Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ ხუბულაშვილი: «ნაციონალებს» ყველაფერი მზად აქვთ იმისთვის, რომ სამოქალაქო ომი დაიწყონ!

ზურაბ ხუბულაშვილი: «ნაციონალებს» ყველაფერი მზად აქვთ იმისთვის, რომ სამოქალაქო ომი დაიწყონ!

940

ზურაბ ხუბულაშვილი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი  მსხვერპლი, ყოფილი პოლიტპატიმარია. იგი 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ დააკავეს და შეთითხნილი ბრალდებით 1 წელი ციხე, 3 წელი კი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ყოფილი პოლიტპატიმარი ციხიდან გამოსვლისთანავე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ პროცესებში. დღეს იგი შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს. ხუბულაშვილის  მტკიცებით, «ნაციონალური მოძრაობა» მარტში ან აპრილში ქვეყანაში არეულობას გეგმავს და სამოქალაქო ომსაც არ მოერიდება. ცხადიაზურაბ ხუბულაშვილს  ამ ვარაუდის გასამყარებლად კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები გააჩნია.

_ ბატონო ზურაბ, რატომ ფიქრობთ, რომ «ნაციონალები» შეძლებენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას? ბევრს მიაჩნია, რომ მათ დაძახილზე მხოლოდ რამდენიმე _ ჰა, ჰა, 10 ათასი კაცი შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, ისიც _ მათივე ოჯახის წევრები და ნათესავები.

_ ასე მარტივად არ არის საქმე, მათ საკმაოდ სოლიდური რესურსი გააჩნიათ საიმისოდ, რომ სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ საქმე. მეტიც _ «ნაციონალები» სწორედ რომ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ემზადებიან სამოქალაქო ომისთვის.

_ ქვეყანაში სიტუაციის ასარევად რა რესურსი გააჩნია სააკაშვილის გუნდს?

_ ყველანაირი რესურსი, რომელიც ამ ბინძურ მიზანს სჭირდება, ჯერჯერობით ისევ მათ ხელთაა. დავიწყოთ იმით, თუ რატომ გეგმავენ ამ ყველაფერს მარტში ან აპრილში. პოლიტიკურ მოტივებს თავი რომ დავანებოთ, ამ დროს სოციალური ფონი მოსახლეობაში განსაკუთრებით მძიმდება, ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ჯერ არც ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი არ განუხორციელებია, რომლებიც მცირე შვებას მაინც მისცემდა ხალხს. თუ დააკვირდით, ბენზინი გაიაფდა, მაგრამ ისევ ძველებურად ძვირდება. იგივე ითქმის მედიკამენტებზეც _ მათზე დროებით დაწეული ფასები ისევ მაღლა გარბის. მოკლედ, სოციალური ფონი ისეთი იქნება, უკეთესს ვერ ინატრებენ «ნაციონალები». ამას დავუმატოთ გაუარესებული კრიმინოგენური სიტუაცია. სააკაშვილმა არჩევნების წაგების შემდეგ ციხიდან ის კრიმინალები გამოუშვა, რომლებიც მისი გუნდის კონტროლქვეშ არიან, კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები მწყემსავენ და ნებისმიერი სახის დანაშაულსა და პროვოკაციას შეუკვეთავენ მათ, ქვეყანაში კრიმინალი არნახულად იმატებს. თუ ამჩნევთ, «ნაციონალთა» ტელევიზიები იმ დანაშაულების მათთვის ჩამოწერასაც ცდილობენ, რომელთაც წლების მანძილზე მთელი ქართველი ხალხი მათ ედავებოდა. ბაჩო ახალაიასა და სხვა კრიმინალების გათეთრების მცდელობებზე რომ არაფერი ვთქვათ, «სარბიელზე» გურამ დონაძის და 2004 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფალსიფიცირებული ჩანაწერის გამოჩენაც ბევრ რამეზე მეტყველებს. უნამუსოდ იქცევიან: ბუტა რობაქიძის ოჯახს ამ ჩანაწერით ეუბნებიან, რომ დანაშაულის გაყალბება და მანქანაში იარაღის ჩადება არა თუ არ მომხდარა, მეტიც, თქვენი შვილი კრიმინალებთან იმყოფებოდა, მათი აყვანის სპეცოპერაციას შეეწირაო. არ გამოვრიცხავ, ბუტა რობაქიძეც კრიმინალად გამოაცხადონ, როგორც ეს თავიდან გააკეთეს, ესენი იმდენად უნამუსოები არიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, გურამ დონაძეს ხელშეუხებლობის გარანტია რომ არ ჰქონოდა, ის ინგლისიდან ჩამოვიდოდა დაკითხვაზე?

_ არ ჩამოვიდოდა და დაუსწრებლად შეუფარდებდნენ წინასწარ პატიმრობას და ინტერპოლის მეშვეობით დაიწყებოდა მისი ძებნა.

_ ინტერპოლით ვისაც ეძებენ, ისინი რა, უკვე დაიჭირეს და ჩამოიყვანეს? მას უმცირესი საფრთხეც არ დამუქრებია დაპატიმრებისა და ამით თავდაჯერებული ჩამოვიდა. ჩემი ვარაუდით, ის ჩანაწერიც მან ჩამოიტანა, რომლითაც ის და სხვა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმიდან გამოძრომას ცდილობდენ. თუ ეგეთი მაგარი ვაჟკაცია გურამ დონაძე, როცა სანდრო გირგვლიანის საქმეზე უნდა დაეკითხა პროკურატურას, მაშინ რატომ არ ჩამოვიდა ინგლისიდან?

_ ვინ მისცა ხელშეუხებლობის გარანტიები გურამ დონაძეს?

_ იმედია, კარგად გახსოვთ, სად მუშაობდა დონაძე და რასაც წარმოადგენდა. ის ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. მას ხელი მიუწვდებოდა უამრავ კომპრომატზე, რომლებიც, ცხადია, პროკურორებზეც ჰქონდათ სპეცსამსახურებს. ასეთივე კომპრომატები რომ უხვად გააჩნიათ მოსამართლეებზე, ეს ხომ სადავოც აღარ არის. საქართველოში ერთი პროკურორიც კი არ არის დარჩენილი, რომელსაც ამ ხელისუფლების უკანონო დავალებები არ ჰქონდეს შესრულებული. თუ არჩილ კბილაშვილი ერთ ასეთ პროკურორს მაინც მაჩვენებს, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს. აი, ამ «ნაციონალების» ბინძურ საქმეებში ათასგზის გარეული პროკურორების, გამომძიებლებისა და მოსამართლეების იმედად ჩამოვიდა დონაძე საქართველოში, მივიდა პროკურატურაში და მალე გარეთ გამოუშვეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დონაძეს ეს კომპრომატები სრულად ჰქონდეს პირად არქივში.

_ დონაძეს სასამართლომ შეუფარდა გირაო თავისუფლების სანაცვლოდ და არა პროკურატურამ.

_ სასამართლოს რომ ისევ «ნაციონალები» აკონტროლებენ, ეს ვთქვი უკვე, მაგრამ მთავარი ის არის, ეს პროკურორები რამდენად ხარისხიანად გამოძიებული საქმეებით შედიან სასამართლოში თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით. ეჭვი არ მეპარება, რომ პროკურორები ყველანაირად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები «ნაციონალი» ჩაჯდეს ციხეში. იცით თქვენ, რომ გამომძიებლები სამხილებსა და მტკიცებულებებს შეგნებულად ანადგურებენ იმ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას, რომლებიც «ნაციონალთა» წონიანი ლიდერების წინააღმდეგ არის აღძრული?

_ ეგ ძალზე სერიოზული ბრალდებაა.

_ მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, საკმაოდ სანდო წყაროსგან და ამას საზოგადოებას ვერ დავუმალავ. მეტსაც გეტყვით: ხალხიც და პოლიტიკოსებიც მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონი ან სასამართლოს წესით განასაჯაროოს ის დოკუმენტები, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლების სხვა და სხვა სტრუქტურებმა «გრიფით საიდუმლო» დაადეს. ჩემი ინფორმაციით, აზრი არ აქვს საიდუმლო გრიფის ახსნას ამ დოკუმენტებისთვის, რადგან, რაც მართლა საიდუმლო და სკანდალური იყო, ყველა ის დოკუმენტი «ნაციონალებმა» არჩევნების წაგებისთანავე გაანადგურეს. ახლა გინდ ახადონ ეგ გრიფი და გინდ არა, ერთი ფასი აქვს.

ამას წინათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის, მისაღებში შემხვდა ვაჟა მაზმიშვილი, რომელიც კუდ-ში ე.წ. მე-5 სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ეს სამმართველო პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიის საქმეებს კურირებდა, ანუ ოპოზიციურ პარტიებსა და ეკლესიას ებრძოდა. როცა ეს კაცი დავინახე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის, მისაღებში, გავოცდი _ მე უკვე დაჭერილი მეგონა. აქ რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე. ისევ აქ ვმუშაობო, _ მიპასუხა. თურმე, დაუჭერიათ კი არა, დაუწინაურებიათ მაზმიშვილი. ის სამმართველო ორად გაუყვიათ და ერთ-ერთის უფროსად მაზმიშვილი დაუნიშნავს გელა ხვედელიძეს.

მაზმიშვილის ყოფილი უფროსისთვის, გია ჩიხრაძისთვის კი, მეორე სამმართველო ჩაუბარებია. ეს ის ჩიხრაძეა, რომელმაც მაია ნიკოლეიშვილი «დაამუშავა» და ამის შედეგად 12 უდანაშაულო ადამიანი გამოამწყვდიეს ციხეში. ამ დავალების წარმატებით შესრულებისთვის მიიღო ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი გია ჩიხრაძემ, რომელიც ვანო მერაბიშვილმა საკუთარი ხელით დაჰკიდა. ის 26 მაისის დარბევასა და ხალხის ცემაშიც აქტიურად მონაწილეობდა და ამისთვის კიდევ სხვა ჯილდო მისცა მერაბიშვილმა.

უშიშროებაში ისევ მუშაობს ნიკა კალაძე, რომელიც სასულიერო პირების «დავერბოვკებაზე» მუშაობდა კუდ-ში. ოთარ ორჯონიკიძემ, კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა, რომელიც პოლიტპატიმრებს აწამებდა, დიდი ხანი არ არის, რაც დროებით 31-ე ქარხანას შეაფარა თავი, იქ «ოდეერად» მუშაობს, ნაცვლად იმისა, რომ ციხეში იჯდეს.

_ ბატონო ზურაბ, ჩვენ მთავარ თემას ავცდით _ «ნაციონალების» მიერ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას და შესაძლო სამოქალაქო ომზე ვსაუბრობდით.

_ არა, ამ თემას არ ავცდენივართ, სწორედ მის ირგვლივ ვტრიალებთ. ის დეტალები, როლებზეც მე ვსაუბრობ, სწორედ «ნაციონალთა» შეთქმულების შემადგენელი ნაწილია. ახლა კიდევ ერთ ოდიოზურ პიროვნებაზე მინდა მოგახსენოთ, მის შესახებ თქვენს გაზეთში არა ერთხელ დაიწერა და ყველაფერი სრული სიმართლე იყო.

_ ვის გულისხმობთ?

_ კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს _ ვაჟა ლილუაშვილს. ეს კაცი დაიჭირეს, 3 მუხლით იყო მასზე საქმე აღძრული, მაგრამ ძიების პროცესში 2 მუხლით ბრალდება მოეხსნა და მხოლოს 333-ე მუხლით-თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება წაუყენეს ბრალად. არ გაინტერესებთ, რატომ მოხდა ასე?

_ ამის შესახებ მრავალი ვერსია მომისმენია და, რაც მითხარით, ეგ ჩვენს გაზეთშიც დაიბეჭდა. ახალს რას იტყვით?

_ რის თქმასაც ყველა გაურბის და დღემდე არ თქმულა, იმას ვიტყვი: როცა ლილუაშვილი დაიჭირეს, მე იმავე დღიდან ვიცოდი, რომ მას აუცილებლად გამოუშვებდნენ, რადგან იგი გელა ხვედელიძის ძალიან ახლობელი ადამიანი და ყოფილი თანამშრომელია და, რაც მთავარია, ლილუაშვილის გარეთ ყოფნა ძალიან სჭირდებათ თავად «ნაციონალებს». მას უზარმაზარი გავლენა აქვს ქვემო ქართლსა და კახეთში. სწორედ ამ ორ რეგიონს კურატორობდა კუდ-ში მუშაობისას. ჩემთვის მხოლოდ ის იყო უცნობი, როდის და რა ფორმით გამოუშვებდნენ ლილუაშვილს. ლილუაშვილი იმდენად სჭირდებათ «ნაციონალებს», რომ 2 მაჟორიტარ დეპუტატში გაცვალეს.

_ როგორ თუ გაცვალეს?

_ ჩვეულებრივად. ლილუაშვილის ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ, «ნაციონალთა» საპარლამენტო ფრაქცია დატოვა ორმა დეპუტატმა _ გარდაბნისა და ლაგოდეხის მაჟორიტარებმა: გიორგი ფეიქრიშვილმა და გიორგი გოზალიშვილმა. ეს იყო პოლიტიკური გარიგება. წარმოიდგინეთ, კაცს რამხელა წონა უნდა ჰქონდეს და როგორ უნდა სჭირდებოდეს სააკაშვილის გუნდს, რომ საპარლამენტო ფრაქციიდან 2 დეპუტატი გაუშვეს ლილუაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ. ამიტომაც იყო, 2 მუხლი ძიების პროცესში რომ მოუხსნეს და დაუტოვეს ის ერთადერთი მუხლი, რომელსაც, ყველამ იცოდა წინასწარ, რომ ამნისტია აუცილებლად შეეხებოდა. მე გარდაბანში ვიყავი და იქ გავიგე, რომ ლილუაშვილი ციხიდან გამოვიდა. იცით, იქაურებმა რა თქვეს? ამ კაცის ციხიდან გამოშვებით ჩვენთვის «ნაციონალები» დაბრუნდნენ და ვინ იქნება პრემიერი და ვისი იქნება საპარლამენტო უმრავლესობა _ «ქართული ოცნებისა» თუ «ნაციონალებისა», ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვსო. ამას არა მარტო გარდაბნელები ამბობენ, ქვემო ქართლის მთელი მოსახლეობა გაიძახის. მაგის სახელს ჩურჩულით ახსენებს ხალხი, ისე ეშინიათ მისი. უამრავი ადამიანი და ოჯახი გააუბედურა, მაგისი აგენტურითაა სავსე მთელი ეს ამხელა რეგიონი. კახეთშიც ძალიან უფრთხიან და, შესაბამისად, აგენტურა იქაც მრავლად ჰყავს, უამრავ ადამიანზე აქვს კომპრომატები და ხალხის მართვაც ორივე რეგიონში შეუძლია. გარდა ამისა, კახეთში აქტიურად მუშაობს ყოფილი გუბერნატორის _ გიორგი ღვინიაშვილისა და მისი მოადგილის _ გიორგი სიბაშვილის აგენტურაც.

_ ერთი ლილუაშვილით მოაწყობენ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას?

_ ეგ ერთი ლილუაშვილი, თავისი აგენტურით, 2 რეგიონს ააბუნტებს _ კახეთსა და ქვემო ქართლს. სამცხე-ჯავახეთს, რეალურად, ისევ ვანო მერაბიშვილისა და ამირან მესხელის ხალხი აკონტროლებს. მათ ძალიან ღრმად აქვთ ფესვები გადგმული ამ რეგიონში. ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავიანთი აგენტურის მეშვეობით უმართავი პროცესების დაწყება. ამას დაამატეთ სამეგრელო, სადაც მეგის ქარდავასა და თენგიზ გუნავას შეიარაღებული რაზმები ჰყავთ ტყეებში გადამალული და დიდძალი იარაღიც აქვთ. აგენტურის მთელი ქსელიც არ დაგავიწყდეთ. სამეგრელოში რომ «ნაციონალებს» მყარი დასაყრდენი აქვთ, ეს არჩევნებმაც დაადასტურა _ რეგიონების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა სამეგრელოში აიღეს და მაჟორიტარებიც «ქართულ ოცნებაზე» მეტი გაიყვანეს. აქვე აჭარაც უნდა გავიხსენოთ…

_ ძალიან მეეჭვება, რომ აჭარლები «ნაციონალებს» მისტიროდნენ.

_ სამაგიეროდ, თავად «ქართული ოცნების» მხარდამჭერები არიან უკმაყოფილონი, როგორც დანარჩენ საქართველოში. მურმან დუმბაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთო ბერიძემ ნათესავი და ახლობელი არ დატოვეს დაუსაქმებელი. ის ხალხი კი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, მშრალზე დატოვეს. მე იმას არ ვამბობ, რომ, ვისაც ყველაზე დიდი დროშა ეჭირა მიტინგებზე, ის ყველაზე მაღალ პოსტზე დანიშნონ-მეთქი. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც თავი გადადეს და სააკაშვილის რეჟიმს ღიად დაუპირისპირდნენ, ბევრი კვალიფიციური სპეციალისტია სხვადასხვა სფეროსი და უმუშევრები იმიტომ დარჩნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმს არ შეეპუენ.

უკვე 5 რეგიონი ჩამოვთვალე, რომლებშიც «ნაციონალებს» შეუძლიათ სიტუაციის გამწვავება, ხალხის აბუნტება. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, 1 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების უმეტესობა სწორედ ამ 5 რეგიონიდანაა და მათ საჭირო დროს გამოიყენებენ. კარგი იქნება, თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამ საკითხით დაინტერესდება. ახლა სხვა ფაქტორებსაც მივხედოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ «ქართულ ოცნებაში» «ნაციონალებს» თავიანთი ხალხი ჰყავდათ ჩანერგილი. ვერ ხედავთ, რა ამბავია «ქართული ოცნების» რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევისას? 6-7 კანდიდატია ზოგან. არადა, გამახსენეთ თუნდაც ერთი ფაქტი, რომ საქართველოში რომელიმე პარტიის რეგიონული ან რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე დღემდე 2 კანდიდატურა მაინც ყოფილიყო. ახლა კი ლამის დაჭამონ ერთმანეთი. ნუ მეტყვით, რომ ეს დემოკრატიის ნიშანია.

_ აბა, რისი ნიშანია?

_ «ნაციონალთა» მომხრეები ცდილობენ, რომ «ქართული ოცნების» რაიონული ოფისები ხელში ჩაიგდონ. «ქართული ოცნების» ყველა რაიონულ აქციაზე ჩანან ყოფილი «ნაცები», კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები, «ზონდერები»… ეს ადამიანები ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს ფეხზე ადგომით სვამდნენ. მათ დაკარგეს მაღალი ხელფას-პრემიები, პრივილეგიები და როგორ ფიქრობთ, არ ენატრებათ ძველი და ნეტარი დრო?

უნდა დასრულდეს ამ კოაბიტაციაზე ლაპარაკი. გიორგი თარგამაძის თანაპარტიელი, ზაზა გაბუნია, გაოპოზიციონერდა და ახლა «ოცნების» სახელით ლაპარაკობს. ეს იმათი შეურაცხყოფაა, ვინც ლამის თავი შეაკლა სააკაშვილის რეჟიმს. საერთოდ, უნდა შეჩერდეს სხვადასხვა პარტიებიდან და, უპირველესად, «ნაციონალებიდან» ხალხის გადმობირება. ხალხმა ხმა იმიტომ კი არ მისცა «ქართულ ოცნებას», რომ პარლამენტში თუ თბილისის საკრებულოში «ნაცები» თავიანთკენ გადმოექაჩათ უმრავლესობის შექმნის საბაბით. ეგენი მაინც არ გამოსწორდებიან და კრიტიკულ მომენტში უღალატებენ «ქართულ ოცნებას». ამისთვის არ უბრძოლია ქართველ ხალხს. ხომ ხედავენ, რომ არ უნდა ხალხს «ნაცებთან» კოაბიტაცია და თუ ხალხის დაკვეთაზე ლაპარაკობენ, ამ თემას საერთოდ შეეშვან. არადა, ჩაატარონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნევნები, კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ცალცალკე მიიღონ მონაწილეობა და გავიგებთ მაინც, რომელი პარტია რას წარმოადგენს და ხალხი ვის ენდობა. თუ მერეც ვერ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა «ქართულმა ოცნებამ», პარლამენტში იკოაბიტაციონ სხვადასხვა პარტიებთან, ოღონდ «ნაცებთან» კოაბიტაციას დაანებონ თავი.

_ მოდით, «ნაციონალების» მიერ სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის შესაძლო მოწყობის თემას დავუბრუნდეთ.…

_ სააკაშვილის ხროვას ემხრობა ისევ ციხე-კოლონიების თანამშრომელთა 80%. ეს ხალხი ხელშეუხებელი იყო, დღეს მათ მცირე ნაწილს ასამართლებენ მხოლოდ. 26 მაისს გლდანის ციხეში დაჭრილი არმატურა მიიტანეს, ციხის თანამშრომლებმა ზედ «სკოჩები» გადააკრეს და მერე ეს ხალხი, ამ არმატურის ნაჭრებით დაგვერია რუსთაველზე. მათი ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაჩერება იგივეა, ნაღმი რომ ატარო მუდმივად ჯიბით. თუ სიტუაცია აირია და ამ ადამიანებმა მიიღეს «ნაციონალებისგან» ნიშანი, უმალ ჩაიგდებენ ყველა ციხეს ხელში და იქ როგორ რეჟიმსაც დაამყარებენ, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება.

 დღემდე ყველა ამბობდა და ეს ფაქტია, რომ საქართველოში მთელი ბიზნესის 80%-ს «ნაციონალები» ფლობენ და ამ ბიზნესს ძალადობით, სხვებისთვის ქონების წართმევით დაეუფლნენ. თბილისში, შესაძლოა, მეტსაც ფლობენ. თქვენ გსმენიათ, რომ «ნაციონალებს» თუნდაც ერთი, მსხვილს თავი დავანებოთ, წვრილი ან საშუალო ბიზნეს-სტრუქტურა ან გაეყიდოთ, ან წართმეული ვინმესთვის დაებრუნებინოთ? მე ასეთ ფაქტს ვერ ვიხსენებ. რეგიონებში თუ რამე მუშაობს, ყველაფერი «ნაციონალებისაა». ერთი პატარა მარკეტი არ არის რაიონებში, რომ ადგილობრივი გავლენიანი «ნაციონალისა» არ იყოს ან მისი ნათესავისა.

კიდევ ერთ საფრთხესა თუ «ნაციონალურ» ბერკეტზე მოგახსენებთ. ესენი სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული მაღალჩინოსნები არიან, რომლებთანაც კოაბიტაციის რეჟიმში არიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. ცხადია, რიგით თანამშრომლებს არ ვგულისხმობ. სახელწიფო უწყებებში უამრავი «ნაციონალი» დატოვეს საკვანძო პოსტებზე, ისეთ თანამდებობებზე არიან, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება რომ უწევთ. ამ ადამიანებს უამრავ დანაშაულში აქვთ მიღებული მონაწილეობა, მათ შორის ბევრია ისეთი, რომელთა წარსულში ჩადენილი დანაშაული, კომპრომატის სახით, მხოლოდ «ნაციონალთა» გარკვეულმა ჯგუფმა იცის. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ჩინოვნიკები საჭირო დროს «ნაციონალთა» მხარეს დადგებიან და, თუ შეუკვეთეს, საბოტაჟის მეშვეობით ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის პარალიზებას შეძლებენ. ამ ხალხს, დანაშაულებრივი დაკვეთების შესრულების ფასად, ყოფილი ხელისუფლება სისტემატიურად პრემიებით ანებივრებდა. ახლა ვეღარც ამ პრემიებს იღებენ და ესეც ერთი არგუმენტია მათთვის, რომ საჭირო დროს ისევ შეჩვეული ჭირის გვერდით დადგნენ. მართალია, ქვედა რგოლებში დასაქმებულ ხალხს «ნაციონალთა» მიმართ დიდი ვალდებულებები არ გააჩნიათ, მაგრამ, როცა საბოტაჟზე მიდგება საქმე, კაცმა არ იცის, მათი ნაწილი მაინც საით დადგება.

იგივე ითქმის ადგილობრივ თვითმმართველობებზე. მხოლოდ რამდენიმე რაიონის საკრებულოში ჰყავს უმრავლესობა «ქართულ ოცნებას» და, შესაბამისად, თავისი დანიშნული გამგებელი. მაგრამ ბევრ რაიონში ძალზე მყიფეა მათი ეს უპირატესობა. საგარეჯოსა და გურჯაანის საკრებულოების მაგალითს გაგახსენებთ, როცა «ნაციონალებმა» 5-ნომრიანი წითელი მაისურები გადაიძრეს, «რესპუბლიკელთა» მაისურები გადაიცვეს და თავი «ქართული ოცნების» ფრაქციის წევრებად წარმოგვიდგინეს. მერე თავიანთი რიგებიდანვე აირჩიეს გამგებლები. ეს მედროვე ადამიანები, რომელთაც «ნაციონალთა» მაისურები სახლში აქვთ სათუთად შენახული, თუ სიტუაცია აირია, მყისვე გადაიცვამენ «ნაციონალების» მაისურებს და ისევ «ნაციონალთა» რიგებში გადაინაცვლებენ. ასეთი ხალხის ნდობა და მათზე დაყრდნობა არ შეიძლება, არადა, ამ ამბებს «ქართული ოცნების» ზოგიერთი ლიდერი ისე გამოეხმაურა, თითქოს საკრებულოების არჩევნები მოიგეს. მაგალითად, გურჯაანის საკრებულოს «ქართული ოცნების» ფრაქციაში ის ხალხია, რომლებიც მანანა ბერიკაშვილს ებრძოდნენ, ლომის წილი დაიდო მის დამარცხებაში და «ნაციონალთა» მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვებაში.

იგივე ითქმის საპატრულო პოლიციაზეც. ვანო მერაბიშვილი მათ ანებივრებდა, სანაცვლოდ კი ბევრი უკანონობის ჩადენას ავალებდა. გახსოვთ, არჩევნებამდე პატრულის მანქანის დანახვაზე რომ იმალებოდა ხალხი? ახლა «ბულკებივით» გახდნენ, მაგრამ დიდად არ უხარიათ ეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ხალხს მათი აღარ ეშინია და, როგორც ჩვეულებრივ პოლიციელს, ისე მიმართავენ. ეს კომპლექსიანი, ხალხზე მოძალადე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთაც, თუ ტაბელური იარაღი არა აქვთ და სახელმწიფოსგან მინიჭებული ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება არ გააჩნიათ, არაფერს არ წარმოადგენენ. ამ კატეგორიის პატრულის თანამშრომლებიც, იცოდეთ, მისტირიან ვანო მერაბიშვილს და ეს ხალხიც «ნაციონალთა» დასაყრდენია. არადა, ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ საპატრულო პოლიციაში.

მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ სააკაშვილის დროინდელ უშიშროებას, «ქართული ოცნების» პოლიტიკურ და პარტიულ ლიდერებზე სერიოზული კომპრომატები გააჩნია. ეს ხალხი ზოგი ისევ უშიშროებაშია, ზოგი აღარ მუშაობს, მაგრამ ეს კომპრომატები მათ ხელშია. როდის და როგორ გამოიყენებენ ამ ფარულ ჩანაწერებს «ნაციონალები», კარგად ვიცით. თუ არ გაახმაურეს, მით უარესი _ ვერასდროს გავიგებთ, კომპრომეტირების შიშით, «ქართული ოცნების» რომელი ლიდერი თანამშრომლობდა სააკაშვილის რეჟიმთან. ცხადია, ისინი დღემდე თანამშრომლობენ «ნაციონალებთან».

რაც გითხარით, ვფიქრობ, სრულიად საკმარისია დასკვნის გამოსატანად _ «ნაციონალებს» ყველაფერი მზად აქვთ, რომ სამოქალაქო ომი დაიწყონ. მცირე რაოდენობის ხალხის გამოყვანა, სიტუაციის არევა და მართვა მათ ნამდვილად შეუძლიათ. შეეცდებიან, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ. უცხოელებს კი ლობისტების მეშვეობით დაარწმუნებენ, რომ ქვეყანა ინგრეოდა, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო კონფრონტაციის თავიდან აცილება და, პროცესი შეუქცევადი რომ არ გამხდარიყო, იძულებულნი გავხდით, ძალაუფლება ხელში აგვეღოო. აი, ამით იმართლებენ თავს და ქართველი ხალხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, კიდეც დაიჯერებს ამას. აპოკალიფსურ სურათს დახატავენ და სააკაშვილს მესიად გამოაცხადებენ ამათი ტელევიზიები.

_ დავუშვათ, გამართლდა თქვენი ყველაზე უარესი პროგნოზი და აურიეს სიტუაცია «ნაციონალებმა», გამოიწვიეს სამოქალაქო დაპირისპირება. მერე რა ხდება?

_ თუ დასჭირდათ, სამოქალაქო ომს დაიწყებენ, იქამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.

_ მეგის ქარდავას ტყეში გახიზნული რაზმებით?

_ მეგის ქარდავას რაზმებით და მერე სხვა რაზმებიც გამოჩნდებიან. «ნაციონალებს» ჰყავთ ისეთი მხარდამჭერები, ყველაფერზე რომ წავლენ, ხელში იარაღს აიღებენ და თანამემამულესაც ხელის აუკანკალებლად ესვრიან.

_ მაგაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდი, მაგრამ სამოქალაქო ომს დიდი რაოდენობით იარაღი სჭირდება, იარაღს კი _ დიდი ფული. «გაქაჩავს» მიშა ამდენს?

_ ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომ სამეგრელოში 3 სამხედრო სატვირთო მანქანა იარაღი დაიკარგა. ეს სწორი ინფორმაცია იყო და ეს იარაღი დღეს «ნაციონალთა» მხარდამჭერების ხელშია.

_ ღმერთმა დაგვიფაროს სამოქალაქო ომისგან, მაგრამ ასეთ ომს არც 3 მანქანა იარაღი ეყოფა.

_ იარაღის საყიდელი ფული აქვთ. ოღონდ დაიბრუნონ თავიანთი ძველი მდგომარეობა და დახარჯვას არ მოერიდებიან. გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დიდძალი იარაღი დაიკარგა. ვიმეორებ, დაიკარგა და იმ იარაღს არ ვგულისხმობ, რომელიც რუსებმა ალაფის სახით გაიტანეს, ეს იარაღიც «ნაცების» ხელშია.

_ რატომ გგონიათ, რომ ასეა?

_ ამ დაკარგულ იარაღს არათუ არ ეძებენ, მასზე არც ლაპარაკობენ «ნაციონალები». ეს ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე, ვის ხელშია ის იარაღი.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. ლოგიკური ახსნაა და სიმართლის მარცვალი ჩანს.მაგრამ შსს-სმინისტრს რაში სჭირდება ასეთი კადრები?ბატ.ლევან!იქნებ ინტერვიუ ჩაწერOთ ირაკლი ღარიბაშვილთან და აგვიხსნას რა ხდება?!

  2. სადღაც სიმართლის მარცვალი შეიძლება იყოს, თუმცა ამ წერილის ავტორი აჭარასაც ეხება. თუმცა მინდაქ ვუთხრა მას რომ ,რასაც აჭარაზე წერს სიმართლე არ არის, აქედან გამომდინარე სტატია უფრო არადამაჯერებელია

  3. ოოო ხუბულოვს თავი ნამდვილად მირტყმულიაქვს რაღაცაზე! კი მაგრამ რისთვის იჯდა იმას რატომ არ აკონკრეტეთ?ყველა დაჭერილი როგორაა პოლიტპატიმარი არტურა გრიგორიანის ჩათვლით?როდესაც მთელი ბათუმი იცნობს მაგის ოჯახს სიმამრი,ცოლისძმა,თვითონ ყოფილი ასლანას კაგებეშნიკებია და უკან გაყვნენ რუსულ ჯარს ეს კი დატოვეს პორტში მზვერავად.თქვენი დაიჯერება ამის შემდეგ რამე?

  4. ლილუაშვილი როგორ გამოუშვებდნენ ჯერ,სასამართლოც არც ყოფილა.რომ გამოსულიყო გავიგებდით.

  5. რა სამოქალაქო ომზეა საუბარი… ეს ნაცების დეზინფორმაციაა… სამოქალაქო ომი ვერ დაიწყება იმიტომ რომ დამნაშავე ნაცებს მოსახლეობის 4%-ც არ უჭერს მხარს… მაშინ აქ საუბარი უნდა იყოს ,,გადატრიალებაზე" და არა სამოქალაქო ომზე ან დაპირისპირებაზე… თუ ვინმეს ჰგონია ტაჩაღებს და მკვლელებს: მიხეილ ლენის რომ მერაბიშვილს, ახალაიებს, ჩიორას, ბიკერიას და თარგააძეს, მაჭავარიანს და კიდევ რამოდენიმე კაცს ვინმე ნორმალური უჭერს მხარს ცდებით…

  6. რა სამოქალაქო ომზეა საუბარი… ეს ნაცების პროვოკაციული დეზინფორმაციაა… ხალხის დასაშინებლად, დასაშანტაჟებლად, ვისთანაც გაუვათ… სამოქალაქო ომი ვერ დაიწყება იმიტომ რომ დამნაშავე ნაცებს მოსახლეობის 4%-ც არ უჭერს მხარს… მაშინ აქ საუბარი უნდა იყოს ,,გადატრიალებაზე" და არა სამოქალაქო ომზე ან დაპირისპირებაზე… თუ ვინმეს ჰგონია ამ ყაჩაღებს და მკვლელებს: მიხეილ ლენის რომ მერაბიშვილს, ახალაიებს, ჩიორას, ბიკერიას და თარგააძეს, მაჭავარიანს და კიდევ რამოდენიმე კაცს ვინმე ნორმალური უჭერს მხარს ღრმად ცდებით!!! არც უჭერდნა ვარდების რევოლუციის დასაწყიდში კი… ხალხის მოტყუება შესძლეს, სემდგომ კი ყველა არჩევნები გააყალბეს!!!!!!! რაღაც მორიგი ,,სიგიჟეს" რა თმა უნდა შეეცდებიან რომ გააკეთონ – რაც იქნება მაგათი წამიერი დასამარების და დასასრულის ტოლფასი,,, მეტი არაფერი.. რა ომი რის ომი ტო… სიაფანდია…

  7. აბა ადეიშვილი რატომ არ ჩამოვიდა ისევენაირად როგორც დონაძე? ან შაშკინი? ან კალმახელიძე? ან კეზერაშვილი? თუ იმან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია ესენი ვერ მიიღებდნენ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here