Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ მორგოშია: ჩემი წინასწარმეტყველება ახდა – სამარცხვინოდ წავაგეთ არჩევნები წალენჯიხაში

მერაბ მორგოშია: ჩემი წინასწარმეტყველება ახდა – სამარცხვინოდ წავაგეთ არჩევნები წალენჯიხაში

727

«ქართული ოცნების» პარტიული კონფერენცია წალენჯიხაში თანაპარტიელებს შორის დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის ვითარებაში ჩატარდა, ამიტომაც საჭირო გახდა კონფერენციის ორჯერ ჩატარება. ახლადარჩეული თავმჯდომარე ბერდია კალანდია მომხდარში ადანაშაულებს მერაბ მორგოშიას, რომელიც მის კონკურენტად მოიაზრებოდა. შპს «ენგურჰესის» შიდა აუდიტი, «ქართული ოცნების» აქტივისტი მერაბ მორგოშია დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია და ის თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.

_ ბატონო მერაბ, ბერდია კალანდიამ თქვენ მოქალაქეთა კავშირისა და «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლად მოგიხსენიათ. ასევე მან ბრალი დაგდოთ კონფერენციის ჩაშლაში. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

_ დავიწყებ იმით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვიაზრებოდი წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად  კოალიცია «ქართული ოცნებიდან». ამის თაობაზე თბილისში შევხვდი გელა ხვედელიძეს. გავიარე გასაუბრება. შეიქმნა საარჩევო შტაბი. რადგან მე საჯარო პირი ვიყავი, მირჩიეს, თავდაპირველად აქტიურობა არ გამომეჩინა «ნაციონალების» მხრიდან მოსალოდნელი ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით. მაგრამ შემდეგ ჩემთვისაც და შტაბისთვისაც სრულიად მოულოდნელად  მაჟორიტარობის კანდიდატად წამოაყენეს გიორგი ნაჭყებია, რომელიც ბოლო 30 წელი საერთოდ არ იყო ნამყოფი წალენჯიხაში. როგორც ამბობენ, რომელიღაც გავლენიანი პიროვნების ჩარევით მოხდა ყოველივე. ნაჭყებიას მოსვლის შემდეგ მთლიანად შეიცვალა სიტუაცია _ შეიცვალა შტაბიც და წყალში ჩაგვეყარა ყველაფერი. მეც და ჩემი მხარდამჭერებიც მივხვდით, რომ ეს ბრძოლა «ქართულ ოცნებას» წაგებული ჰქონდა. გიორგი ნაჭყებია მე საერთოდ არ დამკავშირებია და ამიტომაც ჩავერთე «ქართული ოცნების» ზუგდიდის შტაბში, რომელსაც მერაბ ქვარაია ხელმძღვანელობდა. ახდა ჩემი წინასწარმეტყველება – სამარცხვინოდ წავაგეთ არჩევნები წალენჯიხაში.

ამის შემდეგ სრულიად მოულოდნელად დამირეკეს თბილისიდან, რომ «ქართული ოცნების» წალენჯიხის პარტიულ ორგანიზაციას ჩავდგომოდი სათავეში. შევხვდი თბილისში გივი ჭიჭინაძეს, მაგრამ მოხდა ისევ ისეთი რამ, რაც მაჟორიტარობის დროს მოხდა. ისევ გავლენიანი პირის ჩარევით მე ამომაგდეს და ბერდია კალანდიას დაავალეს პარტიის თავმჯდომარეობა. საგულისხმოა, რომ ამის თაობაზე ჩემთვის თბილისიდან არავის უცნობებია, სხვებისგან გავიგე. ბერდია კალანდიასთან მე არანაირი გართულება არ მქონია. კონფერენციისათვის ვემზადებოდი. თბილისსში არაერთგზის დარეკვის შემდეგ, როგორც იქნა, კეთილი ინებეს და გამაგებინეს, რომ თურმე ბერდია კალანდიაზე შეუჩერებიათ არჩევანი. ბერდია კალანდიას ბრალდება უსაფუძვლოა, თითქოს მე ვმონაწილეობდი კონფერენციის ჩაშლაში. ეს არ შედიოდა ჩემს ინტერესებში,  იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც არ ეთანხმებოდა ბერდია კალანდიას დანიშვნას. მე არასოდეს არ ვყოფილვარ არც «მოქკავშირის»  და არს «ნაცმოძრაობის» წვერი. სამწუხაროდ, ბერდია კალანდია, რომელიც ღირსეული ოჯახის შვილია, თვითონ მოექცა «ნაციონალების» გავლენის ქვეშ. მისთვის მიზნის მისაღწევად ყოველნაირი საშუალება მართებული აღმოჩნდა.

_ ბატონო მერაბ, ბერდია კალანდიამ თქვენ ასევე ბრალი დაგდოთ სოლიდური თანხის სანაცვლოდ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნაში. ასეთ კაცს პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა, «ქართული ოცნების» ლიდერი ყოფილიყოო, განაცხადა მან. რა მოხდა სინამდვილეში

_ ძალიან კარგია, რომ ამ საკითხს შეეხეთ. ეს ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემს ცხოვრებაში. 2008 წელს «მრეწველებიდან» კენჭს ვიყრიდი წალენჯიხიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. «კარდაკარის» გამოკითხვით, თითქმის მთელი წალენჯიხა მე მიჭერდა მხარს, რაც, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა «ნაციონალებს». ზეწოლები მაშინ იყო თუ იყო. საარჩევნო კამპანიის გამო ჩემი განცხადებით წამოსული ვიყავი საგადასახადო ინსპექციიდან. ოღონდ კანდიდატურა მომეხსნა და შემოთავაზებები მქონდა ასარჩევად: სამეგრელო-ზემო სვანეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილეობა, გუბერნატორის მოადგილეობა და ა. შ. თუმცა მე არც ერთი თანამდებობა არ მაინტერესებდა და ყველა შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე. ამის შემდეგ ჩემ წინააღმდეგ ჩაერთო კუდის სამსახური, რომელმაც დაუწყო დევნა ჩემს მხარდამჭერებს. პარალელურად ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემს ძმაზე. იმჟამად ის წალენჯიხის პოლიკლინიკის მთავარი ექიმი იყო. ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, შემომითვალეს, ვიცით, შენი შვილი აგრარულ უნივერსიტეტში, რომელი ავტობუსითაც დადის და მას წამალს ჩავუდებთო. ვერც ამით გამტეხეს. ამ მუქარასა და ზეწოლას ისიც ემატებოდა, რომ მე არანაირი სახსრები არ გამაჩნდა, საარჩევნო კამპანია მეწარმოებინა. ნისიად ვასხამდი ბენზინს მანქანაში. იმასაც მიაღწიეს, რომ გააფრთხილეს ყველა ბენზინგასამართი სადგური, არ ჩაესხათ ჩემთვის ნისიად. მასიურად აშანტაჟებდნენ და იჭერდნენ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა ნათესავს, ამიტომაც მე მორალური უფლება არ მქონდა, ბრძოლა გამეგრძელებინა, იძულებული გამხადეს, მოგებული ბრძოლა დამეთმო, თანაც გაწეული ხარჯების დასაფარად მომიწია ბინის გაყიდვა. არა მგონია, ეს არ სცოდნოდა წალენჯიხელ ბერდია კალანდიას, მაგრამ მან მაინც ტალახის სროლა არჩია, რათა საკუთარი მიზნები განეხორციელებინა. უფალმა განსაჯოს, ვინ არის მტყუანი და ვინ _ მართალი. თანაც ბერდია კალანდიამ არამარტო მე მომაყენა შეურაცხყოფა, არამედ იმ პიროვნებებსაც, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას შეალიეს. ესეც  მის სინდისზე იყოს.

_ ბატონო მერაბ, რატომ წააგო არჩევნები «ქართულმა ოცნებამ» წალენჯიხაში და რა ვითარებაა ამჟამად რაიონში?

_ ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე გაგეცით. პირველ რიგში, იმან, რომ მე და ჩემი შტაბი, რომელსაც ყველა გვენდობოდა წალენჯიხაში და დიდი მხარდაჭერა გვქონდა, ივლისის ბოლოს საერთოდ ჩამოგვაშორს საარჩევნო კამპანიას და არჩევანი გაკეთდა ისეთ პიროვნებაზე, რომელსაც არავინ  იცნობდა წალენჯიხაში; შტაბში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნდათ არანაირი ავტორიტეტი მოსახლეობაში. ამან ამომრჩევლებზეც იმოქმედა, ისინი დაბნეულნი იყვნენ, რამაც გამოიწვია სამარცხვინო შედეგი  _  28% აიღო კოალიციამ და 26% _ მაჟორიტარმა.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას წალენჯიხაში,  – უგულვებელყოფილია, იგნორირებულია ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები და შეხედულებები, ყველაფერი თბილისიდან იმართება გარკვეული ადამიანების მიერ. ისინი, ვინც აქტიურობდნენ «ქართული ოცნების» სასარგებლოდ, უყურადღებოდ არიან მიტოვებულნი, მათ ანგარიშს არავინ  უწევს, ხოლო ისინი, ვინც დაგვცინოდნენ, ვინც წააგეს არჩევნები, ვინც «ნაცებს» ედგნენ გვერდით, ახლა ავანგარდში არიან და უფრო პატივსაცემი და საყურადღებონი გახდნენ, ვიდრე ჩვენ.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

1 COMMENT

  1. ზუსტად ,იგივე მეორდება,ქართული ოცნების მიერ ,რაც მოხდა 2003წვარდების მერე,და ყოფილი შევარდნაძის კადრები დანიშნეს ყველგან,ამან დაღუპა მიშაც და საქართველოც!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here