Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ სულაბერიძე: 20-30 წელიწადში ეთნიკური ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოვჩნდებით!

ავთანდილ სულაბერიძე: 20-30 წელიწადში ეთნიკური ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოვჩნდებით!

853

გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28 პროცენტით შემცირდება. ამის შესახებ წინა კვირას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. აღნიშნული კვლევის თანახმად, 28-პროცენტიანი დემოგრაფიული კლება უშუალოდ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაზე მოდის, რის გამოც ამიერკავკასიაში, შესაძლოა, ბალანსი მნიშვნელოვნად დაირღვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2050 წლისთვის სომხური მოსახლეობის რიცხოვნობა 6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო აზერბაიჯანულის _ 31 პროცენტით. ხუნდაძის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დამაფიქრებელია და, თუ ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ქართულ გენოფონდს სერიოზული საფრთხე შეექმნება. რა განაპირობებს საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობის კლებას და შესაძლებელია თუ არა დღესდღეობით ამ პროცესის შეჩერება _ ამის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე.

_ ბატონო ავთანდილ, გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა უმძიმესი იქნება. საუბარია მოსახლეობის 28 პროცენტით შემცირებაზე. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს სურათი?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება, ისევე, როგორც ეკონომიკური, გარკვეულ ფუნდამენტურ კანონზომიერებებს ემყარება. ამას დემოგრაფიული გადასვლა ჰქვია და ეს ყველა სახელმწიფომ უნდა გაიაროს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, ასევე, აქ არის სოციალურ-ეკონომიკური პროცესები და ამ ასპექტში თუ განვიხილავთ, საქართველოს დემოგრაფიაზე მოქმედებს ორივე _ როგორც ფუნდამენტური, ისე  ეს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, პრობლემა ძალიან მასშტაბური და სერიოზულია, ამიტომ სამუშაოც კოლოსალურად დიდია.

გაერო რომ ახლა პროგნოზებს აკეთებს, ჩვენ ეს პროგნოზები დიდი ხნის წინ გავაკეთეთ, მაგრამ იმ გამოთქმისა არ იყოს, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო, არავინ მოგვისმინა… რეალურად დღეს ჩვენ დავამთავრეთ მოსახლეობის აღწარმოების ე. წ. თანამედროვე ტიპი და დაიწყო უახლესი, რომელსაც ცივილიზებულ ტიპს ეძახიან. ახლა რა არის ეს: ამ ტიპისთვის დამახასიათებელია დაბალი შობადობა, ოჯახის ალტერნატიული ფორმების არსებობა (მაგალითად, თანაცხოვრება), მოკვდაობის ზრდა, განქორწინებათა მაღალი დონე, ქორწინებების გადაწევა ზედა ასაკობრივ ჯგუფებში (საქართველოში 27 წელს მიუახლოვდა ქალის ასაკი ქორწინებაში) და ა. შ. ეს ყველაფერი კი განაპირობა რამდენიმე მიზეზმა _ ომმა, დევნილების გაჩენამ და, რა თქმა უნდა, სოციალურმა პრობლემებმა. ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, ჩვენთან დემოგრაფიულ რეგრესს აქვს რევოლუციური ხასიათი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირების ტემპი არის კატასტროფულად მაღალი.

_ თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ: 28%-იანი შემცირება, რომელსაც გაერო პროგნოზირებს 2050 წლისთვის, რამდენად რეალურია?

_ სავსებით რეალურია, მაგრამ გაერო, როგორც წესი, მონაცემებს იღებს ოფიციალური წყაროებიდან. ძირითადად, ისინი ეყრდნობიან სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ მასალებს, რომლებიც, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ყოველთვის არის ხოლმე არაზუსტი. მაგალითად, ჩვენ გვყავს იურიდიული მოსახლეობა _ 4 მილიონ 400 ათასი და ფაქტობრივი მოსახლეობა, რომელიც გამოკვლევებითა და შეფასებითი მაჩვენებლების შესაბამისად შეადგენს 3 მილიონ 700 ათასს. სხვაობა საკმაოდ დიდია, იმიტომ, რომ პირველ მაჩვენებელში შედის უცხოეთში წასული დევნილებიც. ამ დროს გაერომ სწორედ ის 4 მილიონ 400 ათასი აიღო და ამის საფუძველზე გააკეთა დასკვნა.

_ გინდათ, თქვათ, რომ რეალურად უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გაეროს მონაცემშია ასახული?

_ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა. მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა იზრდება, მაგრამ ეს არარეალურია. მოსახლეობის მატება ხდება ორი ფაქტორით _ ბუნებრივით ან მიგრაციით, საქართველოში კი ორივე მაჩვენებელი კლებისკენაა. ასევე არასწორად ხდება გარდაცვლილთა დაფიქსირებაც, მაგრამ ეს არაა მარტო სტატისტიკის დეპარტამენტის ბრალი. 2004 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად აკრძალა მიგრაციის აღრიცხვა, რამაც აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ახლა ესენი აჩვენებენ მთლიანად გასულთა და შემოსულთა რაოდენობას, რომელთა უმეტესობაც არის ვიზიტორი… აქ ცალკე უნდა გამოიყოს, სამი თვიდან ერთ წლამდე რამდენია გასული ან შემოსული და ერთ წელზე მეტით რამდენია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ, პირველი _ სამი თვიდან ერთ წლამდე გასული არის დროებითი, ხოლო ერთ წელზე მეტი ხნით გასული _ მუდმივი მიგრანტი. ეს აღარ მუშავდება.

_ რა მიზეზით გაუქმდა აღრიცხვა? რა განმარტებები გაკეთდა თავის დროზე?

_ არავითარი განმარტებები არ ყოფილა. მოხდა ის, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი, ფაქტობრივად, იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნამატად, ორგანიზაცია ჩაიგდო ხელში ვანო მერაბიშვილმა და ის იძლეოდა ინსტრუქციებს.

_ რა ინსტრუქციებს?

_ რომ დაეწერათ, თითქოს საქართველოში შემოდის მეტი, ვიდრე გადის. ამ მეთოდოლოგიით, ჩვენი მთავრობა და პრეზიდენტი არიან მიგრანტები. მაგალითად, 2005 წელს 75 ათასით მეტი შემომსვლელი აჩვენეს გამსვლელზე. ამ დროს პირიქით იყო, 30 ათასით მეტი გავიდა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სააკაშვილს გაეკეთებინა პიარი, რეალური ციფრები კი მათ არ აინტერესებდათ. სხვათა შორის, გაეროს მონაცემზე რადგან ვსაუბრობთ, მათი გათვლებით, 2025 წლისთვის აქ მოსახლეობა 4 მილიონ 400 ათასიდან დავა 3 მილიონ 922 ათასამდე. ჩვენი შეფასებით, მოსახლეობის რიცხოვნობა ამ მაჩვენებელს 2003 წელს უკვე ჩამოცილდა. რეალურად აქ არის კატასტროფულად მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა და ნუ ვუყურებთ ამ გაეროს. ბევრად უარესადაა ჩვენი საქმე…

_ იმავე მონაცემის თანახმად, რომელიც გაერომ დადო, მეზობელი სომხეთის მოსახლეობა 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 31%-ით გაიზრდება. რა აზრის ხართ ამაზე?

_ 1926 წელს ჩვენ პირველ ადგილზე ვიყავით კავკასიაში მოსახლეობის რიცხოვნობით. დაახლოებით ნახევარი მილიონით აღვემატებოდით აზერბაიჯანელებს და მილიონ-ნახევრით _ სომხებს. დღეს აზერბაიჯანის მოსახლეობა ჩვენზე ორჯერ მეტია და სომხებიც სადაცაა, გაგვისწრებენ. ესაა უბედურება; ჩვენ ახლა პოზიციებს არამარტო პოლიტიკურად ვკარგავთ, დემოგრაფიულადაც, ფაქტობრივად, მომაკვდავი ერი გავხდით. რა არის ამის მიზეზი, რა შეიძლება გაკეთდეს, არავის აინტერესებს…

შე დალოცვილის შვილო, ყველა ვაჭრობს რუსეთთან, შენ რა გამოხვედი ასეთი, რომ ამის გაგონებაც არ გინდა?! მე არ ვამბობ, რომ ევროპულ კურსზე უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ ქართველებმა ზომიერება არ ვიცით. მიგრანტთა 70% რუსეთშია გადასული და ისინი ინახავენ აქ ოჯახებს. შეიძლება, ამას ანგარიში არ გაუწიო?! ვიღაც იტყვის, ეს რუსეთუმეაო, არ აბატონო, მე მეცნიერი ვარ და ობიექტური შეფასება უნდა გავაკეთო. აპრილში მიწვეული ვარ მოსკოვში კონფერენციაზე. მოხსენებაც გაგზავნილი მაქვს და მელოდებიან, მაგრამ ვერ მივდივარ, იმიტომ, რომ ვიზის პრობლემაა. ყოველ წელს ასეა _ მიწვევენ და ჩასვლას ვერ ვახერხებ. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაც ბრიყვმა მოიფიქრა, რუსეთი არის ჩვენი მტერი. გასაგებია, ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, მაგრამ ამის გამო სამეცნიერო წრეები ერთმანეთს მოსწყდნენ, შეიძლება?! ასე განვვითარდებით?! რუსეთში დღეს არანაკლები დემოგრაფიული სკოლაა, უფრო მეტი თუ არა, ვიდრე დასავლეთში. ასე რომ, თანამშრომლობა ჩვენ შორის უმაღლეს დონეზე უნდა იყოს…

_ თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება არასწორ დემოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებდა. ეს, ალბათ, გარკვეული მიზნით კეთდებოდა (ვთქვათ, საარჩევნო სიების გასაბერად), მაგრამ ამის მიღმა რეალურად რა კეთდებოდა მდგომარეობის გამოსაწორებლად?

_ აბსოლუტურად არაფერი, გარდა იმისა, რომ სანდრა რულოვსმა გაეროდან მოიპოვა დაფინანსება და ეწეოდა პიარს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. სხვა მიმართულებით, ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან ძვრაც არ ყოფილა. ახლა მე მოვუმზადე პროექტი «ქართულ ოცნებას», თუ რა უნდა გაკეთდეს და წარვუდგინე. ველოდები მათ რეაგირებას. ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა გამოცხადდეს დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების დეკლარაცია (რასაც ჩინეთი აკეთებს) და ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცეს ეს საკითხი. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა დემოგრაფიული განვითარების ფონდი და მე ვიყავი პრეზენტაციაზე, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციების შექმნა მისასალმებელია, მაგრამ ჯამში ამით მდგომარეობას ვერ გამოვასწორებთ; ერთეული ფონდების ძალისხმევა არაა საკმარისი, აქ სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს ჩართულობა.

_ და რას აკეთებს დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით?

_ მაგალითად, 20-დან 22 მილიონამდე ლარია საჭირო, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს 20-დან 30 ლარამდე მივცეთ. ვერ მოიძებნა ჯერჯერობით ბიუჯეტში ეს თანხა. ამით რის თქმა მინდა _ არ არსებობს დღეს სახელმწიფო პოლიტიკა. ამასწინათ ისიც განაცხადეს, შესაბამისი პროგრამა არ გვაქვსო და მე ძალიან გული დამწყდა. არსებობს ეს პროგრამა, უბრალოდ, მას გამოყენება უნდა.

_ დასასრულს, ისევ გაეროს მონაცემზე გკითხავთ: თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2050 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, რა დემოგრაფიული სურათი შეიძლება გვექნეს?

_ არსებობდა ასეთი ერი _ უბიხები. არსებობენ დღეს?! ან შუმერები ავიღოთ… ძალიან ბევრი ხალხი გადაშენდა. ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი, გასაგებია; მით უფრო, გითხარით და კიდევ ვიმეორებ, გაეროს მონაცემი არაა ზუსტი. ბევრად მძიმე და დამაფიქრებელია რეალური მდგომარეობა. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, ჩაიხედონ სათანადოდ ამ საკითხში და დაიწყონ დროულად ზომების მიღება, თორემ სულ რაღაც 20-30 წელიწადში ქართველი დასათვლელად იქნება დარჩენილი, ეთნიკური ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოვჩნდებით; ისიც საზღვარგარეთ. ეს არაა ჩემი ფანტაზია, ამას კონკრეტული ციფრები, გამოკვლევები პროგნოზირებს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here