Home რუბრიკები საზოგადოება ძალიან ღია წერილი ქ. თბილისის მერს _ გ. უგულავას!

ძალიან ღია წერილი ქ. თბილისის მერს _ გ. უგულავას!

845

 ბატონო მერო!

იქნებ დასდოთ პატივი . თბილისს და მის მოსახლეობას, გადმოხვიდეთ დაბურულმინებიანი მანქანიდან და დაცვის (თუ გეყოფათ გამბედაობა) გარეშე გაიაროთ თბილისის ქუჩებში, რათა უკეთ დაინახოთ ის პრობლემები, რომლებიც მრავლად დაუგროვდა ქალაქს თქვენი და თქვენი გუნდის  მმართველობის პერიოდში! მარტო ის არ კმარა, ტელევიზიით აჩვენოთ თქვენიდღე და ღამ ხალხზე «მზრუნველი» სახე, ის, თუ როგორ გადასცემთ მართლა გაჭირვებულ მოსახლეობას იმ ოცლარიან ვაუჩერებს, რომლებიც ისევ ხალხის ჯიბიდან არის ამოღებული! აბა, თქვენ ხომ საკუთარ ჯიბეს არ მიაყენებთ ზარალს?! პრობლემებს რა გამოლევს. მათ აღმოფხვრას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება, რაც თქვენ არ ხელგეწიფებათ! ყველა სახის შრომა საამაყოა, თუკი იგი მიმართულია ხალხის კეთილდღეობისკენ! ისმის კითხვა:

რა გააკეთეთ ისეთი, რამაც ხალხს ოდნავი შვება მაინც მოუტანა? ის ხომ არა, რომ ქალაქში დაამოკლეთ საავტობუსო მარშრუტები და მგზავრობის ღირებულება გააორმაგეთ?! სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულება კატასტროფულად გაზარდეთ! ასევე კატასტროფულად გაზარდეთ კომუნალური გადასახადები! ზოგიერთი მარშრუტი საერთოდ გააუქმეთ! ავიღოთ საბურთალოს სასაფლაო. თქვენ მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ საბურთალოს სასაფლაოზე არ დადის არც ერთი ავტობუსი! ადრე იმ მიმართულებით მოძრაობდა ხუთი(!) მარშრუტი! გეკითხებით თქვენ, ქალაქის ხელმძღვანელს (ДО ПАРИ ДО ВРЕМЕНИ!), რა დავაშავეთ იქ დაკრძალული მიცვალებულების ჭირისუფლებმა ისეთი, რომ  იმის საშუალება არ გვაქვსკვირაში ერთხელ მაინც მივიდეთ მათ საფლავებთან? იქნებ მიპასუხოთ: რა სახსრებით შევძლოთ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი მათხოვრული პენსიით ვჭამოთ და ვაჭამოთ უმამოდ დარჩენილ ჩვენს შვილიშვილებს, გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები  და შვილების საფლავებზეც ვიაროთ?! ორჯერ თქვენ და ერთხელ საკრებულოს მივმართე თხოვნით აღნიშნული მარშრუტის აღდგენის თაობაზე, მაგრამ რა? თქვენზეა ნათქვამი: «სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი». ამასთან დაკავშირებით ერთი ანდაზა გამახსენდა: «სიკვდილი ისეთი აქლემია, ვის სახლთან როდის ჩაიჩოქებს, არავინ იცის»! ასე რომ, სიკვდილისგან არავინაა დაზღვეული!

სასაფლაოსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულების სახელების უკვდავსაყოფად გმირთა მოედანზე გაკეთდა შესანიშნავი მემორიალი, სადაც ჩემი ორი შვილიც არის მოხსენიებული! საინტერესოა, რაღა საჭირო იყო იმ სიმახინჯის, მემორიალად წოდებული «სტოლბის» წამოყუდება, რითაც თქვენ და თქვენმა «ნაცმოძრაობამ» დიდი შეურაცხყოფა მიაყენეთ მათ ხსოვნას! სააკაშვილის ნათქვამი გამახსენდა, _ აქ კიდევ ბევრი ადგილიაო(?)! ღმერთს შევთხოვ, მომიტევოს, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივაწერდი იმათ გვარ-სახელებს, ვისაც ჩვენი შვილების ხსოვნა არაფრად უღირთ!

ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ქალაქში ტრამვაის ხაზის აღდგენას აპირებთ! ისე საოცარი ხალხი ხართ ეს «ნაცები»! ეს ეკოლოგიურად სუფთა, ტევადი და ეკონომიური ტრანსპორტი (ტრამვაი, ტროლეიბუსიც) რომ აღგავეთ პირისაგან მიწისა, რათა ჯართად გაგეტანათ თურქეთსა და ირანში და დიდი მოგება გენახათ! ამას ჰქვია «ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო»! ევროპის ბევრ ქალაქში დღესაც მოძრაობს ტრამვაი, მაგრამ ამით რამე შავდება? ბოლოს მარტო გადასასვლელი ხიდიდან ავჭალამდე მოძრაობდა ეს დალოცვილი ტრანსპორტი. უწინ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში იყო მორიგე ტრამვაი. ცნობისათვის მინდა გითხრათ, რომ ის ტრამვაის ხაზი, ზემოთ რომ ვახსენე, გააკეთა ქ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების (რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შესანიშნავი პიროვნებები, ბატონები: ნოდარ ბერიძე და ჯემალ პაჭკორია!) სარემონტო-სამშენებლო სამმართველომ, რომელშიც, მეც მქონდა  ბედნიერება, მემუშავა!  ახლა რამ გაგახსენათ ტრამვაის აუცილებლობა? თუ აქაც რაღაც არის ჩადებული?  

კიდევ ერთი. საქართველოში არსებობდა საბაგირო გზების მონტაჟის საკმაოდ ძლიერი სკოლა. ჩვენი მემონტაჟეები მთელი კავშირის მასშტაბით მუშაობდნენ ამ დარგში. დღეს ესეც ჩამკვდარია. თქვენ ქართველი მშენებლები უვიცები გგონიათ. მოგყავთ ყველა ქვეყნიდან უვიცი, ვაიარქიტექტორები და მშენებლები! ალბათ, მათთან ადვილია გარიგება! თქვენზეა ნათქვამი: «შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო».                              

ერთი ვაიუშველებელი გქონდათ ატეხილი, _ არიქა, ასი ახალი საავადმყოფო უნდა ავაშენოთო. მოგეცეს ლხენა, კარგია ახლის აშენება, მაგრამ ის, რაც გქონდათ, იმისთვის მოგევლოთ! ეს რომ გაგეკეთებინათ, შენობების გაყიდვით ფული ვიღას უნდა ეშოვა? ერთ მაგალითს დაგისახელებთ: იყო დიდი ტრადიციების მქონე სამშობიარო სახლი თარხნიშვილის ქუჩაზე, მე-3 სამშობიაროდ წოდებული. 1999 წელს, შევარდნაძის განკარგულებით, ხსენებული სამშობიარო გადაეცა საპატრიარქოს მართვისა და განკარგვის უფლებით. მქონდა ბედნიერება, იმ პერიოდში იქ მემუშავა დირექტორის მოადგილედ ტექნიკურ საკითხებში. ბევრი ვიარე საპატრიარქოში, რათა ამ განკარგულებისთვის კანონის დასრულებული სახე მიგვეცა, მაგრამ საპატრიარქოს იურიდიულმა სამსახურმა იქამდე  ითრია ფეხი(?), ვიდრე ეკონომიკის სამინისტრომ(?), იმ პერიოდში (დაახლოებით, 2007 წელს, ზუსტად არ მახსოვს) სამშობიაროს ხელმძღვანელების, ვახტანგ ახალაძის (მამა ადამის) და ვეფხია ოდიშარიას, ხელშეწყობით  არ მოახდინა მისი გასხვისება, კოლექტივის გვერდის ავლით! სამშობიარო იყო (უკვე დაწყებული ყოფილა მისი ნგრევა!) კაპიტალურად მყარი შენობა, მას სჭირდებოდა მხოლოდ სადრენაჟო სამუშაოების ჩატარება, ოდნავ ხელის შევლება და შენობა კიდევ დიდხანს  იქნებოდა ხალხის სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ იგი  ექსპლუატაციაში შევიდა 1938 წელს. ჯერ ფუნქციონირებდა როგორც ტუბსაავადმყოფო. დიდი სამამულო ომის დროს  გადაკეთდა სამხედრო ჰოსპიტლად, ხოლო 1948 წლიდან იყო სამშობიარო სახლი.

ის, რომ ყველა სახელმწიფო ობიექტი «უპრაგონოდ გააპრადალეთ» და დიდი მაყუთიც იშოვეთ, ეს ხომ დღესავით ნათელია! ავიღოთ წყალკანალი! როგორც ცნობილია, ფირმას, რომელმაც ის შეიძინა, სასწრაფოდ უნდა გამოეცვალა ქსელები! კვირა არ გავა ისე, რომ რამდენიმე საათით ან დღით არ შეუწყვიტოთ მოსახლეობას წყლის მიწოდება, მაგრამ საფასურს ახდევინებთ, როგორც 100%-ით მოწოდებისას. რატომ?

ზემოთ დაღუპულ მეომართა მემორიალი ვახსენე! გახსოვთ, ალბათ, მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები რომ დაარბია თქვენმა ხელისუფლებამ! დაუმსახურებელს თხოულობდნენ რამეს? იმ დაღუპულებს, რომ დარჩათ ოჯახები, რომლებიც თქვენი გამზრდელი იუდა შევარდნაძის დროსაც კი სარგებლობდნენ სახელმწიფოს დახმარებით! უფასო იყო ტელეფონი, წყლის გადასახადი. გაზსა და ელექტროენერგიაზე გვქონდა შესამჩნევი შეღავათები! მაგალითად, მარჩენალდაკარგულ პენსიონერს თვეში ეძლეოდა 250 კვტ ელექტრო ენერგია ზამთარში, ხოლო 150 კვტ _ ზაფხულში უფასოდ! გამოუყენებელი ელენერგია გადადიოდა შემდეგ თვეში! თქვენ კი რა ქენით?! მოსვლისთანავე პირწმინდად გაგვიუქმეთ ყველა შეღავათი, თითქოს საკუთარი ჯიბიდან გვაძლევდით რამეს! ღმერთი ყველაფერს ხედავს და შესაფერისადაც განგსჯით!

რასაც შეეხეთ, ყველაფერი გააცამტვერეთ! ავიღოთ განათლება. საქართველო თქვენს გამოჩენამდე მსოფლოიში  ერთ-ერთი განათლებული,  წიგნიერი ქვეყანა იყო! თქვენი ძალისხმევით დღეს ის არის აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის დონეზე დასული! ახალგაზრდებს შეაძულეთ წიგნი! საქართველოს ყველა «პადიეზდში» გახსენით ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტები, რომლებიც ფულის საკეთებელ «ცეხად» აქციეთ. თქვენზეა ნათქვამი: «ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო». ქართული არ იცით წესიერად და ინგლისურს ეპოტინებით! სულგანათლებული, ცხონებული მუხრან მაჭავარიანის ლექსი გამახსენდა: «რა ვუთხრა ისეთ მეგობარს, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს»! (თითქოს თქვენზე დაეწეროს).  ახლა ახალი იდეა დაგებადათ: ქალაქის ყველაზე გამწვანებულ ადგილებში დაიწყეთ მწვანე ნარგავების უმოწყალო ჩეხვა და მათ ადგილას, ეგრეთ წოდებული ელექტრონული ბიბლიოთეკების მშენებლობები! საინტერესოა, ასე რამ შეგაძულათ მწვანე ფერი? თუმცა თქვენ ხომ ცისფერი მოგწონთ და ამიტომაც იცავთ ასე თავგამოდებით(!) ცისფერებს!

განათლებასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი გამახსენდა. პროფესორად წოდებულმა, ისტორიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ქ-ნმა გ. ალასანიამ იმდენი ვერ ასწავლა თავის შვილს, მ. სააკაშვილს, რომ აბსურდული განცხადება არ გაეკეთებინა, _ «თურქეთი ოდითგან საქართველოს მეგობარი(???) ქვეყანა იყოო». მის მიერ ქართულ პოეზიაზე გაკეთებული განცხადებები ხომ აბსურდულობის აპოგეაა! ამ განცხადებების ავტორი ამბობს, რომ სკოლა ოქროს(?) მედალზე დავამთავრეო. თუმცა კაცმა რა უნდა გელაპარაკოთ, როცა განათლების მინისტრად კადრები ძალოვანი სტრუქტურებიდან გყავდათ (შაშკინი, გვარამია), გარდა ლომაიასი, თუმცა არც ერთი არ უქნია ღმერთს!   

 ის, რაც თქვენმა «ნაცმოძრაობამ» გააკეთა, იქნება ეს კერძო საკუთრების ხალხისთვის წართმევა  ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, სახელმწიფო ქონების მითვისება-მიტაცება, ხომ დღესავით ნათელია საზოგადოებისთვის! ახლა გამოდის სააკაშვილი და ითხოვს ახალი ხელისუფლებისგან ეკონომიკურ(?!) ამნისტიას! თქვენ ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა დღევანდელ ხელისუფლებას, სულელი  ხომ არ გგონიათ? ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა მისცა საქართველოში კანონიერების აღდგენას და სამართლიანობის დამკვიდრებას! ოღონდ არა შერჩევითის, ჩვენი, ანუ ხალხის უპირობო მოთხოვნაა(!!!) ყოველგვარი კრიმინალის მოსპობა საქართველოში და მიტაცებული ქონების ხალხისთვის, ანუ პირვანდელი მფლობელისთვის დაბრუნება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის რისხვას ეს მთავრობაც ვერ გადაურჩება!

  ბატონო მერო! გეყოთ, რაც იპარპაშეთ ხალხის ნაშრომ-ნაამაგარით! აწი საქართველოში ამშობიარეთ(!) თქვენი მეუღლეები. აქვე ჩაუტარეთ სხეულის კორექტირება და სტრიპტიზბარებში საკუთარი ჯიბიდან იხადეთ ფულები! მინდა გკითხოთ, როგორ გესახებათ თქვენი მომავალი ცხოვრება საქართველოში, როცა აღარ გეყოლებათ პერსონალური დაცვა? მაგრამ წლების შემდეგ იძულებული იქნებით, თქვენც და ბევრმა თქვენმა თანაგუნდელმაც, ისე იცხოვროთ, როგორც ცხოვრობს ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე! ასე რომ, ყველაფრისთვის იყავით მზად!

ახლა წამოტივტივდა ახალი თემა, რამაც ხალხში დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. კერძოდ, დასუფთავების სისტემაში(!) არსებული ფინანსური მაქინაციების შესახებ! ის, რომ ნაგვის ბუნკერები გააუქმეთ, ნამდვილად მისასალმებელია! გაქრა მღრღნელები, ბუზები და ბევრი სხვა სიბინძურე, მაგრამ, მადლი რომ ჰქენით, მარილიც მოგეყარათ და დაგეშალათ ნაგავგამტარი მილები, ამით ხომ საშვილიშვილო საქმეს გააკეთებდით! სადარბაზოებში, კიბის საფეხურები განთავისუფლდებოდა ზედმეტი კონსტრუქციისგან!

ხომ არ დაგავიწყდათ, 2003 წლის 26 ნოემბერს ციმციმ რომ გაატარეთ რეგისტრაციაში იეღოველები? ღმერთის არ გეშინიათ? კიდევ «რა გითხრათ, რით გაგახაროთ»!

ძალიან გამწარებული და უბედური მამა

ანზორ დანელია

P.S. არ იფიქროთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე ავლაპარაკდი! თქვენს «საგმირო» საქმეებზე 2005 წლიდან ვღაღადებ, მაგრამ რა, «შეაყარე კედელს ცერცვი»!

. თბილისი, 27.01.13

საქართველოს შრომისჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს

ბატონ  დავით სერგიენკოს!

მოქ. ანზორ დანელიას

პირადი: 01013005960

მცხ. ქ. თბილისი, ვარკეთილი–3,

1 მ/რ, კორპ 32, ბინა 8.

მობ. 571–22–66–34

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო დავით!

მოგახსენებთ, რომ ვარ ორი დაღუპული მებრძოლის მამა. დღემდე მე და ჩემი მეუღლე ვღებულობთ ასაკით პენსიას და დაღუპულ შვილებზე დახმარებას. რატომღაც წარსულში ვერ მოვხვდით  15 ლარდამატებულ პენსიონერთა სიაში! როცა სამინისტროს ცხელ ხაზზე ვიკითხე მიზეზი, მიპასუხეს, რომ ჩვენ ვიღებთ ნორმაზე(?!) მეტს! ვინაიდან დღეისათვის ბუნდოვანია ჩვენი მომავალი მდგომარეობა პენსიასთან და სხვა შემოსავლებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, მოგვცეს წერილობითი განმარტება ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით!

ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის.

გფარავდეთ მამაზეციერი და დედაღვთისმშობელი!

წინასწარ გიხდით მადლობას, პატივისცემით და კეთილი სურვილებით,

ანზორ დანელია,

1 თებერვალი, 2013 წელი.

.თბილისი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here