Home რუბრიკები საზოგადოება მომავალი პრეზიდენტი – დეკორაცია თუ კონფლიქტების მოგვარების გასაღები?

მომავალი პრეზიდენტი – დეკორაცია თუ კონფლიქტების მოგვარების გასაღები?

645

მომავალი პრეზიდენტის შერჩევის კრიტერიუმებისა და მისი ფუნქციების თემა, რომელიც ჩვენმა გაზეთმა ორიოდე კვირის წინ წამოჭრა, დღეს პოლიტიკური პარტიების აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. კერძოდ, ჩვენს გაზეთთან საუბრისას პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ სრულიად ახლებური და საინტერესო ხედვა წარმოადგინა ამ საკითხზე და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი პრეზიდენტის მთავარი პასუხისმგებლობა კონფლიქტურ რეგიონებთან, აგრეთვე, რუსეთთან და ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობების მოგვარება უნდა იყოს. «საქართველო და მსოფლიომ» ამასთან დაკავშირებით აზრი პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს ჰკითხა.

_ პრეზიდენტის არჩევის ფორმის პარალელურად, ხომ არ უნდა გაიმართოს დისკუსია იმაზეც, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი?

გულბაათ რცხილაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

_ ამასწინათ რომელიღაც აქციაზე ახალგაზრდა გოგონას ეჭირა პლაკატი და მიხეილ სააკაშვილს ეკითხებოდა, ფსიქო თუ გაქვთო. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელიც მომავალმა საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს, ფსიქოანალიზის ქონაა. ამჟამინდელ პრეზიდენტს, მართალია, ვადა გაუვიდა, მაგრამ კარგი იქნებოდა, მისთვისაც მოგვეთხოვა თავის დროზე. კიდევ ბევრი კრიტერიუმის ჩამოთვლა შემიძლია, რასაც მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა ჩვენს პირობებში კრიტერიუმების წინასწარ შერჩევას და დაკანონებას, როგორც ვხედავ, საერთოდ აზრი არ აქვს უკვე.

_ რამდენად სასურველია, მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს რომელიმე წინა ხელისუფლებასთან ჰქონდეს კავშირი?

_ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მას რომელიმე წინა ხელისუფლებასთან კავშირი ჰქონდეს. მითუმეტეს, არ შეიძლება ის წინა ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს, რომლის კისერზეა 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, სხვადასხვა უბედურება და არ შეიძლება ეს პიროვნება ზოგადად სააკაშვილის გუნდთან ასოცირდებოდეს.

_ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსებთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა იყოს. მეზობლებთან დალაგებული ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ყველაზე რთული ვითარება ამ შემთხვევაში რუსეთთან გვაქვს. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით უნდა ვეცადოთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას და ამის პარალელურად, რუსეთის იზოლირების გარეშე, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყებას.

ბაკურ ბაკურაძე, «დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს» საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

 _ «ნაციონალური მოძრაობის» რეჟიმის დამარცხების შემდეგ გაიხსნა ველი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღოს _ არც მნიშვნელოვან და არც ნაკლებადმნიშვნელოვან საკითხებზე; ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ყველაფერთან დაკავშირებით უნდა იმართებოდეს უფრო ფართო დისკუსია, ვიდრე იმართება. ხელისუფლებამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები აღარ უნდა მიიღოს არც პრეზიდენტის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, არც იმასთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პრეზიდენტი. ამაში უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი, რომლის პრეზიდენტიც უნდა გახდეს ის. ხელისუფლება საზოგადოებას უნდა დაეკითხოს ყოველთვის ასეთ სერიოზულ საკითხებში.

_ უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსეთთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტი ვერ იქნება იმ ფორმულირებით ჩამოთვლილი რეგიონები, რომლებიც თქვენ თქვით, რადგან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები და რუსეთი სხვა საქმეა. პრიორიტეტი მომავალი პრეზიდენტისთვის, რასაკვირველია, უნდა იყოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობების ნორმალიზება, აღდგენა და საუბარი. ის უნდა იყოს სრულიად საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ თუ ვთვლით, რომ აფხაზეთი და ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ასევე აფხაზეთისა და ოსეთის პრეზიდენტიც. რა თქმა უნდა, იურიდიულად ჩვენ დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ის ვერ იქნება აფხაზეთში და ოსეთში მცხოვრები ადამიანების მიერ არჩეული, თუმცა, მეორე მხრივ, აფხაზეთისა და ოსეთის ძირძველი მოსახლეობის დაახლოებით 70%  დევნილია. ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტი, თუ ის იქნება პირდაპირ ხალხის მიერ არჩეული, ასევე იქნება აფხაზეთისა და ოსეთის პრეზიდენტი, როგორც იურიდიულად, ასევე ხალხის არჩევის თვალსაზრისითაც.

 რაც შეეხება რუსეთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის დარეგულირებას, ყველა პრეზიდენტის ვალდებულებაა, პირველ რიგში, ურთიერთობები დაალაგოს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ყველა პრობლემის ნორმალიზებას. მეზობლებთან კეთილმეზობლური, თანაბარუფლებიანი, ღირსეული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს,  სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა კი უნდა გაძლიერდეს, გაღრმავდეს და უფრო შედეგიანი უნდა გახდეს ქვეყნისთვის, ვიდრე დღეს არის.

პაატა კოღუაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი:

_ ახალი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებები, წინა ხელისუფალთან შედარებით, საკმაოდ შემცირებულია. მას ძირითადად, წარმომადგენლობითი როლი აკისრია. მიუხედავად ამისა, როდესაც ადამიანს პრეზიდენტი ჰქვია, იგი უნდა განასახიერებდეს მის ერს, მის კულტურას, ტრადიციას, ღირებულებებს და ა. შ. მაგრამ სიტუაციას რომ ვუყურებ, მიმაჩნა, რომ კანონში დამატებითი ცვლილებები გვაქვს შესატანი. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტობის კანდიდატების ფსიქიატრიული შემოწმება. ეს უნდა ეხებოდეს არა მარტო პრეზიდენტებს, არამედ უმაღლესი თანამდებობის პირებსაც. იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს საქართველოა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს უფლებები შეეზღუდა, მას დარჩა ისეთი უფლებები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებისას შესაძლებელია საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული. პრეზიდენტად უნდა აირჩიონ ადამიანი, რომელმაც გადააჭარბა 50 წელს. უნდა ჰქონდეს კარგი განათლება. შესაძლოა, კარგი მეცნიერი, იურისტი, მწერალი იყოს. აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება. ეს ადამიანი უნდა მოგვევლინოს გარკვეულ სიტუაციებში არბიტრად.

_ უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსებთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ რუსეთი განსაკუთრებული თემაა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი ინტერესების შეზღუდვის გზით არ უნდა ხორციელდებოდეს. რუსეთთან კიდეც უნდა ვივაჭროთ და კულტურული ურთიერთობებიც უნდა გვქონდეს, მაგრამ ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ  საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ირინა სარიშვილი, პარტია «იმედის» ლიდერი:

_ პირველ რიგში, ჩვენი ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, მომავალ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. შემდგომ, ალბათ, უნდა არებობდეს ასაკობრივი ზღვარი _ როგორც ქვედა, ასევე ზედა. არ უნდა იყოს შემჩნეული უცხო ქვეყნის სპეცდავალებების შესრულებაში…

_ წინა რომელიმე ხელისუფლებასთან რამდენად უნდა ჰქონდეს კავშირი?

_ საქართველო პატარა ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, დღეს ძნელად მოძებნით ადამიანს, რომელსაც რომელიმე ხელისუფლებასთან მეტ-ნაკლები კავშირი არ ჰქონია. თუ წინა ხელისუფლებასთან კავშირზეა საუბარი, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რაში გამოიხატებოდა ეს კავშირი და ხელისუფლებასთან თანამონაწილეობა.

_ უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსებთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ რა თქმა უნდა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის ნორმალიზება დაკავშირებულია უშუალოდ ქვეყნის მთლიანობის აღდგენასთან და საერთოდ, ტერიტორიულ მთლიანობასთან. რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელი სახელმწიფოა და მასთან ერთად სხვებთანაც, რომელი სახელმწიფოებიც საქართველოს ემეზობლებიან, ნორმალური ურთიერთობის დამყარება პრიორიტეტი უნდა იყოს. რადგან ყველა უბედურება, რომელიც კი ქვეყანაში დღეს ხდება, ძირითადად, აქედან მომდინარეობს.

  ნიკოლოზ ლალიაშვილი, «ქრისტიანდემოკრატიული» პარტიის წევრი:

_ კრიტერიუმები, ამ შემთხვევაში, რაცაა განსაზღვრული, სრულიად დამაკმაყოფილებელია. მხედველობაში მაქვს ასაკი, მოქალაქეობა და ა. შ.  ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს პოლიტიკურ თაობებს «ნაციონალური მოძრაობის» ცხრაწლიანმა მმართველობამ. შესაძლებელია, მორალური საკითხები წამოვიდეს წინა პლანზე _ სხვა ხელისუფლებებთან ასოცირება და ა.შ., მაგრამ მაინც არ მიმაჩნია სწორად, რადგანაც, რაც უფრო ნაკლები ციფრები და ვალდებულებები ექნება, მით უკეთესი. ის, რაც ახლა კანონით გათვალისწინებულია, ეს უპირობოდ ასევე უნდა დარჩეს.

_ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსებთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ პრეზიდენტის ინტიტუტი, როგორც ასეთი, წარმოადგენს ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტს. რა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტის პირველადი ამოცანა უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა დანარჩენი, ამასთან შედარებით, უკვე მეორეხარისხოვანია.

_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას?

_ ნებისმიერი პრეზიდენტისთვის უმთავრესი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა და ა. შ. თუკი რუსეთთან დალაგებული ურთიერთობები არ გაქვს, ეს ყველაფერი შეუძლებელია _ ვერც უსაფრთხოებას უზრუნველყოფ და ვერც ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს ყველაფერი ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა ავტომატურად უნდა გააანალიზოს.   ახალი კონსტიტუციით მას აქვს წარმომადგენლობითი ფუნქცია საგარეო ურთიერთობებში და შეუძლია იფიქროს რუსეთთან და ასევე ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთანაც ურთიერთობის ნორმალიზებაზე.

კახა კუკავა, თბილისის საკრებულოს წევრი, «თავისუფალი საქართველოს» ლიდერი:  

_ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს, შესაძლოა, ჰქონდეს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური კრიტერიუმები. ფორმალური კრიტერიუმები, ვფიქრობ, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, საკმარისია. მას შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი კრიტერიუმი. მოისმინეთ, ალბათ, ის, რომ ასაკობრივი შეზღუდვა უნდა დაწესდეს. პრინციპში, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არის კიდევ ერთი მომენტი _ დასაზუსტებელია კანონში, რომ ის შესწორება, რომელიც თავის დროზე იქნა მიღებული, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ პრეზიდენტობის უფლება, რასაკვირველია, უნდა გაუქმდეს. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ქართველი, საქართველოს მოქალაქე. ვფიქრობ, გარკვეული ბინადრობის ცენზიც უნდა არსებობდეს. რაც შეეხება არაფორმალურ კრიტერიუმებს, ეს, რა თქმა უნდა, უკვე პოლიტიკურ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ექნება წინა ხელისუფლებების დანაშაულებთან კავშირი და, გამოცდილებიდან გამომდინარე, მომავალი პრეზიდენტი დამოკიდებული არ უნდა იყოს არც ერთი უცხო ქვეყნის მთავრობაზე. რადგან დღევანდელი და წინა მთავრობისგან ხშირად გვესმის ასეთი არგუმენტი, რომ ევროპა ვერ გაგვიგებს, რომ ამერიკელებს უნდა დავუჯეროთ და ა.შ. ვისურვებდი, შემდეგი პრეზიდენტი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ასეთ არგუმენტებს არ მოიყვანს, მაშინ, როცა საჭირბოროტო საკითხები იქნება გადასაწყვეტი.      

_ თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსებთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ ყველაფერში, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, გეთანხმებით, გარდა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისა. ჩემი აზრით, მომავალი ქვეყნის პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი არ უნდა იყოს ეს. ზოგადად, კულტურული ურთიერთობა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის გამართლებულია, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, კულტურული ურთიერთობის მხრივაც კი გარკვეული პაუზა აჯობებდა. რაც შეეხება აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობას, ეს აუცილებელია. საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს დიალოგში ჩაბმას. თუ ის ამას ვერ მოახერხებს, სხვა საკითხებსაც ვერ დაარეგულირებს. ყველაფერი დღეს ქართულ-რუსული ურთიერთობებიდან გამომდინარეობს _ როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ასევე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here