Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთთან დიალოგს და ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს

რუსეთთან დიალოგს და ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს

621

27 თებერვალს სასტუმრო «ვერე პალასში», ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ქართულრუსული ურთიერთობების შესახებ პირველი საზოგადოებრივი დისკუსია გაიმართა, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, კულტურისა და სპორტის სფეროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეები პატრიარქისა და ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ინიციატივას მიესალმებიან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქართულრუსული ურთიერთობების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და ვერ ხედავს მათი მოგვარების გზასამ საკითხზე «საქართველო და მსოფლიოს» შეხვედრის რამდენიმე მონაწილე ესაუბრა.


შეხვედრის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია «ევრაზიის ინსტიტუტის» ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

_ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და მომავალში საქართველოში რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლების ჩამოყვანაც იგეგმება. საზოგადოებრივი აზრი რუსულ-ქართული ურთიერთობების სასიკეთოდ უკვე არსებობს. ეს არ არის მხოლოდ «ნაციონალების» გადასაწყვეტი საკითხი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ქართველი ხალხის პოზიციას კი, პირველ რიგში, ეს ადამიანები გამოხატავენ, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან, ეს ინტელიგენცია, საზოგადო მოღვაწეები, ჩვენი სახელოვანი ვეტერანი სპორტსმენები და ახალგაზრდობა. მე არ ვამბობ, რომ ყველა ერთ აზრზეა, მაგრამ ყველას ერთი სულისკვეთება აქვს, ყველა მათგანი მხარს უჭერს ახალი ხელისუფლებისა და პატრიარქის სულისკვეთებასა და პოზიციას _ მოგვარდეს რუსეთთან ურთიერთობა.

შეხვედრის ერთერთი ორგანიზატორი და «სახალხო კრების» ერთერთი ლიდერი ლაშა ამირეჯიბი:

_ კულტურა და მეცნიერება ხელს არ უშლის ურთიერთობების დარეგულირებას. პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ხელოვანმა ხალხმა კი დაიწყოს ურთიერთობა, ამით არაფერი დაშავდება. პირიქით!

  მე ვხედავ, როგორც ქართულ, ისე რუსულ ინტელიგენციას დიდი სურვილი აქვს ურთიერთობის აღდგენის. ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, თავის მხრივ, ქართულმა საზოგადოებამაც უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი. ყველაფერს სჭირდება დაწყება და მოსინჯვა. ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა დადოს თავისი აგური ამ საქმეში. ეს პრესკონფერენცია აპოლიტიკურია, აქ არც ერთი პოლიტიკოსი არ იმყოფება. ეს არის ქართული საზოგადოების შეხვედრა.  

არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე

_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორ მომენტს გამოვყოფ: პირველი. გავიხსენოთ, რომ ევროპამ ოფიციალურად აღიარა მულტიკულტურალიზმის კრახი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გაუცრუვდათ იმედი, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტები კულტურულ ასიმილაციას განიცდიდნენ და ადგილობრივი სახელმწიფოს ერს შეერეოდნენ. ეს ასე არ მოხდა, რამაც საზოგადოება კონფლიქტებამდე მიიყვანა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქართველმა კულტურული ასიმილაცია არ განიცადა, ვინაიდან ჩვენ ერთი კულტურის, რელიგიის მატარებელი ერები ვართ და არავითარი კონფლიქტის საფუძველი ჩვენ შორის არ არსებობს.

  მეორე. გადავავლოთ თვალი არაბეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოო ჯამში, ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ რადიკალური ისლამისტები, რომლებიც «ვაჰაბიტების» სახელით არიან ცნობილნი და რომელთა პოლიტიკურ ფრთას ე.წ. ძმები მუსლიმანები წარმოადგენენ. მათთვის სახელმწიფოსა და ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი საკითხს განიხილავენ მხოლოდ და მხოლოდ კულტურული და რელიგიური იდენტურობის ნიშნით. ეს არის აგრესიული მიმდინარეობა, რომელიც სისხლისღვრით მოვიდა ხელისუფლებაში და უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი დასავლეთისკენ მოიწევენ და, რაც ყველაზე სახიფათოა, ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაშიც ცდილობენ დამკვიდრებას. მათ მარტო ვერ გავუმკლავდებით, გვჭირდება პარტნიორი და, თუ მუსლიმანებისთვის რელიგიურ-კულტურული ერთიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი რუსეთთან ურთიერთობაზე?!

მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დაიწყო, ასეთ ღონისძიებებს კარგის მეტი არაფერი მოაქვს.

მომღერალი, ანსამბლ «ფორტეს» ხელმძღვანელი ზურა მანჯავიძე:

_ მართალია, სკეპტკური განწყობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იმუშავო ამ საკითხებზე. ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, მაგრამ მიზანი უნდა გვქონდეს ერთი, რომ აუცილებელია, მეტიც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. შეუძლებელი არაფერია, თუ მოვახერხეთ საუკუნოვანი მტრებისთვის გაგვეწოდებინა ხელი, რომლებიც მუდმივად გვავიწროებდნენ და ჩვენი ტერიტორიები დღემდე მითვისებული აქვთ, თუ მოვახერხეთ მათთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და სტრატეგიული პარტნიორობაც კი, შესაძლებელია რუსეთთანაც მოგვარდეს ურთიერთობა.

  ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობა. რა თქმა უნდა, არა ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობით ვერაფერი მოვიგეთ.

კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი იქნება, თუ ნორმალური ადამიანები დაელაპარაკებიან ერთმანეთს და არა არანორმალური მთავრობის მეთაური, როგორიც გვყავდა. მოწინააღმდეგე რაც უნდა ბოროტი იყოს, როცა მას ვაჟკაცურად ელაპარაკები, არ მოატყუებ, ყოველთვის არსებობს შანსი, რომ რაღაც გამოვიდეს ამ მოლაპარაკებიდან. მოლაპარაკება მტრებს შორის ბრძოლის დროსაც არსებობს. ამის ისტორიული მაგალითიც ბევრი გვაქვს და პიროვნებები, ყველაფერს თუ ვერა, ბევრ რამეს წყვეტენ.

ქართველი ხელოვანები, რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ. ნათქვამია, «წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო» და დღეს თუნდაც ხავსზე მოსაჭიდებელი რაკი გვაქვს, ყველა გზა, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ ურთიერთობის დასარეგულირებლად, თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება გაჩნდეს შანსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. ასე რომ, იმედი არსებობს, საშუალება არის. დარწმუნებული ვარ, ეს გზა ადვილი არ იქნება, მაგრამ მეგობრობასა და ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ლონდერ ცაავა:

_ დღევანდელი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1995 წელს, როდესაც ჯერ მხოლოდ სამი წელი იყო გასული აფხაზეთის ომიდან, მე და თამაზ ნადარეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით, სადაც ამერიკელ მაღალჩინოსნებს შევხვდით. მათ მოვუყევით, თუ რა ნეგატიური როლი შეასრულა რუსეთმა ჩვენს ურთიერთობებში, ვაკვირდებოდით ამერიკელების გამომეტყველებას და გვეგონა, მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რა მოხდა და როგორია რუსეთი, მაგრამ თანაგრძნობის მაგივრად გვითხრეს, რუსეთთან საერთო ენა უნდა გამონახოთო. მაშინ ამერიკელების ნათქვამი მეხის გავარდნას ჰგავდა ჩვენთვის. ცხადია, რომ რუსეთის გარეშე არც სამაჩაბლოს და არც აფხაზეთის კონფლიქტი არ გადაწყდება. ყველა ომს აქვს საბაბი და რუსეთი ყოველთვის კარგად ახერხებდა ჩვენთვის ეს საბაბი მოეცა. დღესდღეობით  ურთიერთობის დარეგულირების პროცესი იწყება.

  შორენა ცივქარაშვილი

P.S. შეხვედრაზე საწინააღმდეგო აზრიც მოვისმინეთ. მაგალითად, მსახობი გია ბურჯანაძე რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის დარეგულირების წინააღმდეგი გამოვიდა.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here