Home რუბრიკები პოლიტიკა ხვალ 19 აპრილია, ქვების სროლა ადვილია

ხვალ 19 აპრილია, ქვების სროლა ადვილია

990

19 აპრილს, 16 საათზე «ნაციონალური მოძრაობა» რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი მიტინგის გამართვას გეგმავს. ისინი შეიკრიბებიან სწორედ იქ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის ზონდერები (ჩვენ, ალბათ, არ გვაქვს მორალური უფლება, მოვიხსენიოთ იმ სადისტური დარბევების მონაწილეები «პოლიციელებად» და მითუმეტეს «ოფიცრებად») ოპოზიციონერ მომიტინგეებს ცემით კლავდნენ. ბევრი ადამიანისთვის «ნაციონალების» შეკრება ამ ადგილას გამოიყურება, როგორც ცინიზმით გაჟღენთილი ნონსენსი, ლამის როგორც ნეონაცისტების ყრილობა ბუხენვალდში, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორ შევაფასებთ ამ ფაქტს, მათი უფლება, გამართონ ეს აქცია, გარანტირებულია კონსტიტუციის 25- მუხლით და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, შევეცადოთ, დავადგინოთ, რისთვის იკრიბებიან ისინი.

19 აპრილი უახლეს ისტორიაში ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. ამ დღეს, 1995-ში ოკლაჰომა-სიტიში მოხდა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგად 168 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 680-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტის ორგანიზატორმა ტიმოტი მაკვეიმ განაცხადა, რომ ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, იყო შურისძიება ასევე 19 აპრილის (1993 წლის) მოვლენებისთვის, როდესაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ძალებმა ტეხასში სცადეს, შტურმით აეღოთ შენობა, რომელშიც რელიგიური სექტის _ «დავითის რტოს» წევრები გამაგრდნენ და ამას 70-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს 19 აპრილი გადაიქცა მანიაკალური იდეისთვის უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვის დღედ და იმედია, «ნაციონალები» ამ ნეგატიურ დატვირთვას კიდევ უფრო არ დაამძიმებენ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კომენტატორი საპირისპირო, ალარმისტულ ვარაუდებს გამოთქვამს.

მათი პროგნოზები 19 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს: ) «ნაციონალებს» უბრალოდ უნდათ, თავი შეგვახსენონ და, შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელონ; ) «ნაციონალები» გაგმავენ მასშტაბურ პროვოკაციას, რათა საკუთარი თავი დევნილ, წამებულ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინონ; ) «ნაციონალები» ამ დროისთვის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებენ და ამ მიტინგის გამართვა (და პროვოკაცია, რომელიც შეიძლება მას დაუკავშირდეს) მათი გეგმის ერთერთი შემადგენელი ნაწილია.

როგორია მიტინგის დეკლარირებული მიზანი? «დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საგარეო ორიენტაციაზე გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ მთავრობას: ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან _ რუსეთთან დაბრუნება, _ განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, _ მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, რათა დღევანდელ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი სულერთი არ არის». რაც შეეხება «გზას», საინტერესოა, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში _ რიჩარდ ნორლანდმა, როდესაც 19 აპრილის მიტინგზე კომენტარი გააკეთა, «ინტერპრესნიუსს» განუცხადა: «ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ საქართველომ ამ გზას გადაუხვია».  ცხადია, მიუხედავად ამ განცხადებისა და იმისა, რომ «ქართული ოცნების» კურსი მკვეთრად პროდასავლურია (რაც მისი ამომრჩევლების ნაწილს არ მოსწონს), მერაბიშვილს აქვს სრული უფლება, დაინახოს «გადახვევა გზიდან» და გააპროტესტოს ის; ზოგიერთი ადამიანი გზებს და მოსახვევებს კი არა, უცხოპლანეტელებს და ჭინკებს ხედავს და მათ მოქმედებას აქტიურად აპროტესტებს, მაგრამ მათ არავინ ერჩის, ვიდრე ქვების სროლას არ დაიწყებენ. ზოგადად, ფობიებზე და არა ფაქტებზე დაფუძნებული პროტესტი საინტერესო რამ არის და ძველ დროში მას, როგორც წესი, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ასათიანის ქუჩაზე გამოხატავდნენ, თუმცა ის მშვენიერი ეპოქა დასრულდა. ახლა სხვა სიტუაციაა _ ერთნი საკუთარ ფობიაზე დაყრდნობით მიტინგებს მართავენ, მეორენი კი, საკუთარი ფობიის გადამკიდე, მათ დარაჯობენ, რათა აზარტში შესულებმა რამე უბედურება არ დაატრიალონ.

მერაბიშვილის მიერ სიტყვა «პატრიოტების» გამოყენება შეიძლება შემთხვევითი არ იყოს, რადგან «ნაცმოძრაობის» რებრენდინგის ერთ-ერთი ვარიანტი, სხვა ყველაფერთან ერთად, ითვალისწინებს მის გადაკეთებას «ერთიან პატრიოტულ მოძრაობად» (სახელწოდება შეიძლება ოდნავ სხვანაირი იყოს, თუმცა მასში სიტყვა «პატრიოტები» უნდა ფიგურირებდეს). პრინციპული მნიშვნელობა ამას, ალბათ, არ აქვს _ თუ უნდათ, შეუძლიათ საკუთარ პარტიას «ჩამა ჩა მაპინდუზი» უწოდონ, როგორც ეს მათმა ტანზანიელმა კოლეგებმა გააკეთეს, ეს ორი სათაური მაინც ვერაფერს შეცვლის.

მთავარი პრობლემა სულ სხვაა: საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა «ნაციონალურ მოძრაობას», არ განიხილავს მას ლეგიტიმურ ოპოზიციურ პარტიად და თვლის, რომ მისი ხელმძღვანელები გადატრიალების მოწყობას გეგმავენ, რომ მათ არანაირი ზნეობრივი წინაღობა არ აბრკოლებს და არ მოერიდებიან არაფერს, მათ შორის საკუთარი მომხრეების გაწირვას იმისთვის, რომ საწადელს მიაღწიონ.

2002 წლის 11 (კიდევ კარგი არა 19) აპრილს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ერთ-ერთი მსხვილი პროფკავშირის მოწოდებით და ოპოზიციის აქიური მონაწილეობით საპროტესტო აქცია იმართებოდა, რომლის ორგანიზატორებმა მოულოდნელად შეცვალეს მსვლელობის მარშრუტი და პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართნენ, რომლის სიახლოვეს მისი მომხრეები  მიტინგს მართავდნენ. როდესაც კოლონა სასახლეს მიუახლოვდა, დღემდე  დაუდგენელმა სნაიპერებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. ოპოზიციურმა ტელეარხებმა აჩვენეს კადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ისვრიან პისტოლეტებიდან პრეზიდენტის მომხრეები, ისინი კი, თავის მხრივ, ირწმუნებოდნენ, რომ საპასუხო ცეცხლი გახსნეს, როდესაც სნაიპერებმა მათ ესროლეს. საბოლოოდ, ვერავინ ვერაფერი გაიგო, მაგრამ ამ სროლის შედეგად 20 მომიტინგე დაიღუპა, ხოლო 100-მდე დაიჭრა. ოპოზიციამ ეს ინციდენტი და მოსახლეობის აღშფოთება საბაბად გამოიყენა და ძალოვანების ნაწილთან ერთად სახელმწიფო გადატრილება მოაწყო, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ამას ამ კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ, ამჯერად პროვოკაციის ტექნოლოგია გვაინტერესებს (ვისაც დეტალების გაცნობა და კადრების ნახვა სურს, შეუძლია მოძებნოს ინტერნეტში ირლანდიელი დოკუმენტალისტების ფილმი «რევოლუციას ტელევიზიით არ აჩვენებენ» და სხვა მასალები, რომლებიც ამ მოვლენებს ეხება). იყო უამრავი სხვა შემთხვევა, როდესაც ანალოგიური პროვოკაციისთვის ე. წ. უცნობი სნაიპერები გამოიყენეს. სნაიპერული შაშხანა ამ შემთხვევაში შეუცვლელი აქსესუარი არაა, ვიღაცამ შეიძლება რამდენიმე ხელყუმბარა ისროლოს ან სხვა ლეტალური საშუალება აამოქმედოს.

თუ მსგავსი რამ 19 აპრილს თბილისში მოხდება, «ნაციონალური მოძრაობა», როგორც მინიმუმი, ზიგიერთი უცხოელის და, შესაძლოა, ქართველის თვალში, წამებული ოპოზიციური პარტიის მანტიას მოირგებს, რომელსაც «სისხლიანი რეჟიმი ქუჩაში ხვრეტს», ხოლო, როგორც მაქსიმუმი, სააკაშვილს მიეცემა საბაბი იმისთვის, რომ გადააყენოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან მთავრობა სრული შემადგენლობით, თუ ამ დროისთვის დღესდღეობით კონსტიტუციაში ჩადებულ ამ უფლებას არ წაართმევენ. ამგვარად, ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს «» და «», რომლებიც ზემოთ ვახსენეთ.

რა გვიცავს მოვლენების ამ სცენარით განვითარებისგან? პოლიციის პროფესიონალიზმი? ზოგადეროვნული კეთილგონიერება? იქნებ მიხეილ სააკაშვილის ზნეობრივი პრინციპები, რომლებიც შესაძლებლობას არ მისცემენ, მსგავსი პროვოკაციის მოწყობის საიდუმლო ბრძანება გასცეს და თანამემამულეების სისხლი დაღვაროს? ბოლო წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ვერც ერთ ამ ფაქტორს 100%-იან გარანტიად ვერ განვიხილავთ.

იმ მოვლენებიდან, რომლებიც მსოფლიოში მსგავსი სცენარის მიხედვით განვითარდა, ჩვენთვის, ალბათ, განსაკუთრებით საყურადღებო სწორედ «ვენესუელური ვარიანტია», რადგან ქუჩაში 19 აპრილს, დიდი ალბათობით, გამოვლენ არა მხოლოდ «ნაცმომიტინგეები» და პოლიციელები, რომლებმაც მათი აქციის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ, არამედ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც, რათა პროტესტი გამოუცხადონ «ნაცმოძრაობას» იმ ადგილას, სადაც მან წინა წლებში ამდენი უბედურება დაატრიალა. შეიძლება მოხდეს შეხლა-შემოხლა, როგორც 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბით და შეიქმნება თითქმის იდეალური პირობები იმ ტიპის პროვოკაციისთვის, რომელიც კარაკასში მოაწყვეს.

ძალიან ძნელია, სთხოვო თავშეკავება ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა გააუბედურა, მაგრამ ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც მათ საკუთარ ემოციებზე და უდავოდ სამართლიან პროტესტზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ პროვოკაციის შესაძლებლობა მინიმუმამდე დავიდეს.

არის ერთი, ზომიერად ძველი ტელესერიალი, რომელიც ბრიტანული მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მერლინის, თავგადასავლებს ეძღვნება. მასში, კაცმა რომ თქვას, არაფერია განსაკუთრებული ფინალური სცენის გარდა; მთელი ფილმის განმავლობაში მერლინი ებრძვის ბოროტ ღვთაებას, ბოლოს დაამარცხებს მას და ზღვა ხალხთან ერთად მის უკანასკნელ თავშესაფარს მიადგება. «მიდი, ხმალი დამარტყი, მომკალი», _ ეუბნება ის, მერლინი კი პასუხობს: «არა. ჩვენ არ მოგკლავთ, ჩვენ დაგივიწყებთ…», მერე ზურგს შეაქცევს და მეგობრებთან ერთად იქაურობას დატოვებს. იმ ბოროტი ღვთაებისთვის თავისი ჯადოსნური ხმალი რომ დაერტყა, ალბათ, არსებობას გაუხანგრძლივებდა, რადგან მის სიცოცხლეს და ძლიერებას სულ სხვა, არადამიანური ლოგიკა და კანონზომიერება კვებავდა, მაგრამ მერლინმა იპოვა ხერხი, რომლის გამოყენებით ის საბოლოოდ მოსპო. ალბათ, არის ამ ისტორიაში რაღაც, რაზეც, ქართული პოლიტიკის გადამკიდე, დაფიქრება ღირს.

19 აპრილს (სხვათა შორის, გაჩნდა ვერსია, რომ ამხელა მოსამზადებელი ვადის გამოცხადება სააკაშვილის ჯგუფს კალენდარულად უფრო ახლო მოვლენების შესანიღბად, ყურადღების გადასატანად დასჭირდა) ხელისუფლებამ, ალბათ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღოს, რათა პროვოკაციის შესაძლებლობა გამორიცხოს. სხვა მხრივ, ამ თავყრილობას განსაკუთრებული ყურადღება, ალბათ, არ უნდა მივაქციოთ. ჩაატარონ მიტინგი, მიიღონ რეზოლუცია და, ვისაც აინტერესებს, მას აუცილებლად გაეცნობა. ყველაზე ცუდი, რაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა შეიძლება «ნაციონალებს» გაუკეთონ, მათი აქციის სრული იგნორირებაა, მიუხედავად იმისა, რომ აქციას გამომწვევად (და შესაძლოა, სპეციალურად, რათა გამწარებული ხალხი ეცეს) იქ მართავენ, სადაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევა მოაწყვეს.

სააკაშვილის ჯგუფს არ აქვს პოლიტიკური და ძალისმიერი რესურსი სახელმწიფო გადატრიალებისთვის (ვარიანტი «»), მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ალბათ, მაინც წამებულის მანტიის მორგებით» ვარიანტით) ამოიწურება. სასურველია, შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ სისხლიანი პროვოკაციის მოწყობა აზრადაც არავინ გაივლოს, მაგრამ თუ გაივლებს, ეს ვერ მოახერხოს. ამ შემთხვევაში «ნაციონალები» 19 აპრილს რუსთაველზე მარტონი, საკუთარი წარსულის პირისპირ დარჩებიან.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. იცით რა მაინტერესებს? ამ ნაციონალებმა პარლამენტი ხომ გადაიტანეს ქუთაისში და აქ რაღა უნდათ…. ? რა გაუხურეს ამ რუსთაველს საქმე????

  2. ცრუ სამოქალაქო ომს ამზადებს! ნურცერთ მხარეს ნუ დაიჭერთ ფრთხილად იყავით ქართველებო!.

  3. სომხურ-ებრაულ ხელისუფლებას შესცვლის ებრაულ-სომხური ხელისუფლება,ე.ი. ქართველთა საშველი მაინც არ იქნება. ჩვენი სიყრუისათვის ღმერთი კიდევ უფრო მეტად დაგვსჯის თუ დროზე არ გამოვფხიზლდით. მოძებნეთ დუბლივე დუბლივე დუბლივე.ახალი-სიტყვა.კომ გაიგებთ რა უნდა ვაკეთოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here