Home რუბრიკები ეკონომიკა ყოფილმა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიულ წარსულს ხაზი გადაუსვა და… შექმნა სიღარიბე

ყოფილმა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიულ წარსულს ხაზი გადაუსვა და… შექმნა სიღარიბე

დღევანდელობის მთავარ, განმსაზღვრელ მომენტად მიმაჩნია ის, რომ, ვიწრო ჯგუფური დოქტრინიორობით, ნაუცბათევი, იმპულსური იმპროვიზაციებით ქვეყნის მართვის ადგილს იკავებს გააზრებული, სხვებისა და საკუთარი გამოცდილების კრიტიკული განხილვის საფუძველზე გამოვლენილ მიზანდასახულობათა რეალიზაციის ინსტიტუციონალური მშენებლობა. ის, რაც თავიდან მოვიცილეთ და რისი ნაშთებიც თავს გვახსენებს ტკივილიანი ეპიზოდებით (თუნდაც 8 თებერვლას პროვოცირებული აურზაური), გაუსაძლისობამდე ძნელად ასატანი იყომის ადგილს იკავებს მრავალგანზომილებიანი, სისხლსავსე ცხოვრება, რომელიც პირადი ყოფიერების სიძნელეთა ნაცვლად გვთავაზობს საერთო აღმშენებლობის რთულ გზას. სიძნელეს (ერთგანზომილებიანი, უალტერნატივო) ჩაენაცვლა სირთულე (მრავალგანზომილებიანი, ალტერნატიული), ნერვული და ფიზიკური ენერგიის ხარჯვის რუტინულ ყოველდღიურობას შემოქმედებითი, აქტიური, სიხლსავსე თანამედროვეობა ჩაენაცვლა.

დღევანდელობიდან თანამდროვეობისკენ

სირთულე არ განთავისუფლებს ვალდებულებისგან, იყო ისტორიის მონაწილე, მით უფრო, თუ ისტორიული გარდაქმნები შენს თვალწინ მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, ფეხი ავუწყოთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნებს, ყველა ჩვენგანის სამოქალაქო ვალდებულებაა. «დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია», _ მოგვიწოდა პოეტმა, მაგრამ მანვე გაგვაფრთხილა: «ჯერ გრძნობა, სიტყვა, უცხო ფანტაზია, მერე _ საბირჟო პრეისკურანტი». ამიტომ, იმის გაცნობიერება, რომ სულ რაღაც 100-150 დღის წინ შენს აზრს, ძალისხმევას, აქტივობას თუ უმოქმედობას არავითარი აზრი არ ჰქონდა, მტკივნეულია, მაგრამ უკვე წარსულია. იმის განცდა, რომ საქართველოში საქვეყნო საკითხებზე მსჯელობა და საუბარი ვიწრო, კლანური გარემოდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდა და შენც შეგიძლია საქვეყნოდ განაცხადო შენი ნაფიქრალი, ახალი თვალსაწიერიდან დაგანახებს იმ  გზას, რომელზეც დგახარ, სასიხარულოა. არის ამ სიხარულში რაღაც ჰეროიკული. მაგრამ ყოველდღიურობის რუტინით გაჯერებულ სივრცეში ვალდებული ხდები, არც წინ გაუსწრო წუთისოფლის მდორე დინებას და არც ჩამორჩე მას, იპოვო სასიცოცხლო ენერგიის ის მუხტი, რომელიც  აზრს მიანიჭებს შენს არსებობას «აქ» და «ახლა».

დადგა დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და მოქალაქეთა საერთო სატკივარზე განსჯასაუბარმა აზრი შეიძინა.

მინდა, მკითხველი დავარწმუნო, რომ ჩემი მიზანი სრულიადაც არ არის კომპლიმენტური საგაზეთო სტატიის გამოქვეყნება. მიჯობს, «ფეხი მიწაზე დამიცურდეს, ვიდრე ენაზე» (სიბრძნე ზირაქისა.), ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რისიც გულწრფელად მჯერა და მეიმედება, რაშიც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე მიჭერს მხარს. ხოლო ჩემ მიერ დანახული სინამდვილე ვინმეს თუ არ ეპიტნავა, ე. ი. მას ასეთი ბედი ჰქონია.

მიმაჩნია, რომ ცვლილებები ჩვენს საზოგადოებაში  იმ  ტემპით და იმ თანმიმდევრობით ხორციელდება,  როგორიც  შესაძლებელია აქ და ახლა. გასაგებია, რომ მინისტრთა კაბინეტის სხვა შემადგენლობა სხვა რიტმით იმუშავებდა. ისინი კი, ვინც პასუხისმგებლობა აიღეს მიმდინარე პროცესებზე, სხვაგვარად საქმიანობას ვერ შეძლებდნენ. ისინი აკეთებენ იმის მაქსიმუმს, რაც შეუძლიათ. მინიმაქსის კანონი (მინიმუმ _ არსებობა, მაქსიმუმ _ არსი) კი ნებისმიერ საზოგადოებაში ოპტიმუმს ავლენს, ამიტომაც ამბობენ: «ხალხი იმ მთავრობას იმსახურებს, რომელიც ჰყავსო».

ჩვენი მთავრობა კი დამაიმედებელ პროგნოზებს გვაწვდის. ფინანსთა მინისტრი  ნოდარ ხადური ვარაუდობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზრდება 6 პროცენტით, ხოლო ინფლაცია 3 პროცენტზე მაღალი არ იქნება. შესანიშნავი მაჩვენებლებია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ევროპის არც ერთ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4 პროცენტზე მეტად არ იგეგმება. დღეს საოცნებოდ აქვთ განვითარებულ სამყაროში 7-8 პროცენტზე დაბალი ინფლაცია.

მჯერა ამ პროგნოზებისა, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ უკვე ჩანს ჩვენს ყოველდღიურობაში მისი რეალურობა: პური გაიაფდა დაახლოებით 7-8 თეთრით (ცოტაა? გეთანხმებით, წელიწადში 5-7 ლარია, მაგრამ ტენდენციის დასაწყისია, ეს ხომ კარტელური ფასების ლიკვიდაციის შედეგად განხორციელდა, ანუ საბაზრო გარემოს გაუმჯობესებით და არა შრომის ნაყოფიერების ზრდით ან დანახარჯების ეკონომიით), შემცირდა ბენზინისა და დიზელის ფასები 10-15 თეთრით (ეს უკვე არსებითია, რადგან წელიწადში ზოგიერთისთვის, მაგალითად, ტაქსისტებისთვის, ეკონომია 500 ლარზე მეტია), ასევე იგრძნეს თბილისელებმა გაზის, ელექტრო ენერგიისა და ნაგვის (ეს ქართული სიტყვა მირჩევნია სიტყვათა შეთანხმებას «საყოფაცხოვრებო ნარჩენი») ტარიფების შემცირებით გამოწვეული სიკეთე, შემცირდა ფასები ცალკეული სახის ფართო მოხმარების მედიკამენტებზე და ა. შ. ასე რომ, ფასების შემცირების ხარჯზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი ოჯახი დაახლოებით 120-130 ლარის ეკონომიას იღებს. დამერწმუნეთ, ეს არც ისე ცოტაა _ ერთი თვის პენსიის ტოლფასია. ამიტომ, ფასების შემცირებით მიღებულ ეკონომიკურ ეფექტს, პირობითად, შეიძლება «მეცამეტე პენსიაც» ვუწოდოთ.

მეორე, იმიტომ მჯერა ნოდარ ხადურის პროგნოზებისა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, რომელიც ვერ დაეწია 1988 წლის მაჩვენებლებს, ე. ი. ჩამორჩება საკუთარ თავს. ჩვენ დღეს ყველა შესაძლებლობა გვაქვს, ავამოქმედოთ ჩვენს განკარგულებაში არსებული რესურსები (მოვხნათ მიტოვებული სავარგულები, გადავამუშაოთ მოწეული მოსავალი, გავზარდოთ მწარმოებლურობა მოქმედ საწარმოებში) და მივაღწიოთ საპროგნოზო შედეგებს. ასეთი ეკონომიკური ზრდა შიდა ბაზრის მსყიდველობითუნარიანობას არსებითად აამაღლებს.  ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის კი ვიტყვი, რომ ასეთი ეკონომიკური აქტივობა გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის ზრდის პაროპორციულად  სამომხმარებლო კალათით განსაზღვრულ რიგ მნიშვნელოვან საქონელზე ფასების სტაბილიზაციას. აბა, გაიხსენეთ, როგორ იზრდებოდა ფასები წლიდან წლამდე კარტოფილზე, ხახვზე, ნიორზე, სტაფილოზე, კომბოსტოსა და სხვა პროდუქტებზე. ჩვენი მთავრობა გვპირდება, რომ შექმნის ისეთ საბაზრო გარემოს, ისეთ საბაზრო სიტუაციას, რომელიც დადებითად იმოქმედებს ღარიბი მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე, ე.ი. იზრუნებს შიდა ბაზრის განვითარებაზე, რაც გამოვლინდება ტრანსაქციული დანახარჯების შემცირებასა და საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ ყველაფერს გვპირდებიან მსოფლიოში მიმდინარე აგფლაციის პირობებში! ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობა უმოკლეს ვადაში, მოსალოდნელ საბაზრო წონასწორობის პირობებში დამატებით დაზოგავს 120-130 ლარს.

ეკონომიკის მოკლევადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, ვხედავთ და ვგრძნობთ არსებული, დეფორმირებული საბაზრო ინსტიტუტების რეაბილიტაციით გამოწვეულ შედეგებს, რაც იმედის მომცემია. მაგრამ, თუ ბაზარზე სამართლიანობის აღდგენით მიღებულ შედეგს დავუმატებთ სახელმწიფოს მიერ გაწეულ პირდაპირ და ირიბ საბიუჯეტო ტრანსფერებს, რომელთა შესახებაც კარგად ვართ ინფორმირებული ბატონ სერგეენკოს მიერ (დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით მოსალოდნელ შემოსავლებს, პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდას, საყოველთაო  სამედიცინო დაზღვევის საბაზო პაკეტის გაფართოებას და სხვ.), მივიღებთ სოციალურად დაუცველი და დაბალანაზღაურებადი ჯგუფების შემოსავლების არსებით ზრდას.

შანსი, რომელიც მოგვეცა

ეკონომიკა არის მეცნიერება არჩევანის შესახებ. რესურსების ეფექტიანი შეერთების პროცესი ყოველთვის გულისხმობს მათი (ამ რესურსების) გამოყენების ალტერნატიული ვარიანტების არსებობას. ამიტომ არაა გასაკვირი, როდესაც მედიაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ჩნდება. ამჟამად არ ვერთვები ამ საკითხებზე კამათში, მაგრამ ყველა კრიტიკოსს, როგორც ძველი რეჟიმის ეკონომიკური დოქტრინის დამცველებს (ვგულისხმობ თავხელიძესა და ბენდუქიძეს. პირველი  წაკითხული ლიტერატურის გაუაზრებლობის, უკანასკნელი კი კონიუნქტურული მოსაზრებების გამო  გავიხსენე), ასევე, ლიბერალების (ვგულისხმობ ჯაფარიძესა და შეშელიძეს, რომლებიც დოქტრინიორობის, ავსტრიული სკოლის თეორიების უკრიტიკოდ, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე გააზრების მცდელობის გამო იქცევენ ყურადღებას) მინდა შევახსენო, რომ ეკონომიკა საზოგადოებაში სხვა, სოციალურ ურთიერთობათა შეფასების მეთოდიც არის. ამიტომ, როგორც ჯონ მაინარდ კეინსი ამბობდა, «გრძელვადიან პერიოდში ყველანი დავიხოცებითო», ახალმა ხელისუფლებამ მიზანშეწონილად ჩათვალა,  მოკლევადიან პერიოდშივე, ე. ი. ახლავე  დაემარცხებინა ნოსტალგია, რომელიც გაუჩინა ნათელ მომავალზე ნაფიქრალ და ათასგვარ ცხოვრებისეულ ორომტრიალში გამოვლილ ხალხს წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნის ისტორიული წარსულისადმი ანგარიშსწორების გამო შექმნილმა სიღარიბემ. ამიტომ გამოუცდელ თვალს რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილის რეფორმები ვერ თავსდება ლიბერალურ საბაზრო სივრცეში. მაშინ, როდესაც მოკლევადიან ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკური შინაარსით არის დეფორმირებული საბაზრო სტრუქტურების გაჯანსაღების მცდელობა და ადგილობრივი შიდა ბაზრის ფორმირებისთვის ძლიერი მხარდაჭერა, რასაც შედეგად მოჰყვება მოსახლეობის სამეწარმეო სულისკვეთების ზრდა და შემოქმედებითი აქტივობის ამაღლება.

ჩვენ მიერ გამოთქმული მოსაზრებების სისწორეში ისიც გვარწმუნებს, რომ მინისტრთა კაბინეტის ზრუნვა მხოლოდ მოკლე ვადაზე გათვლილი ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებით არ შემოიფარგლა. თუ მათ დავაკავშირებთ  ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ ინსტიტუციურ წამოწყებებთან, მაშინ დავინახავთ, რომ ხელისუფლება განახორციელებს ეკონომიკაში სისტემურ გარდაქმნებს. ამას გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ, როგორც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შეიქმნა სამი ძლიერი ფონდი ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის მიზნით. ერთი, სადაც თავმოყრილი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავრობის განკარგულებაში არსებული აქტივები, ითანამშრომლებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ფინანსურ კორპორაციასთან _ J.P.Morgan Chas-თან. ამ ფონდის საპროექტო სიმძლავრე იქნება ორი მილიარდი. ასევე ორმილიარდიანი იქნება ორი სხვა ფონდიც, რომელთა მიზანდასახულობები და მოქმედების არეალი ამჟამად ზუსტდება. გარდა ამისა, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის გამოსვლებიდან ვიცით, წლეულს ჩვენს აგრარულ სექტორში დაბანდდება 700 მილიონი ლარი. ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ ბატონი კირვალიძე ფართოდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ პარტნიორებთან. ყოველივე ეს კი მოწმობს, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მკვეთრად შემოაბრუნა ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირების ვექტორი. მან მტკიცე და არსებითი ნაბიჯები გადადგა მსოფლიო ეკონომიკურ ცენტრებთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხია, რადგან ჩვენი ეკონომიკის თავისთავადობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა მსოფლიო ბაზართან ადაპტირება. ეს გლობალური ეკონომიკური კანონზომიერებებით ნაკარნახევი აუცილებლობაა. საქართველო თავისი უნიათო ეკონომიკური პოლიტიკის გამო ინტეგრირებული იყო მსოფლიო ბაზრის პერიფერიულ სეგმენტში. ამას ყველა ჩვენგანი გრძნობდა, ბაზარზე კონტრაფაქტული და უხარისხო პროდუქციის სიუხვითა და ეკონომიკის რეალური სექტორის დამბლით. და აი, დღეს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური რესურსების შეერთების  ეფექტიანობის კრიტერიუმები  განისაზღვრა არა მსოფლიო ბაზრის პერიფერიებში, არამედ  მისი ცენტრების მოქმედების არეალში განხორციელდება.

ჩვენს განკარგულებაში არსებული ემპირიული მასალა იმ სამი საინვესტიციო ფონდის შესახებ, რომელთა ამოქმედებასაც მთავრობა უახლოეს პერიოდში აპირებს, არასაკმარისია იმისათვის, რათა შევძლოთ  მათი საქმიანობის შესახებ  დეტალური წარმოდგენა შევქმნათ, მაგრამ ის ფაქტიური მონაცემები, რომლებიც გვაქვს, საკმარისია წინასწარი დასკვნებისთვის, იმისთვის, დავრწმუნდეთ, თუ როგორი ეკონომიკური პარადიგმის საფუძველზე ცდილობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეარჩიოს ჩვენი ეკონომიკისთვის შესაფერი ეკონომიკური მოდელი.  სწორედ ამგვარი მოქმედება განასხვავებს მას იმ დოქტრინიორებისგან, რომლებსაც საბაზრო ეკონომიკაზე სხვა ხალხის მიერ, სხვა ეკონომიკური პირობებისთვის შექმნილი თეორიებით სურდათ იოლად გასულიყვნენ ფონს. ასეთი დოგმატური მიდგომებით, როდესაც საზოგადოებას თავს ახვევდნენ ეკონომიკური პროცესების გაუაზრებელ მცდარ წარმოდგენებს, ჩამოყალიბდა ეკონომიკის ისეთი მოდელი, რომელშიც ბუნებრივი უმუშევრობა 13 პროცენტს შეადგენდა, ფულის მასის ზრდის ტემპი საგრძნობლად უსწრებდა საქონლისა და მომსახურების ზრდას, ღრმავდებოდა მოსახლეობის ქონებრივი დიფერენციაცია და დაიწყო ერის არსებობის, მისი კულტურულ-ისტორიული პირობების დეგრადაცია. ვერც ერთი საზოგადოება ვერ მოითმენდა ასეთ პოლიტიკურ  რეჟიმს და ვერც საქართველომ აიტანა.

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარეობს აშკარად პოზიტიური გარდაქმნები, აქტუალურია ქვეყანაში ფინანსური ბაზრის სრულყოფის ამოცანა. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი ეკონომიკის მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირების ახალი ვექტორი გამოიწვევს შიდა ბაზარზე არსებით ცვლილებებს. კერძოდ,  ეკონომიკურ პროცესებზე უფრო არსებით ზეგავლენას იქონიებს დოლარიზაციის ზრდის ტენდენცია, გაღრმავდება ფასების დიფერენციაცია,  დინამიური გახდება საქონლისა და მომსახურების ბაზრის სპეციალიზაცია. ამ ობიექტური პროცესით  გამოწვეული საბაზრო «ჩავარდნების» ნეიტრალიზაციის მიზნით, საჭიროა შევიმუშაოთ ადგილობრივი საინვესტიციო რესურსების მობილიზაციისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მექანიზმები. ამ თვალსაზრისით, საჭიროა, მტკიცე ნაბიჯები გადაიდგას სადაზღვევო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის გასააქტიურებლად, ბაზრის ამ მნიშვნელოვანი სეგმენტის ინსტიტუციონალური სრულყოფისთვის. სხვა შემთხვევაში განვითარების ის ცალმხრივობა, რომელიც ახასიათებს ჩვენს ფინანსურ ბაზაარს, კიდევ უფრო გაღრმავდება,  რასაც ცუდი, რომ არ ვთქვათ გამანადგურებელი ზეგავლენა ექნება ქვეყნის ტრადიციულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ სტრუქტურაზე.

დაბოლოს, მინდა ყურადღება მივაქციო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავარ დაპირებას: «წლევანდელი წელი შარშანდელზე უკეთესი იქნება, მომავალი წელი _კარგი, ხოლო შემდგომი _ ძალიან კარგი». რა განცხადებაა ეს, რას ეყრდნობა იგი, როდესაც ამას ამბობს? ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირებაა, რასაც ძალიან შეგვაჩვია სააკაშვილის ხელისუფლებამ, თუ რეალური პროცესების ანალიზზე დამყარებული, ჯანსაღი პროგნოზებია? ჩემი აზრით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ეს გამონათქვამი ორ, ფუნდამენტური მნიშვნელობის გარემოებას ეხება: 1. მას სჯერა იმ საქმის, რომელსაც აკეთებს და მიაჩნია, რომ 2013 წელს მტკიცე საფუძველი ეყრება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას; 2. დღევანდელი მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის ვარდნის გრძელვადიანი პერიოდი სრულდება 2014 წელს და იწყება საყოველთაო სამეურნეო აღმავლობის ახალი, გრძელვადიანი ციკლი.  ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, რომ პრემიერ-მინისტრის დაპირებას რეალური, მტკიცე და მეცნიერულად დასაბუთებული საფუძველი აქვს. ეს კი თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკუთარ საკეთებელ საქმეს და მუდმივად განვიხილოთ იგი საერთო ეროვნული განვითარების კონტექსტში. ეს შესაძლებელია დღეს, რადგან თითოეულ ჩვენგანს მიეცა შანსი, დატოვოს გაუსაძლისი ყოველდღიურობა და გახდეს რთული, სისხლსავსე და მჩქეფარე თანამედროვეობის ბინადარი.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

1 COMMENT

  1. ეკონომისტებო ტუ ტკვენ ქვეკნის სველა გინდატ საკმე აკეტეტ.საკარტველო პატარა ქვეკანაა, დიდი ბაზარი რუსეტია,რას გაიტანს საკარტველი მსოფლიო ბაზარზე,რა ტკმა უნდა კველაზე კარგ სასოფლო სამეურნეო პროდუკს .საკარტველო დაკავიტ რეგიონებატ სად რა უნდა მოიკვანონ ცარსულის გატვალისცინებიტ და საკემციფო მიეხმაროს ხალხს კველაფრის სრულკოფასი და რეალიზაციასი,აი ეს იკნება დახმარება.მერე ხალხი ტვიტონ გააკეტებს კველაფერს,ნუტუ ამის გაკეტება დზნელია .არ არის დზნელი ტუ მარტლა გინდატ საკმის გაკეტება. მე ეკიმი ვარ არა ეკონომისტი და სემიდზლია ამის გაკეტება,მიეხმარეტ ხალხს ტუ გმერტმა მოგცატ ამის სასვალება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here