Home რუბრიკები სამართალი გასცა თუ არა ციხის ბუნტისას სროლის ბრძანება გიგა ბოკერიამ?

გასცა თუ არა ციხის ბუნტისას სროლის ბრძანება გიგა ბოკერიამ?

714

2006 წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტი ერთ-ერთი იმ საშინელი ქმედებათაგანი იყო, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წევრების კისერზეა. როდესაც ჩემი საუბარი ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილთან ასე დავიწყე, მან გამაჩერა და მითხრა: არა, ეს არ იყო პირველი, უკვე მოკლული იყო პრემიერი ჟვანია და აფრასიძეებიც ამოწყვეტილი ჰყავდათო.

ციხის ბუნტის ამბავი ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე გაიხსენა, მაგრამ მალევე გადაივიწყა. არადა, ეს ის თემაა, რომელმაც იმ პერიოდში საზოგადოება შეძრა და იმ დღიდან ქვეყანაში საშინელმა სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა. მაშინ პირველად მიხვდა ხალხი, რისი მკადრებლები იყვნენ არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ის პატარა, უზნეო ბიჭები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ.

გამოძიების რა ეტაპზეა ციხის ბუნტის ამბავი და გამოიკვეთა თუ არა ხელისუფლების ბრალეულობა?

_ ამ შეკითხვით ბატონ გელა ნიკოლეიშვილს მივმართეთ. ის ბუნტში ბრალდებული პირებიდან ერთ-ერთის ადვოკატი იყო.

_ 2006 წელს ციხეში მომხდარ ამბავზე ექვს პატიმარს ედებოდა ბრალი. მათ შორის სამი კანონიერი ქურდი იყო, სამი კი _ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი, მაგრამ ბუნტი სინამდვილეში მათი მოწყობილი არ იყო. ეს ბაჩო ახალაიასა და მისი თანამზრახველების ინსპირირებული და დადგმული იყო. ახლა, როდესაც ბაჩო ახალაია ციხეშია, მე დავინტერესდი, დაიკითხა თუ არა ბაჩო ახალაია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჯერ ის ამ კონკრეტულ საქმეზე დაკითხული არ არის. არადა, ბაჩო ახალაიამ არაადამიანურად ჩაახოცინა პატიმრები და უფრო მეტი დაასახიჩრებინა. ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ცხრა პატიმარი დაიღუპა, მაგრამ დაღუპული უფრო მეტიც იყო. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაღუპული პატიმრების ოჯახის წევრები დააშინა და ზუსტი ციფრის დადგენა ვერ მოხერხდაო. დღემდე არავინ იცის, რამდენი პატიმარი ემსხვერპლა ციხეში მომხდარ ამბავს.

_ ბატონო გელა, მაშინ კულუარებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ სროლის ბრძანება გიგა ბოკერიამ გასცაო.

_ კი, ნამდვილად ამბობდნენ, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა და ვინ გასცა ბრძანება. ისე კი, რაც ნამდვილად ვიცით, გიგა ბოკერია იმ დროს იქ იყო, თუმცა რა სტატუსით, ეს უკვე ვეღარ დავადგინეთ.

პატიმრები იხსენებენ, რომ, როდესაც საკნებიდან ახალაიას აგინებდნენ და რითაც შეეძლოთ უსწორდებოდნენ _ წყლის შესხმა იქნებოდა ეს თუ რაიმე საგნის ფანჯრიდან სროლა _ ახალაია ეზოდან ავტომატის ჯერს უშვედა საკნების მიმართულებით და ეს არაერთხელ გაუკეთებია. ციხეში ინსპირირებული ბუნტით მან შიშის ზარი დასცა მთელს კრიმინალურ სამყაროს და არამარტო მათ. ციხეში მომხდარი შემზარავი ამბავი, ძირითადად, ბაჩო ახალაიას კისერზეა და დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ჯერ არ ვიცით, კიდევ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, იქ უამრავი ადამიანი იყო. იმ პერიოდის სასამართლოს თუ გავიხსენებთ, ჩემდა გასაკვირად, მაშინ ყველა ის პირი დაიკითხა, რომელთა დაკითხვაც დაცვის მხარემ მოითხოვა, მათ შორის ბაჩო ახალაიაც, მაგრამ ყველამ იმ ტექსტით ისაუბრა, რომლითაც სასამართლოს წინაშე მაშინდელი ციხის უფროსი, უფრო სწორად, ჯალათი წარსდგა.

მჯერა, გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, მაგრამ იგი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს არა მარტო ამ საქმეზე, არამედ ბევრ სხვა საქმეზეც, თუმცა ამაში პროკურატურის დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან გამოსაძიებელი საქმეები უამრავია და თან ყველა მნიშვნელოვანი.

_ სანდოა თუ არა დღევანდელი სასამართლო?

_ მეტ-ნაკლებად. სასამართლოებშიც და პროკურატურაშიც ოთხმოცი პროცენტი ჯერ კიდევ ის ადამიანები სხედან, ვისი ნდობაც საზოგადოებას არ ჰქონდა. ამის გამოსწორებას დრო სჭირდება. კადრებიც მოსაძიებელია.

_ მახსოვს პერიოდი, როდესაც თქვენ, ადვოკატები, საქმეს, რომელსაც მოგების პირი უჩანდა, არ ახმაურებდით, რადგან, თუ გახმაურდებოდა, აუცილებლად წაგაგებინებდნენ, ამიტომ გერჩივნათ, რომ ჩუმად გეკეთებინათ საქმეები, მაგრამ მაინც მიჭირს ისეთი საქმის გახსენება, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახლა როგორ არის საქმე, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში ადვოკატობა თუ ყველანი პოლიტიკაში გადაინაცვლებთ?

_ არა, დღევანდელი დღის იმ პერიოდთან შედარებაც კი არ შეიძლება. ახლახან რამდენიმე საქმე მოვიგე და კიდევ მაქვს საქმეები, რომლებიც წარმატებით დასრულდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here