ და ის დახოცილებიც საერთო ომში გავიდნენ. ბოლო ბრძოლაში, რომელიც «კრასნაია პოლიანაზე» გაიმართა და იყო მცირე მასშტაბის შეტაკება, რუსეთის მხარეს იბრძოდნენ ქართველებიც, აფხაზებიც, თავად ჩერქეზებიც და სხვა კავკასიელი ხალხებიც. აღნიშნული ბრძოლის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ომის დამთავრების თაობაზე განცხადება გააკეთა. გადამწყვეტ ბრძოლაში აფხაზური რაზმები მონაწილეობდნენ, რომელსაც რუსი ოფიცერი ხელმძღვანელობდა. ისინი ოფიციალური მებრძოლები იყვნენ, მაგრამ უნდა ითქვას და თანაც აუცილებლად, რომ იქ იბრძოდნენ აფხაზი მოხალისეებიც გვარებისა და თემების მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩერქეზეთის ომის ყველა დეტალი დაწვრილებით  ვიცი, გენოციდის აღიარების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი; იმიტომ კი არა, რომ ჩერქეზების გენოციდი არ იყო, იმიტომ, რომ ვიცოდი, საქართველოს ხელისუფლების კარზე რიგი დადგებოდა და საქართველოს ხელისუფლება იძულებილი გახდებოდა, უარი ეთქვა, პირველ რიგში, იმ ხალხისთვის, რომელთანაც ახლო, კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს. ეს იყო ჩრდილოკავკასიელი ხალხების ნაწილი _ რომლებიც თავიანთ ტრაგედიას სტალინს, ბერიასა და მათ წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ხელმძღვანელს, ქართველ გვიშიანს აწერენ. ასე რომ, მათ წინაშე გარკვეულწილად ირიბი პასუხისმგებლობაც გვეკისრება.

შეიძლება ისიც მითხრან, რომ ასეთ ამბებს პოლიტბიურო წყვეტდა და რა შუაშია ან სტალინი, ან ბერიაო, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ერის გონებაში ხომ ამ ადამიანების გვარები ჩარჩა. ასე რომ, შესაძლებელი იყო, რომ ისინიც კარზე მოგვდგომოდნენ.

_ თუ იყო პრეცენდენტი იმისა, რომ ვინმეს, თუნდაც ჩუმად, მაგრამ მსგავსი სურვილი გამოეთქვა, და რა მოხდება სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ სომხეთის დაჟინებული მოთხოვნის შემთხვევაში?

_ ჩვენ უკვე მოგვაკითხეს გენოცის აღიარების მოთხოვნით ქურთებმა, მართალია, მოთელვითი სახე ჰქონდა მათ ამ ინიციატივას, მაგრამ მცდელობა ხომ იყო? ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ მაინც არის სომხეთის საკითხი, რომელთა გენოციდიც აღიარებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი და შვედეთი, რომლებმაც გადაწყვეტილება გენოციდის აღიარების შესახებ საპარლამენტო დონეზე მიიღეს. საფრანგეთში კანონიც არის იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინც უარყოფს სომხეთის გენოციდს, ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან რთულ მდომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, ვიცოდი. მართალია, სააკაშვილის ნაბიჯები სომხეთთან დაკავშირებით დამოკიდებული იყო იმაზე, რომ სომხებს ეს თემა არ წამოეწიათ, მაგრამ ისინი სამართლიანად ვაჭრობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან აღნიშნული თემით. სომხებს უფლება აქვთ, თქვან, რომ, თუ ჩერქეზთა გენოციდი აღიარე, რატომ არ უნდა აღიარო სომეხთა გენოციდი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა აღიარეს. თანაც საფრანგეთის მთავრობას ძალიან უკვირს, რატომ არ ვაღიარებთ სომხების გენოციდის ფაქტს.

სომხებმა ისიც კარგად იციან, რომ ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად ვერ დაუყენებენ, რადგან არის შემაკავებელი ფაქტორები: პირველი ეს არის მათი ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით სურსათის მხრივ, მათი კომუნიკაციები საქართველოს ტერიტორიაზე გადის; მეორე ის, რომ საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება, საქართველო ვერ გააფუჭებს თავის ურთიერთობებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვერ დაკარგავს. სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას ეს ესმის, მაგრამ ხომ შეიძლება სომხეთში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც კატეგორიული იქნება?! ამიტომ არ შეიძლებოდა თავი ასეთ მდგომარეობაში ჩაგვეგდო. საქმე ისაა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ვერ გამოიწვევს უკან ამ გადაწყვეტილებას, რადგან ქვეყნის პრესტიჟზე უარყოფითად იმოქმედებს.

ისტორიის დამახინჯება არ შეიძლება, არც ის არის სასურველი, რომ რაიმე დაივიწყო. არ არის რეიგანის მრჩეველი ბრიუს ფეინი მართალი, როდესაც ამბობს, თურქეთის მხარეს მეტი დაღუპული იყოო. რაღაცები მართალია და ამას მოგვიანებით დავუბრუნდები. ახლა იმაზე მინდა ვისაუბრო, ჩერქეზებმა აფხაზეთის ომში ქართველთა წინააღმდეგ რა წვლილი შეიტანეს და საერთოდ, ვინ იბრძოდა აფხაზეთის ომში და 2008 წელსაც. ნაცელიტა გაუთავებლად საუბრობს იმაზე, რომ რუსებმა ტერიტორიები წაგვართვესო, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთის ომში მებრძოლთა დიდი ნაწილი ჩრდილოკავკასიელები იყვნენ და, პირველ რიგში, ჩერქეზები. ჩეჩნები მეტად ჩანდნენ იმიტომ, რომ კარგი მეომრები არიან, თორემ რაოდენობრივად უფრო მეტი ადიღეელი, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მკვიდრი ჩერქეზები იბრძოდნენ. ასეთი ამბების დავიწყება შეუძლებელია. 2008 წლის ომში რუსეთის ჯარის 40%-ს კავკასიელები შეადგენდნენ, მათ შორის, ხუთი მაღალი სამხედრო ჩინის ქართველი იყო. სატანკო ბატალიონს, რომელიც ერედვში იდგა, მაიორი გოჩა დიასამიძე ხელმძღვანელობდა. ახალგორში კი დაღესტნელები იდგნენ. რუსებს ჰქონდათ გათვლა, ქართველებისთვის დაენახვებინათ, რომ მათ წინააღმდეგ კავკასიელები და ქართველებიც იბრძვიან. როდესაც საუბრობ ისტორიულ დეტალებზე, ეს ყველაფერი უნდა ითქვას, უნდა ითქვას, ვინ იბრძოდა შენ წინააღმდეგ. ჩემს კავკასიელ კოლეგებს ყოველთვის ვეუბნები, _ ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ.

ისევ სომხების თემას დავუბრუნდები. ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ის, რასაც ბრიუს ფეინი ლაპარაკობს, ტყუილია, განსაკუთრებით პირველ ნაწილში. სომხები გახსნიან თუ არა თავის არქივებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სომხების მხრიდან დაღუპული მართლაც ძალიან ბევრი იყო. სომხეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის პროვოცირება ორგანიზაცია «დაშნაკ-ცუცუნის» მოწყობილი იყო. როგორც თურქები ამბობენ, მათ სომხებს ხოცვა-ჟლეტა კი არ მოუწყვეს, არამედ მათი გასახლება დაიწყეს. გასახლება მოუწყვეს სირიისკენ, სადაც უდაბნოში დაიღუპა უამრავი ადამიანი. დღემდე პოულობენ მათ ძვლებს სირიის გზაზე. აქედან გამომდინარე, ფეინი სამართლიანი არ არის, რადგან უფრო მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა სომხეთის მხარეს არის დაღუპული, ხოლო ბრიუს ფეინი კი, როდესაც ამბობს, რომ თურქეთის მხარეს 2 მილიონი ადამიანი დაიღუპაო, ჯარისკაცები ჰყავს მიწერილი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომელ ბრძოლაშიც სომხებმა მართლაც უღალატეს თურქებს, მაგრამ ეს ისეთი ღალატი კი არ იყო, რომ ადგნენ და ფრონტის ხაზიდან გაიქცნენ. თურქებმა შეატყვეს, რომ შეიძლებოდა ღალატს ჰქონოდა ადგილი, და სომხები განაიარაღეს, ბევრი დახოცეს კიდეც. ეს არის ძალიან ბნელი ისტორია, რომელზეც ცალსახად საუბარი არ შეიძლება.

დარწმუნებით შემიძლია იმის თქმაც, რომ ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც სომხების გენოციდი აღიარეს, ისტორიული დეტალები არ შეუსწავლიათ, მათ გადაწყვეტილება უცხოური მისიების ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სომეხთა მხრიდან მილიონნახევარი ადამიანი დაიღუპა და არა 15 მილიონი, როგორც ამას ზოგიერთი სომეხი ისტორიკოსი ამბობს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here