Home რუბრიკები სამართალი «მიშარასტი» მოსამართლეები თემიდას აუპატიურებენ!

«მიშარასტი» მოსამართლეები თემიდას აუპატიურებენ!

1088

მიხეილ სააკაშვილის «ჯიბის მოსამართლეები» კვლავ უგულებელყოფენ კანონისა და საზოგადოების მოთხოვნებს და იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ამ ქვეყანას ანგრევდნენ, უამრავ არაადამიანურ დანაშაულს   სჩადიოდნენ და ნაირგვარ კრიმინალურ ქმედებებში იმხილებიან, გირაოს  სანაცვლოდ ათავისუფლებენ, პროკურატურის სამართლიან შუამდგომლობებს უარყოფენ და აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზე უარს ამბობენ. «ნაციონალებს» რამდენიმე «მოსამართლეფალავანი» ჰყავთ და ყველაზე ბობოლა ნაციონალდამნაშავეთა საქმეებს ისინი იხილავენ. მედიით ვრცელდება დასაბუთებული ცნობები, რომ ეს მოსამართლეები «ნაციონალთა» მრავალი დანაშაულის თანამონაწილენი და პრაქტიკულად საკუთარი ძველი ქმედებების მძევლები არიან. ფაქტია, კოტე კუბლაშვილის უსამართლო სასამართლოს ყველაზე საჩინო წარმომადგენლები მეტისმეტად ლმობიერად ექცევიან მძიმე დანაშაულში ბრალდებულ «ნაციონალებს» და ისინი წინასწარი 2-თვიანი პატიმრობისთვისაც არ ემეტებათ. არადა, «ნაციონალთა» ზეობისასიგივე მოსამართლეები მსუბუქი დანაშაულისთვისაც კი თვალის დაუხამხამებლად იყენებდნენ 2-თვიან წინასწარ პატიმრობას აღმკვეთ ღონისძიებად. ქართული სასამართლო სააკაშვილის ხელში პოლიტიკური დევნის იარაღი იყო, 1 ოქტომბრის არჩევნებში «ნაციონალთა» კრახის შემდეგ კი სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე  წარმომადგენელთა პატიებისა და მიტევების ინსტრუმენტად იქცა.

«საქართველო და მსოფლიო» გაგაცნობთ ორი «ნაციონალი»  მოსამართლის საქმიანობის რამდენიმე ეპიზოდს _ როგორი მკაცრი განაჩენები გამოჰქონდათ მათ 1 ოქტომბრამდე და მერე მყისიერად როგორ შეიცვალნენ და როგორი მოწყალენი გახდნენ, როცა განსასჯელის სკამზე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. მკითხველისთვის ამ ფაქტების მოხმობით უფრო თვალნათელი გახდება, თუ რა უსამართლო სასამართლოს პირობებში ვცხოვრობთ და, ვიდრე ამ მოსამართლეთა განსასჯელი იქნება მტყუან-მართალი, მანამდე ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ აღდგება.

გიორგი გოგინაშვილი _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

ამ მოსამართლემ ოქტომბრიდან დღემდე არ დააკმაყოფილა პროკურორების არც ერთი შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და ყველა «ნაციონალ» ბრალდებულ ჩინოვნიკს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. აი, ეს ბრალდებულებიც:

გიორგი ყორანაშვილი _ საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე. მას ბრალი 258-ე და 333-ე მუხლებით წაუყენა პროკურატურამ. ყორანაშვილს კომპიუტერული სისტემების უკანონოდ გამოყენება და თანამდებობრივი უფლაბამოსილების გადამეტება ედებოდა ბრალად. მან, პოლიტიკური პარტიებიდან ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით, სხვა პირებთან ერთად შექმნა ისეთი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც არსებულ პროგრამაში იწვევდა ცვლილებების შეტანას და ინფორმაციის არასანქცირებულ გადაღებას, საუბრის უკანონო მიყურადებას და გადაღებას. ეს ორივე დანაშაული ცალ-ცალკე 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე გოგინაშვილმა არად ჩააგდო პროკურატურის მოთხოვნა, რომ თავისუფლებაში მყოფი ყორანაშვილი ანალოგიურ დანაშულს, თუ მოისურვებდა, კიდევ ჩაიდენდა და მას ამაში ხელს არავინ შეუშლიდა.

ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გიორგი კალანდაძე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული ჯარების შტაბის ყოფილი უფროსი. კალანდაძეს ბრალი პროკურატურამ 333-ე, 332-ე და 143-ე მუხლებით წაუყენა. კალანდაძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი არაერთგზის, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება; ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაზარალებულის პირადი შეურაცხყოფით _ ისჯება ციხით, ასევე, 5-დან 8 წლამდე. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ეს დანაშაული კი 5-დან 10 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. მოდით, უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ის ბრალდებები, რომლებიც პროკურატურამ კალანდაძეს წაუყენა.

გიორგი კალანდაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა ზურაბ შამათავამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამხედრო მოსამსახურეებს. ძალის გამოყენებით აიძულებდნენ მათ, ეღიარებინათ ჯარში ბუნტის მოწყობა და არეულობის შეტანა. ამ უსასტიკესი მოპყრობის შედეგად, ჯარისკაცმა ბესიკ გოგლიძემ დედის საფლავზე მაღალი ძაბვის ელექტროსადენზე შეხებით სცადა თავის მოკვლა. საბედნიეროდ, გოგლიძე გადარჩა.

გიორგი კალანდაძემ და ბაჩო ახალაიამ ორგანიზება გაუკეთეს ზვიად აბესაძის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მას ჯერ სცემეს, მერე კონსპირაციულ ბინაში დააბეს და აიძულეს, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა BMW X-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის გადაეფორმებინა.

კალანდაძემ და ახალაიამ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ იმის გამო, რომ კალანდაძის მიერ მანამდე კვლავ სიტყვიერად შეურაცხყოფილებმა უარი განაცხადეს, მასთან და ახალაიასთან ერთად ესადილათ.

გიორგი გოგინაშვილმა საციხედ ვერ გაიმეტა კალანდაძე და სამჯერ შეუფარდა მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო. ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის ამფსონი ზურაბ შამათავაც სახლში გირაოს საფასურად გაუშვა  გოგინაშვილმა.

თემურ პატარიძე _ კუდის აჭარის სამმართველოს უფროსი. თემურ  პატარიძეს პროკურატურამ 5 მუხლით წაუყენა ბრალი: 143-ე _ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება პატიმრობით 7-დან  10 წლამდე; 180-ე _ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება პატიმრობით 4-დან 7 წლამდე; 181-ე _ გამოძალვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე; 333-ე _ ისჯება ჯარიმით ან 3-წლიანი პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ 333-ე მუხლით პროკურატურა 4 ეპიზოდში სდებს ბრალს პატარიძეს. 338-ე _ დიდი ოდენობით ქრთამის აღება და გამოძალვა, ისჯება 11-დან 15 წლამდე პატიმრობით. «აჭარის  #1 სადისტად» წოდებულ თემურ პატარიძეს ლამის ყველა ამქვეყნიურ დანაშაულს ედავებოდა პროკურატურა, ცხადია, კონკრეტული მოწმეების ჩვენებებიც იყო საქმეში და სხვა სახის მტკიცებულებებიც. ახლა კონკრეტულ დანაშაულებზე მოგახსენებთ.

თემურ პატარიძემ დახმარება გაუწია დანაშაულებრივ ჯგუფს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

დაშინებითა და მუქარით, პატარიძემ კუდისთვის პეტრე დევრიშაძეს უსასყიდლოდ გადააცემინა ავტომობილი «ფოლქსვაგენ-პასატი». იმავე დევრიშაძეს ძალდატანებით მოსთხოვა და მერე თავის სახელზე მისი კუთვნილი  ცეცხლსასროლი იარაღი, 3000 დოლარად ღირებული თოფი გადაიფორმა.

გიორგი ქენქაძეს მოტყუებით გამოსძალა 2000 დოლარად ღირებული პისტოლეტი. ქენქაძეს შეჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გამოძიების პროცესში, რაც არ გაუკეთებია.

ომარ დიასამიძეს, მანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლის გამო, ქრთამის სახით, გამოსძალა 37 ათასი დოლარი და  BMW X-5.

პატარიძე მუქარით აიძულებდა თეიმურაზ მორჩილაძეს, 8000 დოლარად ღირებული ავტომანქანა BMW-320 მისთვის გადაეფორმებინა, რადგან მანქანას შეცვლილი ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი. თუ მანქანას არ აჩუქებდა, პატარიძე მორჩილაძეს დაჭერით დაემუქრა.

აი, ამ დანაშაულში მხილებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გიორგი გოგინაშვილმა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ მიუსაჯა, ჩათვალა, რომ ისინი ვერც გამოძიებაზე მოახდენდნენ ზეწოლას, არც მტკიცებულებათა განადგურების საშუალება გააჩნდათ და მოწმეებზეც ზეგავლენას ვერ მოახდენდნენ. ყველას გირაო შეუფარდა და სახლში გაუშვა. მათ შორის, გოგინაშვილმა ისეთი რამ გააკეთა, ალბათ, საქართველოში არც ერთ მოსამართლეს რომ არ უქნია. პროკურატურამ სამჯერ მიმართა სასამართლოს კალანდაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით,  გოგინაშვილმა კი სამჯერვე  უგულებელყო პროკურატურის მოთხოვნა და გიორგი კალანდაძეს სამჯერვე გირაო დააკისრა _ საციხედ მაინც ვერ გაიმეტა. როგორც «ნაციონალური» მოძრაობის ლიდერები ირწმუნებიან, გოგინაშვილი პატიოსანი, სამართლიანი და პრინციპული მოსამართლეა და მას ყველა გადაწყვეტილება კანონისა და სინდისის კარნახით გამოაქვს.

ახლა გიორგი გოგინაშვილის 2 გადაწყვეტილება შევადაროთ ზემოთ მოხსენიებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მან 1 ოქტომბრამდე გამოიტანა და ვნახოთ, მართლა კანონსა და სინდისზეა დაფუძნებული მისი ქმედებები თუ არა.

ნაზი კონჯარია. ნასამართლობის არმქონე. ბრალი წარედგინა 172-ე მუხლის 1 ნაწილით და 362-ე მუხლის 1 ნაწილით. არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით. ნაზი კონჯარია, ახალშობილის შვილად აყვანის მიზნით, შეუთანხმდა ლალი კვარაცხელიას, ახალშობილზე გაკეთდა ყალბი ჩანაწერები, რის საფუძველზეც გაიცა ყალბი დაბადების მოწმობა _ მასში ბავშვის დედად მითითებული იყო ნაზი კონჯარია. ეს დანაშაული ითვალისწინებდა ჯარიმას ან პატიმრობას 3 წლამდე. გოგინაშვილმა არ დააკმაყოფილა კონჯარიას ადვოკატთა არც ერთი შუამდგომლობა, არც გირაოს გამოყენების მოთხოვნა და ნაზი კონჯარია ციხეში გაისტუმრა _ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ომარ ლიფონავა. ეს სისხლის სამართლის საქმე გიორგი გოგინაშვილის პრაქტიკაში, უეჭველად «ოქროს ასოებით» ჩაიწერება. მას თუ მართლა შერჩენია სინდისის ნატამალი, წესით, ახლა თუ არა, შემდგომში მაინც უნდა იგრძნოს მისი ქენჯნა იმის გამო, რომ ომარ ლიფონავა ციხეში გაუშვა. ლიფონავაც ნასამართლობის არმქონე გახლდათ. მას 177-ე მუხლის 1 ნაწილით წაუყენეს ბრალი. მისი მთელი დანაშაული ის იყო, რომ 28 ლარად ღირებული «ბრელოკი» მოიპარა და დანაშაულის ადგილზე წაასწრეს. დანაშაული ჯარიმას ან ერთიდან 3 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. გოგინაშვილი ამ შემთხვევაშიც «უპრინციპულესი» მოსამართლე გამოდგა _ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 28-ლარიანი ნივთის ქურდობაში ბრალდებულ კაცს.

გიორგი  არევაძე _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

არც გიორგი არევაძეს ემეტება «ნაციონალი» ბრალდებულები, თუნდაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობისთვის. მან ყოფილი ხელისუფლების მრავალი დიდმოხელისა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბიზნესმენების არა ერთი საქმე განიხილა, მაგრამ ყველას გირაო შეუფარდა აღმკვეთ  ღონისძიებად.

თორნიკე გუნავა _ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. ბრალი წაუყენეს 332-ე მუხლის მე-2 ნაწილში. ბრალდება: სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და  დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით  1-დან 5 წლამდე.

2012 წლის დასაწყისში თორნიკე გუნავამ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარმა ინსპექტორმა ალექსანდრე კუჭუხიძემ და ამავე დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსმა მერაბ მეტრეველმა მოიპოვეს მონაცემები მოქალაქე გ. ხ.-ზე. კერძოდ, დაადგინეს, რომ იგი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო და ამის შესახებ შეატყობინეს სამხედრო პოლიციის იმჟამინდელ უფროსს _ მეგის ქარდავას. ქარდავას მითითებით, გუნავამ, კუჭუხიძემ და მეტრეველმა ფიზიკური ძალის გამოყენებთ და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, გ. ხ. იძულებით დაითანხმეს თანამშრომლობაზე. მას დაავალეს, მოეპოვებინა ინფორმაცია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების შესახებ და დაემყარებინა მათთან ურთიერთობა.

 2012 წლის ივნისში წინასწარ სათანადო აპარატურით აღჭურვილ ბინაში გ. ხ.-მ სქესობრივი კავშირი დაამყარა ი. კ.-სთან, რაც დააფიქსირა ფარულად დამონტაჟებულმა კამერამ.

მოსამართლე გიორგი არევაძემ თორნიკე გუნავას გირაო შეეფარდა თავისუფლების აღმკვეთ ღონისძიებად. მან ასევე გირაო შეუფარდა გუნავას 2 თანამზრახველს _ კუჭუხიძესა და მეტრეველს. მათაც იმავე მუხლებით აქვთ ბრალი წაყენებული, რომლითაც გუნავას და, გუნავას მსგავსად, მათაც 5-დან  8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ქელბაქიანი. შპს «ენ-სი-სი»-ს  დირექტორის წინააღმდეგ საქმე  194-ე მუხლის 2 პუნქტითაა აღძრული. გამოძიება ქელბაქიანს უკანონო ქონების ლეგალიზაციას ედავება. თანაც გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი და ქელბაქიანმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. აღნიშნული დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ქელბაქიანს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2009-2012 წლებში შპს «გვირაბგამყვანის» გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად გადარიცხული 6 მილიონ 624 ათას 925 ლარიდან ქელბაქიანმა და «ენსისი»-ს ფინანსურმა დირექტორმა ჩოგოვაძემ 2 მილიონ 535 ათას 546 ლარი კანონდარღვევით უკან მიიღეს და ამ ხერხით დამალეს მისი წარმოშობის წყარო.

2009 წლის 19 დეკემბერს გიორგი ქელბაქიანმა თბილისში, 90 ათას  დოლარად შეიძინა 160 კვ. მ მიწის ნაკვეთი. თუმცა შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებში მიწის ნაკვეთის ღირებულებად 300 ათასი დოლარი დააფიქსირა. ამით ქელბაქიანმა 200 ათასი დოლარი გაათეთრა (10 ათასი დოლარი შუამავალს გადაუხადა). გიორგი არევაძემ გიორგი ქელბაქიანიც ვერ გაიმეტა საციხედ და ისიც გირაოთი გამოუშვა.

ცეზარ ჩოჩელი. მცხეთა-თიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულსაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და საჯარო მოხელის შესახებ კანონის დარღვევაში ედება ბრალი. მის წინააღმდეგ 194-ე  და 337-ე მუხლებითაა აღძრული საქმე. პირველი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩოჩელს 9-დან 12   წლამდე ციხე ემუქრება, მეორე ბრალდება კი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეზარ ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს, ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა. ამ დროს ის, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ შაქარაშვილის მიერ 2004 წელს დაარსებულ შპს  «ნიუ ენერჯის», საიდანაც სისტემატიურად იღებდა სარგებელს. ამასთან, სხვა პირებთან ერთად, წარმართავდა 2009 წლის 20 მარტს ნიკოლოზ შაქარაშვილის, ლუხუმ კაპანაძისა და იაგო ჩოჩელის დაფუძნებულ შპს «ბერტას» საქმიანობას.  მიუხედავად ამ სოლიდური ბრალდებებისა, გიორგი არევაძემ ცეზარ ჩოჩელსაც გირაო შეუფარდა აღმკვეთ ღონისძიებად.

გიგი უგულავა. ამ გახმაურებული საქმის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. მოკლედ გეტყვით, რომ გიგი უგულავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ტელეკომპანია «იმედის» ხელში ჩაგდების მიზნით დანაშაულებრივი სქემის შექმნას და მის ერთ-ერთ ხელმძღვანელობას ედავება. შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ გიგი უგულავამ «ნაციონალური მოძრაობის» კოორდინატორებისა და აქტივისტებისთვის ანაზღაურების ლეგალური ფორმის მიცემის მიზნით, მერიის დასაქმების სამსახურში შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. აღნიშნულ სამსახურში 764 «ნაციონალი» იყო გაფორმებული და მშობლიური პარტიისთვის გაწეული სამსახურისთვის თბილისის ბიუჯეტიდან იღებდნენ ხელფასს. ახლა მეორე ბრალდებას მივხედოთ. თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად, გიგი უგულავა იყო მთავარი მომლაპარაკებელი პირი ბადრი პატარკაციშვილის გერ ძმასთან _ ჯოზეფ ქეისთან. მან მერიის მიერ 7 მილიონად გაყიდული რიყის ტერიტორია,  მერიისავე სახსრებით, 17 მილიონად უკან გამოისყიდა და სხვაობა, 10 მილიონი, ჯოზეფ ქეის გადაუხადა «იმედის» საკონტროლო პაკეტის საფასურად. გიგი უგულავას წინააღმდეგ 182-ე და 194-ე მუხლებით არის საქმე აღძრული. პირველ შემთხვევაში, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებით კვალიფიცირდება, უგულავას 7-დან 11 წლამდე ციხე ემუქრება, მეორე ბრალდების (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) დამტკიცების შემთხვევაში  კი _ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა.

გიორგი არევაძემ აქაც «ნაციონალთა» დაკვეთა შეასრულა _ უგულავა დარბაზიდან გაათავისუფლა. მას გირაოც კი არ შეუფარდა აღმკვეთ ღონისძიებად. შესაძლოა, პროკურატურის მოთხოვნილი გირაოს თანხა _ 1 მილიონი ლარი ებევრა არევაძეს, მაგრამ მას შეეძლო გაცილებით ნაკლები თანხა შეეფარდებინა გირაოდ თბილისის მერისთვის. არევაძემ არც უფლებამოსილება შეუჩერა უგულავას _ თბილისის ბიუჯეტის გაფლანგვაში ბრალდებული მერი ისევ პოსტზე დააბრუნა და იმავე ბიუჯეტის განკარგვის უფლება მისცა.

ახლა ვნახოთ რამდენიმე ფაქტი საზოგადოებისგან «ზონდერ-მოსამართლედ» წოდებული გიორგი არევაძის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან. ამის მერე კი თავად დაასკვენით, რამდენად მიუკერძოებული და პატიოსანი მოსამართლეა ბატონი არევაძე.

მამუკა მაისურაძე. ამ პიროვნებამ 286-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. მთელი მისი ცოდვა ის არის, რომ 3500 ლარი აიღო «გასამრჯელოდ», რის სანაცვლოდაც,  შპს «თელიზის» დირექტორ ლიანა ლოლაშვილს გადასცა საკონტროლო სალარო აპარატი შეცვლილი ფისკალური მეხსიერებით. ახალ აპარატზე ნავაჭრი თანხა დაფიქსირებული იყო 42 ათას 371 ლარი, ნაცვლად რეალური ნავაჭრი თანხის _ 61 ათასი ლარისა. სახელმწიფო ამით 20 ლარითაც კი არ აზარალა მამუკა მაისურაძემ, როცა გიგი უგულავამ ათეულობით მილიონი ლარი მოპარა თბილისის ბიუჯეტს. მაისურაძეს სახელმწიფო ბიუჯეტზე «მზრუნველმა» გიორგი არევაძემ, ცხადია, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა და მისი ადვოკატების წინადადება გირაოს შეფარდების შესახებ არც კი განიხილა.

რომან ბურაშვილი. ნასამართლობის არმქონე. ამ პიროვნებას  პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებაში დასდო ბრალი. მან ზ. მაისურაძესთან და ლ. დარასელიასთან ერთად, დაამზადა და გაყიდა 3 ყალბი დაბადების მოწმობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი. დაბადების მოწმობების რეალიზაციით 210 ლარი მიიღო, დიპლომის საფასურის, 400 დოლარის, აღებისას კი დააკავეს. გიორგი არველაძემ რომან ბურაშვილიც, დარასელიაც და მაისურაძეც ძიების დასრულებამდე 2 თვით გაუშვა ბაჩო ახალაიას ჯოჯოხეთში _ ქართულ ციხეში.

სანდრო ბრეგაძე. 2011 წლის გაზაფხულზე ყოფილ პარლამენტარს «ვისოლის» ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორთან შელაპარაკება მოუვიდა. გიორგი არევაძემ არ გაითვალისწინა ბრეგაძის დაცვის შუამდგომლობა, რომ გირაო შეეფარდებინათ მისთვის. არადა, ბრალდებული იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ადვოკატმა ესეც ფაქტებით დაუმტკიცა მოსამართლეს. ამასთან, ბრეგაძე უკვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან და საკუთარ საქციელსაც ინანიებდა. ამის მიუხედავად, სანდრო ბრეგაძეს გიორგი არევაძემ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და კატეგორიული უარი განაცხადა აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს გამოყენების მოთხოვნაზე. სანდრო ბრეგაძე გამოძიებას დაემალება და ზეწოლას მოახდენს გამოძიებასა და დაზარალებულზეო, _ განუცხადა ბრეგაძის მხარეს გიორგი არევაძემ.

მოკლედ, ნულოვანი ტოლერანტობა უსაზღვრო ჰუმანურობამ შეცვალა ქართულ სასამართლოში.

ამის შემდეგ მეტი აღარაფერი  მეთქმის: Национальный суд – самый гуманный суд в мире!!!

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here