Home რუბრიკები საზოგადოება «ჯავახეთის დიასპორის» პრეზიდენტი სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებას და თბილისში სომეხთა გენოციდის...

«ჯავახეთის დიასპორის» პრეზიდენტი სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებას და თბილისში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ძეგლის დადგმას ითხოვს

692

«საქართველო და მსოფლიო» მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის _ «ჯავახეთის დიასპორის» პრეზიდენტს, აგასი არაბიანს, რუსეთში დაუკავშირდა.

_ შარშან ერევანში გამართულ სრულიად სომეხთა ფორუმზე განაცხადეთ, რომ «სომხები უსაყვარლეს კუთხეს, ჯავახეთს, კარგავენ. საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკის წყალობით, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა სომეხი მოსახლეობისგან იცლებათუ ასე გაგრძელდა, 20-30 წლის შემდეგ ჯავახეთი სომხური აღარ იქნება»,  _ თუმცა ამ ლოგიკით ქართველებისგანაც იცლება საქართველო, უამრავი ქართველი ემიგრანტია უცხო ქვეყანაში გადახვეწილი და დამეთანხმებით, ალბათ, გასაკვირი არაფერია, სომეხი ეროვნების წარმომადგენელმა, ეკონომიკურად შეჭირვებული საქართველოს ნაცვლად, ან სომხეთში, ან სულად საზღვარგარეთ მოისურვოს წასვლა? რა განსაკუთრებული საშიშროება დაინახეთ ამ შემთხვევაში? ასევე გაუგებარია, რას ნიშნავს «კარგავენ» (მოგეხსენებათ, ჯავახეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია)?

_ გარდა იმისა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება უხეშად არღვევდა მხარის სომეხი უმცირესობის ელემენტარულ უფლებებსა და თავისუფლებას, ასევე პრაქტიკულად არაფერს აკეთებდა სამცხე-ჯავახეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად. როგორც ჩვენს გამოსვლებში არაერთხელ აღგვინიშნავს, იმ მცირე სამუშაო ადგილებზეც კი, რომლებიც მხარეში გამოჩნდებოდა ხოლმე, სამსახურში, უმრავლეს შემთხვევაში, ისევ საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ქართველებს ასაქმებდნენ ან უცხოელებს ქირაობდნენ. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ადგილი ჰქონდა  შრომისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციას. მოსახლეობა აუტანელი პირობების გამო სამუდამოდ ტოვებდა თავის მრავალსაუკუნოვან საცხოვრებელ ადგილებს. სამწუხაროდ, საქართველოში, უკვე მრავალი წელია, ხელოვნურად ინერგება ძალიან საშიში ტენდენცია, თითქოსდა ყველა არატიტულოვანი ეროვნებების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი სომხები, საქართველოში მხოლოდ სტუმრებად გვევლინებიან. არ მინდა, ანალოგიის კუთხით შევეხო მტკივნეულ თემებს, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ფიქრის შედეგი გახდა ცოტა ხნის წინანდელი შეიარაღებული კონფლიქტი და, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით.

აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვსურს საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. ჩვენ ყოველთვის გვაწუხებდა საქართველოში არსებული პრობლემები და ჩვენ ყოველთვის დიდი სურვილი გვქონდა, ქვეყნისთვის სარგებელი მოგვეტანა. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს მომზადებული პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ინვესტიციების მოზიდვის შესახებ.  მდიდარი ბიზნესმენების ჯგუფი მზად არის, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელოს ჩვენი მხარის განვითარებაში. შესაბამისად, ახლახან ჩვენ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას წინადადებითა და თხოვნით, გადახედოს საკითხს სამცხე-ჯავახეთის მხარის სტატუსის თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადების შესახებ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს წინადადებაზე საქართველოს ახალ ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, რასაც ვერ ვუსაყვედურებთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და კვლავ საჯაროდ დაგვადანაშაულა სეპარატიზმში _ ჩვენს წინადადებას უწოდა საქართველოში სეპარატიზმის ახალი იდეის დანერგვის მცდელობა.

მიმდინარე წლის იანვარში, როცა ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა თავისი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, ვგეგმავდი მასთან შეხვედრას, რისთვისაც ერევანშიც ჩავედი. კულუარებში შემპირდნენ, რომ ხანმოკლე შეხვედრას მომიწყობდნენ მასთან, მაგრამ, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, შეხევდრა, სამწუხაროდ, არ შედგა. 

 _ თქვენ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვთ. რატომ ფიქრობთ, რომ სომხურ ენას რეგიონული ენის სტატუსი უნდა მიენიჭოს?

_ ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს: ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სომეხმა მოსახლეობამ ისწავლოს ქართული ენა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მითუმეტეს, არა _ მშობლიური სომხური ენის აკრძალვით. სამცხე-ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაც ნაკარნახევია ობიექტური აუცილებლობით და, თუ საქართველოს ხელისუფლება მიღებს ამ გადაწყვეტილებას, თუნდაც ეს იყოს დროებითი ზომა, ეს იქნებოდა აბსოლუტურად სამართლიანი და ჰუმანური ნაბიჯი.

ასევე დროულია, შეგახსენოთ, რომ საქართველომ ევროსაბჭოში გაერთიანების დროს  თავის თავზე აიღო მოვალეობა, ხელი მოაწეროს «რეგიონული ენების შესახებ ევროპის ქარტიას» და მოახდინოს მისი რატიფიცირება, რაც დღემდე არ შესრულებულა. არადა, ეს იყო ერთერთი პირობა საქართველო ევროსაბჭოში მიღებისა.

_ რის საფუძველზე ითხოვთ საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის ორმაგ მოქალაქეობას?

_ რეგიონში საკმარისი სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, სამცხე-ჯავახეთის მხარის მოსახლეობის შრომისუნარიანი მამაკაცების უმრავლესობა იძულებულია, პერიოდულად გავიდეს ქვეყნიდან სეზონურ სამუშაოებზე, მათ შორის რუსეთშიც, ვინაიდან ეს არის მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო  ოჯახის სარჩენად.

2008 წლის აგვისტოში, როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები, ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა, ვერ ახერხებენ რუსეთის ვიზების მიღებას. 

გავიხსენოთ, რომ შარშან საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მოიფიქრა ინოვაცია და დაიწყო მხოლოდ აფხაზებისა და ოსებისთვის .. ნეიტრალური პასპორტების გაცემა, ამიტომ ჩნდება კითხვა: საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ რატომ არ გასცა ანალოგიური «დოკუმენტები» სამცხეჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობისთვის?

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხური დიასპორა გეგმავს, აქტიურად მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისგან სომეხთა გენოციდის აღიარება, რის გაკეთებასაც ოფიციალური თბილისი არ ჩქარობს. რა გეგმები აქვს სომხურ დიასპორას ამ მიმართულებით და რას მოიმოქმედებთ გენოციდის აღიარებაზე უარის მიღების შემთხვევაში?

_ ჩვენმა ორგანიზაციამ, ისევე, როგორც სხვა ბევრმა საზოგადოებრივმა გაერთიანებამ თბილისსა თუ სამცხე-ჯავახეთში, ოსმალეთის თურქეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღის წინა პერიოდში არაერთხელ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, ოპოზიციასა და ქართულ საზოგადოებას თხოვნით, ეღიარებინათ სომხების გენოციდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებები იგნორირებულია. დროულია, შეგახსენოთ, რომ 2015 წელს მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხები სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ. ეს იქნება მთელი კაცობრიობისთვის საპასუხისმგებლო ეტაპი, რათა აღიარონ და გაკიცხონ მოცემული დანაშაული. ვფიქრობ, თუ ამ დროისთვის თბილისში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ძეგლი აღიმართება, ეს იქნება კეთილმეზობლური და ადამიანურად ჰუმანური ნაბიჯი.

_ სააკაშვილმა ბოლო დროს არაერთხელ გააკეთა განცხადება სამცხეჯავახეთში სომხური სეპარატიზმის ზრდის თაობაზე. «ქართული ოცნების» დეპუტატმა რუსლან პოღოსიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის  მრავალჯერადი განცხადება სამცხეჯავახეთის საქართველოსგან შესაძლო მოწყვეტის თაობაზე, არის საბოტაჟი სომეხი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენი განცხადებების მსგავსი მოსაზრებები უქმნის საფუძველს სააკაშვილის განცხადებებს?

_ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რუსლან პოღოსიანმა რაიმე უადგილო ან კონფრონტაციული განცხადება გააკეთა. პირიქით. მივესალმები, რომ მან საჯაროდ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება პრეზიდენტ სააკაშვილის არაერთ მცდელობას _ წააჩხუბოს ქართველი და სომეხი ერი.

უნდა ვაღიაროთ რეალობა: ჩვენი მხარე მართლაც ყველაზე სუსტი რგოლია რეგიონში, სადაც  ვიღაცებმა მდგომარეობის დესტაბილიზაციისთვის შეიძლება სხვადასხვა ბინძური გზები მოძებნონ. შემაშფოთებელია, რომ ბოლო დროს სააკაშვილი და მერაბიშვილი ხშირად საუბრობენ «რუსულ კვალზე», რუსულ ორგანიზაციებზე, გულისხმობენ რა ჩვენს ორგანიზაციას, თითქოს ჩვენ ვართ სეპარატიზმის წამქეზებლები. ამით ისინი განზრახ ამძიმებენ სიტუაციას მხარეში და შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლება ხელოვნურ კონფლიქტსაც კი ამზადებს, რათა მერე ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალოს.

ასეთი სცენარი კი იმისთვის სჭირდებათ, რომ ამ შემთხვევაში უკვე თავისუფლად შეძლონ, მოიწვიონ დასავლეთის შეიარაღებული ფორმირებები ჩვენს მხარეში და სამცხე-ჯავახეთი მათ პლაცდარმად აქციონ, რასაც შემდგომში ირანის წინააღმდეგ გამოიყენებენ; ან შესაძლოა,  ვითარების დაძაბვის შემდეგ, მხარეში გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა. ორივე შემთხვევაში მიზანი ერთია _ ჩაშალონ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ისინი შეძლებენ არჩევნების ჩაშლას, სააკაშვილი თავის პოსტზე დარჩება. ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, მიაქციოს ყურადღება სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებულ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ კრიტიკულ და უსაფუძვლო განცხადებებს.

_ სააკაშვილის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადათ, თუ აპირებთ ახალ ხელისუფლებას ამ სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართოთ?

_ სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ ზოგიერთ ჩემს მეგობარს, რომელიც ასევე პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მოუხსნა. თუმცა ჩემთვის ჯერჯერობით ეს აკრძალვა არ მოუხსნიათ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის თხოვნას არც ვაპირებ, რადგან საკუთარი თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია. მე, ისევე, როგორც ქართული ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარულ-პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი. დღეს ეს ოპოზიცია ხელისუფლების სათავეშია, მე კი კვლავ პერსონა ნონ გრატად ვრჩები…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here