Home რუბრიკები საზოგადოება გოგი თოფაძე: ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს

გოგი თოფაძე: ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს

575

პარლამენტის დეპუტატის მიერ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პირველი 100-დღიანი პერიოდის შეფასება კერძოდ ამ დეპუტატის საქმიანობის შედეგებს რომ დაემთხვეოდა, ვიცოდი. ასეც მოხდა. ცნობილი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის გოგი თოფაძის პასუხმა ჩემს შეკითხვაზე, რას იტყვიმეთქი შენს 100 დღეზე, ეს ვარაუდი, მოლოდინსამებრ, დაადასტურა. რას იტყვიმეთქი, ზუსტად ასე, ბიჭურად, რაც პირველ სკოლაში მოწაფეობის ალალი ურთიერთობებიდან მოგვდევს და დღემდე შემოგვრჩა. გულწრფელობა უპირველესი პირობაა ინტერვიუს ჩამორთმევისას (ეს ელემენტარულია) და ნუ ჩაგვითვლის «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველი ასეთ ტონალობას მისდამი უპატივცემულობის გამოხატულებად. პირდაპირ გეტყვით: ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, არ გამოგვივიდოდა მე და გოგის ოფიციალური გაფხორილობა.

_ ცოტა ხომ არ ვჩქარობთ? _ მიპასუხებს გოგი თოფაძე, _ მე ვფიქრობ, 100 დღე ძალიან მოკლე ვადაა იმ ნგრევითი პროცესების შესაჩერებლად, რომლებიც ცხრა წლის და, შესაძლებელია, უფრო მეტი დროის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში. სასიკეთოდ შემოსაბრუნებლადაა მცირე ხანი.

ჯერ იმათ უნდა აგონ პასუხი იმისთვის, თუ რატომაა საქართველო მთელს ამ რეგიონში ყველაზე სუსტი და ჩამორჩენილი ქვეყანა, ყოველმხრივ _ სოციალურად, ეკონომიკურად, თავდაცვის პოტენციალით… შენი სისუსტის მიზეზით, აქეთ ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდა დავითგარეჯის გამო, იქით სხვამ შენს საქონელზე უარი თქვა და ასე შემდეგ.

_ უკეთესობა არ ჩანსო, ამბობენ

_ იმიტომ არ ჩანს, რომ ამ მოკლე დროში ჯერ საფუძველი ეყრება გამარჯვებული ძალის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, რადგან ხომ ვიცით, რა მასშტაბისა იყო ის ნეგატიური პოლიტიკა, აქამდე რომ განახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება. ისეთი ცუდი სიტუაცია დაახვედრეს ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი 100 დღეში გამოსწორება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ხომ გახსოვს ვანო მერაბიშვილის დადგმული ანტიპრიზა, როცა დაგვაბოლა, რომ ბიუჯეტში ორი მილიარდი ლარი არისო.

_ და არ აღმოჩნდა.

_ მიშას დაპირებების, ხოშკაკალასავით თავზე რომ გვაყრიდა, ხომ არავის გვჯეროდა? უფრო ადრე _ «მოქალაქეთა კავშირის». არ გვჯეროდა და მეორე დღესვე ავიწყდებოდა მთქმელსაც და გამგონებელსაც.

მე მგონი, დღეს ყველა ხედავს, როგორი გაავებით უშლიან ხელს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს დანაპირების შესრულებაში.

მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. და ხალხსაც გაუჩნდა იმედი.

_ და ეს არის პირველი შედეგი ახალი ხელისუფლების ასდღიანი მოღვაწეობის.

_ პირველი და მთავარი შედეგი. ქვეყნის სათავეში მოვიდა პიროვნება, რომელიც არა მარტო შეუდგა ვითარების გამოსწორებას, არამედ _ შეუძლია კიდეც.

მისი სჯერა ხალხს.

ზოგი ჩქარობს, რატომ ამდენ ხანს არ შესრულდაო. ყოფილი ხელისუფლება ძალიან არასწორად იქცევა, როცა აღვივებს ანტაგონისტურ განწყობას ახალი მთავრობის მიმართ. ხომ ხედავ, პარლამენტში რაც ხდება, რა თავხედურ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს ეს მემკვიდრეობა მათი დანატოვარი არ არის.

მაგრამ ხალხმა დაიჯერა, რომ მოვიდა კაცი, რომელსაც სიკეთე სურს ქვეყნისთვის და ეს ყველაზე დიდი შედეგია.

_ დანაპირების შესრულებას სჭირდება დრო, თანაც საკმაო დრო, არა?

_ მაგრამ ხალხი ისეთ სასოწარკვეთამდეა მიყვანილი, რომ ჩქარობს, ვერ ითმენს. ამიტომ ედავებიან, და ამის გეზი ისევ ყოფილი ხელისუფლების შემორჩენილმა «დიდმა აქტივისტებმა» მისცეს.

ამასობაში დამტკიცდა ბიუჯეტი, რომლიდანაც გაქრა პრეზიდენტის ხუშტურების დაკმაყოფილებისთვის გასაწევი ხარჯები. სერიოზული პროგრამა ხორციელდება ჯანდაცვის სფეროში, გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება პენსიები. სოფლის მეურნეობის კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსაყვანად შეიქმნა სპეციალური ფონდები. ყოფილმა ხელისუფლებამ ბენდუქიძის თამადობით სოფელი მიწასთან გაასწორა.

ვინ გარბის საქართველოდან? ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ სოფლის სიძლიერეს, დოვლათს. გააქციეს, დაიცალა სოფელი.

არ უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბენდუქიძეს, ამ საქმეში დამნაშავე ჩინოვნიკებს?!

სოფლის დანგრევა ხომ ქვეყნის დანგრევაა!

მთელი სოფელი დიდუბის ხიდთანაა ჩამწკრივებული დღიური სამუშაოს მოლოდინში და _ ვერ შოულობს.

ამას 100 დღეში ვერ გაასწორებ.

მიზანმიმართულად ანგრევდნენ ქვეყანას ის ჩვენი უცხოელი «მრჩეველები». თუმცა, რასაც ისინი აკეთებდნენ, იმას რჩევა არ ჰქვია, ბრძანება უფრო იყო. მე მინახავს, კონსულტანტები დიდი ქვეყნიდან როგორ აგდებულად ელაპარაკებოდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ახლაც იმავეს არ ცდილობენ?! იქით ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები «წუხან», რომ საქართველოში სააკაშვილის აშენებული დემოკრატია ირღვევა, აქეთ ამერიკის ელჩი ნერვიულობს _ პოლიტიკური დაპატიმრებები მიმდინარეობსო…

_ მე მგონი, თეა წულუკიანი, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, შეძლებს იქაური ისტებლიშმენტის დარწმუნებას, რომ «ეგრე არ არი, თაყაო»…

_ მეც ასე ვფიქრობ. მილიონობით დოლარი რომ უჯდებოდა სააკაშვილს, იმ პიარის ბურუსი ბოლოს და ბოლოს გაიფანტება.

ყოფილმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში მომსპარიყო საქმიანი აქტიურობა.

_ ბიზნესს გულისხმობ?

_ უწინარეს ყოვლისა, ბიზნესს! ისეთი კანონები მიიღეს, რომ არავის გასჩენოდა სურვილი წარმოების გაფართოების და მოდერნიზაციის. ბიზნესის წართმევის და ყაჩაღობის ისეთი სისტემა შექმნეს, რომ ვერავინ დაიძვრენდა თავს მათი დაგებული მახეებიდან: დამბრალებელს კი არ უნდა ემტკიცებინა, რომ ბიზნესმენი დამნაშავეა, დაარღვია ესა და ეს მუხლიო, არამედ მეწარმეს უნდა ემართლებინა თავი ჩაუდენელ დანაშაულში.

სასამართლოში ვის რას მოაგებინებდნენ, კარგად იცი.

_ მე კი ვიცი, პარლამენტში თუ იციან?

_ არ მინდა, მკაცრი ვიყო, ამიტომ ასე ვიტყვი _ ალბათ, ბევრი ვერ ხვდება, ვერ აანალიზებს სიტუაციას. როგორი განათლება ან რა გამოცდილება შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, 21 წლის გოგოს, ან პარლამენტის დეპუტატებად აკრეფილ ბიჭებს, რომლებიც ერთი კაცის სურვილით, ღმერთმა იცის, რატომ უნდა იყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

საქმე იქეთ მიდიოდა, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონოდა, არც სოფლის მეურნეობა, არც მრეწველობა, არც გასაღების ისეთი, მსოფლიოში უდიდესი ბაზარი, როგორიც რუსეთია!

_ ეს იყო სრული იგნორირება თქვენი ცნობილი ლოზუნგის «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს», ანუ მისი გადაბრუნება!

_ რა თქმა უნდა! საქართველოს მრეწველობა, უწინარეს ყოვლისა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი მრეწველობა იყო, რაც ქვეყნის მშპ-ს 70 პროცენტს შეადგენდა. მოსპეს და გაანადგურეს. ასამდე მეურნეობა-ქარხანა მოქმედებდა საქართველოში. განვითარებული იყო ეთერზეთების წარმოება, რომელიც არა თუ ვერ შეინარჩუნეს, იყო თუ არა საერთოდ, არც გაუგიათ.

_ მოვიდა ახალი მთავრობა და დახვდა უამრავი დაყაჩაღებული ბიზნესმენი, ისინი, ვისაც ყოფილებმა საქმე წაართვეს, გადაიფორმეს, გაუყიდეს.

_ სასამართლო რომ ჯერ ამათია, თუნდაც ორშაბათის მაგალითი ადასტურებს _ მილიონების მიმთვისებელი უგულავა უცოდველ კრავად რომ წარმოადგინეს, ეს ერთი. შემდეგ _ საკრებულოები, გამგებლები, პრეზიდენტის დანიშნული რწმუნებულები.

ამათ ვიღაცას წაართვეს ბიზნესი და თავიანთ კაცს _ «ნომენკლატურულ ბიზნესმენს» სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად მიჰყიდეს. ეს უკანონობა იოლო გამოსასწორებელია, მაგრამ, როცა რამდენიმეჯერაა ხელიდან ხელში გადასული ბიზნესი, ასეთ შემთხვევაშია დაბრუნება გართულებულია.

რამდენიმე ფაქტი ვიცი, როცა ლარად «ნაშოვნი» ქონება, მოლაპარაკების თანახმად, კანონიერ პატრონს დაუბრუნა უკანონო მფლობელმა.

სამაგიეროდ, ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა გართულებულია უკანონოდ მიტაცებული ქონების პატრონისთვის დაბრუნება. შორს რომ არ წავიდე, ჩემი პარტნიორის _ ლუკა თამაზაშვილის ფაქტზე ვიტყვი. ნაომარი კაცი, ოთხი შვილის მამა, ნაღდი ქართველი, ყოფილმა ხელისუფლებამ 7 წლით ციხეში გამოამწყვდია. წაართვა ყველაფერი, რაც ებადა, მთელი ბიზნესი წაართვა _ სოფელ ფშავლის ფერმერი იყო, ხეტყის გადამმუშავებელი, თანამედროვედ აღჭურვილი ქარხანა გაუპარტახა.

_ რატომ დააპატიმრეს?

_ იმიტომ, რომ ხეტყე იმათი ბიზნესი იყო. ეს ერთი. და მეორე: რატომ დაიჭირეთ-მეთქი, რომ დავინტერესდი, სიტყვა-სიტყვით ასე მიპასუხეს: ჩვენს ადგილზე თქვენც არ გამოუშვებდით, _ გავლენიანი კაცი იყო და სიტუაციას აგვირევდაო.

ესეც _ იმათი სამართალი.

_ ახლა დაუბრუნეს ქარხანა?

_ რაღა აზრი აქვს?! საქართველოს მთელი ტყე ჩინელებს მიჰყიდეს. ჩინელების დამუშავებულ ტყეში ნაფოტიც არ რჩება. ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე გაიკეთეს თავიანთი ბაზა, ქალაქს აშენებენ ჩინელებისთვის, და ის ხალხი, რომელმაც ასეთი პრობლემა შექმნა საქართველოში, თავხედურად გვიმტკიცებს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანით, რეგიონის აყვავებისთვის იღვწოდნენ. ესეც _ მათი მამულიშვილობა!

_ უმრავლესობას გსაყვედურობენ, რომ «ოპოზიციის» ნაკარნახევი რეგლამენტით მუშაობთო. მე რომ ვუყურებ, ეს ინტერვიუც იმ კვალზე მიდის. მოდი, შევცვალოთ მიმართულება და იმ პრობლემაზეც ვილაპარაკოთ, რომელიც ოქტომბერში გვექნება გადასაწყვეტი: პრეზიდენტის არჩევა გველის.

_ ახლა თითქოს ჯერ სადაა, მაგრამ დრო ისე მალე შემოგვადნება, მოხედვასაც ვერ მოვასწრებთ.

_ ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ «საქართველო და მსოფლიოს» მთავარი რედაქტორის, ირაკლი თოდუას მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში ამასთან დაკავშირებით საყურადღებო რამ თქვა: «ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისას საერთო ნაცნობების მეშვეობით ვცდილობდი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულიყო პოლიტიკურ მოღვაწეობაში, რათა შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინამაშინ მიპასუხეს, რომ ესაუბრნენ მას, მაგრამ ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვაზე კატეგორიული უარი განაცხადა».

_ მართლაც საინტერესო ინფორმაციაა.

_ შემდეგ: კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის  მოვალეობების განაწილებასთან დაკავშირებით მან, აი, რა განაცხადა: «მიმაჩნია რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა. ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს».

სწორად მიგაჩნიათ აქცენტების ასეთი გადანაცვლება?

_ ძალიან აქტუალური პრობლემაა. ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის თავისთვის «დაბევებით», ანუ უფლებებისგან რომ გაძარცვა პრეზიდენტი და მომავალი პრემიერი აღჭურვა იმავე უფლებებით, ფუჭი გამოდგა. არ ეგონა, რომ ასე რადიკალურად შეიცვლებოდა სიტუაცია.

ბატონი ბიძინა ფიქრობს, გააფართოოს პრეზიდენტის უფლებები.

_ პრეზიდენტის?

_ ჰო, პრეზიდენტის. იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ იყოს ქმედუნარიანი პრეზიდენტიც _ არა ისეთი, სააკაშვილს რომ სურდა. ჩვენი პარტია, «მრეწველები», ამას მივესალმებით. წამყვანი ძალა იქნება პრემიერ-მინისტრი _ ეკონომიკა, სოციალური სფერო, ქვეყნის მართვა საბაზისო დარგებში და ა.შ., მაგრამ არც პრეზიდენტი უნდა იყოს «კუკლა», ბურატინო.

ახლა, რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორს. ეს ჩვენი ყოფილები ისე გათავხედდნენ, რომ მოითხოვეს მაინც და მაინც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს ნატო და ევროკავშირი. ხომ ხვდები, რომ ეს მოთხოვნა სხვების ნაკარნახევია?

_ დიახ. მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ ჩასაძირად განწირული გემის კაპიტნის «წერეთლის დანაბარებიც» იყოს: «მიდიოდა რა ჩვენგან ამხანაგი ლენინი»…

_ არ გამოვრიცხავ. ნატოსთანაც კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ევროკავშირთანაც, მაგრამ რუსეთთანაც დავალაგოთ მეზობლობა!

მარტო ბაზართან არ არის დაკავშირებული ასეთი ორიენტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა აწყობილი იყო რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე. ევროპასა და ამერიკაში რამეს შეგატანინებენ?!

სხვა რამ მაქვს მხედველობაში: აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების გასაღები მოსკოვში დევს. ჩხუბითა და ომით ნაპოლეონმა და ჰიტლერმა რუსეთს ვერ მოუგეს.

ამათ ვეკითხები: რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა უმჯობესი იქნება თუ დასამარცხებლად განწირულ ომში ჩაბმა?

ჯიუტად თავისაზე დგანან.

რატომ უნდა ვაგინოთ რუსეთს? იმიტომ, რომ ვიღაცები მოითხოვენ, გინდათ თუ არა, ასე მოიქეცითო?! ეს ხომ არანორმალურობაა, გილიოტინაში თავის შეყოფა. სააკაშვილის მმართველობისას «ნაციონალების» ერთ-ერთ ლიდერთან პირდაპირ ეთერში მქონდა ამ თემაზე კამათი. არ დავუთმე… შედეგად მე აქ საფინანსო პოლიცია ჩამიჯდა, ის კი დააწინაურეს.

აი, ასეთ «დემოკრატიულ» ქვეყანაში ვცხოვრობდით.

რობოტებივით არიან დაპროგრამებული: რუსის ჯარი რას გვიზამს თავისი დაჟანგული ტანკებითო; ჩვენს პროდუქციას დასავლეთის ბაზარზე გავასაღებთ, რუსეთი არ გვჭირდებაო და ა. შ. დაგეშილებს ჰგვანან!

_ მაშასადამე, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იმუშაოს?

_ მე მგონია, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.  აღმოსავლეთის ვექტორის ხელაღებით უარყოფამ შეიძლება გაუთვალისწინებელი ნეგატიური მოვლენები გამოიწვიოს.

ამასწინათ, ამათი გამოგზავნილი ჟურნალისტები დამესივნენ იმიტომ, რომ ვთქვი: მოდით, ყველასთან კარგად ვიყოთ _ ევროპასთანაც და აზიასთანაც. აგერ ევრაზიული კავშირი ყალიბდება, რომელიც ევროკავშირზე გაცილებით ფართო მასშტაბისაა. ჩვენ შეიძლება სწორედ აქ უფრო კარგი პერსპექტივა გამოგვიჩნდეს, სწორედ აქ გავასაღოთ ჩვენი საქონელი და ა.შ. ვნახოთ, კაცო! მისჯილი ხომ არ გვაქვს ნატო, რომელიც შეიძლება ხვალ დაიშალოს?! ამერიკას ისეთი ფინანსური პრობლემები გაუჩნდა, რომ უჭირს ჩრდილოეთის ამ ალიანსის შენახვა.

ახლო აღმოსავლეთში ნატოს «წარმატებულ» ოპერაციებზე აღარაფერს ვამბობ. თუნდაც ავღანეთის ტერიტორიაზე თალიბებისა და პუშტუნების «მოთხოვნით» დემოკრატიის «შეტანაზე».

_ ესე იგი, მომავალმა პრეზიდენტმა პოლიტიკური მიმართულებების დაბალანსებაზე რომ იმუშაოს, ურიგო არ იქნება?

_ რატომ იქნება ურიგო?! არ მესმის! ევროპა არ მიდის ჩინეთთან, ინდოეთთან?! ჩვენ რატომ უნდა ვიაროთ ფრთამოტეხილი ბატებივით მხოლოდ ერთ მხარეს?!

_ ბოლო დღეების პოპულარულ თემაზე მინდა გკითხო _ საჯაროსთან 8 თებერვლის დაპირისპირებაზე და «მაესტროს» ეთერში დეპუტატების შეხლაშემოხლაზე. საკმაო ხნისანი მოვიყარეთ, მაგრამ შინაგანად ხომ ბიჭებად ვრჩებით, თბილისელ ბიჭებად, რომლებიც შეურაცხყოფას უპასუხოდ ვერ დავტოვებთ!

_ რა თქმა უნდა!

_ მაშ, მიპასუხე: ვინ იყო მართალი _ დავითაშვილი თუ რატიანი?

_ (პაუზა. რაღაცას ფიქრობს გოგი თოფაძე) შეიძლება შენთვის მისაღები პასუხი არ გაგცე, მაგრამ ჯერ იმას გეტყვი, რომ მსგავსი შემთხვევა მეც მქონდა. 1997 თუ 1998 წელი იყო, როცა ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტ რომან გოცირიძეს, რომელთან ერთადაც ლუბა ელიაშვილის «იბერიის» ეთერში ვისხედით, თავში ბროშურა ჩავარტყი. თავი ვერ შევიკავე.

ცუდი რაღაც ვუთხარი: ცალ-ცალი კალოშით ჩამოხვედი და ახლა «მერსედესით» დადიხარ-მეთქი.

წლები გავიდა მას შემდეგ…

ახლა ვფიქრობ: ხალხი რომ გიყურებს, თავი უნდა შეიკავო. ბევრია აქ ისეთი, ოღონდ ჩვენი ცუდი ნახოს და საზღვარგარეთ გააქროლებს _ ნახეთ, რა ცუდები არიანო!

შენს შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით ვუპასუხებ: «ახლავე უნდა ვისწავლოთ ის, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით. ერისა და ქვეყნის კულტურა სწორედ აქ ვლინდება». დაპირისპირების ესკალაცია დიდ უბედურებამდე მიგვიყვანს. გვჭირდება ჩვენ კიდევ ერთი სამოქალაქო ომი?!

_ ამას პარლამენტის უმცირესობამაც უნდა მიაქციოს ყურადღება. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ უმრავლესობისთვის არ უთქვამს.

_ პარლამენტშიც იმდენად გამომწვევად იქცევიან, რომ… იყო რამდენიმე მომენტი, კინაღამ ატყდა რაღაც უბედურება.

_ პარლამენტის ერთერთი კომიტეტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ყოფილების ფრაქციის ზოგიერთი წევრი გამარჯობაზე პასუხსაც არ კადრულობს. არის ასეთი განწყობილება?

_ ნამდვილად არის. დიდი გამოცდილება აქვთ საპარლამენტო სიყალბეების მოწყობის. ქუთაისში ჩამოდიან უკვე რეპეტიციაგავლილები _ ვინ რა უნდა თქვას, ვინ დაიწყოს, ვინ _ მხარი აუბას. დიდი დრო გაჰყავთ უსაგნო ლაპარაკით, ამიტომაც გროვდება განუხილველი საკითხები.

_ ესეც ერთგვარი საბოტაჟია _ შექმნან შთაბეჭდილება, რომ პარლამენტი ქმედითუუნაროა.

_ გეთანხმები.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. _ ცხრამეტი მაისის დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე რას იტყვი? ფხიზლად უნდა ვიყოთ?

_ არა, რა, კაცო! ჩვენ ხომ გამოცდილი ადამიანები ვართ, იმდენი რამე გვინახია… ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ხალხს უნდა. ამდენი წლის მანძილზე პირველად გვყავს ხელისუფლება, რომლისაც ხალხს სჯერა. დავუჯეროთ ბოლომდე და დაგვანახებს, რასაც გააკეთებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here