Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ფირცხალავა: ეზიზღებათ ეს შობელძაღლი და ამიტომ ესროლეს კვერცხები

გურამ ფირცხალავა: ეზიზღებათ ეს შობელძაღლი და ამიტომ ესროლეს კვერცხები

1267

«საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელ ნომერს საქართველოს სახალხო არტისტი გურამ ფირცხალავა სტუმრობს. რედაქციაში მოსულს გავაცანი ზოგიერთი გამოხმაურება ქალბატონ მარინა ჯანაშიას ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, კერძოდ, ნაციონალ-ბოლშევიკების ორი კერპთაყვანისმცემლის კომენტარი. პირველი _ ვინმე «ანა» წერდა: «აი, ზუსტად ასეთები არიან, გამუდმებით სიძულვილს რომ თესავენ. ჟურნალისტი კი ადგა და ტაში დაუკრა». მეორე _ ვინმე «ნაციონალი», რასაც წერდა, თქვენც გადაავლეთ თვალი, ჩვენო განათლებულო მკითხველებო, და «აღივსეთ შურით»: «რა სამწუხაროა, ვოცა ჟურნალისტობას გაბრალებენ, შენც იცი რომარ ხარ, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა ირჩინო თავი. ან მარინა რომელი პოლიტიკოსი ნახე, რომ პოლიტიკაზე ესაუბრები? ეგ არის ჩვენი, ქართველების პრობლემა. ყველამ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ, ყველაფერი ხუთიანზე იქნება. მაგრამ არა, ყველა პოლიტიკოსები ვართ, თვით მეხინკლე და 20000 დოლარის, თუ ლარის მონა დავითაშვილიც, ან ბესელია ფულის მონა, ან ზვიადაური, ან თვითონ ბიძინა, მოკლედ ქართველების მომავალი ბურუსით არის მოცული. ამაზე კი დღეს უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება. რაო ევროპამ უთხრა ქოცებს აახვიეთო, პრინციპში ქოცებს კი არა მთელ საქართველოს გვითხრეს ქოცებუს გამო». (სტილი, კორექტურა დაცულია).

ბატონმა გურამმა ეკრანზე წაიკითხა ამ ღვარძლიანი ადამიანების ნაწერი და აღშფოთდა:

_ მარინა ჯანაშია _ ბრწყინვალე მსახიობი, შესანიშნავი ადამიანი, სიკეთით სავსე ოჯახის შვილი და ოჯახის პატრონი, თემო გოცაძის, ჩემი ძმის, ბრწყინვალე მხატვრის ღირსეული მეუღლეა.

ხელი როგორც არ მოტყდა ამ პასკვილის დამწერს, ის მიკვირს.

თუმცა რა უნდა გვიკვირდეს ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებს, რომელთა სულის მოწამვლასაც ასეთი მონდომებით ცდილობდა ცხრა წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლება?! ზოგი მოწამლა და იმათი წარმომადგენლები არიან უზნეო ნაწერის ავტორებიც.

ადამიანი რასაც დასთესს, იმას იმკის. ისე არ არის საქმე, სიმღერაში რომაა ნათქვამი _ «ვარდი დავთესე, მოსულა ია».

ბოროტებას თესავდნენ და მოსავალიც ადეკვატური მიიღეს.

ქალბატონი მარინა წუხს: «ჩემი თავი დავიჭირე საშინელ რაღაცაში: ვამბობდი, რომ კარგია ის, რაც ხდება, ახია, ღირსნი არიან! ერთხელ მაინც იწვნიონ თავის თავზე, რაც ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ გადავიტანეთ, ყველამ, სრულიად საქართველომ, იმიტომ, რომ, რაც მათ ჩაიდინეს, იმისი პატიება არ შეიძლება».

ნიშანს კი არ უგებს, შეწუხებულია და სიმართლეს არ ღალატობს.

ასე არ იყო?!

ჩვენ, «სახალხო კრების» წევრები ქარელის რაიონში მეუფე იობს ვსტუმრობდით. მან გვითხრა: «ჩემო შვილებო, ფიზიკური ოკუპაცია სულიერთან შედარებით არაფერია. ჩვენს ტერიტორიებს ადრე თუ გვიან დავიბრუნებთ. სულიერი ოკუპაციიდანააო ძნელი თავის დახსნა. სულიერ ოკუპაციას განახორციელებენ ეს უცნაური ადამიანებიო (ხელისუფლებაზე ამბობდა), სულს უნგრევენ ერსო».

ყველა ხომ ვერ მოითმენს, განსაკუთრებით, ნატანჯი და ციხეში ნაწამები ადამიანები. ქალზე ხელის აღმართვას ვერ გაამართლებ, მაგრამ ისიცაა, არ უნდა შეყო ცხვირი იქ, სადაც საჭირო არ არის, ხალხს არ უნდა უძახო «მონებო» და «მოღალატეებო».

ბრბოდ არ უნდა მოიხსენიო ხალხი!

არადა, მოიხსენიეს «ინტელექტუალებმა».

სპეციალურად აღიზიანებდნენ აქციის მონაწილეებს. ეს ჩიორაც და მეორე, პატარა გოგო რომ არის, თქვენი კოლეგა…

_ ირმა ნადირაშვილი.

_ დიახ, ნადირაშვილი. თვალნათლივ ჩანდა, რომ პროვოცირების ანკესზე სურდათ ხალხის წამოგება. «აბა, ჰე, აბა, მოდით, დადგით შოუ!» _ ვინ ყვიროდა, ვინ იწვევდა პოლიტპატიმრებს? დედაქალაქის მერი! ზუსტად იქ შევიდა, სადაც აღელვებული ხალხი იდგა. ბიჭო, აგერაა დერეფანი, შედი, გაიარე, პოლიცია დაგიცავს.

ვითომ არ იცოდნენ, საიდან უნდა შესულიყვნენ საჯარო ბიბლიოთეკაში, ვითომ არავის უთქვამს.

ნაბრძანები ჰქონდათ, იქ შეჭრილიყვნენ! ეს ხომ აშკარად ჩანს, ჩემო ბატონო.

ერთმა ქალბატონმა მითხრა, მართალია, ღმერთის წყალობით და ბიძინას წინამძღოლობით გავთავისუფლდით ამ მაჯლაჯუნებისგან, მაგრამ, ამათ რომ ვუყურებ, სულიც, ნერვებიც და სხეულიც ერთიანად მითრთის და მიცახცახებსო.

ამ მდგომარეობას ხალხი უცებ ვერ მოერევა. დროა საჭირო. გულში ვერ ჩაიხუტებ ყველას.

იმ ნაწერის ავტორები ან იმათი ახლობლები არიან, ვინც ხალხს ყვლეფდა, ან იმათთაგანი თავად.

ფოთში მაქვს ჩემი დედ-მამის ნახევრადაშენებული სახლი. ჩემი დაშანტაჟება მოინდომეს და დამაბრალეს, რომ სახლი მივითვისე ჩემი მშობლების ანდერძის გაყალბების გზით (!)

მაშინდელმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და მიწერა აღმასრულებელს _ ჩამოართვითო. გადაწყვეტილება კი მიიღო, თუმცა სვლა ვერ მისცა, იმდენად აშკარა სიყალბე იყო. მაგრამ ჩემამდე მოაღწია ამ ქაღალდმა _ სპეციალურად, საგანგებოდ, დასაშანტაჟებლად: ეგონათ, შევშინდებოდი და ნაცების მხარეს გადავიდოდი.

ის სახლი კი არა, ყველაფერი, რაც მაბადია, რომ წაერთმიათ, ამათთან გარიგება როგორ შეიძლებოდა!

არ არსებობს სფერო, რომელშიც ამათ ცხვირი არ შეყვეს და არ დააბინძურეს, არ მოწამლეს, არ ააოხრეს, არ დატანჯეს ხალხი: ფიზიკურად, სულიერად.

ამათ მხარს რომ დაუჭერ, არ ვიცი, რა ადამიანი ხარ!

_ დარწმუნებული ვარ, ნახეთ დავითაშვილის და რატიანის ჩხუბის დებიუტი «მაესტროს» პირდაპირ ეთერში.

_ კი, ბატონო.

_ ამ ინციდენტის შეფასება პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სთხოვეს, დავით უსუფაშვილმა უპასუხა: მე საბურთალოს ამომრჩეველი ვარ. ორივე საბურთალოს მაჟორიტარობაზე კენჭს რომ იყრიდეს, არცერთს არ მივცემდი ხმასო. თქვენ როგორ მოიქცეოდით, ბატონო გურამ?

_ (ეცინება) მე კობას მივცემდი ხმას, იმიტომ, რომ ამათ ორჯერ მოკლეს ეს კაცი. ორჯერვე სასწაულად გადარჩა. ვერ გატეხეს. მაინც იბრძოდა. გაიმარჯვა და კიდევ ურტყამენ. კობა დინჯი კაცია, წონასწორობას იოლად ვერ დააკარგვინებ, მაგრამ ესენი ისეთი არსებები არიან, რომ შეუძლიათ ადამიანი გაგიჟების ზღვარზე მიიყვანონ. ასე რატომ იქცევიან, ვერ გავიგე, ეს მათთვის ხომ წამგებიანია: უფრო მეტად შეიზიზღებს ხალხი.

ერთმა რამემ გამაკვირვა. ამერიკის ელჩი ეკითხება აქციაზე მისულ ღვთისმსახურს, მამა ელიზბარს, შესანიშნავ ადამიანს _ აქ რატომ ხართო?

_ ჩვენ იმიტომ ვართ მოსულიო, _ მამა ელიზბარი განუმარტავს, _ რომ ამ კაცს (სააკაშვილს) პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა და დროზე, გვინდა, რომ წავიდესო.

ამხელა კაცია, ელჩია, დამაინტერესა, რას უპასუხებს-მეთქი და ყური ვცქვიტე:

_ აი იქო, ბიბლიოთეკასთან ძალადობას ჰქონდა ადგილი.

სად მამა ელიზბარის შეკითხვა და სად ბატონ ნორლანდის პასუხი?!

ყრუ ხარ თუ მოიყრუე? ბრმა ხარ თუ თვალი აარიდე? კარგი, რა, ბატონებო. თუ ასეთი რამე გჭირს, ელჩად რატომ მოდიხარ? გაეცი კაცს პასუხი! ასეთი რაღაცეები მართლა მაკვირვებს, მაგიჟებს და მაძულებს ამერიკასაც და ევროპასაც.

ეს ევროპელებიც რომ მივიდნენ ჩიორასთან, რომელმაც საწოლამდე ვერ მოასწრო მისვლა თუ რა, და ატამანკაზე წამოიშხლართა. რა იყო ეს? მართლა სასაცილოა _ სამარცხვინო და სასაცილო.

_ კინოფილმებში თქვენ ვაჟკაც პერსონაჟებს განასახიერებთ.

_ დადებითსაც და უარყოფითსაც (იცინის).

_ იმათი პოზიციიდან მითხარით, ვინმე შეურაცხყოფას რომ მოგაყენებს, უნდა დაფიქრდე, აწონ-დაწონო, სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლს მოგიყენებენ, თუ ისე უპასუხებ, როგორც იმსახურებს?

_ (ეცინება) არ არსებობს! თუ კაცური საწყისი დევს ადამიანში, ასეთ შემთხვევაში კანონი არ გახსენდება.

კობა, დარწმუნებული ვარ, არ დაარტყამდა რატიანს, რადგან თითქმის დაინვალიდებულია _ ორჯერ სცემეს, კონდახი ურტყეს თავში. მოკვდაო, ამბობდნენ. იმათ ხელიდან მოკლულია. ღია ეთერში ჭიქას თავზე რომ დაგამტვრევენ, ადგები და მიხვალ შეურაცხმყოფელთან, აბა რას იზამ?! კობაც მივიდა. იმან კი თხლიშა. ისიც ვერ გააკეთა _ კარგად ვერ გაარტყა.

_ ე.ი. კაცის შინაგანი აღელვება…

_ უფრო მეტია, ვიდრე კანონი. უნდა ანახო მოწინააღმდეგეს, შეურაცხმყოფელს, რომ ის არაკაცია. ჭკუაზე რომ გადაგიყვანენ, გააკეთებ იმას, რაც შეგიძლია. «ჯავრი არ სჭამონ მტრისანი», _ ხომ გაგიგიათ, ისე.

როცა კაცს ღირსებას შეულახავენ, სულში ჩააფურთხებენ, რა დროს სისხლის სამართლის კოდექსზე ფიქრია?!

კობას მე არ ვამტყუნებ.

არც უსუფაშვილია მტყუანი: პარლამენტის თავმჯდომარეა და ასე უნდა თქვას. ძალიან კარგი ბიჭია და პარლამენტის ძალიან კარგი თავმჯდომარე.

ვერ დაივიწყებ, რაც სისხლში გაქვს. ამათ დაივიწყეს ყველაფერი ქართული. ეროვნული ამათ არაფერი სცხიათ. მიკვირს, ციდან ხომ არ ჩამოვარდნენ, როგორ შეიქმნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არაფრად აგდებენ ქართულ ზნეობას, ვაჟკაცობას, პატიოსნებას?! უცებ შექუჩდნენ…

_ პრეზიდენტი კი ენის მოჩლექით გველაპარაკება…

_ თქვა კიდეც ქალბატონმა მარინამ, უნიჭო მსახიობიაო. «ტუფტა» იყო.

_ ეს, კრავად  ქცეული კაცი, თანამზრახველების წრეში რომ აღმოჩნდება, დედამიწას ქალამნად ამოიცვამს და შეურაცხყოფის შადრევანს ამოუშვებს. ხომ გახსოვთ, მთავრობაზე რა თქვა _ როცა გაიგეს დასავლეთ საქართველოში მივდიოდი, მთელი მთავრობა დაოთხილი ჩავიდაო. ბრბო გვიძახეს, ახლა ცხენებს გვადარებენ. რა არის ეს, ბატონო გურამ?

_ ავადმყოფობაა. კი თქვა ბერძენიშვილმა, არ არის მაგი გიჟიო, მაგრამ ნორმალური კაცი ასე მოიქცევა?! ან საშინელი ბოროტია. მაგრამ ბოროტი ჭკვიანი უნდა იყოს, თავის მიზნებს რომ მოაღწიოს, არა? ბოროტი სულელებიო, კარგად თქვა გუბაზ სანიკიძემ.

_ დამთავრდება დაპირისპირება სააკაშვილი რომ წავიდეს?

_ ხშირად მიფიქრია, ხომ არ ჯობია, მთელი ხალხი მივიდეთ მაგის სასახლესთან და ვუთხრათ _ წადი რა, შე ოჯახაშენებულო, წადი რა! არც გარეთ გამოვუშვათ. მაგრამ უკან რა მექაჩება, იცით? არ შევარდეს ხალხი, არ დაამთავროს ყველაფერი და დაწვას ის «რაიხსტაგი». შეიძლება თვითონ წაუკიდოს ცეცხლი.

_ როგორც ნაცისტებმა არჩევნების წინ _ რაიხსტაგს 1933 წლის 27 თებერვალს. ჰიტლერმა მაშინ ეს ტერაქტი კომუნისტებს დააბრალა.

_ პროვოკაცია ამათი ხერხია. ამიტომ ეგებ ჯობდეს, როგორც გვითხრეს, მივაჩანჩალოთ ოქტომბრამდე. მივაჩანჩალოთ, მაგრამ შიგადაშიგ ესენი მაინც მოაწყობენ პროვოკაციებს.

მე კარგი წამალი მაქვს: საერთოდ არ ველაპარაკოთ.

_ ევროპა რომ თანაცხოვრებისკენ მოგვიწოდებს, კოაბიტაციისკენ?

_ კი, ბატონო, დავუჯდეთ და ხმა არ ამოვიღოთ. მუნჯად ვიყოთ (ვიცინით გულიანად). თუ ეტყვი ჭკვიანურს და კარგს, რიკოშეტს გაგიკეთებენ, ცუდს ეტყვი და _ გვაგინებენ, ადამიანის უფლებებს არღვევენო.

_ «ზოგჯერ თქმითაც დაშავდების»?

_ ეგრეა. ამათი დახასიათებისთვის სიტყვები არ მყოფნის, უძლური ვარ.

ბებიაჩემი, უბრალო მშრომელი ადამიანი, ჩვენს სოფელზე, ლესიჭინეზე, მეუბნებოდა, როცა ძალიან გაგვიჭირდებოდა, ყოველთვის გამოჩნდებოდა კარგი ხელმძღვანელი, რომელიც კოლმეურნეობასაც წინ წაწევდა, ხალხსაც მეტ შრომადღეს გამოამუშავებინებდა და ფეხზე დაგვაყენებდაო. ზოგჯერ მოვიდოდა ისეთი უნიჭო კაცი, რომელიც ამ ყველაფერს წაშლიდა და მიწასთან გაასწორებდაო.

ასეთი კაცი იყო საქართველოსთვის სააკაშვილი.

მადლობა ღმერთს, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ჩვენი ქვეყანა. უფლის ხელი ურევია მის გამოჩენაშიო, თქვა რეზო ჩხეიძემ. ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. 18 თებერვალს მისი დაბადების დღე იყო. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ კაცის დაბადების დღეს, და, მოდით, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს გაბრწყინებისთვის.

_ მიშას სამეგრელოში კვერცხები რომ ესროლეს?

_ ეზიზღებათ ეს შობელძაღლი და ამიტომ ესროლეს კვერცხები!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here