Home რუბრიკები საზოგადოება მიშა, გაჩუმდი და წადი!

მიშა, გაჩუმდი და წადი!

644

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგვმოძღვრა: «არ შეიძლება ერთდროულად პატივს სცემდე ილია ჭავჭავაძეს და იოსებ სტალინსო». ამასთან, პრეზიდენტმა ირონიულად აღნიშნა, რომ ახმეტის პროკურატურამ საქმე აღძრა იმ პირების მიმართ, ვინც . სტალინის ქანდაკება აიღო სოფელ ალვანში. პრეზიდენტმა ამაყად განაცხადა, რომ ეს მისი მითითებით გააკეთა პეტრე ცისკარიშვილმა, «ნაციონალური მოძრაობის» ერთერთმა ლიდერმა.

ბატონმა მიხეილმა ამასთანავე მუქარით წარმოთქვა, რომ «რამდენჯერაც აღადგენენ, იმდენჯერ ჩამოვხსნით», რაც მისმა მორჩილმა აუდიტორიამ  «მქუხარე ტაშით» მოიწონა.

კონფერენციის მსვლელობა გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ხოლო შემდგომ, 26 დეკემბერს განმეორებით ეს სიუჟეტი აჩვენა მეორე არხმაც.

საქმის ფაქტობრივი გარემოება კი ასეთია:

იმ დროს, როდესაც ეს «სატელევიზიო შოუ» ეთერში გადიოდა, სოფლის მკვიდრთა ინიციატივით, ი. სტალინის ძეგლი, უკვე განახლებული, კვლავ ამაყად იდგა ალვანში დიდ სამამულო ომში დაღუპული მეომრების მემორიალთან.

ალვანელებმა 21 დეკემბერს ი. სტალინის დაბადების დღეც აღნიშნეს.

როგორც ჩანს, ბატონ მიშას მოგვიანებით მიაწოდეს ინფორმაცია მისმა «მსტოვრებმა», რაც მან ჩვეული პათოსით გამოიყენა სიმბოლოებთან ვირტუალურ ბრძოლაში.

ცნობილია, რომ ამ ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა «პროფესიულად» დაამუშავა პარლამენტის ყოფილი შემადგენლობის ყოფილმა წევრმა, ბატონმა გ. თორთლაძემ (იგივე «პადოშა»), რაც ნათლად ჩამოყალიბდა მის მიერ ინიცირებულ 2010 წლის 19 მაისის კანონპროექტში «თავისუფლების ქარტია», რომელიც მიიღო წინა მოწვევის პარლამენტმა.

სანამ «ნაციონალური მოძრაობის» «ბელადი» კონფერენციის მონაწილეებს არწმუნებდა თავისი პარტიის ძლიერებასა და პოლიტიკური კურსის შეუვალობაში, მასმედიაში გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ი. სტალინის ძეგლი ასევე აღადგინეს თელავის რაიონის სოფელ აკურაში. ბელადის ბიუსტები ქვეყნის არაერთ სოფელსა და ქალაქში არსებობს.

ასეთია ხალხის ნება, რასაც წინ ვერავითარი სატანური ძალა ვერ აღუდგება.

საკითხავია: რა უფრო ტრაგიკულია _ მ. სააკაშვილის აგონია თუ ის გარემოება, რომ ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი ჰყავს?

ბატონმა «პრეზიდენტმა» უნდა შეიგნოს, რომ ერის კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა მარადიული თემაა, მისი დაცვა ყველას საზრუნავია, ხოლო ხელყოფა _ უმძიმესი დანაშაულია.

იმედი გვაქვს, რომ ახმეტის რაიონის პროკურატურა საქართველოს მშრომელებს, ომის ვეტერანებს, საზოგადოებრიობას აცნობებს დიდ სამამულო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის მემორიალის შეურაცხყოფის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგებს.

შესაძლოა, ამის შემდეგ მაინც დაიოკოს მიშამ «ემოცია» და დაწყნარდეს, გაითვალისწინოს, რომ უკვე 850 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას მის მიერ «ტახტის» დატოვების თაობაზე და ეს ერის ნებაა!

აქვე გვინდა ვთხოვოთ საქართველოს კულტურის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, გვაცნობოს, შესრულდება თუ არა «ნაციონალური მოძრაობის» ყოფილი მთავრობის და კერძოდ, ყოფილი კულტურის მინისტრის, ნ. რურუას, «დანაპირები» გორში ი. სტალინის ძეგლის, ქუთაისში კი აფეთქებული დიდების მემორიალის აღდგენის თაობაზე, ახალი პროექტების შესაბამისად. ასევე გვაინტერესებს, დაბრუნდება თუ არა დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის, ძეგლი კვლავ თბილისის ცენტრში, რასაც ითხოვენ დედაქალაქის მკვიდრნი და ქართველი გენერლები (იხ. «საქართველოს რესპუბლიკა» 4.12.2012).

დასასრულს გვინდა პასუხი გავცეთ ბატონ მიხეილის «ბრძნულ» გამონათქვამს _ შეიძლება თუ არა ერთდროულად პატივი მივაგოთ ილია ჭავჭავაძეს და იოსებ სტალინს.

არიან ადამიანები, რომლებსაც ბუნება ნიჭიერებით, შეუპოვრობით და დიდი ენერგიით აჯილდოებს. სწორედ ასეთ რჩეულთა შორის არიან ი. სტალინი და ი. ჭავჭავაძე.

ილია ჭავჭავაძემ პირველმა ამოიცნო ახალგაზრდა სოსოში პოეტური ნიჭი და 1885 წლის 14 ივნისს გაზეთ «ივერიაში» დაბეჭდა მისი ცნობილი ლექსი «დილა». დიდმა ქართველმა პედაგოგმა იაკობ გოგებაშვილმა აღიარა სოსელოს პოეტური ნიჭიერება და აღნიშნული ლექსი 1912 წელს შეიტანა თავის «დედა ენაში». სწორედ ამიტომ და ბევრი სხვა დამსახურებისთვის პატივს ვცემთ და ვაფასებთ სტალინს. მისი შვილობით ყველა ერი იამაყებდა.

ჩვენს სათქმელს ვამთავრებთ ამ წერილის სათაურით: «მიშა, გაჩუმდი და წადი»!

რევაზ ნაცარიშვილი,

საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო

 ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარე;

თამაზ ჯაფოშვილი,

საქართველოს მშრომელთა საბჭო

 

1 COMMENT

  1. კოსმოპოლიტები ბაირამობენ საქართველოში,რით განსხვავდებიან ისინი ქლბატონ მაია ფანჯიკიძისგან?, ესეც და ისინიც მკვდართან მებრძოლები არიან,დავალებას ასრულებენ კარგად.www.axali-sityva.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here