Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ ხმალაძე: მომავალი პრეზიდენტი დაღვინებული ასაკის რომ იყოს, აჯობებს

ვახტანგ ხმალაძე: მომავალი პრეზიდენტი დაღვინებული ასაკის რომ იყოს, აჯობებს

561

«საქართველო და მსოფლიოს» კითხვებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა.

_ რა უნდა იყოს ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი პრეზიდენტი?

_ ჩემი აზრით, ჩვენთან არჩევნები უნდა იყოს არაპირდაპირი. ჩვენი პარლამენტის წევრებს უნდა დაემატოს საქართველოს მხარეებში შექმნილი  წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეული დელეგატები და მათ ერთობლივად უნდა აირჩიონ პრეზიდენტი, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ჯერ ეს ცვლილებები მიღებული არ არის, არ არის მიღებული კანონი იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საქართველოში ტერიტორიული მოწყობა, არ არის შექმნილი სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანოები, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება. ხოლო შემდგომ, ანუ ხუთი წლის შემდეგ კი _ იმის მიხედვით, როგორადაც კონსტიტუციაში ჩაიწერება. კიდევ ვიმეორებ: მე პირადად მხარს დავუჭერდი არაპირდაპირი წესით არჩევნებს.

ახლა რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელთაც მომავალი პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. ჩემი აზრით, რასაკვირველია, მისი პოლიტიკური წარსული მოახდენს გავლენას მის წარმატებაზე არჩევნებში. მეტიც, მისი წარსული იმაზეც მოახდენს გავლენას, საერთოდ წარადგენენ თუ არა ამ ადამიანს პრეზიდენტობის კანდიდატად, რადგან ყველა პარტიასა თუ კოალიციას ენდომება, დაასახელოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების მაქსიმალური შანსი და მხარდაჭერა ექნება. მნიშვნელობა ექნება იმასაც, თუ ვინ იქნება ამ კანდიდატის წარმდგენი პარტია. ასე რომ, წარსულს გავლენა აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზეც და მის არჩევნებში გამარჯვებაზეც.

_ ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალი პრეზიდენტის არჩევისას?

_ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მისი ასაკი, მისი პოლიტიკური წარსული, მრწამსი, გამოცდილება. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფუნქციის განხორციელება ეკისრება პრეზიდენტს. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად გაწონასწორებულია ეს პიროვნება, ხომ არ არის იგი აფექტური, რამდენად თანმიმდევრულია თავის მოქმედებებში და ა.შ.

რაც შეეხება ასაკს, მთავრობის მეთაური და მთავარსარდალი შეიძლება იყოს ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ მისი თვისებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. პირველ რიგში, ამჟამინდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით, არ უნდა ცვლიდეს  კონსტიტუციას თავისი სურვილის მიხედვით.

ამ ცვლილებების გამო საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა, რომელიც, საბედნიეროდ, მთლად დიქტატურაში არ გადაიზარდა. მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს ყველა ის ხარვეზი, რომლებიც ამჟამინდელ პრეზიდენტთან მიმართებაში ვერ დაინახა. პრეზიდენტმა უნდა შეძლოს გამოსავლის პოვნა კრიზისული ვითარებიდან. იგი უნდა იყოს ერთგვარი არბიტრი, რათა არ მოხდეს ხელისუფლების უზურპირება. ამას კი დიდი ცხოვრებისეული თუ პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, რაც დროთა განმავლობაში მოდის. მომავალი პრეზიდენტი დაღვინებული ასაკის რომ იყოს, აჯობებს.

_ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის პრეროგატივა და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ ამ კითხვის დასმისას ისევ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორი იქნება მმართველობის მოდელი. ეს უნდა იყოს მთელი ხელისუფლების პრიორიტეტი _ პარლამენტისაც, მთავრობისაც და პრეზიდენტისაც. საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში დომინანტის ფუნქცია ეკისრება პრეზიდენტს. დღევანდელ სისტემაშიც პრეზიდენტს ეკისრება ეს ფუნქცია, რადგან ჩვენ სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა გვაქვს. აქ პარლამენტზე ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული  და, სანამ კონსტიტუცია არ შეიცვლება, ასეთი ვითარება გვექნება. მაგრამ, საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში, უკვე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. პარლამენტის თანადგომითა და მხარდაჭერით, უკვე მთავრობამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ შეცვალოს არსებული რეალობა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან საკითხების მოგვარების პასუხისმგებლობა დაეკისრება მთავრობასა და პარლამენტს და ამას ხელი უნდა შეუწყოს პრეზიდენტმაც, თუმცა ძირითადი ბერკეტი მის ხელში არ იქნება.

 _ ვინაიდან ამერიკის და ზოგადად  დასავლეთის მიმართულებაზე მუშაობს ლამის მთელი სახელმწიფო აპარატი _ სამინისტროები, კომიტეტები, პარლამენტი, პრემიერიც მეტწილად, კონფლიქტური რეგიონებისა და რუსეთის მიმართულება კი თითქმის არ არის წარმოდგენილი, ხომ არ იქნებოდა უპრიანი, რომ სწორედ პრეზიდენტს დაკისრებოდა ამ მიმართულებების კურირება და შესაბამისად _ პასუხისმგებლობაც ჩიხში შესული ვითარების მკვდარი წერტილიდან დასაძრავად?

_ მოგახსენებთ. ეს არის დასავლური დემოკრატია. ხელისუფლება აუცილებლად ერთად მუშაობს და ერთი მიმართულებით. არ შეიძლება იყოს სხვაგვარად. თუ ხელისუფლების სხვადასხვა განშტოება დაიწყებს სხვადასხვა მიმართულებით გაწევას, ამით საქმე წინ ვერ წავა, იქნება «Лебедъ, рак да щука»-ს მდგომარეობა, ამიტომ კიდევ ვამბობ, რომ ჩვენი კურსი დასავლური დემოკრატიისა იქნება შეუცვლელი. მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ გვყავს მეზობლები. მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, მათთან  ნორმალური ურთიერთობა უნდა ვიქონიოთ და არა ომი. მგონი იმის ილუზია არავის აქვს, რომ რუსეთთან ომი უნდა ვაწარმოოთ. ომით ჩვენ რუსეთს ვერ მოვერევით. უნდა ვეცადოთ, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესოთ რუსეთთან ურთიერთობა. რაც შეეხება აფხაზეთსა და ოსეთს _ მხოლოდ რუსეთის ფაქტორი არ არის აქ მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება აფხაზებთან და ოსებთან. თუ ჩვენ _ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები მოვინდომებთ ერთად ყოფნას, მაშინ ვერავინ ვეღარ შეგვიშლის ხელს.

_ რამდენად დამაკმაყოფილებელია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსი კონფლიქტურ რეგიონებთან სრულფასოვანი მოლაპარაკებების საწარმოებლად და საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ახალი მთავრობის მუშაობა ყველა ამ ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად?

_ არა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, საკითხი ჯერ უნდა მომზადდეს სათანადო დონეზე და ეს უბრალო ხალხით უნდა დაიწყოს _ აფხაზებით, ოსებით, ქართველებით…

ეს კი ხანგრძლივი პროცესი იქნება. არავის ეგონოს, ერთ დღეს გაიღვიძებს და ყველაფერი უცებ მოგვარებული დახვდება. ამას ჭირდება შრომა, დრო და დიდი ძალისხმევა.

ესაუბრა

ეკა კახაინი

 

1 COMMENT

  1. ეჰჰ! ეს თუ საპრეზიდენტო კაცია, მეც ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი! ხომ ტყუილად იხარებენ გულს ოცნების ხალხი, ეს ვერასოდეს და არასოდეს იქნება პრეზიდენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here