Home რუბრიკები სამართალი ნიკოლოზ მჟავანაძე: ამერიკას ხელს აძლევს «ნაციონალური მოძრაობის» რეანიმირება

ნიკოლოზ მჟავანაძე: ამერიკას ხელს აძლევს «ნაციონალური მოძრაობის» რეანიმირება

569

წინასაარჩევნოდ «ქართული ოცნების» ერთერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ყველა თანამდებობის პირი, რომლებიც დანაშაულში იყვნენ შემჩნეულნი, აუცილებლად დაისჯებოდა, მაგრამ სიტუაცია სხვანაირად წარიმართა _ საგამოძიებო ორგანოების ჩინოვნიკები დღეს თავისუფლები არიან და ყოფილი ქვეშევრდომების ამნისტიას ითხოვენ. ამის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» «უფლებადამცველთა გაერთიანების» თავმჯდომარე ნოკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

_ «ქართულმა ოცნებამ» რეალურად ვერ გაიგო ქართველი ხალხის მესიჯი. ქართველი ხალხის მესიჯი ნიურნბერგის მსგავსი პროცესის ჩატარებაა, «ნაციონალური მოძრაობა» უნდა გასამართლდეს, როგორც რეჟიმი. ხელისუფლებაზე იმდენად დიდია დასავლეთის ზეგავლენა, რომ ამის გამო ბრკოლდებიან. პარასკევს გავრცელდა ჰილარი კლინტონის წერილი, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოაბიტაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ხაინდრავამ, რომელიც აქამდე სხვანაირად მოქმედებდა, რატომ შეიცვალა აზრი, არ მესმის. საუბრობენ დაბალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებაზე. ხელისუფლებამ ამ ხალხს რომ აპატიოს, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული. ამნისტიაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, როდესაც ჯერ არავინ გასამართლებულა. რეჟიმის გასამართლება იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი გასამართლდეს. რეჟიმი შექმნეს ადამიანებმა. ხალხი ჯერ ელოდება, მობეზრდებათ და სხვანაირად მოიქცევიან. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ბრალდებებზე ვერ ხდება სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, გუნავას რაღაც სისულელე წაუყენეს. ეს ხდება იმის გამო, რომ პოლიციასა და პროკურატურაში კვლავაც ძველი კადრები რჩებიან. ქაჩიბაია, სააკაშვილის ხელისუფლების გუნდის წევრი, ერთ-ერთი პროპაგანდისტი იყო. ყველას კარგად გვახსოვს მისი საუბრები გახმაურებულ საქმეებზე, დღეს იგი ქალაქის პროკურატურაში დააწინაურეს. ასევე დაწინაურდნენ სხვა პროკურორებიც. კირკიტაძის მოადგილეც პროკურატურაში გადმოიყვანეს. როგორც სააკაშვილის ქმედებებში არ იყო ლოგიკა, ისე ამ ხელისუფლების ლოგიკას ვერ ვხედავ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ეს ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, როგორც ვატყობ, ძალიან ცუდად დაამთავრებს.

_ თქვენ ახსენეთ დასავლეთის ზეწოლა. საზოგადოებას არ ახსოვს მათი ასეთი მწვავე რეაქციაროდესაც სააკაშვილი ახორციელებდა მასობრივ დაჭერებს

_ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ციხის კადრებამდეც არსებობდა ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობა. მათთვის სააკაშვილის რეჟიმი იყო მისაღები. მასობრივი უკმაყოფილების ფონზე დასავლეთის ორგანიზაციების კვლევის შედეგები მაინც სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებდა. ციხის კადრების შემდეგ დასავლეთი იძულებული გახდა, ეღიარებინა ქართველი ხალხის ურყევი ნება. რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმი რომ აღარ არსებობს, ძალიან დიდი როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ერთი რამეც ნუ დაგვავიწყდება: სააკაშვილი თუ გამოაცხადებდა, რომ არჩევნები მოიგო, ვერაფერი შეაჩერებდა ქართველ ხალხს. სხვანაირად მოხდებოდა ხელისუფლების შეცვლა. ისინი იძულებულნი გახდნენ, ეს ნაბიჯი გადაედგათ. რატომ იყვნენ მაშინ ჩუმად, როდესაც ამხელა რაღაცები ხდებოდა: ახლა ჯერ კაცი არ დაჭერილა და ახალაიაზე რამხელა ამბავი ატეხეს. მერაბიშვილი რომ დაიჭირონ, ალბათ, მეორედ მოსვლა დაიწყება. ჯერ სათანადოდ ვერ მუშაობენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელჩები ახლა შეიცვალა. გარკვეული პრობლემები არსებობს ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. ხელისუფლებამ, თუ ქართველი ერის ნების გამომხატველია, არავის ჭკუაზე არ უნდა იაროს. ჩვენ არ ვითხოვთ, ვიღაცას სისხლი ვადინოთ ან უდანაშაულო ადამიანები დავსაჯოთ _ ხალხი ითხოვს სამართლიანობას. მე შეგახსენებთ უფლებადამცველ სიმონ მინვენტარს. მან ფაშისტური რეჟიმის გასასამართლებლად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია. ეს ადამიანი სხვათა შორის საკონცენტრაციო ბანაკებშიც იყო და არაერთი ნაცისტი გაასამართლა. ამაზეა საუბარი. თუ ხელისუფლება ვერ განახორციელებს სამართლიანობის პოლიტიკას, ხალხი აიღებს პასუხისმგებლობას და ეს უფრო ცუდი იქნება. მიტინგის გამართვას არავინ კრძალავს. მაგრამ იმის ნაცლად, რომ პასუხი აგონ, შეტევაზე გადმოდიან. პროკურატურა კი სირაქლემას როლშია.

_ 2008 წლის აგვისტოს ომზე ძალიან ბევრმა სამხედრო პირმა ისაუბრა მაღალი თანანმდებობის პირების დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობაზე. ბევრს საუბრობდნენ ქართული ჯარის სიძლიერეზე, მისთვის დახარჯულ თანხებზე, მაგრამ რეალურად ომო წავაგეთ. უნდა დადგეს თუ არა კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი?

_ მოგეხსენებათ, სააკაშვილი და მერაბიშვილი უკან დაბრუნებით იმუქრებიან. ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ ისინი, შესაძლოა, მართლაც დაბრუნდნენ. სწორედ ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ძალიან ბევრი დანაშაულის შესახებ. ყველა რობაქიძისა და გირგვლიანის მსგავსი გმირი არ აღმოჩნდა. როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტობას ჩამოშორდება, ომის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი. სასამართლო სააკაშვილისააო. კუბლაშვილის წინააღმდეგ ჩვენ არაერთი მტკიცებულება მივაწოდეთ. მისი სარჩელისთვის არავითარი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის საჭირო. თუ პროკურატურა წარადგენს და პარლამენტი მისცემს თანხმობას, ავტომატურად მოხდება მისი დაპატიმრება. გვენეტაძე და ტურავა დანაშაულის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. ესენი ყველაფერში დასავლეთს უყურებენ. სწორედ ამას გადაყვებიან. ძალიან არ მინდა, რომ ასე მოხდეს. სააკაშვილი მოსაცილებელი რომაა, ამიტომაა ხალხი ჩუმად. თუ ასე გააგრძელეს, ავტომატურად შეიცვლებიან.

_ საზოგადოებაში არსებობს ინფორმაცია, რომ მაღალი თანამდებობის პირებს გარკვეული გარანტიები მისცეს, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

_ ხელისუფლებების ქმედებები ეჭვს ბადებს, რომ ასეთი გარანტიები მართლა არსებობს. ამნისტიაზე საუბრის უფლება ვინ მისცათ? წინასაარჩევნოდ აცხადებდნენ, რომ თითოეული ადამიანი ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებდა.  მათი ლოგიკით, პატიმრების გამაუპატიურებლებზე ამნისტია უნდა გავრცელდეს. მე არ მინდა დაჯერება, მაგრამ გარანტიები მიცემული რომაა, მათი ქმედებიდან ჩანს. შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ არ უნდათ სიტუაციის  გამწვავება. არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკას ხელს აძლევს რეანიმირებული «ნაციონალური მოძრაობა». ყველაფერი აქეთ მიდის. ჩიორა თაქთაქიშვილი ხუთი დღის მერე მოინახულეს. ამ ხალხის გმირებად ქცევა ხდება. პროვოკაცია მოეწყო და პოლიციაც დოყლაპიასავით იქცეოდა. შე დალოცვილო, რისთვის გყავს ეს კონტიგენტი, ადექი დააყენე და არ დაუშვა პროვოკაცია! ყველაფერს ამას ხელისუფლება უწყობს ხელს, დოყლაპიებივით იქცევიან.

_ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. მოგეხსენებათ, ნატო აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას და ვერ მიგვიღებს, სანამ კონფლიქტი გვექნება. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, გვესმის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მაგივრად კიდევ დავკარგეთ ტერიტორიები. სად იქნა დაშვებული შეცდომა?

_ სხვათა შორის ტერიტორიების დაბრუნება შევარდნაძის დროს გაცილებით ადვილი იყო. შევარდნაძის დამცველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ცხინვალში ჩასვლა შესაძლებელი იყო. კიდევ არსებობდა რაღაც სახის ურთიერთობები. კონსტიტუციაში ყოველგვარი ჩანაწერის გაკეთება ჩემთვის მიუღებელია. მთავარია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. თუკი გარკვეულ რაღაცებზე უარის თქმით აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ასეც უნდა მოვიქცეთ. არ უნდა ავყვეთ სულელურ, აუხდენელ ოცნებებს. ნატოში გაწევრიანება ჩვენი უსაფრთხოებისთვის საბოლოო გარანტია არ არის. პოლონეთის დახმარების ვალდებულება ჰქონდა ევროპას, მაგრამ გაწირეს. ერთა ლიგაში რომ იყო საქართველო, მაშინაც არ დაგვხმარებიან. ნატოში რომ გავწევრიანდეთ და რაღაც პრობლემა შეგვექმნას, არც ამ შემთხვევაში მოიკლავენ თავს. მაპატიეთ და ეს იდიოტები ამბობენ, რომ რუსეთთან არ უნდა დავილაპარაკოთ. ეს ძლიერი ქვეყანაა, ტერიტორიები რომ წაგვართვა, დაგვარბიაო. ვიცით ეს, მაგრამ მასთან დიალოგის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. თავად პატრიარქს დააკვირდით, რუსეთთან დაახლოებას როგორ ცდილობს. უდიდესი ბრძენი ადამიანია პატრიარქი. მისი დახმარების შედეგად პერევი დავიბრუნეთ. შემდეგ ესენი შევარდნენ. რუსეთთან თუ არ დავამყარეთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც საწინდარი იქნება შემდგომი პერსპექტივისთვის, ძალიან ცუდად წავა ჩვენი საქმე.

_ ანუ საგარეო ვექტორი გადასახედია?

_ ნატოს პერსპექტივებს გარკვეულწილად გადახედვა სჭირდება. თუკი ჩვენ გაგვიჩნდება შანსი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ნატოზე. პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ. დღეს შეიძლება ჩვენი მოკავშირე ამერიკაა და ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს. ჩვენთვის მისაღები რომელი ფორმაც იქნება, ის უნდა ავირჩიოთ. მიუღებელია, ვიყოთ ნატოს წევრი და უარი ვთქვათ ტერიტორიებზე.

_ ძალიან აქტუალური თემაა რობაქიძის საქმე და აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ: ტელევიზიით გავრცელდა ახალი ვიდეო, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ბადებსრატომ ამდენი ხნის შემდეგ, ვისი ხელი მოქმედებს და . . რამდენად სწორად მიგაჩნიათ დონაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება?

_ სასამართლოს მხრიდან დონაძის მიმართ გირაოს შეფარდება არ არის გასაკვირი. დაკვეთა თუ იქნება, ამ სასამართლოს ილია ჭავჭავაძის მკვლელიც რომ წარუდგინონ, იმასაც გაათავისუფლებენ. სასამართლოს რეფორმა როდესაც განხორციელდება, თითოეულმა მოსამართლემ უნდა აგოს პასუხი. ვინმეს ნუ ჰგონია, რომ ციხის ჯალათებზე უკეთესია ეს ხალხი. სწორედ მათი გადაწყეტილებების შედეგად სვამდნენ ადამიანებს ციხეში. რაც შეეხება რობაქიძის საქმეს, სპეციალურად შემოაგდეს ეს მტკიცებულება, რათა სასამართლოს ლავირების საშუალება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სასამართლო იტყვის, რომ იზიარებს დონაძის მტკიცებულებას იმიტომ, რომ უფრო ნათელია და ობიექტური.

_ თუმცა მისი ავთენტურობის საკითხი ეჭვქვეშ დგას

_ ჩვენ გვყავდა მოწვეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტები. ოფიციალურად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ გაყალბებულია. რაღაც სისულელეებით ებღაუჭებიან ხავს. იოლი ფალსიფიკაციით საქმეების შეკერვას ისეა ეს ხალხი მიჩვეული, ალღოც დააკარგეს, რომ რაღაც ისეთი მოიფიქრონ, ცოტათი მაინც იყოს დამაჯერებელი. იმ პოლიციელმა ჩვენება ხუთჯერ შეცვალა. მარტო მაგის გამო უნდა მიეცეს პასუხისგებაში, რადგან ცრუ ჩვენება კანონით დასჯადი ქმედებაა. პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. სისხლის სამართლის კოდექსით, დაუხმარებლობა დასჯადი ქმედებაა. ნახევარი საათი სისხლისგან იცლებოდა და კაცმა არ მიაქცია ყურადღება. დახმარება რომ აღმოჩენილიყო, შესაძლოა, გადარჩენილიყო. ამაზე პროკურატურას რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. ფალსიფიკაციაზე კიდევ სხვა მუხლი არსებობს. უდანაშაულოდ ხოცავდნენ ხალხს და ეს იყო მათი რეალური სახე. ჰიტლერის ქმედება არ არის გასამართლებელი, მაგრამ ის საკუთარ ხალხს არ ერჩოდა. ამათ კი რეპრესიები ქართველ ხალხს მოუწყვეს. კიდევ ვიმეორებ: თუ ეს რეჟიმი სათანადოდ არ გასამართლდა, შემდგომში სხვა ხელისუფლებები უარესს გააკეთებენ.

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here