Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ ქოქოლაძე: «თიბისი ბანკი», ფინანსურ პოლიციასთან და პროკურატურასთან ერთად,...

ანზორ ქოქოლაძე: «თიბისი ბანკი», ფინანსურ პოლიციასთან და პროკურატურასთან ერთად, ყველა უკანონო და თაღლითურ ქმედებაში მონაწილეობდა

685

სააკაშვილის გუნდის წევრების ბიძურ საქმეებზე ხალხიც დაიღალა საუბრით და ჩვენც _ წერით. იმაზე უკვე ყველანი შევთანხმდით და აღარ ვდავობთ, რომ ქვეყანას ბევრი უკანონო პატიმარი ჰყავდა. ეს პატიმრები ციხეებში რა მდგომარობაში იყვნენ, ისიც ყველამ ვიცით, ვინ აწამებდა ამ ადამიანებს და როგორი მეთოდებით, ესეც ცნობილია. ისე, პრინციპში, კაცმა რომ თქვას, დაფარულიც უკვე აღარაფერი დარჩა. «ნაცმოძრაობას» ციხეებში უკანონო პატიმრებისა და პოლიტპატიმრების გარდა, ასე ვთქვათ, ბიზნეს პატიმრებიც ბევრი ჰყავდა. ბიზნესმენის დაჭერა, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსებს ფლობს, ალბათ, ადვილი საქმე არ არის, რადგან ის ფულს გადაიხდის და სიმართლეც მის მხარეზე იქნება. ბევრი ბიზნესმენი ასეც იქცეოდა. ხდებოდა ისეც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ფულის «შესაწერად» მიდიოდნენ და ხელცარიელებიც არ ბრუნდებოდნენ. მაგრამ იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, სააკაშვილისთვის ფული რატომ უნდა გადაეხადათ და, რადგან ვერ ხვდებოდნენ, უკვე სხვა მეთოდებით იწყებოდა ურჩთა წინააღმდეგ მუშაობა. ახლა ამნისტიით გათავისუფლებული ბიზნესმენების უნრავლესობა ბიზნესის წართმევასა და გაკოტრებაში «თიბისი ბანკის» ხელმძღვანელს, მამუკა ხაზარაძეს, სდებს ბრალს. «საქართველო და მსოფლიო» ერთ-ერთ მათგანს, «ელიტ ელექტრონიქსის» ხელმძღვანელ ანზორ ქოქოლაძეს ესაუბრა.

_ საიდან და როდის დაიწყო წინა ხელისუფლებამ თქვენი განადგურება?

_ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა 2007 წლიდან დაიწყო. ფინანსურმა პოლიციამ, რომელსაც იმ დროს დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა, «ელიტ ელექტრონიქსს» უკანონოდ 14 მილიონი ლარი ჯარიმა დაარიცხა, შემდეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკის 7 კონტეინერი ერთი წლის მანძილზე საბაჟოზე უკანონოდ იყო დატყვევებული. ასევე 2007 წელს მსოფლიო ბანკის შვილობილ კომპანია IFჩ-თან (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) მიღწეული შეთანხმება, 10 მილიონი დოლარის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული ხელშეშლის გამო ჩაიშალა. იმავე წელს დაგვიპატიმრეს სამი წამყვანი თანამშრომელი უსაფუძვლო ბრალდებებით და იმავე დღეს საეჭვო ვითარებაში ხანძარი გაუჩნდა «ელიტ ელექტრონიქსის» ცენტრალურ საწყობს, რამაც 10 მილიონამდე ზარალი მოგვაყენა. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან დაუნდობელი ქმედებებისა და ხელშეშლისა, მიუხედავად 2008 წლის ომისა და ფინანსური კრიზისისა, ჩვენ მოვახერხეთ, ყველა სირთულე გადაგველახა და 2009 წლიდან კვლავ დავიწყეთ ბიზნესის განვითარება ჩვეული, კანონიერი გზებითა და მეთოდებით. ზუსტად ამ პერიოდში «ელიტ ელექტრონიქსში» დამატებითი ინვესტიციების საკითხზე ევრობანკთან მოლაპარაკებები დასრულდა, რის საფუძველზეც ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქციონერი ხდებოდა. ნაციონალური ხელისუფლება ხედავდა, რომ,  თუ «ელიტ ელექტრონიქსის» აქციონერები იქნებოდნენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიც ევრობანკი და IFჩ-ია, ზეწოლა და თაღლითური მეთოდებით «ელიტ ელექტრონიქსის» საქმეების დაუფლება გაუჭირდებოდა.

ამიტომ მათ უკვე, ასე ვთქვათ, ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტეს და ტერორი დაიწყო. დააყადაღეს «ელიტ ელექტრონიქსის» უძრავ-მოძრავი ქონება, თიბისი ბანკს წილი ფარულად გადაუფორმეს, ხოლო შემდეგ, რამდენიმე დღეში უკანვე დაგვიბრუნეს, რადგანაც აშკარად იშიფრებოდნენ საკუთარ უკანონო ქმედებებში. გადაფორმებული და უკან დაბრუნებული წილის შესახებ რეესტრის ამონაწერიდან ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ. რადგან ყველა მათი ნაბიჯი გავშიფრეთ და უკან დახევას არ ვაპირებდით, შეეცადნენ, უფრო ლეგალური გზით დაუფლებოდნენ «ელიტ ელექრტონიქსის» ქონებას. რა ითვლებოდა ლეგალურ ქმედებაში, ახლავე მოგახსენებთ: ხელისუფლებამ ყოვლად უკანონოდ თიბისი ბანკს ჯერ «ელიტ ელექტრონიქსის» მართვის უფლება მიანიჭა, შემდეგ კი ფარულად 116 000 ლარად აქციების 55% გადაუფორმა, მოგვიანებით ბანკმა თავის კუთვნილებაში არსებული აქციები კეზერაშვილის ახლობლის, იოსებ მგელაძის, კუთვნილ ფირმას «ელიტ-ეფლაინს» გადაუფორმა. ეს ფაქტი ძალიან აშკარა და თვალშისაცემი იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, კვალი დაეფარათ და «ელიტ ელექტრონიქსი» საბოლოოდ ისევ კეზერაშვილის ახლობლის, ოღონდ ახლა უკვე უცხოეთის მოქალაქის, ვინმე მიხეილ ბენიამინის სახელზე გადაფორმდა.

_ რა იყო მიზეზი იმისა, რომ ასე ჩაგიდგნენ ჯიბრში?

_ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების ძირითადი მიზეზი ორი რამ იყო: ერთი, რომ ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა, მოეცილებინა ყველა მისთვის მიუღებელი ბიზნესმენი, მიუღებელი ერქვა ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც მათ ღონისძიებებსა და საარჩევნოდ კოლოსალური თანხებით დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ, ასეთი ბიზნესმენების რიცხვს განვეკუთვნებოდით ჩვენ და, რადგან კარგი თვალით ისედაც არ გვიყურებდნენ, 2007 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ჩვენი განადგურების მიზეზიც მოძებნეს. «ელიტ ელექტრონიქსის» თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე შენიშნეს და მათი სამსახურებიდან გაშვება მიგვთხოვეს, რაზეც ჩვენ უარი განვაცხადეთ. ასეც რომ არ ყოფილიყო, ის, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს, მაინც მოხდებოდა, რადგან მათ აუდიო-ვიდეო, მობილური ტელეფონების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის ბაზრის მონოპოლიზება ჰქონდათ განზრახული, ამისთვის კი საჭირო გახდა, პირველი დარტყმა «ელიტ ელექრტონიქსისთვის» მიეყენებინათ.

_ როგორ იცავდით თავს?

_ თავის დასაცავად, ფაქტობრივად, ყველანაირი კანონიერი გზით ვიბრძოდით, ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ყველა უკანონო ქმედება ჯერ საქართველოს სამართლებრივ სივცრეში, შემდეგ კი სტრასბურგში გავასაჩივრეთ, ვიბრძოდით ბოლომდე. რადგან მიხვდნენ, რომ ბრძოლას თავს არ დავანებებდით, დაიწყეს დაპატიმრებები. პირველი მე დამაპატიმრეს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით, შემდეგ ეს მუხლი შემიცვალეს და თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების მუხლით გამასამართლეს. ჩემ შედეგ ჩემი ოთხი უახლოესი ადამიანი დაიჭირეს. მათი დაპატიმრების მიზეზი ის იყო, რომ ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

«ელიტ ელექტრონიქსის» წინააღმდეგ მიმართულ საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი არასამთავრობო ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, «თავისუფლება უკანონო პატიმრებს», მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენს დაცვაში.

ვცდილობდით, ყველა ეტაპზე პროცესები გამჭვირვალე ყოფილიყო და შესაბამის განცხადებებსაც ვაკეთებდით მანამ, სანამ 2010 წლის 3 აგვისტოს ჩემი დაპატიმრების ორდერი არ გასცეს. საპყრობილეში ერთი წელი და ათი თვე დავყავი.

ჩემს განთავისუფლებას პატრიარქი ითხოვდა, ის ციხეშიც მობრძანდა ჩემს სანახავად, სწორედ მისი დამსახურებაა, მე ცოცხალი და ჯანმრთელი რომ გამოვედი. ციხის ჯალათები ერიდებოდნენ ჩემზე ფიზიკურ ძალადობასა და ზეწოლას, მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლით შემოიფარგლნენ.

_ ვინ ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთებს თქვენ წინააღმდეგ?

_ ჩართული იყო მთელი სახელმწიფო სისტემა: პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, თბილისის მერი, სასამართლო და პენიტენციალური სისტემები, «თიბისი ბანკი» და ა.შ.

ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ ყველა ქმედებას ზურა ადეიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო სანდო და უღალატო შემსრულებლები დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე იყვნენ.

 თიბისი ბანკი, ფინანსურ პოლიციასთან და პროკურატურასთან ერთად, ყველა  უკანონო და თაღლითურ ქმედებაში მონაწილეობდა. გითხარით კიდეც: ის მათი საიმედო პარტნიორი იყო, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ წინააღმდეგ ტერორი მიმდინარეობდა, თიბისი ბანკი მათ გვერდით იდგა. სამწუხაროდ, ჩვენი საქმე არ იყო გამონაკლისი. «თიბისი ბანკმა» სხვა უამრავ შემთხვევაშიც ხელისუფლებას ბევრი ბინძური საქმე შეუსრულა.

«თიბისი ბანკთან» 1998 წლიდან  საკმაოდ კარგი თანამშრომლობა და ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გაუძლო ცდუნებას და ცუდი როლი შეასრულა.

მე როგორც არ უნდა დავზოგო ისინი, ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, მათ ხომ მთელი ჩვენი ქონება თავისთვისაც კი არ დაიტოვეს, კეზერაშვილის ფირმებს გადაუფორმეს.

ხაზარაძე იყო ერთ-ერთი შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლების იმ ბინძური საქმეებისა, რომლებიც მთავრობისთვის მიუღებელი ბიზნესმენების მოსაცილებლად და ქონების ნებისმიერი გზით ხელში ჩასაგდებლად იგეგმებოდა. ის ხელისუფლებას  თაღლითურ ქმედებებს «უპრავებდა».

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here