Home რუბრიკები პოლიტიკა მიშას სარეცელი

მიშას სარეცელი

1315

ძველი ბერძნული მითოლოგია იცნობს მკვლელ და მოძალადე დამასტესს, ანუ პროკრუსტეს, რომელიც მეგარადან ათენისკენ მიმავალ გზაზე ყაჩაღობდა და ხალხს საშინელი წამებით სულს ხდიდა!..  ნაძირალა პროკრუსტე, რომელსაც მეტსახელად «გამწელავი» შეარქვეს, საცოდავ მგზავრებს სახლში შეიტყუებდა და მერე თავის საწოლში აიძულებდა დაწოლას. ადამიანს, რომელსაც ფეხები საწოლს იქით გადარჩებოდა, ანუ მაღალი იყო, პროკრუსტე კიდურებს ან თავს მოაჭრიდა და ასე «დააყენებდა» საწოლის ზომაზე, ხოლო ვისთვისაც პროკრუსტეს სარეცელი დიდი აღმოჩნდებოდა, შარაგზის ყაჩაღი და მკვლელი იმას «დააგრძელებდა», ანუ «გაწელავდა»… ერთი სიტყვით ისედაც და ასედაც სიკვდილი ყველას გარანტირებული ჰქონდა!..

ბევრი ადამიანი გამოასალმა პროკრუსტემ სიცოცხლეს, ბევრის ცოდვა დაიდო, მაგრამ სულ ბოლოს ისეთ გმირს გადაეყარა, რომელმაც სწორედ იმ ავადსახსენებელ სარეცელში, სწორედ იმავე წესით ამოხადა მას სული, როგორადაც ვერაგი და სისხლით გაუმაძღარი ყაჩაღი მშვიდობიან მგზავრებს უსწორდებოდა!..

ასე და ამრიგად, გამოთქმა «პროკრუსტეს სარეცელი» მსოფლიო ხალხების წარმოდგენასა და მეტყველებაში დამკვიდრდა არაადამიანური მეთოდებით რაღაცის ან ვიღაცის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის სინონიმად და თქმა არ უნდა იმასაც, რომ ყველა დროისა და ეპოქის ყოველი პირსისხლიანი ტირანი თავისებურად იყო და არის პროკრუსტე, რომელსაც უსათუოდ ჰქონდა და აქვს თავისი სარეცელი!..

 ცხადია, ჩვენი ვადაგასული პრეზიდენტი _ მიშაც პროკრუსტეა, მაგრამ ცოტა უფრო რაფინირებული, ვიდრე, მაგალითად, დოდო გუგეშაშვილი, რომელიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, 1993 წლის ნოემბერში ზუგდიდში ჩარჩენილ ზვიადისტ გოგო-ბიჭებს სწორედაც რომ ნაჯახით დასდევდა!.. სხვათა შორის, ამ და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა დღემდე უსინდისოდ დუმს, თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს!..

რაც ზემოთ მოგახსენეთ, მიშა ამ ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად აკეთებდა, _ სააკაშვილი პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და ოპონენტებს ოდენ ტყვიით, ცოცხით, გაზითა და სამსალით უმასპინძლდებოდა, ხოლო სარეცელში «ნიკალაევიჩი» ისეთ ხალხს ეპატიჟებოდა, რომლებსაც, «ვარდების რევოლუციის» კუმირის პორნოგრაფიული ლტოლვის გარდა, მისი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, «პიარული», სოციალური და გასტრონომიული ახირებანი უნდა დაეკმაყოფილებინა!..

ასე აღმოჩნდნენ მიხეილპროკრუსტეს «სარეცელში» მომღერლები, პოეტები, ჟურნალისტები, მხატვრები, ლიტერატორები, ფეხსუსტი ქალები და ბედისმაძიებელი ავანტიურისტები

 როგორც მითიური და ავადსახსენებელი პროკრუსტე მეგარადან ათენისკენ მიმავალ გზაზე, სააკაშვილიც თავის «ცქირებთან» ერთად ზუსტად ისე იყო გამომდგარი ნატო-ევროკავშირის შარაზე და «სარეცელში» ეპატიჟებოდა ყველას, _ გიგა ნასარიძეს, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას, გოგა ხაჩიძეს, ნუგზარ წიკლაურს, ბაჩუკი ქარდავას, გურამ ჩახვაძეს, გიორგი თარგამაძეს, ჯონდი ბაღათურიას, ბლუ მერაბიშვილს, მამაშვილს გაბაშვილს, შოთა მალაშხიას, აკაკი მინაშვილს, დავით ბაქრაძეს, გია ბარამიძეს, ელდარ კვერნაძეს, ახალაიებს, კოდუებს, ძმებ ქარდავებს, ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბოლო დროს აშკარად «მთვარისშუქმოხვედრილი» პატარძალივით კნავის

 აღარაფერს ვამბობ გივი თარგამაძეზე, რომელიც მამაზეციერმა მანამ არ მოასვენა, ვიდრე ძლევამოსილი რუსეთის პროკურატურასა და სპეცსამსახურებს არ გადაჰკიდა!..

 არადა, როგორ «ქაჩა» და «წელა» მიშამ, მაგალითად, გიორგი თარგამაძე «სარეცელში», როგორ და საიდან არ უბერა სული _ პარლამენტშიც შეიყვანა, ვიცესპიკერის პოსტიც მისცა, საკრებულოშიც დასვა, მაგრამ არაფერი მაგ საქმისგან არ გამოვიდა. მოუვიდა გული ჯონდი ბაღათურიას, აქაოდა, მე რატომ არ «გამქაჩე» თარგამაძეზე უკეთო და ისეთები ეძახა მიშას პარლამენტში, გაგიჟებული და გაქცეული სააკაშვილი ამერიკის ელჩმა ძლივს შემოიტყუა სხდომათა დარბაზში, _ სულ «გამო, გამო, გიშერა» ეძახა!..

ეგ კი არა, «ნაცმოძრაობის სარეცელში» თურმე «პირველი არხის» საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი _ ხათუნა ბერძენიშვილიც არ არის უცხო, ძალიან ცუდ რამეებს ლაპარაკობენ მასზე, _ მაისის აქციების დროს თავის ჟურნალისტებს პირდაპირ ავალებდა, მომიტინგეებს უხეშად მოეპყარით, წელში შეუვარდით, იქნებ წამოიკიდოთ, პროვოკაციაზე წამოაგოთ და მერე ჩვენ ვიცით და ჩვენმა ზონდერებმაო!..

საქართველოს უახლესი ისტორიის სისხლიანი ქრონიკები ამ ავადსახსენებელი და ცოცხლადმკვდარი ტელევიზიის კიბეზე გაიჭედა. ეს ხომ ის ტელევიზიაა, რომელიც ჯერ კომუნისტებმა «ქაჩეს» და «წელეს», მერე ავადსახსენებელმა კიტოვანმა «გაქაჩა» თავის «სარეცელში», მერე შევარდნაძემ «გაჭიმა» და სულ ბოლოს სააკაშვილმა გააბახა. ამ ტელევიზიამ მოწამლა საქართველოს მოსახლეობა, ეს ტელევიზია აფრქვევდა შხამსა და გესლს, ამ ტელევიზიით გადაიცემოდა უბინძურესი პროგრამა «საღამო მშვიდობისა», რომელმაც დიდწილად განაპირობა აფხაზეთის ტრაგედია და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის დინოზავრების ეპოქაში ჩარჩენილი ტელევიზია, რომლის თითქმის ყველა ჟურნალისტი თუ მაღალი იერარქი მიხეილ-პროკრუსტეს «სარეცელშია» ნამყოფი.

ეს არის უნიჭოთა და მიცვალებულთა ტელევიზია, რომლის ტრანსლაციის ხარისხი იმდენად ცუდია, რომ ამ არხის ცქერა მხედველობისთვის მავნეა _ ჯერ თვალსა ტკენს, მერმე _ სულსა!..

ვერც ლევან გახელაძეს უქებენ სახელს, ხოლო რაც შეეხება დავით პაიჭაძეს, ანუ «პაჭანიკს», გახსოვთ, ალბათ, მან და გიგა ბოკერიამ ჯერ კიდევ იმ დროს დაიმკვიდრეს მიშას «პრუჟინიან სარეცელში» «საპატიო» ადგილები, როცა ჯიბეებში ქვებჩაწყობილები მამა ბასილის (მკალავიშვილი) მრევლს დასდევდნენ და გლდანსა და დანარჩენ საქართველოში თავიანთი ღმერთის _ იეღოვას იდეებს ავრცელებდნენ!..

იმის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, _ პაიჭაძე უნიჭო და მუცელღმერთა ტელევიზიის _ «საზოგადოებრივი მაუწყებლის» ერთერთ «სახედ» მოგვევლინადღეს ის ქვებს ჯიბით აღარ დაატარებს და თავი, ვოლტერი თუ არა, პრუდონი მაინც ჰგონია, ხოლო ბოკერია სააკაშვილის სექტის მთავარ იდეოლოგად და გებელსად გამოგვეცხადა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გებელსის ცოლს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუბედავდნენ, მაგალითად, ჰიმლერი, კალტენბრუნერი ან თუნდაც მიულერი და გერინგი იმას, რომ ქორწილში ამდგარიყვნენ და მისთვის ძუძუებში ჩაერგოთ თავი!.. 

მიხეილ-პროკრუსტემ თავისი სექტა სწორედაც რომ «სარეცელში» ჩამოაყალიბა და შექმნა _ ზოგს ენა მოაჭრა, რათა ბევრი არ ელაპარაკა და უსიტყვოდ შეესრულებინა შეფის ბრძანება; ზოგს _ ხელები, რათა უმისჟამისოდ სადმე რაიმე არ მოეჩხრიკა და უადგილო ადგილას ხელები არ ეფათურებინა; ზოგს ძუძუ მოაღეჭა, რითაც მშვენიერი მსხვერპლი, თავისი ჭკუით, სამუდამოდ «დაიბევა», ზოგს ფეხები წასხიპა, ვერსად რომ ვერ გაქცეულიყო; ზოგს გული ამოაცალა, რათა 7 ნოემბერს და 26 მაისს მშვიდობიანი ქართველების წინააღმდეგ მიქსეულს სიბრალულის განცდა არ დაუფლებოდა, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, სინდის-ნამუსი ვერავის წაჰგვარა და მოჰკვეთა, რადგან მიხეილ-პროკრუსტეს «სარეცელში» «გაჭიმულ-დაჭმუჭნულთაგან», არც სინდისი გააჩნდა ვინმეს და არც ნამუსი!..

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ცნობილია, რომ პროკრუსტე ათენელმა გმირმა _ თეზევსმა განგმირა და თავისსავე სარეცელში ამოჰხადა სული!..

აი, მიშას «სარეცლის» უკანასკნელი მსხვერპლი ვინ იქნება, არ ვიცი, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ დამარცხებული სააკაშვილი საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ «სარეცელზე» კი არა, «სტანოკზე» «გაჭიმოს»!..

იყო ასეთი კაცი საქართველოს ისტორიაში _ დომენტი კათალიკოსი _ ვახტანგ მეექვსის ძმა, რომელიც ისე იყო მეფობის სურვილით აცუნდრუკებული, რომ პატრიარქის ანაფორა გაიხადა, ქალებს დაერია და ცოლიც შეირთო, მაგრამ საქმეში ვერაფერს გახდა!.. სააკაშვილმა, იმისათვის, რომ თავისი ტახტი გაემყარებინა, ყველაფერი პირუკუ გააკეთა: ჯერ დაერია კაცებს _ ჟვანია და ბადრი პატარკაციშვილი მოიშორა, ხოლო მერე დაერია ქალებს!..

დომენტი კათალიკოსს იმის ზრდილობა მაინც ეყო, ჯერ ანაფორა გაეხადა და ქალებისთვის მერე დაეწყო ჩხიკინი, რასაც სააკაშვილზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან, მიშა თავშივე რომ გატიტვლებულიყო და ისე ელაპარაკა ტელეკამერების წინ, არც მაგის ატეხილ ომს «ვჭამდით», არც საჯიშე ბიჭებს დავკარგავდით და საქართველოც 150 სოფლით უფრო მდიდარი და წელმაგარი იქნებოდა!..

პროკრუსტე ყაჩაღი იყო, მიშაც ყაჩაღია!..

პროკრუსტეს სისხლი უყვარდა, სააკაშვილიც ისეა სისხლში ამოვლებული, როგორც, მაპატიეთ ამ ცუდი შედარებისთვის, ძაფზე აცმული მოხალული თხილი ფელამუშში!..

უამრავი მსგავსების მიუხედავად, სააკაშვილსა და პროკრუსტეს შორის განსხვავება მაინც ძალიან დიდია, _ არა მგონია, პროკრუსტეს იმდენი ხალხი დაეყაჩაღებინოს და «მიეჭიმ-მოეჭიმოს», რამდენიც მიშამ დახოცა და «მიჭიმ-მოჭიმა»!..

პროკრუსტეს საკუთარსავე სარეცელზე მოეღო ბოლო, როგორც ჩანს, არც მიშას ასცდება საკუთარი სარეცლის სტანდარტების შესაბამისად გასხეპვა. მიშას სარეცლის სტანდარტები კი ცნობილია _ «ნულოვანი ტოლერანტობა, არავითარი დანდობა, ყველანი ციხეში»!

ლუკა აბუსერიძე

 

1 COMMENT

  1. ამ ტექსტში მიშას მაგივრად ბიძინა რომ ჩაწერო,ნაციონალების მაგივრად ოცნების პერსონაჟები,შინაარსი დიდად არ შეიცვლება,ასე რომ თუ გგონია რომ განსაკუთრებულ ჭეშმარიტებას წერ ძალიან შემცდარხარ,პოლიტიკა ყოველთვის ბინძური საქმეა.

  2. არ ვარ "ქართული ოცნების"დიდი მეხოტბე, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილის ანტიქართული, სისხლიანი რეჟიმი პოლიტიკად მონათლო.ეტყობა, ბატონ როზგს არ მოხვედრია სააკაშვილის ზონდერების როზგები, თორემ ასეთი ბრიყვული კომენტარისგან თავს შეიკავებდა.ის რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა,ბატონი როზგის აღმოჩენა არ გახლავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here