Home რუბრიკები პოლიტიკა ულტიმატუმი თუ დიდსულოვნება?

ულტიმატუმი თუ დიდსულოვნება?

569

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს «ბოლო წინადადება» მისცა. მიმართვაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის  სულ უფრო მზარდი უფსკრულია, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც.

ივანიშვილს არ მიაჩნია სასურველად განვლილი 9 წლის სრული დისკრედიტაცია, «ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ქართველი ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას; ამიტომ მინდა, რომ როგორმე ღირსეული გამოსავალი ვიპოვოთ, ზედმეტი დანაკარგების გარეშე გავუმკლავდეთ წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოვახმაროთ».

პრემიერ-მინისტრი ამით ხსნის დეკემბრის ბოლოს შეთავაზებულ საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელზე დათანხმებაც სააკაშვილისთვის ყველაზე მარტივი იყო. საპარლამენტო უმრავლესობამაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადავადება და კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ნაწილობრივ ამოქმედების ფორმულა შესთავაზა. ივანიშვილი ამიტომ თანხმდებოდა ამნისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა ძალიან გაუჭირდებოდა საზოგადოებისთვის.

«მაგრამ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცივილიზებულ, სათანამშრომლო ვითარებაში არ გადასულიყო პროცესი. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს _ თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ. თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით «შეადუღაბოთ» თქვენი რიგები, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ, ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ, პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ _ ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას».

ივანიშვილი გამჭვირვალედ მიანიშნებს, რომ პოლიტიკური ზეწოლისგან განთავისუფლებული სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს _ სასჯელის. იგი სააკაშვილს სთავაზობს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.

ყოფილი მმართველი გუნდის უტიფარი საქციელი რომ ქართულ საზოგადოებას აღიზიანებს, ეს ნათლად ჩანს. ძალაუფლებას ჩაფრენილი სააკაშვილისა და მისი გუნდის გამომწვევი ნაბიჯები კიდევ უფრო აღრმავებს იმ უფსკრულს, რომელზეც პრემიერ-მინისტრი წერს. მიმართვის გამოქვეყნებისთანავე «ნაციონალთა» სახეებმა ისეთი კვალიფიკაცია მისცეს მას, როგორიცაა «ბოლშევიკური ენა», «ხალხის მტრების ძიება», «კრიზისის გაღრმავება» და ა.შ.

სინამდვილეში ამომრჩეველი დაიღალა პოლიტიკური კინკლაობით და კიდევ უფრო მეტად _ ყოფილი მმართველი პარტიის მისწრაფებით, რაც შეიძლება მეტი საძალაუფლებო ბერკეტი შეინარჩუნოს. სასამართლო, რომელიც აშკარად მართვადი და მიკერძოებულია, წვრილმან დანაშაულზე წლების განმავლობაში პატიმრობას უსჯიდა, ხოლო მილიონების ქურდებს და მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილებს დღეს გირაოთი ათავისუფლებს.

ივანიშვილის მიმართვა სწორედ სამართლიანობის აღდგენას ეხება. სააკაშვილი, რომელიც 9 წელიწადი მთელ ერს ულტიმატუმით ელაპარაკებოდა, დღეს კოაბიტაციასა და დემოკრატიას მოითხოვს. კრიზისს სწორედ ის იწვევს, რომ ძველი ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, ეს კი ახალ მთავრობას წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. პრემიერის მიმართვა ერთგვარი გაფრთხილებაა «ნაცმოძრაობისთვის» _ თუ იგი ქცევის სტილს არ შეცვლის და კვლავაც ხელს შეუშლის ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, სასჯელი ყოფილი მმართველი ძალის ყველა წარმომადგენელზე განაწილდება. ეს არ არის ანგარიშსწორება. ეს კანონის უზენაესობაა!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here