Home რუბრიკები საზოგადოება მამუკა ღლონტი: «ნაცმოძრაობას» ყოველთვის ყელში ვყავდით გაჩხერილი, მაგრამ ვერ...

მამუკა ღლონტი: «ნაცმოძრაობას» ყოველთვის ყელში ვყავდით გაჩხერილი, მაგრამ ვერ ჩაგვძირეს

618

მასპინძელმა მითხრა, რომ მდივანი არასოდეს ჰყოლია: არ უფროსობს, არ პოზიორობს. ასეთია მისი ცხოვრების წესი. მასპინძელი მამუკა ღლონტია, «მაესტროს» რადიოს გენერალური დირექტორი და ტელეკომპანია «მაესტროს» ერთ-ერთი მესაკუთრე. იგი ამჟამად «ჰიბრიდული არხის» პროექტზე მუშაობს, იდეურ საფუძველს უქმნის ორ ახალ არხს. მამუკა ღლონტი დერეფნის ბოლოს, გადატიხრულში ზის. ბუნებრივი უბრალოება, საქმიანი სივიწროვე და კედელთან მიყუდებული ველოსიპედი. კედელზე _ მეორე: ველოსიპედი-საათი. დროის მსვლელობის სიმბოლო თუ მინიშნება, რომ ამ «კაბინეტის» პატრონი ახალი ველოსიპედის გამოგონებით გატაცებას არ აპირებს. პრაქტიკოსია, რაიც იმ მედიასივრცეზე აისახება, რომელსაც ხელმძღვანელობს. მედიასივრცე, სახელად «მაესტრო», რომლის 18-წლიანი ისტორია (13 თებერვალს სწორედ ამდენი წელიწადი მიითვალა), კაცობრიობის ისტორიისა არ იყოს, ომების ისტორიაა, ზოგჯერ იქამდეც მისულა საქმე, რომ გარედან თვალის მდევნელი გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

_ თქვენ დაძლიეთ. როგორ მოახერხეთ, რა გზებითა და საშუალებით?

_ ერთი პერიოდი გვქონდა, როცა «რუსთავი 2»-მა კინაღამ გაგვაკოტრა, მაშინ, როცა მისი მაქინაციებისა და უკანონობის მიზეზით, არა მარტო ვერ ვიხდიდით არენდას, არამედ 80 ათასი დოლარი ვალი დაგვედო, რაც ჩვენთვის უზარმაზარი თანხა იყო. რამდენიმე მესაკუთრემ მაშინ თქვა, დავანებოთო თავი ამ ტელევიზიას: ან ცალ-ცალკე წავიდეთ, ან რაღაც სხვა გზა მოვნახოთო.

არასოდეს მსურდა ხელმოცარულად დარჩენა, ამიტომ ვუთხარი ჩვენს ჟურნალისტებს, თუ დაიღალეთ, ენერგია აღარ გაქვთ, ეგებ დროებით სადმე დაიწყოთ მუშაობა, ოჯახი რომ არჩინოთ. მე და ბაჩო კიკაბიძე, დღევანდელი გენერალური დირექტორი, გავაკეთებთ საკაბელოების ქსელს-თქო. არავინ წასულა. დარჩნენ და მართლაც გავაკეთეთ ეს ქსელი. და «მაესტრო» მწყობრში ჩადგა.

პირველ ეტაპზე ენთუზიაზმითა და ახალგაზრდული ენერგიის ხარჯზე ვძლევდით სიძნელეებს. შემდეგ სამართლიანობისთვის ბრძოლამ შეგვკრა და გაგვაძლიერა, თუნდაც იმ სამართლიანობისთვის, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვეხებოდა და რომელიც ქვეყანას სჭირდება.

ვიბრძოდით, უკან არ ვიხევდით, რადგან მართლები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში «ნაცმოძრაობას» ყოველთვის ყელში ვყავდით გაჩხერილი, მაგრამ ერთი შავი ლაქა ვერ მოგვიძებნეს ჩვენს საქმიანობაში, ვერ ჩაგვძირეს.

მთავარი სამართლიანობისთვის ბრძოლის ჟინი და სურვილი იყო.

_ და თქვენ მოგყვებოდათ ჟურნალისტების გუნდი?

_ საქმე ის არის, რომ «მაესტროში» გვაქვს მართვის სხვებისგან განსხვავებული სტილი, რომელიც უშუალო ურთიერთობებით არის გამორჩეული სამუშაო ადგილზე თუ მოცალეობის ჟამს. ძალიან თბილი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა _ ტყუილის თქმა გამორიცხულია; არ ვმალავთ, როცა გვიჭირს, მაგალითად, ფინანსურად, როცა შეგვიძლია ხელფასების გაზრდა, ამასაც პირდაპირ ვამბობთ. პოზას არავინ იჭერს. კრიტიკულ პერიოდებშიც სჯერათ ჩვენი.

ყველაფერ ამის გამო 150-კაციანი კოლექტივი გამოგვყვა ჩვენ, როცა კიწმარიშვილი შეეცადა ჩვენს დაშლას და გათიშვას.

_ ალბათ, თქვენამდეც აღწევს მაყურებლების ხმა, რომელთა გაღიზიანებას იწვევს «ნაციონალთა» მომაბეზრებელი სახეები _ გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, თეა თუთბერიძე, დავით დარჩიაშვილი და ა. შ. თავი დაგვანებონ, დაგვასვენეთო.

_ როგორც კი ეს ადამიანები აღარ იქნებიან აქტუალურები, ვეღარ მოხვდებიან ჩვენს ეკრანზე. მაგრამ დღეს აქტუალურები არიან. ამათ მარტო ჩვენთან კი არა, ევროპულ ფორუმებზეც კი უსმენენ. თუ ჩვენ მათ აღარ გამოვაჩენთ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღარ იარსებებენ.

თუ ჩვენ არ მოვიწვევთ, ისინი «რუსთავი 2»-ზე აღმოჩნდებიან და იმ ტელემაუწყებლობის რეიტინგს გაზრდიან, ის არხი გაძლიერდება. სანამ დებატებს მაღალი რეიტინგი აქვს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, მოვიწვიოთ ეს ადამიანები. ამიტომ ვთვლით, რომ სწორი გზით მივდივართ.

_ თეა სიჭინავას «არგუმენტებში» პირდაპირ ეთერში რაც მოხდა _ დავითაშვილისა და რატიანის ფიზიკური ჯახის თქვენეული შეფასება, თუ შეიძლება.

_ არც ერთ მხარეს არ ვამართლებ. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს არა მარტო თმენის, არამედ ზეთმენის უნარი და ვალდებულება. კობა დავითაშვილს არ ვამართლებ იმიტომ, რომ მან კარგად იცის, ვისთან მოდის სადებატოდ: «ნაცები» ყოველთვის, თეთრზე შავიაო, ამბობენ, აბსურდს ლაპარაკობენ, ადამიანისთვის გაუგებარ რამეებს. თუნდაც ის, როცა სერგო რატიანი ეუბნებოდა კობას, რატომ იხსენებო ძველს? კობას ადგილზე მე ვუპასუხებდი, რომ 8 თებერვალიც ძველია და შენ რატომ იხსენებ-მეთქი. «ნაცმოძრაობის» წევრებს ალოგიკურობა არ აწუხებთ.

_ მარტო ალოგიკურობა?!

_ და ელემენტარული ზრდილობის დაცვის აუცილებლობა. როცა კაცმა ლამის თავზე დაამტვრია ჭიქა პროგრამის წამყვან ახალგაზრდა ქალს, იმ კაცს რა ლოგიკა უნდა მოსთხოვო, რომელ წესიერებაზე უნდა ელაპარაკო?! ამის გამკეთებელი თუ ხარ, პოლიტიკას უნდა შეეშვა, საჯაროდ გამოსვლაზე ხელი უნდა აიღო და, საერთოდ, შინიდან არ უნდა გამოდიოდე. რომ მოხვედროდა ჭიქის  ნატეხები თეა სიჭინავს და სახეზე ნაჭრილობევი დაემჩნია, მაშინ რას იზამდა?! თუ ამდენი თავშეკავება არ გაქვს, თუ ამდენი არ გესმის, დაჯექი, შვილო, შინ და კომპიუტერული თამაშებით გაერთე!

მაყურებელს პომპეზურად კი მოუხადა ბოდიში, მაგრამ რატიანს თეა სიჭინავა არ გახსენებია, ანუ ის ადამიანი, რომელიც აშკარა საშიშროების წინაშე დააყენა.

ერთიცაა, მიუხედავად იმისა, «ნაცმოძრაობის» წევრს ელაპარაკები თუ სხვა პარტიის წარმომადგენელს, ტელეეკრანზე რომ ხარ და საკუთარ აზრს მაყურებელს რომ უზიარებ, იქ მუშტები არ უნდა გჭირდებოდეს.

_ უგნურის უკანასკნელი არგუმენტი მუშტიაო.

_ მუშტის მომქნევი მილიონია და ამას პოლიტიკოსობა არ სჭირდება.

_ მით უფრო, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება სათავისოდ აიტაცოს, რაც გააკეთა კიდეც «რუსთავი 2»-მა და საპარლამენტო უმცირესობამ. იგივე არ ჩანს კოალიციის მხრიდან, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მან ყველაფერი  მორალისტობითა და დიდაქტიკური მოწოდებებით ამოწურა.

_ ცხრა წელიწადი, როცა «ნაციონალური მოძრაობა» ქებით ცაში აჰყავდათ, ამბობდნენ, რომ ისინი კარგი და ჭკვიანი მენეჯერები არიანო, მე საწინააღმდეგოს ვამტკიცებდი, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ამათზე უტვინო ხელისუფლება ძნელი წარმოსადგენია. ესენი თავიანთი მმართველობის მეორე წელსვე «დაიწვნენ», აშკარად გამოჩნდა, რანიც იყვნენ და რანიც არიან. ახლაც ცდება, ვინც მიიჩნევს, რომ ისინი მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან.

არავითარ შემთხვევაში!

ისინი კვლავ თეთრზე შავის თქმას არ იშლიან, მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ «ზეწოლაზე» ლაპარაკობენ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის, ევროპაშიც, ამერიკაშიც, ვინც არიან ისინი და რასაც წარმოადგენენ. ილუზიაა, რომ თითქოს «ნაცები» რაღაცას «აპრავებენ». პირიქით _ ყველა პუნქტში წაგებულები არიან, ვერც ვერასოდეს მოიგებენ. «ნაცები» ისტორიას არიან ჩაბარებული.

არანაირი გამართლება არ აქვს რატიანის მიერ ჭიქის დამსხვრევას პირდაპირ ეთერში. რაც გინდა ეთქვა დავითაშვილს, წამყვანისთვის ჭიქის მაგიდაზე დაბრახუნების ნება შენთვის არავის მოუცია!

თვითონვე ავრცელებენ იმ ხმებს, რომლებზეც თქვენ მიანიშნეთ. გაიკითხეთ ხალხში და აშკარა გახდება, რომ არანაირი პოზიცია, არანაირი პიარი, არანაირი გავლენა ხალხზე მათ არ აქვთ.

სააკაშვილმა, რომელსაც ჰყავდა კორუმპირებული პოლიცია, კორუმპირებული პროკურატურა, სასამართლო, ჯარი, ზონდერები, ტელევიზიები და ა.შ., ვერ მოიგო არჩევნები. დღეს, მით უფრო, მარცხდება, რადგან უტვინოა და უტვინოები ჰყავს შემოკრებილები.

_ ეს დღეებია, სიახლეებით გვაოცებს თქვენი ეკრანი.

_ საინფორმაციო ფორმატს საქართველოს მცირე სარეკლამო ბაზარზე თავის რჩენა არ შეუძლია. ყველაზე ძვირი ჯდება საინფორმაციო პროგრამის მომზადება. მის გადასარჩენად ვაკეთებთ მეორე არხს _ გასართობ არხს, რომელიც ბევრად იაფია, შემოსავალი კი განუზომლად დიდია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ის ძირითადი პოლიტიკური არხი, რომელსაც ჰქვია «მაესტრო». გვექნება «მაესტრო» და «მაესტრო 24», როგორიც არის Fრანცე 24 ან Hჯცცბზ 24. საერთო მიმართულების ტელეარხზე, წესისამებრ, გვექნება სერიალიც, რეალითი შოუც, მუსიკალური პროგრამაც.

_ ის, რაც უკვე გამოჩნდა ეკრანზე, ჩემი აზრით, ადასტურებს, რომ ძებნა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

_ ჩვენ, ფაქტობრივად, ექსტრემალურ ვითარებაში ვმუშაობთ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადაცემა თვეების მანძილზე ვამზადოთ. გარკვეულწილად ორმოში ვიმყოფებით, საიდანაც ამოსვლის ძალიან მოკლე დრო გვაქვს მოცემული. ის, რაც ეთერში უკვე გადის ან გავა, თანდათან დაიხვეწება და ერთ თვეში ნორმალურ სახეს მიიღებს.

_ თუ «არგუმენტების» ეთერში მომხდარ ფაქტს დავუბრუნდებით, ხომ არ მიიჩნევთ, რომ წამყვანმა ისე ვერ წარმართა თავის პროგრამა, ინციდენტი თავიდან რომ აეცილებინა და ორი განრისხებული მამაკაცი ერთმანეთს არ მივარდნოდა ანგარიშის გასასწორებლად?

_ ვერ ვიტყვი, რომ ეს წამყვანის ბრალი იყო. კობა დავითაშვილი მზად უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მისი ვიზავი შეეცდებოდა წყობილებიდან მის გამოყვანას. მარტივ მაგალითს მოვიხმობ: სააკაშვილი არასოდეს აცხადებდა, სად და როდის მიდიოდა. დღეს ამას აკეთებს, რათა კვერცხები ესროლონ და ხალხს დაჩაგრულად წარმოუდგინოს თავი. კობას უნდა გაეთვალისწინებინა სააკაშვილის პიარის ასეთი ტაქტიკური ცვლილება, რომელსაც გაიმეორებდნენ უმცირესობის წევრი აქტივისტები.

პირდაპირ ეთერში ჩხუბი და აყალმაყალი მსოფლიოს ყველა წამყვან ტელევიზიაში ხდება. თეა სიჭინავა ინციდენტამდე მთელი ათი წუთის განმავლობაში ცდილობდა დაპირისპირებულთა დამშვიდებას.

_ მაგრამ წავიდა ის დრო, როცა ქალის თეთრი მანდილი ვაჟკაცებს ამოღებულ ხმლებს ქარქაშში ჩააგებინებდა.

_ ანკესზე წამოგების პროვოცირება «ნაციონალების» სტილი ყოველთვის იყო. მაგრამ მე, იცით, რა მაინტერესებს? ოქტომბრის შემდეგ რას იზამენ ისინი, როცა სააკაშვილი აღარ იქნება აქტუალური, თუ მიაღწია საერთოდ ოქტომბრამდე.

ტელევიზია ვერ დამალავს ამ დაავადებას. ვამბობ, ვწერ «ფეისბუქზე» და მინდა თქვენი მეშვეობითაც ვკითხო ჩვენს მაყურებლებს: რა გინდათ, ნახოთ ეკრანზე _ ის, რაც გსურთ, თუ ის, რაც ხდება?

ხდება კი ის, რომ სააკაშვილი და «ნაცები» დამთავრდა.

რაც ხდება, მათი უკანასკნელი გაფაფხურებაა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here