Home რუბრიკები საზოგადოება დავით ნარმანია: ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა ერთპარტიულ ვერტიკალზე იყო აგებული

დავით ნარმანია: ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა ერთპარტიულ ვერტიკალზე იყო აგებული

629

რეგიონების განვითარების საკითხი წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა საყვედურს, რომ რეგიონები ხელისუფლებასა თუ პოლიტიკოსებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებოდათ. როგორია ახლადდანიშნული მინისტრის რეგიონული განვითარების გეგმა, ამ საკითხზე და ასევე სამინისტროში არსებულ პრიორიტეტებზესაქართველო და მსოფლიოსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ესაუბრა.

_ ჩვენ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად დავისახეთ ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება, გაძლიერება და დეცენტრალიზაცია, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობაც იყოს ჩართული. სოფლის მცხოვრებნი თავად უნდა სახავდნენ პრიორიტეტებს, თუ რა სჭირდებათ მთელი წლის განმავლობაში, და ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს თავადვე უნდა უგვარებდეს მოსახლეობას. ფუნქციები, რომლებიც დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა თავმოყრილი, გარკვეული თვალსაზრისით, ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა ჰქონდეთ გადანაწილებული.

ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამსახურის მიერ განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, უნდა შევქმნათ ერთიანი ინფორმაციული სისტემა, სადაც ყველა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება გაერთიანებული. გარდა ამისა, სამხარეო დონეზე არსებული და გარკვეული თვალსაზრისით უფუნქციო სტრუქტურები _ გუბერნატორების ადმინისტრაციები, რომლებსაც დღეს მხოლოდ კოორდინაციის ფუნქცია გააჩნიათ, უნდა შეიცვალოს უფრო მნიშვნელოვანი ფორმით. აღნიშნული საკითხების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს და ინსტიტუციურ რეფორმასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, ვზრუნავთ, რეგიონებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, რათა გვქონდეს მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ინსტიტუციურად გაძლიერებული ადგილობრივი თვითმმართველობები.

_ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე საუბარი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც გამუდმებით მიმდინარეობდა, რატომ არ ხერხდებოდა აღნიშნული პრობლემების მოგვარება ამ წლების განმავლობაში? მაგალითად, ხომ არსებობდასოფლის მხარდაჭერის პროგრამა”, რა უშლიდა ხელს თუნდაც სოფლის მეურნეობის აღორძინებას?

_ ამ ყველაფერს ხელს უშლიდა ის, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანაში დეცენტრალიზაცია და რეალური ცვლილებები განხორციელებულიყო. ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა ერთპარტიულ ვერტიკალზე იყო აგებული და მაქსიმალური ძალაუფლება ცენტრალურ ხელისუფლებას ენიჭებოდა, რათა უფრო მარტივად და თავისი სურვილისამებრ ემართათ ქვეყანა.

თუმცა საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოა. აღნიშნული ქარტია 2005 წლიდანაა რატიფიცირებული და ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, სუბსდიარობის პრინციპი დავიცვათ, რაც გულისხმობს, რომ ის საქმე, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უფრო ეფეტქურად შეიძლება მოგვარდეს, ადგილზევე უნდა წყდებოდეს და არა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. იქმნება ტექნიკის მნიშვნელოვანი ბაზა. ტარდება გადამზადების პროგრამები. შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე უნდა დაეტყოს რეგიონებს გამოცოცხლება.

_ მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც საქმიანობას შეუდექით, მაგრამ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უკვე ათზე მეტი მასალა გადაუგზავნეთ სამინისტროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. რამდენად სერიოზულ დარღვევებთან გვაქვს საქმე და იკვეთება თუ არა რამაზ ნიკოლაიშვილისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები?

_ ვინმეს დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ალბათ, უფრო  საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ, ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. თუმცა ჩვენ, როდესაც ჩავიბარეთ პროექტები, ვნახეთ გარკვეული ხარვეზები, გაჩნდა კითხვის ნიშნები და აქედან გამომდინარე, მასალები საგამომძიებლო ორგანოებს გადაეგზავნა.

სირთულეს წარმოადგენდა ისიც, რომAარ არსებობდა პროექტების კოორდინაციის მექანიზმები. არ არსებობდა ობიექტური კრიტერიუმები, რითაც პროექტების საჭიროებას შევაფასებდით. პრობლემები იყო ხარისხთან დაკავშირებითაც. სიჩქარეში გაკეთებული ზოგიერთი პროექტი, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და გარდა ამისა, ძალიან ბევრ მშენებლობასთან დაკავშირებით, წინასწარ არ არსებობდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაცემული ნებართვები მშენებლობის დაწყებაზე.

_ “ნაციონალებიახალ ხელისუფლებას მიმდინარე სამშენებლო პროექტებისა და ინვესტიციების შეჩერებაში ადანაშაულებენ

_ მე არ ვაპირებ, თავი ვიმართლო, ვინაიდან თავის სამართლებელი არაფერი გვჭირს და არც იმას ვაპირებთ, რომ ყოველდღიურად მათი მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს გავცეთ პასუხი, თუმცა, რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ არც ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა, არ გაჩერებულა. ყველა გარდამავალი პროექტი შეტანილია 2013 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში. გასულ წელთან შედარებით, 2013 წელს, თითქმის 180 მილიონი ლარით მეტის დახარჯვის შესაძლებლობა გვეძლევა. 

მას შემდეგ, რაც ბიუჯეტი დამტკიცდა, უკვე ძალიან ბევრი ტენდერი გამოვაცხადეთ, რათა შევარჩიოთ გამარჯვებული კომპანიები და გაზაფხულიდან დავიწყოთ პროექტების განხორციელება. ჩვენს სამუშაოებს დიდწლად სეზონურობა ახასიათებს და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ზამთარში შესრულებული სამუშაოები უხარისხოა. ამას გარდა, ვიდრე ტენდერები არ გამოცხადდება და გამარჯვებული არ გამოვლინდება, ისე სამუშაოებს ვერ დავიწყებთ.

ყოფილი ხელისუფლება ბევრ კომპანიასთან პირდაპირ აფორმებდა კონტრაქტს, ჩვენი მიზანი კი არ არის რომელიმე კომპანიასთან გარიგებაში შევიდეთ, ყველასთან მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ გავაფორმებთ ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ რაიმე სახის საფუძველს, რომ პროექტების შეჩერების ან შეფერხების შესახებ ვისაუბროთ.

_ ბატონო დავით, კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების გაცემასთან დაკავშირებით გამოწვეული აჟიოტაჟის მიზეზი რა გახდა და როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

_ ვფიქრობ, ამ აურზაურს არანაირი მნიშვნელოვანი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან ჩვენ დეტალური აღწერა განვახორციელეთ. 97 ჯგუფმა იმუშავა, ყველა ოჯახში მივიდნენ და დეტალურად აღწერეს ყველაფერი, ამიტომ ბევრ მათგანს პროტესტის საფუძველი არ აქვს. იქ, სადაც ინდივიდუალური შემთხვევებია და მოსახლეობა გამოთქვამს პრეტენზიას, რომ არასწორად იქნა დათვლილი ზარალი, სამუშაო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ და ყველაფერს გადაამოწმებენ. თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა სოფლის მოსახლეობა გამოდის და ითხოვს კომპენსაციას, მაშინ, როცა ეს სოფლები საერთოდ არც ყოფილა სტიქიის ზონაში შეტანილი და შესაბამისად, იქ ვერც კომპენსაციები დარიგდებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი გამოსვლა სხვადასხვა ჯგუფის მიერ იყოს პროვოცირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანების მხარდასაჭერად დიდი თანხა იხარჯება და ძალიან კარგი საქმე კეთდება.

_ თუმცა ითქვა, რომ ზოგიერთმა დაზარალებულმა 12 ლარი აიღო კომპენსაცია.

_ ეს ერთი შემთხვევა იყო, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ცუდად წარმოაჩინეს. ამ ადამიანს 1512 ლარი ეკუთვნოდა, საიდანაც 1500 ლარი წინა ხელისუფლების პირობებში უკვე მიღებული ჰქონდა და, რაც იყო დარჩენილი, ის მიიღო. ჟურნალისტებს შეგიძლიათ, გადაიღოთ ოჯახები, გაესაუბროთ მათ, ვინც ორი, სამი, ოთხი ათასი ლარი მიიღეს. ყველა მათგანი, მიყენებული ზარალის შესაბამისად, აიღებს თანხას და არა ფიქსირებულ თანხას, რაც, ჩვენი აზრით, უფრო უსამართლო იქნებოდა. კომპენსაციის გაცემა დაახლოებით 1 თვე კიდევ გაგრძელდება. ვინაიდან საუბარია 28500 ოჯახზე, შეიძლება მცირე უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან იყოს, რაც სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობთ, გაცილებით მეტი ადამიანი დარჩება კმაყოფილი.

_ კიდევ ერთი საყურადღებო საკითხის შესახებ მინდა გკითხოთ: ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის შესახებ საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ერევანში ისაუბრა, თუმცა მის განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. როგორია თქვენი პოზიცია და დაწყებულია თუ არა სერიოზული მუშაობა ან მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ სარკინიგზო პოლიტიკა არ შედის ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაში, თუმცა მსოფლიოში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი საშუალებაა და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა, ჩემი აზრით, კონფლიქტის მონაწილე მხარეების ერთმანეთთან დაახლოების საშუალებაა. ამიტომ ამ საკითხის გამოყენებაც შესაძლებელია ურთიერთობის დასარეგულირებლად და ამ საკითხზე ერთობლივად უნდა იმსჯელონ კონფლიქტოლოგებმა, პოლიტიკოსებმა და ეკონომისტებმა.

_ ახლახან გერმანიაში იმყოფებოდით, შეხვდით კოლეგას და ორ სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტსაც მოაწერეთ ხელი. რას ითვალისწინებს ეს თანამშრომლობა?

_ ჩემი ვიზიტი ემსახურებოდა, ერთის მხრივ, საქართველოს ახალი ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და მიდგომის პრეზენტაციას. შევხვდი სამინისტროში საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს და ტრანსპორტის მშენებლობისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო მდივანს, რომელიც ჩვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. მათთან ვისაუბრე იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ წინაშეა. ისინი დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემებით და ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მეწარმეთა გაერთიანების წევრებთან ერთ-ერთ კონფერენციაზე მე ასევე შევხვდი მეწარმეებს, გავმართეთ პრეზენტაცია ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ და ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საინტერესო იქნება გერმანული კომპანიების მონაწილეობა.

_ თქვენ ასევე შეხვდით გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის მიმართულების ხელმძღვანელს _ ევა ვიტტს. რაზე ისაუბრეთ? აპირებს თუ არა ხელისუფლება ახალი კრედიტების აღებას?

_ უახლოეს მომავალში იგეგმება მოლაპარაკება საქართველოს მხარესთან,  შესაძლოა, 25 მილიონ ევრომდე იაფიანი კრედიტი გამოგვიყონ. მათი პრიორიტეტებიდან ორი ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტებს ემთხვევა: ეს არის ნარჩენების მართვა და წყლის მიწოდების სისტემის მოწესრიგება. აქედან გამომდინარე, თებერვალში ჩატარდება საკოორდინაციო შეხვედრა, რომელზეც წარვადგენთ ჩვენს პრიორიტეტებს, რათა დამატებითი დაფინანსების მოპოვება შევძლოთ.

                                         ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here