Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სერაფიმე: დარწმუნებული ვარ, რომ არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს დაკარგული...

მეუფე სერაფიმე: დარწმუნებული ვარ, რომ არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება არ სურდათ

911

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობასა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) ესაუბრა.

_ მეუფე სერაფიმე, ამ ცოტა ხნის წინ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის, ქადაგებამ, როდესაც მან მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქადაგებაში ხელისუფალთა მიმართ ნათქვამი სიტყვები: «რაც არ უნდა ქონება ჰქონდეს დაგროვილი თავისი ხალხის ხარჯზე, ისე, როგორც მამისგან გაქცეულ უძღებ შვილს, ღორის საჭმელიც კი მოენატრება»…

_ ამ დღეებში ბევრი გვეკითხება აღნიშნული ქადაგების შესახებ. პირველ რიგში,  მინდა ვთქვა, რომ ვუყურე გადაცემა «ღია ეთერს», რომელშიც ქალბატონმა მეგრელიშვილმა განაცხადა, თითქოს უღირსია ის მღვდელმთავარი, რომელმაც ეს სიტყვები თქვა. მინდა ვუთხრა მას, რომ ცოტა მორიდება მართებს ეკლესიასთან დაკავშირებით და მეორეც, მას უნდა სცოდნოდა, რომ მეუფე იაკობის მიერ წარმოთქმული სიტყვები უშუალოდ მას არ ეკუთვნოდა, იმ დღეს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურ და მათ შორის კათოლიკურ ეკლესიაში იკითხებოდა სახარება, ქადაგების თემა კი იყო უძღები შვილი. სახარების განმარტებაში ისწავლება, უძღებმა შვილმა მიატოვა მამა, წავიდა, განაბნია თავისი სიმდიდრე, სულიწმინდის მადლი და შემდეგ იმდენად დაეცა და გახდა სულიერად თუ ფიზიკურად მწყურვალი, რომ ღორის საჭმელს ჭამდა. მეუფე იაკობმა განმარტა და გარკვეული პარალელები გაავლო თანამედროვე ადამიანთან, რომელიც შეიძლება მოიქცეს უძღები შვილის მსგავსად _ წავიდეს, მიატოვოს სამშობლო, ტრადიციები, ეროვნულობა, შეებრძოლოს ეკლესიას და განაბნიოს თავისი სიმდიდრე.

_ «თუ ადამიანი, რომელიც ხელისუფლად დაადგინეს, ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მარტო საკუთარ თავსა და გარემოცვაზე ფიქრობს. ზრუნავს, თუ როგორ გაერთონ, თუ ის ადამიანი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს კარგავს, თუ ის ხელისუფალი ტრადიციებს ებრძვის და ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს, თუ ის ხელისუფალი თავის ერს შეებრძოლება, ზოგს დახოცავს, ზოგსაც საპატიმროებში ჩაყრის, თუ თავის გარემოცვას ოჯახებიდან პატიოსან ცოლშვილს გაარეკვინებს და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებს შერთავს, განა ასეთი ხელისუფლების მაგალითზე ვერ მივხვდებით, როგორ განაბნია მან ის, რაც ღმერთმა მისცა?» _ ბევრმა ეს სიტყვების ადრესატად პირადად სააკაშვილი  აღიქვა.

_ მეც მითხრეს, რომ იქ დამსწრე საზოგადოებამ ასე აღიქვა. ძალიან ბევრს გაუხარდა და აღნიშნავდა, რომ ყოჩაღია მეუფე იაკობი, სააკაშვილის მომხრეები კი ჩაცვივდნენ განკითხვაში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მეუფეს არავისთვის არ მოუწოდებია დაპირისპირებისკენ. მან ბრძანა, რომ უფალი სიყვარულით მიიღებს სინანულს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომაა თუ დანაშაული, უფალი სინანულს ელოდება. ვინც არ მოინანიებს, უფალი არ აპატიებს. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს სინანულისკენ.

_ თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი სინანულს განიცდიდეს. მათი განცხადებები საწინააღმდეგო ხასიათს ატარებს. შესაძლოა, მეუფე იაკობის მინიშნებები და მწვავე კრიტიკა ამან განაპირობა?

_ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. სასულიერო პირიც ადამიანია და ზოგს წინა ხელისუფლების მიმართ აქვს სიმპათია, ზოგს _ ახლის მიმართ. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია, ეკლესიას აქვს გამაერთიანებლის ფუნქცია.

უნდა აღინიშნოს, აშკარად იგრძნობა, რომ დღეს უფრო თამამები გახდნენ ადამიანები და დაუფარავად და ღიად გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური და მისაღებია. სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი აზრის გამოთქმა საშიში იყო, რადგან ნებისმერი განსხვავებული აზრი, შესაძლო იყო, ერის ღალატად ჩაეთვალათ და ამას მძიმე შედეგები მოჰყოლოდა. ასე რომ, მე მიმაჩნია, სასულიერო პირსაც აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი. მაგალითად, რატომ არ შეიძლებოდა, გამოგვეთქვა აზრი, როდესაც ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ახალგაზრდა ამერიკელი ნასვამ მდგომარეობაში მანქანით დაეჯახა ორ თბილისელ ბიჭს? თუმცა, ჩვენი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, იმის შიშით, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს არ სწყენოდა, სასჯელი კი არა, შენიშვნაც არავის მიუცია მისთვის, ჩასვეს თვითმფრინავში და ლამის ბოდიშებით გააცილეს თავის ქვეყანაში, მაშინ, როცა ამერიკაში ქართველს, რომელიც დაეჯახა ამერიკის მოქალაქეს, საშინელი სასჯელი გამოუტანეს.

ერთ მაგალითსაც მოგიყვებით: სამი წლის წინ ბორჯომელი მამა ელისე თავისი პატარა მანქანით მიდიოდა კახეთში. საგარეჯოს ტრასაზე დიდი სიჩქარით მომავალი ჯიპი დაეჯახა, რომლის საჭესთან მთვრალი ფრანგი იჯდა, რომელიც ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გახლდათ. მოვიდა სასწრაფო, პოლიცია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთმა ექიმმა და პოლიცელმა არ მიაქცია ყურადღება მამაოს, რომელიც დასისხიალებული და ფეხებდამტვრეული ეგდო მიწაზე, პირველ რიგში, ფრანგს მივარდნენ, რომელსაც მხოლოდ ხელი ჰქონდა პატარაზე გაკაწრული. ღმერთმა დალოცოს სამართლიანი კახელები, მათ ატეხეს განგაში. ფრანგი არც დასჯილა, მეტიც, ისევ მამაო დაადანაშაულეს.

_ რისი ბრალია ეს: ჩვენი ეროვნული თვითშეგნების სიმწირის თუ ამ საქციელს სხვა მიზეზიაქვს?

_ ეს არის ჩვენი ავადმყოფობა. ისტორიულადაც ასე იყო, ახლაც საკმარისია, ბრიუსელიდან თუ ამერიკიდან შეგვაქონ ორი სიტყვით და ამის გამო ჩვენს ქართველ ვაჟკაცებს საომრად ერაყსა და ავღანეთში ვაგზავნით.

სამაგიეროდ, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები ვართ. ესეც უნდა ვაღიაროთ. ერთი რამ ფაქტია, რომ სრულიად განუზომელი კაცთმოძმეობა გვახასიათებს სხვა ერების წარმომადგენლების მიმართ. ეს იგრძნობა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სახელმწიფოს პოლიტიკაშიც. რადგან საქართველოს ხელისუფალი ხშირად არ ფიქრობს იმაზე, თუ რა სჭირდება ქართველ ერს, არამედ იმაზე ფიქრობს, რა ვასიამოვნოთ ჩვენს შორეულ თუ ოკეანისგაღმელ მეგობრებს. ოღონდ მათ ვასიამოვნოთ და ყველაფერზე მივდივართ. მზად ვართ, საკუთარი მიწა-წყალი გავყიდოთ, ჩამოვასახლოთ ასი ათასი ჩინელი.

ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანში ქართველი მამაო არ შეუშვეს, რომელიც სტუმრად მიდიოდა, ხოლო თურქეთში მიმავალ ქართველ მოძღვარს ანაფორის გახდა მოსთხოვეს. ვსვამ კითხვას: რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩვენთან რომ ჩამოვიდეს თურქეთიდან ან აზერბაიჯანიდან სასულიერო პირი, ჩვენ ასე მოვექცევით?

_ აფხაზეთი თქვენი მშობლიური მხარეა, მიგაჩნიათ თუ არა საკმარისად ამ მიმართულებით ბატონ პაატა ზაქარეიშვილის მუშაობა და რამდენად დამაკმაყოფილებელია მხოლოდ მინისტრის რანგი ასეთი საპასუხისმგებლო და რთული საკითხის მოსაგვარებლად?

_ ბატონი პაატა ზაქარეიშვილის შრომას მე ვაფასებ და მიმაჩნია, რომ ამ 20 წლის მანძილზე ის პირველი მინისტრია, ვისაც სწორი ხედვა გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს ტერიტორიების დაბრუნება არ სურდათ…

_ მომავალი პრეზიდენტის შერჩევის კრიტერიუმებისა და მისი ფუნქციების თემა, რაც ჩვენმა გაზეთმა ორიოდე კვირის წინ წამოჭრა, დღეს პოლიტიკური პარტიების აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. მათ შორის ფიგურირებს ასეთი აზრიცმომავალი, თუნდაც შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს აფხაზეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, თუნდაც იქ დაბადებული და გაზრდილი

_ მე ამაში ვერ ჩავერევი. მთავარია, პრეზიდენტი იყოს ეროვნული სულისკვეთების ადამიანი. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს არა დემოკრატი, არამედ ეროვნული, რადგან დემოკრატი შეასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც უცხოეთიდან მიიღებს, ხოლო ეროვნული პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე იფიქრებს, რა არის საჭირო ქართველი ერის გამარჯვებისთვის და გამოიყენებს ყველა ძალას, რათა ქართველი ერი გამარჯვებული იყოს. ასეთი ადამიანი ადვილად ნახავს გზას აფხაზებთანაც, ოსებთანაც, ჩრდილოკავკასიელებთანაც, რუსებთანაც და ამერიკელებთანაც.

ჩვენს გაზეთთან საუბრისას პოლიტოლოგმა ალექსანდრე  ჭაჭიამ მომავალი პრეზიდენტის შერჩევის კრიტერიუმების, ფუნქციებისა და პასუხიმგებლობის ახლებური ხედვა წარმოადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მუშაობის ძირითადი ვექტორი მიმართულია დასავლეთისკენ, რაც არ არის საკმარისი კონფლიქტურ რეგიონებთან შექმნილი ჩიხური მდგომარეობის მკვდარი წერტილიდან დასაძრავად და რომ მომავალი პრეზიდენტის მთავარი პასუხისმგებლობა კონფლიქტურ რეგიონებთან, აგრეთვე, რუსეთთან  ურთიერთობების მოგვარება უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ?

_  ჩვენი დიდი მეფეები ზომიერ პოლიტიკას აწარმოებდნენ, ჩვენ კი არ ვიცით ზომიერება… პატარა ქვეყნის შვილები ვართ, როგორც ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა, ობოლი ერი ვართ, რეალური დამხმარე, რომელიც ჩვენ გამო თავს გაწირავს, არ გვყავს. რომელიმე პოლონელი, თურქი, ამერიკელი, ფრანგი შეეწირება საქართველოს? ჩვენ კი ულამაზეს ვაჟკაცებს, რომლებსაც ოჯახები უნდა შეექმნათ და ერი გაემრავლებინათ, ხან ერაყში, ხან ავღანეთში ვაგზავნით. რამდენი ქართველი ბიჭი დაიღუპა ან დაინვალიდდა… რისთვის ვხოცავთ, რის გამო?! აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა ისევე, როგორც მართლმადიდებელ მეზობელ ქვეყანასთან ვითარების განმუხტვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.  ტერიტორიების დაბრუნება ძალიან რთული საკითხია. ომის შედეგების გამოსწორება ასე უცებ არ ხდება. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: სამივე პრეზიდენტს _ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მის სულიერ შვილს, მიხეილ სააკაშვილს, რომ დაეჯერებინა საქართველოს პატრიარქისთვის, არანაირი ომი არ მოხდებოდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არც ერთი პრეზიდენტი არასდროს არ უჯერებდა უწმინდესს და იმიტომაც მივიღეთ ასეთი სავალალო შედეგები…

_ თუ მომავალი პრეზიდენტი ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობითა და კრიტერიუმებით ავირჩიეთ, რა ხასიათის დახმარების გაწევა შეგეძლებათ პირადად თქვენ და საერთოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მისთვის ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად?

_ მე რაც შემიძლია, ვქადაგებ, მოვუწოდებ მრევლს სიმშვიდისა და აფხაზი ხალხის სიყვარულისკენ. სხვათა შორის, აფხაზი ხალხი რომ არ დამავიწყდეს, ხშირად ვუსმენ აფხაზურ სიმღერებს და მაინტერესებს, შევარდნაძე ან მისი «შვილობილები» თუ უსმენდნენ? შეიძლება არ სძულდათ, მაგრამ მგონია, რომ ედუარდ შევარდნაძეს აფხაზი ერი არ უყვარდა. სიყვარული თუ ვერ იქნება, სიძულვილი მაინც არ უნდა იყოს ჩვენსა და აფხაზებს შორის. ვნანობ, რომ არ ვიცი აფხაზური ენა. რომ მცოდნოდა, ვფიქრობ, გაცილებით დიდი სიახლოვე მექნებოდა მათთან და მეტი პრობლემის მოგვარებას შევძლებდი. თავის მხრივ, მათაც რომ სცოდნოდათ ქართული ენა, ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა.

ჩვენს ეკლესიას არ ეძლევა ის უფლებები და ასპარეზი, რომ ჩაერიოს ამ საკითხების მოგვარებაში. მოგეხსენებათ, ეს პოლიტიკაა, რომელშიც ჩართული არიან სახელმწიფოები და ეკლესიას არ ძალუძს არაფრის გაკეთება.

ვუსურვებ ჩვენ ერს გამარჯვებას და ველოდები, როცა მოხდება საქართველოში ეროვნული სულისკვეთების გამარჯვება, ეროვნულობა და კიდევ ერთხელ ეროვნულობა. როგორც გვასწავლიდა ილია ჭავჭავაძე, ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს მამული, ენა, სარწმუნოება; სამშობლო, ადამიანი და ღმერთი _ როგორც განმარტა პატრიარქმა. მოვუაროთ სამშობლოს, არ დავხოცოთ ერთმანეთი, არ ვაწამოთ, გავუფრთხილდეთ მოყვასს და უფალი დაგვიფასებს.

ღმერთმა დაგლოცოთ…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

5 COMMENTS

  1. მე სავსებით ვიზიარებ მეუფეების აზრს. იმ მეგრელიშვილს ღმერთმა მისცეს სააკაშვილის მსგავსნი ოჯახში და საქართველოს ნუ რყვნის თავისი ბინძური აზრებით.

  2. სატაურია შეცდომით- ტერიტორიების დაკარგვის წინააგმდეგ არაერი იმოქმედეს……ახლაა დაკარგული,მაგრამ აქაც გვაიძულებენ გაგებით მოვეკიდოთ ყველაფერს, მამაო ციხე შიგნიდან გაგვიტეხეს, შემოკარი ზარები….!!!!!!

  3. " სამივე პრეზიდენტს _ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მის სულიერ შვილს, მიხეილ სააკაშვილს, რომ დაეჯერებინა საქართველოს პატრიარქისთვის, არანაირი ომი არ მოხდებოდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არც ერთი პრეზიდენტი არასდროს არ უჯერებდა უწმინდესს და იმიტომაც მივიღეთ ასეთი სავალალო შედეგები… მეუფე სერაფიმე … კარგად წაიკითხეთ ფაქტები ,ზვიად გამსახურდიამ თავიდან აგვაცილა ომს აფხაზეთში …."1991 წელს აფხაზთა და ქართველთა ორმხრივმა კომისიამ (რუსების გარეშე) შეიმუშავა ახალი დროებითი საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატის 28 ადგილი (43%), წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში 40,7%-ის ნაცვლად, ქართული დეპუტაციისთვის გამოიყო 26 ადგილი (40%), წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში 37,9%-ის ნაცვლად. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს რჩებოდათ 11 ადგილი ანუ 17%-ი, წინა მოწვევის 21,4%-ის ნაცვლად… საქართველოს „კონგრესის“ ანტიეროვნულმა საქმიანობამ (არჩევნების ბოიკოტირებამ) ქართველებს 11 ადგილიდან 3 ადგილი დააკარგვინა და ქართული ორიენტაციის დეპუტაციის მაჩვენებელმა შეადგინა 47,6%-ი (აფხაზეთში ქართული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, ნაცვლად 52,4%-ისა (…წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ქართული ორიენტაციის დეპუტაციამ შეადგინა 37,9%-ი ანუ 10%-ით გაიზარდა ქართული დეპუტაციის რაოდენობამ უმაღლეს საბჭოში) ორმხრივი კომისიის შეთანხმებით ქართული მხრიდან უნდა დანიშნულიყო მთავრობის თავ–რე, ძალოვანი მინისტრები (შსს, უშიშროება) და უმაღლესი საბჭოს თავ–რის მოადგილე… კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო იყო ხმების ორი მესამედი ანუ 43 ხმა, ეს მაშინ, როცა აფხაზები ფლობდნენ 36 ხმას (არჩევნების შედეგები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 წლის 8 ოქტომბერი)… ამავე დროს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს … საქართველოს კონსტიტუციის 121-4 მუხლის მე-13 პუნქტით უფლება ჰქონდა შეეჩერებინა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აქტების მოქმედება, თუკი ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და კანონებს… ამ კანონმა განმუხტა კრემლის მიერ აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარება, აფხაზეთის კონფლიქტი თავიდან აგვაცილა… (ამ დაძაბულობის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართველი „კონგრესმენები“, რომლებიც ცრუ კინო-ფოტო მასალებით ,,პრაღის 24-ე რეზოლუციით „ამტკიცებდნენ“ ქართველების მიერ ოსების „გენოციდს“, აფხაზებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების შევიწროებას, ამყარებდნენ გორბაჩოვ-სახაროვ-მამარდაშვილის მითს საქართველოს „მცირე იმპერიის“ შესახებ)… 28-26-11 დროებითი საარჩევნო კანონის მეშვეობით ქართველებმა და აფხაზებმა დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვეს მოსკოვზე, რადგან: 1. თავიდან იქნა აცილებული აფხაზეთში კონფლიქტი ,,ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი და ქართველთა ეთნიკური წმენდა. 2. აფხაზებისთვის მოსახლეობის 17%-ის მიერ 43%-ი ადგილების მოპოვებით განეიტრალდა მითი „მცირე იმპერიის“ შესახებ… 3. აფხაზეთში მართვის ბერკეტებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ფლობდა. 4. აფხაზეთში არჩევნების მაგალითზე ჩრდილო კავკასიაში დაიწყო ავტოქტონი მოსახლეობის „თვითგამორკვევის“ პროცესი, დაჩქარდა „კავკასიური სახლის“ მშენებლობა…"ბიმურზა დადეშქელიანი(აფრასიძე) -საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები ,გვ,92-94,თბ,2006 წ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here