Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ამირეჯიბი: ამერიკას საქართველო სჭირდება კავკასიაში დასაყრდენად, კოლონიურ სახელმწიფოდ, რომლის ხელისუფლებაც მის...

ლაშა ამირეჯიბი: ამერიკას საქართველო სჭირდება კავკასიაში დასაყრდენად, კოლონიურ სახელმწიფოდ, რომლის ხელისუფლებაც მის ნებისმიერ ნება-სურვილს შეასრულებს

698

«სახალხო კრების» ერთერთი ლიდერი ლაშა ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ ის უსიამოვნებები, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაატეხა თავს, უპირველესად, ამერიკის დამსახურებაა. საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები კავკასიაში ამერიკის ინტერესებს ეწირება და ნაწილობრივ უკვე შეეწირა კიდეც. «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბრისას ლაშა ამირეჯიბი იმასაც აცხადებს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები საკუთარ აგენტურას ხელს აფარებენ და ახალ ხელისუფლებას მათი დასჯის ნებას არ აძლევენ.

_ კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ საქართველოში ამერიკის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან?

_ ამერიკული დემოკრატიის მამები მთელ მსოფლიოში ტრაბახობენ თავიანთი დემოკრატიით და დემოკრატიის ექსპორტით მთელ მსოფლიოში. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნეოდა «დემოკრატიის შუქურად» ამერიკაში და ბევრი დღესაც ასე მიიჩნევს. რა «დემოკრატის «შუქურა» და «ჩირაღდანიცაა» ტირანი სააკაშვილი, ქართველმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის. ჩვენ საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ სააკაშვილის რეჟიმის მთელი სიმძიმე და სისასტიკე. თუ ეს არის ამერიკული დემოკრატია, მაშ, დიქტატურა რაღაა? დემოკრატია კი არა, ტირანია დაამყარა სააკაშვილმა ამერიკელების დახმარებით საქართველოში და აი, ეს პრეტენზიები მაქვს მათთან.

_ უკვე ამერიკელებმაც გაიგეს, როგორი «დემოკრატიცაა» სააკაშვილი. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, სააკაშვილი 1 ოქტომბრის არჩევნებსაც გააყალბებდა და ამერიკელები, სულ მცირე, მის «გაპრავებაში» დაეხმარებოდნენ. ამგვარი დახმარება ამერიკელებმა არაერთხელ გაუწიეს სააკაშვილს.

_ ჯერ ერთი, ქართველმა ხალხმა გააგებინა ყველას, მიშა რომ დიქტატორი იყო და მის ატანას აღარ აპირებდა. ხალხის ნების წინააღმდეგ კი ამერიკელები ამჯერად ვეღარ წავიდნენ. მეორეც, როდის გაიგეს ამერიკელებმა, რომ მათი «დემოკრატიის შუქურა» ბჟუტავდა? 2007 წლის 7 ნოემბერი, ფაქტობრივად, აპატიეს _ სააკაშვილი ყასიდად გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან, ისევ ამერიკელების დახმარებით გააყალბა არჩევნები და ხელმეორედ გახდა პრეზიდენტი. ქუჩაში ხალხის ხოცვა-ჯლეტა აპატიეს (9 წელიწადში 120 კაცი მოკლა ქუჩაში პოლიციამ), უდანაშაულო ხალხის დაჭერა, წამება და ათასი უბედურება აპატიეს. 2011 წლის 26 მაისი ვისი ხელდასხმით მოხდა? ამერიკის მაშინდელი ელჩი, ჯონ ბასი, არ იყო, რუსთაველზე მიტინგის დარბევის «კურთხევა» რომ მისცა მიშას _ 25 მაისის საღამოს არ განაცხადა ბასმა, არაკანონიერია ეს მიტინგიო? ამით მწვანე აუნთო სააკაშვილს. მეორე დღეს, 26 მაისს, ის საშინელება, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ბასმა გაამართლა _ უსანქციო მოტინგი უნდა დაეშალათ, მაგრამ ძალისთვის არ უნდა გადაეჭარბებინათო. მხოლოდ ძალის გადაჭარბება და გადამეტება იყო ხალხის დახოცვა და მეტი არაფერი? ქალებსა და ბავშვებს არმატურის ნაჭრებით სცენდნენ, ხალხი დაახეიბრეს და უამრავი უდანაშულო ადამიანი ციხეში გაუშვეს… ის ცალკე სალაპარაკოა, რა ჯოჯოხეთურ ციხეებში მოუწიათ ამ პატრიოტ ადამიანებს სასჯელის მოხდა. აი, ეს არის ამერიკული დემოკრატია საქართველოში. თუმცა, ამის მიუხედავად, ამერიკელები ხელს არ იღებენ თავიანთ გეგმაზე _ «ნაციონალური მოძრაობის» რაც შეიძლება მეტი დამნაშავე გადაარჩინონ.

_ იქნებ დააკონკრეტოთ, რას და ვის გულისხმობთ?

_ ჯერ იმას გეტყვით, ვის ვგულისხმობ: შს მინისტრის მოადგილე, შალვა ჯანაშვილი, რატომ არის ხელშეუხებელი კადრი? ამ კაცმა 26 მაისის დარბევა დაგეგმა და განახორციელა. მეორე დღეს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ხალხს გამეტებით არბევდა და სცემდა, პრემიები გამოუწერა. ვინც მათსავით არ გაისარჯა, იმ პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს საყვედური გამოუცხადა. ჩემი ინფორმაციით, სწორედ შალვა ჯანაშვილის მოწყობილია 26 მაისს დაღუპული ნიკა კვინტრაძის ვითომ დენის დარტყმით სიკვდილის ინსცენირებაც, მისი დავალებით შემოდეს ნიკას ცხედარი ჯიხურის თავზე და მეორე დილით ვითომ შემთხვევით ჯიხურის მეპატრონემ აღმოაჩინა. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანაშვილი მონაწილეობდა აკაკი ელიავას მკვლელობაში, მისი ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში. ვინ იცის, კიდევ რამდენი დანაშაული აქვს ამ კაცს ჩადენილი, მაგრამ ამერიკელები აფარებენ ხელს. ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მოხსნა რომ მოინდომოს, დიდი ამბავი ატყდება. ამერიკელები ლობირებენ არა მარტო ჯანაშვილს, არამედ სხვებსაც. მათ არ აინტერესებთ, აღსრულდება თუ არა ქართველი ხალხის უპირველესი მოთხოვნა _ აღდგეს ქვეყანაში სამართლიანობა და იზეიმოს მართლმსაჯულებამ. ისინი მხოლოდ თავიანთი აგენტურის გადარჩენაზე ფიქრობენ.

_ რატომ აფარებენ მაინც და მაინც შალვა ჯანაშვილს ხელს ამერიკელები?

_ იმიტომ, რომ მათი გამოზრდილია და იმ ამერიკულ «დემოკრატიას», წეღან რომ ვლაპარაკობდით, ჯანაშვილი წარბშეუხრელად ამყარებდა საქართველოში. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო შალვა ჯანაშვილი ამერიკაში და იქ სპეცსამსახურის პროგრამით გაიარა სწავლება. მერე, ეტყობა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომ საქართველოში «დემოკრატია» უფრო უკეთ დაემყარებინა, ვანო მერაბიშვილმა ხელმეორედ გაუშვა ამერიკაში სასწავლებლად. მარტო ჯანაშვილი რომ იყოს, რაღა გვიჭირდა? უამრავ საკვანძო პოსტზე ისევ «ნაციონალები» მუშაობენ, ზოგი კი დაითხოვეს სამსახურიდან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მათთვის პასუხი მოეთხოვათ, ისევ თბილ კაბინეტებში სხედან, ოღონდ სხვაგან; მაგალითად, დათო ჩხატარაშვილი _ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, მოადგილე. ეს კაცი იყო პროკურატურაში ყველაზე ბინძური საქმეების გამთეთრებელი და მრავალი დანაშაულია მის კისერზე. ჩემი ინფორმაციით, დღეს ეს ჩხატარაშვილი გია ხუხაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციაშია დასაქმებული. ხუხაშვილი, რომელიც სახელმწიფო ჩინოვნიკია და დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენს, დღენიადაგ იმას გაიძახის, უამრავი ადამიანი იყო სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლიო და მოითხოვს, ამ ადამიანებს შევუნდოთ. ერთი იმ ხალხსაც ჰკითხოს, ჩხატარაშვილებმა და მისნაირებმა რომ გააუბედურეს, შეუნდობენ თუ არა მათ!

მე მაინტერესებს, ამერიკელთა ლობირებით თუ სხვა მიზეზით, რამდენ სისხლის სამართლის დამნაშავეს უნდა დააფაროს ხელი დღევანდელმა ხელისუფლებამ?!

_ უფრო უპრიანი იქნებოდა, ჩვენი გაზეთის საშუალებით, ეს იმ თქვენი მეგობრებისთვის გეკითხათ, დღეს რომ ხელისუფლებაში არიან, ოპოზიციაში ყოფნისას კი ხალხს სწორედ ჯანაშვილისნაირების დაჭერასა და სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდნენ.

_ მართალია, თუ ვინმეს უნდა მოვკითხო, უპირველესად, ჩემს მეგობრებს, თანაც არა მარტო ჯანაშვილის გამო. ჰოდა, ვეკითხები სოსო ჯაჭვლიანს, ეკა ბესელიას, პაატა ბარათაშვილს, ზაზა პაპუაშვილს… _ რატომ არ იჭერთ ამ ადამიანს და, უპირველესად, ვანო მერაბიშვილს? საზოგადოებამ კარგად იცის მერაბიშვილის ავკაცობის შესახებ, 120 უდანაშაულო ადამიანი მარტო ქუჩაში დახვრიტა პოლიციამ მერაბიშვილის მინისტრობისას, უამრავი უდანაშაულო ადამიანი გაუშვა მან ციხეში, ათასობით ადამიანს კი, ბიზნესს ვინღა ჩივის, სახლ-კარი წაართვა და ქუჩაში დატოვა. საზოგადოებამ სწორედ ყოფილი ოპოზიციონერებისგან იცის ეს ამბები, ისინი ლაპარაკობდნენ ამის თაობაზე, მერაბიშვილს მკვლელს ეძახდნენ. ახლა აღარ არის მკვლელი?

ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო, რუსეთის აგენტობა რომ დააბრალა და თემშარაზე რომ გამოაჭენა მერაბიშვილმა, მაშინ იმუქრებოდა, ამას არ ვაპატიებო. დღეს ყველაზე მეტს რატომ ლაპარაკობს კოაბიტაციაზე? რა დროს კოაბიტაციაა, ხალხო! მკვლელები თავისუფლად დადიან და საიმისო ძალა და ყველანაირი რესურსი ჯერაც შენარჩუნებული აქვთ, რომ კიდევ გაამწარონ უამრავი ადამიანი. დავიჯერო, ვანო მერაბიშვილზე პროკურატურამ ერთი უტყუარი, რომ იტყვიან, «გაუჭრელი» სამხილი ვერ მოიძია ამდენი ხნის მაძილზე, რათა ეს კაცი «ვირის აბანოში» მიაბრძანოს? ხელისუფლებადქცეული გუშინდელი ოპოზიცია არ ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველა სასტიკი დანაშაულის ავტორი ან თანამონაწილე მერაბიშვილიაო? მახსოვს, კონკრეტული ფაქტებითაც ლაპარაკობდნენ. სად არის ახლა ეს ფაქტები? რატომ არ მოიძიებს პროკურატურა? რა, ვანო მერაბიშვილს აეროპორტის საბაჟოზე რომ მეორე სამსახურებრივი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა ლევან მაისურაძის სახელზე, სულ ეს იყო მისი დანაშაული? ან ეგ ამბავი რას ჰგავდა, რა ცირკი დადგეს? «ნაციონალებმა» მოიფხანეს ისევ გული _ მერაბიშვილი იმდენად უდანაშულოა, რომ ვერანაირი კანონდარღვევა ვერ მოუძებნეს წარსული საქმიანობიდან და რაღაც პასპორტს ედავებიანო.

_ ეჭვიც არ მეპარება, რომ მერაბიშვილის სინდისზე უამრავი დანაშაულია და მეც თქვენსავით მიკვირს, ამდენ ხანს კონკრეტულად რატომ არაფერს ედავებიან სამართალდამცავები.

_ ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მაინც გეტყვით. ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, ოღონდ მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ: «ვანო მერაბიშვილი, ავი თუ კარგი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 8 წელი ერთდროულად მართავდა როგორც შინაგან საქმეთა, ასევე, უშიშროების ყველა სტრუქტურას და უამრავი ხალხი ჰყავს «დამუშავებული». როგორ გგონია, «ქართულ ოცნებაში» და საერთოდ, დღევანდელ ხელისუფლებაში არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ვანოს აგენტები იყვნენო?» ახლა რომ ვუფიქრდები, მართალი მგონია ეს კაცი _ ხელისუფლებაში ნამდვილად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვანოზე კომპრომატები აქვთ და, თუ მის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს, წამსვე აუფრიალებს მათ. ვინ იცის, ზოგიერთს იქნებ ხელწერილიც კი ჰქონდეთ დაწერილი კუდთან და სოდთან თანამშრომლობაზე.

_ გამოდის, არაოფიციალურად, ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონია ვანო მერაბიშვილს.

_ ეგრე გამოდის… მე ვიცი, რომ ამერიკელებმა ახალ ხელისუფლებას სააკაშვილისა და გიგა ბოკერიასთვის მოსთხოვეს ხელშეუხებლობის გარანტია, მაგრამ იქნებ იმ სიაში მერაბიშვილიც არის? თუ ასეა, გამოვიდნენ და თქვან, თორემ ხალხი იმასვე დაიჯერებს, რასაც მე და თქვენ ვფიქრობთ: ვანომ ხელისუფლების გავლენიანი ფიგურები ისე «დაავერბოვკა», მის დაჭერას ვინ ჩივის, შიშით მისი დაჭერის აუცილებლობაზეც ვეღარ იღებენ ხმასო.

_ დავიჯერო, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ჰყავს ვანო მერაბიშვილს «თავისი მეოცნებეები»? პროკურატურაში უამრავი საჩივარია მერაბიშვილის წინააღმდეგ შესული, თუმცა ჯერ მის წინააღმდეგ საქმეც კი არ აღძრულა.

_ მაგას ვდავობ მეც, მეტს კი არაფერს! ვინმეს გაუკვირდება, პროკურორების ნაწილიც რომ ვანოს ჰყავდეს «დამუშავებული»? ანდა, მაგათ რაღა «დამუშავება» და ხელწერილების ჩამორთმევა უნდათ თანამშრომლობაზე? პროკურორების უმეტესობა თავად არის გარეული ძველ დანაშაულობებში. თავად ესწრებოდნენ კუდსა და სოდში უდანაშაულო ადამიანების წამებას, ისიც მსმენია, რომ ამ ავადსახსენებელ ორგანოებში სწორედ ზოგიერთი პროკურორის მითითებით აწამებდნენ ხალხს, რადგან აღიარებით ჩვენებებს უდანაშაულო ხალხი ნებით არ იძლეოდა. იყვნენ ისეთი პროკურორებიც, რომლებიც წამებაში თავადაც მონაწილეობდნენ, მაგალითად, დავით საყვარელიძე, დღეს პარლამენტიდან კოაბიტაციაზე რომ გველაპარაკება. ამ ყველაფერს ხომ იწერდნენ «მოდულის» შენობაში დამონტაჟებულ კამერები? როგორ გგონიათ, 1 ოქტომბრის არჩევნები რომ წააგეს «ნაციონალებმა», სპეცსამსახურებიდან უკანმოუხედავად გაიქცა ხალხი და მიატოვა სამსახური? ასე არ მომხდარა _ მათ საკმაო დრო ჰქონდათ, რომ ყველაფერი დაეარქივებინათ და შეენახათ, მათ შორის, ეს ჩანაწერებიც. როცა დასჭირდებათ, მაშინ გამოიყენებენ. ისე, მე მგონია, რომ უკვე იყენებენ კიდეც.

კარგი, ესეც იქით იყოს, მაგრამ ის ხომ ყველამ ეჭვმიუტანლად იცის, რომ წამებას პროკურორთა უმრავლესობა ესწრებოდა. რა გამოდის? სულ მცირე, უამრავი პროკურორი დანაშაულზე ხუჭავდა თვალს, საკუთარი გულგრილობით აქეზებდა დამნაშავეებს და ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. ცხადია, ამგვარი ფაქტებიც დაფიქსირებულია და მერაბიშვილის ხალხის არქივში იქნება შენახული.

_ თუკი შალვა ჯანაშვილს ამერიკელები მფარველობენ და თანაც ისე გულმოდგინედ, რომ თანამდებობიდანაც ვერ მოხსნეს, გაგიკვირდებათ, ვანო მერაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმავე ამერიკელებთან პოლიტიკური ან სხვა სახის გარიგების შედეგად რომ არ დაიჭირონ?

_ კარგა ხანია, აღარაფერი მიკვირს, ხალხს რა პასუხს გასცემენ, თუ ასე მოხდა, ამაზე უნდა იფიქრონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ვიმეორებ, ამერიკელთა მიერ «შეწყალებულთა» სიაში მარტო სააკაშვილი და ბოკერია მოხვდნენ და იქ მერაბიშვილი არ ყოფილა. რამე ახალი თუა, გვითხრას ხელისუფლებამ. არადა, ვიმეორებ: ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, რომ ყველა, ვინც მერაბიშვილის დაჭერაზე უფლებამოსილია და ამას არ ახორციელებს, ვანოს თავის დროზე «დამუშავებული» ჰყავს. ცხადია, ეჭვმიტანილთა სიაში ის პოლიტიკოსებიც არიან, წინასაარჩევნოდ ვანო მერაბიშვილს მონსტრსა და მკვლელს რომ ეძახდნენ და ახლა რიტორიკა შეიცვალეს, ვანოს მიმართ გამოთქმები შეარბილეს.

ამერიკელებსა და საქართველოში მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე მინდა გითხრათ. რა მოგვცა ამერიკამ ამ 9 წლის განმავლობაში? _ 4 მილიარდი დოლარი და საქართველოს ამომგდები სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა»! სულ ეს არის. კი, 4 მილიარდი დიდი ფულია, მადლობა ამისთვის ამერიკელებს, მაგრამ, ვინც ეს მილიარდები გამოგვიყო, ერთი არ დაინტერესებულა, სად დაიხარჯა ამხელა თანხა? მანახეთ ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, ამ ფულის სიკეთე მცირედით მაინც რომ ეგრძნოს. ისევ «ნაცების» დროსტარებას, მათი ბიზნესების გაფართოებას მოხმარდა ეს მილიარდები და ისევ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრთა საბანკო ანგარიშებზე დაილექა. ამ თანხის ნაწილი კი «ატკატის» სახით უკან, ამერიკაში დაბრუნდა და სააკაშვილისა და მისი პარტიის ლობისტურ ამერიკულ კომპანიებს გადაუხადეს. არაფერი სასიკეთო ამ ფულიდან ქართველ ხალხს არ უნახავს. 26 მაისს ხალხი სწორედ ამ ფულით ნაყიდი ცრემლსადენი გაზით დაწამლეს, ამ ფულით ნაყიდი «დუბინკებით» სცემეს და ამავე ფულით ნაყიდი ჭავლმრტყორცნი მანქანებით გადაუარეს ქართველებს. ამერიკელებს საქართველო თავიანთი გეოსტრატეგიული ინტერსებისთვის სჭირდებათ და ეს ინტერესები იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ კიდევ რამდენიმე მილიარდს არ დაიშურებენ, რომ ეს ინტერესები დაიცვან.

_ კავკასიაში ამერიკელთა ინტერესებს გულისხმობთ?

_ ცხადია, ამას ვგულისხმობ. ამერიკას საქართველო სჭირდება კავკასიაში დასაყრდენად, კოლონიურ სახელმწიფოდ, რომლის ხელისუფლებაც მის ნებისმიერ ნება-სურვილს შეასრულებს. სააკაშვილი და «ნაციონალები» კი სწორედ ამას აკეთებდნენ. ამერიკის ელჩები განსაზღვრავდნენ მთლიანად საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები მათ მიერ დაწერილი «შპარგალკებით» ხელმძღვანელობდნენ. ნიშანდობლივად არ მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ ამერიკას საქართველოში უფრო დიდი საელჩო აქვს, ვიდრე რუსეთში? საქართველოს გარდა, ამერიკას კავკასიაში მოკავშირე არ ჰყავს. უფრო სწორად, კოლონია არა აქვს, თორემ მისი მოკავშირე თურქეთიცაა, მაგრამ მის დაკრულზე არ ცეკვავენ თურქეთის ხელისუფალნი. გაიხსენეთ, ამერიკის სამხედრო მოკავშირემ, ნატოს წევრმა თურქეთმა, როცა ამერიკელებს ერაყი უნდა დაებომბათ, მათ ავიაციას საკუთარი საჰაერო სივრცე არ დაუთმო. აი, ეს არის ქვეყნის ინტერსების დაცვა და პატრიოტი ხელისუფლება. ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებდა ამ დროს?

მართალია, ირან-ამერიკის ომის თემა დროებით მიყუჩდა, მაგრამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ამ ომშიც მიჰყვებოდა ამერიკას, მარნეულის სამხედრო აეროდრომი სწორედ ამისთვის აშენდა. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე სართული გარემონტდა, სამხედრო ყაიდაზე გადაკეთდა ყველაფერი და დღეს  გამოკეტილია. ესეც ირან-ამერიკის ომისთვის საქართველოს ხელისუფლების მზაობის კიდევ ერთი ნიშანია. არადა, მოდით, სიმართლე ვთქვათ: რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანმა ურთიერთობამ ის ხომ მაინც მოგვიტანა, რომ არც ერთ, ისტორიულად მტერ მუსლიმანურ სახელმწიფოს არ შევუწუხებივართ? რატომ ვიწყებდით ხელახალ მტრობას ირანთან ამერიკის გამო? ანდა ვინ შეგვარჩენდა ამერიკელთა პარტნიორობას ამ ომში? ირანის პრეზიდენტმა ახმადინეჯადმა აკი გარკვევით განაცხადა, რომ, თუ ამერიკამ დაგვარტყა, მისი ნებისმიერი სახის სამხედრო პარტნიორს მტრად აღვიქვამთ და ადექვატურ პასუხს გავცემთო. ახმადინეჯადზე სერიოზული და საკუთარი სიტყვის პატრონი პოლიტიკოსი დღეს ძალიან ცოტაა. ირანის ადექვატური პასუხი იქნებოდა მათი ბალისტიკური რაკეტები თბილისის თავზე. არადა, რაღაც 700 კოლომეტრით ვართ დაშორებული საჰაერო სივრცით ირანისგან. ჩვენ რომ მოგვწვდეს, იმგვარი ბარე 10 სახეობის რაკეტა აქვს ირანს. მეორე უბედურება ის იქნებოდა, რომ მყისვე ისლამისტი ტერორისტების სამიზნე გავხდებოდით.

თუმცა, ავღანეთის ომში მონაწილეობის გამო, მათი სამიზნე ისედაც არის საქართველო და, თუ თბილისში ტერაქტები არ ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ არ სჭირდებათ მათი მოწყობა. როცა მოინდომებენ, ნებისმიერ დროს თბილისშიც მოაწყობენ ტერაქტებს. რა, დაცულები ვართ? თუ უსაფრთხოების სამსახურები გვყავს ისეთი ძლიერი, რომ აღკვეთავენ ამის საშიშროებას? ინგლისის მეტროსა და საფრანგეთის რკინიგზაზე მოაწყვეს ტერაქტი ისლამისტებმა და აქ გაუჭირდებათ? ან ამ ავღანეთის ომში რატომ შეგვტენა სააკაშვილმა, რას გვერჩოდა?

მოდით, ისიც ვთქვათ, რომ კავკასიაში ამერიკის პოლიტიკამ დაძაბა ქართულ-რუსული ურთიერთობა ისე, რომ 2008 წელს რუსეთთან ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. რა გააკეთა ამ ომის აღსაკვეთად საქართველოს ხელისუფლებამ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ, სიტუაცია რომ ამერიკელებმა დაძაბეს, ამას თქმა არ უნდა.

_ დავიჯერო, რუსეთს ხელს არ აძლევდა ეს ომი?

_ საბოლოოდ, მოგებული ამერიკა დარჩა. მან ომის შემდეგ 4 მილიარდი კი გამოგვიგზავნა, მაგრამ თავის უმთავრეს მეტოქეს, რუსეთს ამ ომის შემდეგ რამდენიმე ათეული მილიარდი დააკარგვინა როგორც სახელმწიფოს, ასევე _ რუსულ ბიზნესს. უამრავი ფული დაახარჯა რუსეთმა უცხოურ ლობისტურ კომპანიებსა და ცალკეული სახელმწიფოების ჩინოვნიკებს, რათა შელახული იმიჯი აღედგინათ. არ უღირდა რუსეთის ეს ზარალი 4 მილიარდად ამერიკას? უღირდა! საქართველომ რაც «მოიგო» ამ ომით, ყველამ კარგად ვიცით, რომ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შანსები მინიმუმამდე დავიდა. აი, ასე «ზრუნავს» ამერიკა საქართველოზე. ჰო, ამას ავღანეთში ქართული ბატალიონიც მიათვალეთ და გამოდის, რომ ამერიკელები ამ 4 მილიარდით ძალზე იაფადაც კი გამოვიდნენ.

აქვე ერთ მეტად მნიშვნელოვან თემასაც მინდა შევეხო. «ნაციონალები» ძალიან ეწინააღმდეგებიან საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას. ამასაც ამერიკელთა დავალებით აკეთებენ, რადგან ამერიკის გარდა, არავის აძლევს ხელს, რომ რკინიგზის ეს მონაკვეთი არ აღდგეს.

_ ამერიკისთვის რა მნიშვნელობა აქვს, აღდგება თუ არა აფხაზეთში რკინიგზა?

_ სწორედ ამერიკელებისთვის აქვს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ამას. რკინიგზის ამ მონაკვეთის პარალიზებით, რუსეთი მოწყვეტილია თავის სტრატეგიულ პარტნიორს _ სომხეთს. ასევე, თუ რკინიგზის ეს მონაკვეთი აღდგა, რუსეთს შანსი უჩნდება, ასევე თავის პარტნიორთან, ირანთან, სახმელეთო კავშირის დამყარებისა. რუსეთს ამ 2 სახელმწიფოსთან მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კავშირები აქვს, რაც ძალიან ძვირი უჯდება. ანდა, რატომ მხოლოდ ირანი და სომხეთი? მთელ აზიასთან არ გააჩნია სახმელეთო კავშირი. ამერიკამ აზიას და, უპირველესად, ამ ორ პარტნიორ ქვეყანას მოსწყვიტა რუსეთი ამ მონაკვეთში რკინიგზის ხაზის დაბლოკვით. სწორედ ამერიკას არ აძლევს ხელს მისი აღდგენა და სააკაშვილი და «ნაციონალები» ისე ასაღებენ, თითქოს საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება რკინიგზის ხაზის აღდგენა. ეს აბსურდია და ამას მალე აღარავინ დაიჯერებს. შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის გაფუჭება ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ნაწილი იყო. ამერიკელთა გამოისობით რუსეთთან ვიომეთ და ამით აუნაზღაურებელი ზარალი ვნახეთ. არათუ აფხაზეთში რკინიგზის ხაზის აღდგენას, «ნაციონალები» საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასაც ეწინააღმდეგებიან, რასაც შეძლებისდაგვარად ცდილობს ახალი ხელისუფლება. ამერიკა ყველაფერს გააკეთებს «ნაციონალებისა» და სააკაშვილის ხელით, რათა დაწყებულ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს და საქართველო რუსეთთან მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში დარჩეს.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. სახალხო კრებამ სასწრაფოდ უნდა ჩამოაყალიბოს საგარეო პოლიტიკის და სტრატეგიული პარტნიორების ხედვა წინააღმდეგ შემთხვევაში პოლლიტიკაში წარმატება გაუჭირდება

  2. სრული ჭეშმარიტებაა, რომ არა ამერიკის მხარდაჭერა ნაც. ტირანია ამდენს ვერ გაბედავდა. მე მომხრე ვარ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here