Home რუბრიკები საზოგადოება დემურ გიორხელიძე: მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს სხვის დაკრულზე მოცეკვავე, უპასუხისმგებლო, ქარიზმატული...

დემურ გიორხელიძე: მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს სხვის დაკრულზე მოცეკვავე, უპასუხისმგებლო, ქარიზმატული «ბალვანი»!

553

რამდენიმე დღეა, ქართველების ჩრდილოკავკასიური ვიზიტი დასრულდა. ქართული დელეგაცის წარმომადგენელი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ბოლო 22 წლის მანძილზე ეს ქართველების პირველი ორგანიზებული ვიზიტია ჩრდილოეთ კავკასიაში და იმედოვნებს, რომ ამიერიდან დიალოგი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან გაგრძელდება. ვიზიტის მიზნების, საკუთარი შთაბეჭდილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

_ ჩვენი ვიზიტი ორგანიზებული იყო არაკომერციული პარტნიორობა Кавквзское сотрудничество-ს ხელმძღვანელ ნიკოლაი სილაევის მიერ, რომელიც მოსკოვის საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში, კავკასიური კვლევების ცენტრში მუშაობს. საქართველოდან ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ დელეგაციის წევრები: «კავკასიური სახლის» წარმომადგენელი გიორგი კანაშვილი, სტრატეგიული კვლევების ცენტრის პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე და ყოფილი პოლიტპატიმარი შოთა აფხაიძე. აღსანიშნავია, რომ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ხელისუფლების ინიციატივით გავემგზავრეთ. მე მიმიწვიეს ინდივიდუალურად და აღნიშნული ვიზიტი მთავრობასთან არ შემითანხმებია, ვინაიდან ზრდასრული ადამიანი ვარ და არავის ნებართვა არ მჭირდება. ვიმყოფებოდით ჩრდილოეთ ოსეთში, კერძოდ, ვლადიკავკაზში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში და, შეიძლება ითქვას, საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.

მე ვნახე კავკასიელი ხალხი, რომელიც აღფრთოვანებულია ქართველებით. ისინი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გვხვდებოდნენ და თანამშრომლობისა და მჭიდრო ურთიერთობის სურვილს გამოთქვამდნენ როგორც ეკონომიკის, ისე კულტურის სფეროში. ახალგაზრდებს სურთ, თბილისში ჩამოვიდნენ სასწავლებლად. მე ახლა ვხვდები, რა გონიერი წინაპრები გვყავდა, რომლებმაც შეძლეს, დაელაგებინათ ურთიერთობა ამ მართლაც ვაჟკაც, გულისხმიერ ხალხებთან და ჩვენ საკუთარი ქვეყნის წინაშე  უდიდეს დანაშაულს ჩავიდენთ, თუ ამ ურთიერთობებს არ აღვადგენთ. ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერი და წინაღობა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობაში უნდა დავძლიოთ. უდიდეს პატივისცემას გამოხატავენ ჩვენ მიმართ და ჩვენ რა კოლექტიური შიზოფრენია უნდა დაგვემართოს, რომ ჩვენდამი ძმურად განწყობილ ხალხთან არ ვითანამშრომლოთ? ჩრდილოეთ კავკასია დღეს უკვე სულ სხვაა, ვიდრე ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი: იქ ძალიან დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს, ხალხი ცდილობს, საკუთარი გარემო უკეთესისკენ შეცვალოს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია!

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხებს ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდათ, ამდენად, მათ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ დღევანდელი საქართველოს შესახებ, ამიტომ ვიზიტის დროს საერთო კავკასიური მაუწყებლობის იდეაც გაჩნდა.

_ ჩრდილოეთ კავკასიაში მხოლოდ საზოგადოებისა და ხელოვნების წარმომადგენლებს შეხვდით თუ პოლიტიკოსებსაც ესაუბრეთ? კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეთ?

_ შევხვდით როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს _ მინისტრებს, მთავრობის მეთაურებს, ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი იყო ურთიერთობის აღდგენა. ყველაფერზე ვიმსჯელეთ.

ჩრდილოეთ ოსეთში ქართულად გველაპარაკებოდნენ. ზოგიერთებს შერეული ოჯახები აქვთ და წუხილს გამოთქვამდნენ, რომ საქართველოსთან მიმოსვლა გართულებულია. მაგალითად, დაღესტანში მთხოვეს, იქნებ ახალსოფელთან გამშვები პუნქტი გაკეთდესო. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აუცილებლობაზე.

_ თუ გამართლდა თქვენი მოლოდინი?

_ მე არ ველოდი, თუ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველების მიმართ. ჩრდილოეთ კავკასიაზე ბევრი რამ მქონდა წაკითხული, მაგრამ ბევრი რამ მაინც არ მცოდნია. აღმოჩნდა, რომ საქართველოსადმი ფანტასტიკური დამოკიდებულება აქვთ. შეიძლება ითქვას, ჩვენმა ვიზიტმა საოცარი წარმატებით ჩაიარა.

_ თუმცა თქვენმა ვიზიტმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა საქართველოში. ითქვა, თითქოს თქვენი დელეგაციის წევრმა შოთა აფხაიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი მოაწყო

_ მე ვლადიკავკაზში ერთი დღის დაგვიანებით ჩავედი და არ ვიცი, წინა დღეს რა მოხდა, მაგრამ შოთა აფხაიძეს მსგავსი რამ შემდეგ დღეებში არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ შეხვედრებზე არ უთქვამს…

მართალია, საქართველოში სპეცსამსახურების ჯაშუშებად და რად აღარ გამოგვაცხადეს, იმის მიუხედავად, თუ რა შეფასებები მოჰყვება, მე მაინც გავაკეთებ იმას, რაც საქართველოს დასჭირდება. ჭორები იმის შესახებ, თითქოს ჩვენი დელეგაცია ცდილობს, საქართველო ევრაზიულ კავშირში გააწევრიანოს, არის გონებადაბინდული ადამიანების მსჯელობა. საქართველოს უკვე არჩეული აქვს თავისი ორიენტაცია, თუმცა საქართველოს დასავლური ორიენტაცია არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სახიფათო ნაბიჯების გადადგმას.

 უსაფრთხოების საკითხები გვაიძულებს, ფრთხილად ვიმოქმედოთ.

 _ თქვენ განაცხადეთ, რომ მზად ხართ, ხელისუფლებასთან ითანამშრომლოთ და საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიაროთ. უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში დაბრუნდით, თუ გამოთქვა ხელისუფლებიდან ვინმემ თქვენთან შეხვედრის სურვილი, დაინტერესება და ხელისუფლების აქტიურობის გარეშე რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ პრობლემების მოგვარება?

_ ჯერჯერობით არავინ გამომხმაურებია.

_ საქართველოს მიერ არჩეული კურსის განხორციელება, ნატოში გაწევრიანება და პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება რამდენად რეალურია?

_ ნატოს თემა და დასავლური ორიენტაცია საქართველოში პოლიტიკოსების მიერ, უკვე წლებია, პროფანირებულია. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ დანარჩენი ისე იქნება, როგორც მსოფლიოს «მთავარი მოთამაშეები» შეთანხმდებიან. ჩვენ ვერ ვიქნებით მომხრეები, რომ რუსეთის მთელი სარაკეტო სისტემა საქართველოს დაუმიზნონ. ჩვენ გვინდა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ უსაფრთხოების გარანტია გვქონდეს. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის იდეალურია, ევროპული უსაფრთხოების სისტემაში გაერთიანება და, ვინაიდან ევროპული უსაფრთხოება რუსეთის გარეშე შეუძლებელია, ამით მოვითქვამდით სულს.

რაც შეეხება ნატოს, თუ რეგიონული კრიზისი იქნება, ნატო არანაირი უსაფრთხოების გარანტიას არ წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ ფინელებმა ჩაატარეს გამოკვლევა და აღმოჩნდა: ბალტიისპირეთში თუ შევლენ რუსეთის ჯარები, კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეუძლია ჯარები გადაამისამართოს ბალტიის მიმართულებით. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს?

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დიდწილად რუსეთ-ამერიკისა და რუსეთ-ევროპის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ვინაიდან ჩვენ ვართ მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში, ჩვენთვის პრინციპული საკითხია, მსოფლიო მოთამაშეებს რა ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან. ვინაიდან არ გვინდა, რომელიმე დიდმა მოთამაშემ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ გამოგვიყენოს. მე ამერიკელებისთვის  მითქვამს, რომ არასწორად მოიქცნენ, როდესაც რუსების წინააღმდეგ თავიანთ «საჩიჩქნ ჯოხად» გვაქციეს. ამიტომ ჩვენთვის სასურველია, ამ დიდმა მოთამაშეებმა თავად დაალაგონ ერთმანეთთან ურთიერთობა და ჩვენ ნორმალური განვითარების საშუალება მოგვცენ, თორემ ჩვენ ვერც ამერიკელებს მოვერევით და ვერც რუსებს.

_ აღნიშნეთ, რომ ოსები კარგად შეგხვდნენ, მაგრამ ცხინვალთან ურთიერთობის აღდგენა როგორ გესახებათ და დღესდღეობით რამდენად რეალურად გეჩვენებათ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა?

_ რეალურად მეჩვენება. ჩვენ ტერიტორიებს კი არ დავიბრუნებთ, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზებს და ოსებს. ეს არის ჩვენი ორიენტირი. სანამ ადამიანებს არ დავიბრუნებთ, ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი უნდა დავივიწყოთ. ჩვენ გვჭირდება ძალიან გონივრული მოქმედება და ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩრდილოკავკასიელი ხალხები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ერთმანეთზე, ამ კონფლიქტის მოგვარების დროს სერიოზული შუამავლები იქნებიან.

ჩრდილოეთ კავკასიაში მე ვერ ვნახე ვერავინ, ვინც ექსტრემიზმს უჭერს მხარს! პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის გზა არსაითკენ.

_ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი საქართველოზე?

_ რუსეთის პოლიტიკა დასავლეთთან დღეს სრულიად შეცვლილია. ეს საქართველოშია ანტირუსული რიტორიკა და, რა თქმა უნდა, გასაგებია ჩვენი პრეტენზიები, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავინახოთ, რომ დღეს ნატო-რუსეთისა თუ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ვითარდება. არ გვინდა დავინახოთ, როგორი დამოკიდებულებაა ევროპაში რუსეთისადმი. ჩვენ ვხატავთ სურათს, თითქოს რუსეთი ხვალვე დაინგრევა, რადგან მთელი მსოფლიო მზად არის, ეომოს მას. არადა, მსგავსი არაფერი ხდება.

_ მომავალი პრეზიდენტის შერჩევის კრიტერიუმებისა და მისი ფუნქციების თემა, რაც ჩვენმა გაზეთმა ორიოდე კვირის წინ წამოჭრა, დღეს პოლიტიკური პარტიების აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. კერძოდ, ჩვენს გაზეთთან საუბრისას პოლიტოლოგმა ალექსანდრე  ჭაჭიამ ახლებური, საინტერესო ხედვა წარმოადგინა ამ საკითხზე და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი პრეზიდენტის მთავარი პასუხისმგებლობა კონფლიქტურ რეგიონებთან, აგრეთვე, რუსეთთან და ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობების მოგვარება უნდა იყოსთქვენი აზრით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი?

_ საზოგადოება უნდა გრძნობდეს, რა პრობლემების წინაშე დგას, რა უნდა, საით უნდა და რატომ უნდა… სოციალურ შეკვეთას უნდა ქმნიდეს იმ გონიერ პოლიტიკოსებზე, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა. ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც თავისუფლად განვითარდება მოქალაქეების ნიჭი და უნარი, აიწევს მათი კეთილდღეობა, მაღალი იქნება განათლების დონე, განვითარდება მეცნიერება, იქნება წესრიგი, იქნება ტრადიციული კულტურისა და ფუნდამენტური ფასეულობების პატივისცემა და განვითარების შესაძლებლობა საკუთარი, არათავსმოხვეული ტრაექტორიით. და, რაც მთავარია, არ იქნება «სხვის დაკრულზე» მოცეკვავე «უპასუხისმგებლო, ქარიზმატიკული ბალვანი»…

ვერანაირი საღი პრეზიდენტი საქართველოში ამ ეტაპზე არჩეული ვერ იქნება. საზოგადოება არ არის მზად ამისთვის. მისი კრიტერიუმები და შეხედულებები დეფორმირებულია, მათ მოსწონთ «მარიფათიანი», მყვირალა, უპასუხისმგებლო ადამიანები, მაგრამ მოვა დრო და ამ ავადმყოფობას აუცილებლად დავძლევთ.

_ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსებთან და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ მე არ ვფიქრობ, რომ ანბანური რაღაცები დადასტურებას მოითხოვდეს, ჩვენ თუ სასიცოცხლო პრობლემას არ გადავჭრით და არ მოვძებნით გზებს ოს და აფხაზ ხალხთან შესარიგებლად, ქვეყანა დეზინტეგრაციის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობა კი პრინციპულად აუცილებელია. ასევე აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაც, რადგან ეს საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებშია და კრეტინული ანტირუსული პოლიტიკა დასაძლევია. მოგვწონს თუ არა, მეზობლებთან მშვიდობიანად უნდა იცხოვრო და ნორმალური ურთიერთობა გქონდეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here