Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილის პირადი «გოლდენ ქარდი» კაზრეთის მოსახლეობას წამლავს

სააკაშვილის პირადი «გოლდენ ქარდი» კაზრეთის მოსახლეობას წამლავს

664

კაზრეთბალიჭის მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთერთი უმდიდრესი კუთხეა და იქ საკმაო რაოდენობის ოქროს მოიპოვებენ, სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. ახალს ვერაფერს ვიტყვით იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ ოქროს გადამმუშავებელი ქარხნიდან გამოსული ბინძური მინარევები პირდაპირ მდინარეში ჩადის. ამ მიზეზით, მდინარე მაშავერაში ბაყაყიც აღარ ყიყინებს, რომ არაფერი ვთქვათ, უნიკალური თევზის გაწყვეტაზე.

რამდენჯერ შევსწრებივარ ბაზარში, რომ უკითხავთ, კარტოფილი ბოლნისის ხომ არ არის, არ მოგვატყუოთ, ხომ იცით, მოწამლულია და ჭამა არ შეიძლებაო. არადა, ბოლნისში კარტოფილი და ლობიო მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია. დიდი ხანია, ეს საკითხები განხილვის საგანია, მაგრამ ჯერ პრომლების მოსაგვარებლად არავის არაფერი გაუკეთებია. ხალხი ისევ ისე იწამლება ჰაერითაც, წყლითაც და კვარციტის ქარხანაში არსებული არასათანადო პირობებითაც.

იყო პერიოდი, როდესაც ონკოლოგიურ საავადმყოფოში ყველამ იცოდა, რომ კაზრეთელები დაუყოვნებლივ, ურიგოდ უნდა მიეღოთ. იყო ასეთი პერიოდი-თქო, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალა ან პრობლემა მოგვარდა და დღეს კაზრეთ-ბალიჭში ადამიანები სისხლის გათეთრებით აღარ ავადდებიან. არა, უბრალოდ, «მადნეულის» თემას «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ ტაბუ დაადო და საკითხიც დაიხურა.

2003 წლის რევოლუციის შემდეგ, ხალხის პროტესტის მიუხედავად, «მადნეულში» ნიღბიანმა და ხელკეტიანმა სპეცნაზელებმა კობა ნაყოფია და მისი გუნდი შენობაში შეიყვანეს და დასვეს. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა და, ხმის ამოღება კი არა, დაწუწუნებაც აღარავის გაუბედავს.

საქართველოში კობა ნაყოფია კახა ბენდუქიძის წყალობით ჩამოვიდა. როცა კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, სასწრაფოდ შეიცვალა კონტიტუციაში მუხლი, რომელიც აქციონერების საკუთრებას იცავდა და «მადნეულის» წილის 97% გაიყიდა. რევოლუციამდე სახელწიფოს საკუთრებაში 51% ჰქონდა, დანარჩენი მუშა-მოსამსახურეებისა იყო. იმ პერიოდში სამეთვალყურეო საბჭოში მუშათა კლასს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, რომელიც მათ ინტერესებს იცავდა, თუნდაც იმ დონეზე, რომ, თუ საწარმოში დაავადდებოდნენ, თანხას მაინც გადაუხდიდნენ.

დღეს კი «მადნეულის» თანამშრომლებს დირექტორი რაღაც ვირტუალური სამყაროდან მოსული ადამიანი ჰგონიათ. ის პირველად ტელევიზიით ნახეს, როცა შერონ სტოუნი ჩამოიყვანა.

სამი წლის წინ მოსახლეობიდან სულ რაღაც ოთხ-ხუთ კილომეტრში, სოფელ ბალიჭის ტერიტორიაზე, «მადნეულმა» ახალი, ღია კარიერი გადახსნა. ალბათ, იცით, ეს რასაც ნიშნავს! ეს არის მომწამვლელი, ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის სასიკვდილო! მაგრამ ხალხი ამასაც აღარ ჩივის, ამბობენ, სამუშაო ადგილები გაჩნდებაო, მათ ის უფრო აწუხებთ, კარიერზე აფეთქებების დროს სახლებს ბზარები რომ უჩნდება და დიდხანს ვეღარ გაგვიძლებს ეს მამაპაპისეული სახლ-კარიო. მოსახლეობამ კომპენსაციაც მოითხოვა, მაგრამ მათ უპასუხეს, რომ თქვენი კომპენსაცია ის არის, რომ ქარხანაში ხართ დასაქმებულიო. ამას კიდევ რა უჭირს: მას შემდეგ, რაც «მადნეულში» ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, კობა ნაყოფიას თავკაცობით, ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში ასეთი წარწერა გაჩნდა: «მადნეულის» დირექციას ეკრძალება მოქალაქეთა ყოველგვარი განცხადებების მიღება-განხილვა მატერიალური დახმარებებისა, ქველმოქმედებისა და სპონსორული საქმიანობის გაწევასთან დაკავშირებით».

არადა, რეალურად სტატისტიკა კაზრეთში ასეთია: ყოველი ათი ადამიანიდან ცხრა მძიმე ავადმყოფია.

ზემოთ ჩამოთვლილ, მართლაცდა შემაშფოთებელ პრობლემათაგან ყველაზე საშინელება ის არის, რომ მოსახლეობა იმის შიშით, რომ უმუშევრები არ დარჩნენ, ხმის ამოღებას ვერ ბედავს. უფრო მეტიც, ისე არიან დაზაფრულები, რომ მათი უმრავლესობა ახლა აპირებს «ნაციონალური მოძრაობის» რიგებში გაწევრიანებას კობა ნაყოფიას გულის მოსაგებად.

 მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სააქციო საზოგადოება «მადნეულის» წარმომადგენლებს გავსაუბრებოდით, ჩვენს შეკითხვებზე პასუხისგამცემი ადამიანი ვერ ვიპოვეთ, პასუხის გამცემ ადამიანებს თავად «მადნეულის» პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა ჯოჯუაც ეძებდა, მაგრამ ამაოდამიტომ გადავწყვიტეთ, რომ იქ არსებულ მდგომარეობასა და ვითარებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის გამგეს, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ნოდარ ჩხუბიანიშვილს გავსაუბრებოდით.

_ ბატონო ნოდარ, იცით თუ არა, რა ვითარებაა კაზრეთის ოქროს მომპოვებელ ქარხანაში?

_ ჩვენი კათედრა ამაზე მუშაობს, ვიცით, თუ რა ვითარებაა და რა დოზით მიმდინარეობს მდინარეებისა და ჰაერის დაბინძურება.

საწარმოში არ გვიშვებენ, ისეთი დახურულია და გასაიდუმლოებულია ყველაფერი. გვეუბნებიან, აქ ყველაფერი რიგზეა და წესების დაცვით მიმდინარეობს ოქროს წარმოება და დამუშავებაო.

რამდენიმე წლის წინ სპეციალისტებმა შევძელით, წყლის სინჯები აგვეღო. აღმოჩნდა, რომ მდინარეებში, კაზრეთულასა და მაშავერაში, 1 ლიტრ წყალში ერთი გრამი სპილენძი, 0,5 გრამი თუთია და 0,7 გრამი კადმიუმია. ეს, იცით, რას ნიშნავს?! ეს სასიკვდილო განაჩენია! ახლა ჰაერი ვთქვათ _ დარწმუნებული ვარ, იქაურ მოსახლეობას ფილტვები შავ დღეში ექნებათ.

_ მდინარეში ვერცხლი არ ჩადის?

_ არა, ვერცხლი არ ჩადის. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, ვერცხლი სპეციალურ ავზში ჩადის.

_ იქვე, კაზრეთთან ახლოს, სოფელია, რომელთანაც სულ რაღაც სამოთხ კილომეტრში ახალი კარიერი გახსნეს, რამდენად საშიშია ეს მოსახლეობისთვის?

_ ყურმოკვით გავიგეთ ამის თაობაზე, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი გავარკვიეთ, რადგან ძალიან გასაიდუმლოებული იყო. ესე იგი მაინც გაუხსნიათ ახალი კარიერი?!

_ ბატონო ნოდარ, რატომ არ გიშვებენ საწარმოში, იქნებ მუშაობენ სპეციალისტები, მაგრამ თქვენთვის არ არის ცნობილი ამის თაობაზე?

_ ბევრი სპეციალისტია დაინტერესებული «მადნეულით», მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ არავინ შესულა, არ ინტერესდებიან იმ პროექტებით, რომლებსაც მათ სპეციალისტები სთავაზობენ, თუმცა ამის მიზეზი, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ.

კარიერში მუშაობისას ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება, რადგან არემარეს აბინძურებს მძიმე ლითონები, როგორიცაა თუთია, სპილენძი, კადმიუმი. ჩვენი მიზანია მძიმე ლითონებისგან მდინარეების გასუფთავება.

_ მდინარეების დასუფთავება რთული და ძვირადღირებული პროცესია. რამდენიმე წლის წინ ამ მიზნით მილიონები გამოიყო, მაგრამ არაფერი გაკეთდა.

_ ისეთ საწარმოებს, როგორიც «მადნეულია», აქვთ ვალდებულება და რეგლამენტი, მათ აუცილებლად, რკინის ფხვნილით კუდები უნდა დაამუშაონ, რომელიც კარიერებს მოჰყვება, თუმცა «მადნეულში» ეს არ ხდება. წინათ აღნიშნული ფხვნილები რუსეთიდან ჩამოდიოდა და პროცესი უმტკივნეულოდ და სუფთად მიმდინარეობდა, თანაც ძვირიც არ ჯდებოდა.

_ სხვა ქვეყნებში, სადაც ოქროს მოიპოვებენ და მსგავსი კარიერები აქვთ, იქ როგორ ხდება? დავიჯერო, ყველგან წამლავენ ხალხს და მიწაწყალს?

_ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში გავრცელებული და აპრობირებული მეთოდია ელექტროდიალიზი, მემბრანული ტექნოლოგია, რისი გაკეთებაც მარტივად არის შესაძლებელი და შედარებით იაფიც ჯდება. ელექტროდიალიზით უნდა გაიწმინდოს მძიმე ლითონების ხსნარები და შემდეგ წარმოებას სუფთა სახით დაუბრუნდეს, ამავე დროს, ამით შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვყოთ მძიმე ლითონები და ფხვიერი გავხადოთ სპილენძი და თუთია. 

მეცნიერებს ეს დამუშავებული გვაქვს, მაგრამ, როგორც გითხარით, საწარმოში შეღწევა ვერაფრით მოვახერხეთ. მივმართეთ სამინისტროსაც, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც სამინისტროს წარმომადგენლები ახერხებდნენ იქ შეღწევას. ქვეყანაში აღნიშნული საქმის ბევრი და კარგი სპეციალისტი გვყავს, მათ სხვისი დახმარების გარეშე შეუძლიათ პრობლემის მოგვარება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

P.S. თუ «მადნეულის» ადმინისტრაცია მოახერხებს ისეთი თანამშრომლის პოვნას, რომელსაც კოლოსალური ხელფასი აქვს, თანაც კომპეტენტურია და ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» მზად არის, მკითხველს მისი პოზიციაც გააცნოს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here