Home რუბრიკები საზოგადოება თუ სააკაშვილი ციხეში არ მოხვდა, ეს არ იქნება სამართლის აღდგენა ქვეყანაში

თუ სააკაშვილი ციხეში არ მოხვდა, ეს არ იქნება სამართლის აღდგენა ქვეყანაში

695

არავისთვისაა უცნობი, რომ ამომრჩეველმა «ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ ხმა სამართლიანობის აღსადგენად მისცა. უკვე ოთხი თვე გავიდა, მაგრამ თითქმის ყველა დიდმოხელე, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს, ისევ თავისუფალია. ამ ყოველივეს კი დასავლეთიდან გამოთქმული შეშფოთება ახლავს «პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და შერჩევითი სამართლის» გამო. რამდენად ადეკვატურია ასეთი შენიშვნები და როგორ განვითარდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი? _ ამ კითხვებით «საქართველო და მსოფლიომ» რამდენიმე ექსპერტსა და სამოქალაქო აქტივისტს მიმართა.

ლაშა ამირეჯიბი, «სახალხო კრების» ერთ-ერთი ლიდერი:

_ მაღალჩინოსნები ისე გათავხედდნენ, გიგი უგულავა პროკურატურაშიც არ წავიდა დაკითხვაზე. უნდა მოეკიდათ ხელი და იძულების წესით წაეყვანათ. ეგრე სადაა?! ნებისმიერ ჩვენგანს რომ ასე გაეკეთებინა, ასეთი რეაქცია ექნებოდა გამოძიებას?! ვინმეს გვათქმევინებდნენ იმას, რომ ახლა ვერ მოვალ ან საერთოდ არ მოვალო?! მთავრობას უნდა ჰქონდეს ცოტა ხისტი ხელი! ორი კაცის დაჭერაა საჭირო: ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავასი და დამთავრებულია «ნაციონალური მოძრაობის» დროება. 

_ განსაკუთრებული აღშფოთება საზოგადოებაში, ალბათ, გურამ დონაძის გირაოთი გათავისუფლებამ გამოიწვია.

_ საქმე, იცით, რაშია? სასამართლო კვლავ «ნაციონალური მოძრაობის» ხელშია. სანამ მის სათავეში კუბლაშვილი იქნება, ძალიან ხშირად განმეორდება ასეთი ფაქტები. როგორ დავიჯერო, რომ ისეთი ჭკვიანები იყვნენ «ნაციონალური მოძრაობის» წევრები, რომ პროკურატურას არ აქვს ფაქტები და მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ კუდი არ დაიტოვეს არანაირი. ვერ დავიჯერებ, რომ ისე სუფთად იმუშავეს, რომ ფაქტები არ დარჩა.

_ რას ფიქრობთ დასავლეთის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო პროცესებისგან თავი შეიკავოს?

_ ყველა დაკავება და დაკითხვა, ჩემი აზრით, კანონიერია. რასმუსენმა და ევროპელმა დიპლომატებმა, ეტყობა, კარგად არ იციან, რას სჩადიოდა «ნაციონალური მოძრაობა». მათ ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვით ერის წინაშე და, თუ ვინმე სადმე იკითხება და მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, ყველაფერი კანონიერად კეთდება. ევროპას კრიტიკული მოტივის საფუძველი აბსოლუტურად არ აქვს. ევროპასაც და ამერიკასაც უნდა, ყველა დააჯეროს, რომ ის, რა პროცესებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, პოლიტიკურადაა მოტივირებული, რადგან «ვარდების რევოლუციის» პროექტი ჩაუვარდათ. ანალოგიური კრახი განიცადა ამ პროექტმა უკრაინაში, შუა აზიაში, ჩავარდა საქართველოშიც. ამას თან ერთვის მათი უაზრო ომები, მსოფლიო პოლიტიკის თვალში არ უნდათ იდიოტებად გამოჩენა და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, ამერიკელებს ვგულისხმობ, რათა არ აღმოჩნდეს, რომ «ვარდების რევოლუციამ» კრახი განიცადა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოება, პირველ რიგში, ზუსტად იმას ელოდა, რომ მართლმსაჯულება აღსრულდებოდა და ყველა ის პირი, რომელსაც დანაშაული მიუძღოდა ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეებში, პასუხისგებაში მიეცემოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, ეს არ ჩანს. დაიბარებენ დაკითხვაზე, ახდევინებენ შემდეგ გირაოს, რომელიც არის ძალიან ცოტა და შემდეგ გარეთ უშვებენ. ასე გრძელდება ეს «დაჭერობანა».  ცხადია, ეს  უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე. ყველა დაჭერა და გამოშვება აღმაშფოთებელია. ყველამ იცის, რომ, ვინც დაკითხვაზე დაიბარეს, სერიოზული დამნაშავეები არიან. მაგალითად, დაიჭირეს და გამოუშვეს ცეზარ ჩოჩელი. გადაახდევინეს რაღაც მიზერული თანხა, მაშინ, როცა მას მილიონები აქვს შეჭმული. ნებისმიერი, თუნდაც, მაგალითად, ჭიაბერაშვილი, მერაბიშვილი.

_ უგულავამ იქით დაიბარა გამომძიებლები…

_ ნუ ახლა, უგულავაზე საუბარი ამ ბოლო დროს ცოტა ძნელია. სულ დაკარგა კონტროლი. ისეთ განცხადებებს აკეთებს ამ ბოლო დროს, როგორიც ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა გააკეთოს. მასაც საკმაოდ დიდი ფული აქვს მითვისებული სახელმწიფო ქონებიდან. ასე რომ, მანაც უნდა აგოს პასუხი ამისთვის. ასეთმა ადამიანებმა პასუხი, რა თქმა უნდა, უნდა აგონ პროკურატურის წინაშე და, როცა ასეთი ადამიანები ისევ გარეთ თავისუფლად დადიან, ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ უკმაყოფილებას ახალი ხელისუფლების მიმართ.

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ძალიან მცირე დანაშაულზეც კი ყოფილ პრემიერებს, პრეზიდენტებს, პარლამენტარებს სჯიან. ეს იქ ჩვეულებრივი ამბავია.

_ საზოგადოებაში გაჩნდა მოზარება, რომ, თუ «ქართულმა ოცნებამ» ასე გააგრძელა და წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა, შესაძლოა, ხელისუფლება იმაზე ადრე დატოვოს, ვიდრე ეს მის ოპონენტებს წარმოუდგენიათ.

_ რაც დრო გადის, «ქართული ოცნება» აგროვებს თავისთვის მხოლოდ ცუდ ქულებს. საზოგადოება მისგან, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ელის, თუნდაც დამნაშავეთა დასჯის თვალსაზრისით. სრულიად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ მალე ხალხის მხარდაჭერა დაკარგოს. ნებისმიერ ხელისუფლებას ასეთი დიდი დანაშაული რომ ჰქონოდა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, დიდი ხანია, დამნაშავეები ციხეში იქნებოდნენ. ის, რასაც დასავლელი დიპლომატები და რასმუსენი ამბობენ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით იჭერენ ხალხს, ერთია და ფაქტი სხვაა. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ხელისუფლებაში იყვნენ, დამნაშავეები არიან და მათი დასჯა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყანა ვერ აშენდება.

ლაშა ჩხარტიშვილი, «გრინფისის» მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელი:

_ ჩემი და საზოგადოების უმრავლესობის აზრითაც, ბოლოდროინდელი პროცესები სამართლიანობის აღდგენის მცდელობაა და არა პოლიტიკური დევნა. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, თუკი ადამიანი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის. მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს, ბაქრაძე თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ამ პირებმა 9 წლის განმავლობაში შეიწირეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, იქნებოდა ეს გირგვლიანი, ვაზაგაშვილი თუ სხვა, იმავე 26 მაისს დახოცილი, ნოემბრის მოვლენების დროს დაზარალებული ადამიანები, გაგრძელებული საქართველოს ტერიტორიების დაკარგვით, სხვადასხვა არაფრისმომტანი რეფორმების გატარებით სტრატეგიულ სფეროებში, _ ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების ნამოქმედარია და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს! გამოძიება კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, ვიდრე დღესაა. რაც შეეხება გამოშვების საკითხს, ყველას მინდა შევახსენო: სამწუხაროდ, სასამართლო ჯერ კიდევ არის ის, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო. მას აკონტროლებს ის იუსტიციის საბჭო, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილზე მიბმული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გირაოთი დაკავებულ ადამიანებს უშვებს არა ახალი, არამედ ძველი ხელისუფლება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, თუნდაც მხოლოდ მოსამართლეები, სამართლის ინტერესებიდან გამომდინარე, თავად გახდებიან გამოძიების ობიექტები და ისინი აგებენ პასუხს არასწორად გამოტანილი განაჩენებისთვის. სწორედ მათ გამო უამრავი უდანაშაულო ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

_ რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას დღევანდელ დაჭერებთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ პოლიტიკური დაპატიმრებები დღეს საქართველოში არ ხდება. ეტყობა, დასავლეთს არ ახსოვს, პოლიტიკური ნიშნით როგორ იჭერდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. პირადად ჩემს თავზე გამოვცადე მსგავსი რამ. მართალია, ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ჩემ გარდა ძალიან ბევრმა საკუთარ თავზე იწვნია პოლიტიკური ნიშნით დევნა. ზოგმა სიცოცხლეც შესწირა ამ პროცესს, ზოგი კიდევ, იცით თქვენც, სულ ახლახან გამოვიდა ციხიდან. ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების მიერ ამა თუ იმ ადამიანისადმი პოლიტიკურ დევნას ვერ ვხედავ. სამართლებრივი დევნა, არა მგონია, დანაშაული იყოს, რადგან არ შეიძლება ნემსის ქურდი დაიჭირო, როცა აქლემის ქურდი გარეთ თავისუფლად დადის. სასამართლო, ჩემი აზრით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ის ჯერ კიდევ დაკომპლექტებულია იმ დამნაშავეებით, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. იმიტომ ხდება ისე, რომ აკავებენ ადამიანებს და შემდეგ სასამართლო მათ გირაოთი ათავისუფლებს.

რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, სააკაშვილს იქ ყავს ლობისტები, ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები, რომლებსაც ძალიან უხვად უხდიდა ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მოპარულ თანხებს. დღეს ზუსტად ესენი ცდილობენ, ააგორონ ანტიპიარკამპანია ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ და ძველი ხელისუფლების დასაცავად. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, იქნება ეს შეერთებული შტატები თუ დასავლეთ ევროპა, ყველა გაერკვევა სიტუაციაში და ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.

გიორგი სიგუა, «ქართული ოცნების» შტაბის უფროსი აშშ-ში:

_ ადამიანის გამოშვება არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან მის გათავისუფლებას. გირაო არის აღმკვეთი ღონისძიება. მისი საქმე არის ძიებაში და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ის ადამიანი მიიღებს სასჯელს. ის, რომ გირაოთი გამოუშვეს, იმას კი არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად განთავისუფლდა გამოძიებისგან. ახლა, რატომ შეუფარდეს გირაო და რატომ არ უფარდებს სასამართლო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს პატიმრობას, ეს უკვე ყველამ ვიცით. ვიცით, ვინაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ვინ არიან მოსამართლეები. ოქრუაშვილის პროცესი გაიხსენეთ. პროკურატურამ მოითხოვა აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შევუფარდოთო, პატიმრობა მოვუხსნათო და სასამართლომ უარი უთხრა. ახლა ცოტათი როლები შეიცვალა. გამოდის, რომ ახლანდელი სასამართლო, კუბლაშვილისა და სააკაშვილის ხელში, გადაიქცა ადეიშვილის პროკურატურად. ის მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანებს ერთი პურისა და ერთი ბოთლი ლუდის მოპარვაზე უსჯიდნენ პატიმრობას, და ასეთი ადამიანებით სავსეა დღეს ქართული ციხეები, ასეთი მოსამართლეები არიან «გასვრილები», რომლებიც ყურებით ჰყავთ დაჭერილი სააკაშვილსა და მის დამქაშებს და ვერ იღებენ მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ამ მოსამართლეებს თავის დროზე 99,9% გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდათ მათთვის, ვისაც იჭერდნენ. ახლა ყველა გირაოთი გამოსაშვებია. იმედია, განთავისუფდლება ეს სასამართლო ამ წნეხისა და უბედურებისგან. გატარდება სასამართლო რეფორმა და გვექნება თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო. პირველ რიგში, კუბლაშვილის ადგილია ციხეში!

_ რაც გვეტყვით ჩვენი დასავლელი პარტნიორების შენიშვნებზე ახალი ხელისუფლებისადმი, რომ თავი აარიდოს პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს?

_ დიპლომატი როცა ამბობს, პოლიტიკური ნიშნით იჭერენო, ის უკვე დიპლომატი აღარაა. ასეთ განცხადებას დიპლომატი არ უნდა აკეთებდეს. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები იმართება, ეს ასე რომ იყოს, უკვე გასამართლებული და დაჭერილი უნდა იყოს სააკაშვილი, მთელი ყოფილი მინისტრთა კაბინეტი, «ნაციონალური მოძრაობის» წევრების უმრავლესობა და მთელი მაგათი ამქარი. სააკაშვილი დაკითხვაზეც უნდა დაიბარონ და ციხეშიც უნდა ჩასვან, ჩემი პირადი აზრი ესაა. თუ ის ციხეში არ მოხვდა, ეს არ იქნება სამართლის აღდგენა ქვეყანაში.

_ ანუ ის, რომ არ გამართლდა საზოგადოების მოლოდინი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ეხილა პასუხისგებაში მიცემული, «ქართულ ოცნებას» იმიჯს არ ულახავს?

_ დაიჭირეს მერე, არ დაიჭირეს?

_ რეალურად მხოლოდ ბაჩო ახალაია დაიჭირეს. სხვა დანარჩენები გირაოთი გაათავისუფლეს…

_ ყველას დაიჭერენ, დამიჯერეთ. რა გაუკეთოს ახალმა ხელისუფლებამ სასამართლოს, რომელიც ყურმოჭრილი მონაა კუბლაშვილის, სააკაშვილის?! იმ ადამიანთა საქმეები, რომლებიც გირაოთი გაათავისუფლეს,  ძიებაშია და მათი გირაოთი განთავისუფლება არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ბრალდება მოეხსნათ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა საკმაოდ სამართლიანად დაისჯება და მათ აუცილებლად ვიხილავთ ციხეში.

ირაკლი ყიფიანი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ცივილიზებულ ქვეყნებში, უპირველესად, მოსახლეობა მის მიერ ნდობით აღჭურვილი პარტიისგან თუ ბლოკისგან ითხოვს დაპირებების შესრულებას და, ვფიქრობ, საქართველოშიც ასე უნდა იყოს. სავსებით ლეგიტიმურია ის მოთხოვნები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ჩნდება იმ დაპირებების შესრულებაზე, რომელთაც «ქართული ოცნება» ასე უხვად არიგებდა წინასაარჩევნოდ. უპირველესი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან, რაც მან ახალ ხელისუფლებას წაუყენა, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაა, თუმცა რეალურად მოხდა ისე, რომ დაიჭირეს მხოლოდ ბაჩო ახალაია, რომელმაც, ვფიქრობ, უფრო თავი შეაფარა ციხეს ჩეჩნების გადამკიდე, ხოლო სხვა დანარჩენი გამოშვებულია ან გირაოთი, ან საერთოდ არ შეხებიან, რომლებზეც მუდმივად აპელირებდა ქართული საზოგადოება და რომლებიც მუდმივად კრიტიკისა თუ ლანძღვა-გინების ობიექტები იყო. მაგალითად, ივანე მერაბიშვილი სამჯერ ჰყავდათ უკვე დაკითხვაზე, მაგრამ კონკრეტულ ბრალდებას ჯერჯერობით ვერ უყენებენ.

რაც შეეხება შედეგებს, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, წინასაარჩევნო დაპირების შესრულება კი დაიწყო «ქართულმა ოცნებამ», მაგრამ არის რაღაც ზეწოლა დასავლეთიდან, გამოცხადებულია რამდენიმე ადამიანი, რომელსაც არ უნდა შეეხონ. მე გეტყვით, მაგალითად, ასეთია გიგა ბოკერია. ზუსტად და დანამდვილებით ვიცი, რომ მას ხელს ვერავინ ახლებს. მიუხედავად «ქართული ოცნების» ძალიან დიდი სურვილისა, აღადგინოს ქვეყანაში სამართლიანობა, არ შეიძლება არ გავითვალსიწინოთ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა.

სასამართლო ხელისუფლება როგორც სააკაშვილის მმართველობის დროს, ასევე დღეს კვლავ კუბლაშვილის ხელშია, მისი სასამართლო ყოველთვის ტენდენციური იყო და, მგონი, არავინ ელოდა, რომ მოვიდოდა «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში და კუბლაშვილის სასამართლო გონს მოეგებოდა და დაიწყებდა საქმეების სამართლიანად წარმოებას. რეალურად,  პროკურატურა იწყებს საქმის გამოძიებას, შემდეგ სასამართლო უშვებს და «ქართული ოცნება» უძლურია ამ შემთხვევაში. უგულავამ იქით დაიბარა გამომძიებლები. მის თავგასულ ქცევებს, მგონი, უკვე შეეჩვია საზოგადოება და არც არავის გაჰკვირვებია, თუმცა მან იცის, რომ ემუქრება ხანგრძლივი სასამართო პროცესები და ცდილობს, პროვოკაციული გამოხდომებით გადაფაროს ეს ყველაფერი. მაგალითად, როცა ნიკა გვარამია დააკავეს და ატეხეს ერთი ამბავი, რომ აი, თავისუფალ მედიაზე მიდის ზეწოლაო, თუმცა არ იყო მაშინ «რუსთავი 2»-ის დირექტორი გვარამია, როცა უამრავი არაკანონიერი ქმედება ჰქონდა ჩადენილი. ასევე უგულავაც ცდილობს, საკუთარი პროვოკაციის მსხვერპლი გახდეს, წამებულის იმიჯი შეიქმნას, რადგან, თუ დადგება მისი პასუხისგების საკითხი, იტყვის, აი, რამხელა ზეწოლაა ჩემზეო. უგულავა გამწარებული, დაბეჩავებული ადამიანის პოზიციაშია, რომელმაც არ იცის, რა ქნას, რით გადაფაროს ის დანაშაულები, რომელთაც 9 წლის მანძილზე სჩადიოდა.

კახა კახიშვილი, პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი:

_ ძალიან ბევრი ოჯახი გამწარდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა რეალურად საკუთარ თავზე რეპრესიული მანქანის მოქმედება. წართმეული ბიზნესები, დანგრეული ოჯახები, უსამართლოდ ციხეებში გატარებული წლები. ჯოჯოხეთური პირობები პენიტენციალურ სისტემაში. სიცოცხლეს გამოსალმებული ადამიანები. ბუნებრივია, რომ უამრავი ადამიანი ელოდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანობის აღდგენას. ამას მოითხოვდა კიდევაც. ჩემი აზრით, დროში ძალიან გაიწელა ეს პროცესი. ზოგ შემთხვევაში ის მოლოდინი, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლების მიმართაც იყო ეჭვი, რომ მონაწილეობდნენ ან რაღაც დანაშაულში, ან მათ მოქმედებებში შეინიშნებოდა წლების განმავლობაში დანაშაულებრივი ნიშნები, არცაა მათი მოქმედებები ზოგადად პროკურატურის მიერ შეფასებული. იმ რამდენიმე დაკავებამ, რომლბიც, ჩემი აზრით, არც იყო სწორად დაგეგმილი და განხორციელებული, ბუნებრივია, დისკრედიტაცია მოახდინა პროცესის. ამ გაწელილ დროში «ნაცმოძრაობამ» ისიც კი მოახერხა, რომ უკვე საკუთარი პარტია და თავი წარუდგინა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ოპოზიციური პარტია და რეალურად, უკვე თითოეულ დაკავებაზე ან თითოეულ დაკითხვაზე აკეთებენ ისეთ შეფასებებს, თითქოს ეს ყველაფერი იყოს პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლო რჩება «ნაცმოძრაობის» ხელში, როგორც ბერკეტი, როგორც ეს 9 წლის მანძილზე იყო. ეს სასამართლოც გადავიდა დესტრუქციის რეჟიმზე და ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდებულებსაც გირაოს უფარდებენ. მაშინ, როდესაც 9 წლის მანძილზე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულს არ ჰქონდა საშუალება, პროკურატურის შეამდგომლობაში დასახელებული აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა. სასამართლო უაპელაციოდ იზიარებდა მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მოსაზრებას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.

_ რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პარტნიორი დასავლეთი და ამერიკა ახალ მთავრობას შენიშვნებს აძლევენ ბოლო დროს საქართველოში გახშირებულ გახმაურებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით?

_ საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად უნდა შეისწავლოს საკითხები და მხოლოდ მას შემდეგ აკეთოს განცხადებები, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს საზოგადოების წინაშე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაპატიმრებები ხდება და სასამართლოებს პოლიტიკური განაჩენები გამოაქვთ, ის მაინც უნდა გაიგონ, რომ სასამართლო დღეს სულაც არ ემსახურება მთავრობის ინტერესებს და ის «ნაცმოძრაობის» ინტერესების გამტარებელია. სრულიად ალოგიკურია, როგორ შეიძლება სასამართლო, რომელიც არის «ნაცმოძრაობის» იარაღი, იყოს გამოყენებული ახალი მთავრობის მიერ იმავე პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. მეორე საკითხია, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისად, ადამიანი შეიძლება იქნას ცნობილი პოლიტპატიმრად რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: როდესაც მას არ აქვს უფლება, ისარგებლოს ნორმალური გამოძიებით, სამართლიანი სასამართლოთი, მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა ან არაადამიანურ პირობებში იხდიდა სასჯელს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო. ასეთ შემთხვევაში, იყო თუ არა პოლიტიკური ზეწოლები და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, ეს გაირკვევა მხოლოდ და მხოლოდ საქმეების არსებითი განხილვის დროს, როდესაც რეალურად საზოგადოებას ექნება საშუალება, მიადევნოს ყურადღება, კონკრეტულად რა მტკიცებულებებით წარსდგა პროკურატურა კონკრეტული ადამიანების ბრალის მტკიცების პერიოდში სასამართლოზე. თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი მტკიცებულებები და არსებული მტკიცებულებები საიმედო არ იქნება, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკურ მოტივაციას,

ევროსტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებმაც რეალურად ხელი უნდა შეუწყონ იმას, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც იმოქმედებს პრინციპით, რომ მის წინაშე ყველა თანაბარია, ისეთი რჩევებით უნდა გამოვიდეს, რომ არც ერთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უნდა ჰქოდნეს ინდულგენცია კანონის მოთხოვნების წინაშე, დღეს უკვე აკეთებენ ასეთ განცხადებებს. რაც მთავარია, საკუთარ ქვეყნებში ასეთ განცხადებებს ვერ გააკეთებენ, უბრალოდ, იმიტომ, რომ იქ ვერ გაუგებენ, რა უნდათ. ასე რომ, ცოტა უცნაურია, რომ ერთის მხრივ, გთხოვენ ისეთ სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების თანასწორობას კანონის წინაშე და, მეორე მხრივ, წლების მანძილზე შეფასება საერთოდ არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით, იმაზე, რომ პრეზიდენტს პირდაპირ ჰქონდა გამოცხადებული საპარლამენტო ტრიბუნიდან ნულოვანი ტოლერანტობა, შეფასება არ გაუკეთებიათ იმაზე, რომ ქუჩაში ხალხს ხვრეტდნენ, ქონებას ართმევდნენ უაპელაციოდ და დღეს უკვე რაღაც განცხადებებით გამოდიან. თანმიმდევრულები რომ იყვნენ, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა.

ლილი მიროტაძე

 

1 COMMENT

  1. ისევ სააკაშვილის კადრებია ყველგან და ეს იწვევს ხალხის აღშფოთებას.პოლიცია უმოქმედოა,იქ არავინ შეცვლილა.ხალხს იმედი დაეკარგა სამართლიანობის აღდგენის.ეს ის პოლიციაა,რომელიც გვარბევდა და გვხოცავდა.არავინ გაუთავისუფლებიათ.სულ ტყუილად წავედი არჩევნებზე.სამართლიანობის აღდგენა არ ხდება.იმედი დავკარგე.

  2. მე და ბევრმა ჩემს გარშემო, ხმა მივეცით პენსიების 220 ლარამდე გაზრდას, ტარიფების მყისიერად განახევრებას, უფასო ჯანდაცვას, უფასო განათლებას, მილიარდს სოფლის მეურნეობაში, ყველა ოჯახის ფეხზე დაყენებას და ოცნების "ერთად ახდენას", ტერიტორიების გამთლიანებას, (როგორც წინასაარჩევნოდ გვპირდებოდნენ). ჩვენ არც გვაინტერესებდა ორი–სამი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეში იქნება თუ სადმე სხვაგან. …ახლა კი, რა მივიღეთ? პენსიის 160 ლარამდე გაზრდა იანვრიდან დავკარგეთ, 1000 ლარიანი ვაუჩერების დავკარგეთ, მშენებლობების შეჩერებით სამსახურებიც დავკარგეთ, ტურისტები წელს ალბათ არც ჩამოვლენ და შემოსავლებიც დავკარგეთ, საერთაშორისო იმიჯიც შეგველახა და ხელისუფლება ისევ, მხოლოდ დაჭერებზე საუბრობს.გაიგეთ, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. დაიწყეთ დაპირებების შესრულება ბოლოსდაბოლოს. ამომრჩევლები ნუ გგონიათ ბრიყვი!

  3. ელა ეს ტექსტი მერაბიშვილის ინტერვიუდან ამოწერე თუ შენთვის საგგულდაგულოდ დააწერინე, ბრიყვი ის არის ვისაც იმ კაცის გაკეთებული საქმის სჯერა რომელსაც საკუთარი ცოლისთვის ვერ მოუვლია 9 წელი ქვეყნის გაპარტახებით იყო დაკავებუული და და დღეს კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრება, გაწყდნენ ერთ დღეს ნაციონალები ოჯახებიანად, ბოზი ცოლებიანად და გველისწიწილებიანად.

  4. ელა რა საცოდავი ვინმე ხართ, მარტო მუცლის გარშემოწერილობაზე რომ ფიქრობთ,ალბათ ის გირჩევნიათ საქართველო დაქუცმაცებული გასხვისებული(ჩინელებზე ინდოელებზე )იყოს სხვა ჯურის ხალხზე, მერედაწყნარდებით,ალბათ

  5. მერე რომელია დიპლომატი,ყველა ინსტრუქტორი და თანამზრახველია .ერთად ხრავენ და ღუპავენ ქვეყანას. ქართველის ახალი მოდელი გამოჰყავთ., არ აწყობთ ტრადიციული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here