Home რუბრიკები საზოგადოება ზომბი და ბომბი

ზომბი და ბომბი

855

რა უნდა ვუყოთ ბომბს, ნაღმს, ჭურვს, სხვა რომელიმე ასაფეთქებელ საშუალებას, თუკი იგი ჩვენს სახლში _ საძინებელში, მისაღებში, სამზარეულოში, ან სადმე სხვაგან აღმოჩნდება. ვფიქრობ, შეკითხვაც უმარტივესია და პასუხიც: მაშინვე უნდა გამოვიძახოთ სპეციალისტები, რომლებიც  უზრუნველყოფენ ასაფეთქებელი საშუალების განმუხტვას. ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი ამ შეკითხვაზე. ყველა სხვა პასუხი იქნება არასწორი, მაგრამ იმ არასწორ პასუხთა შორის ყველაზე არასწორი ის იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ასაფეთქებელი საშუალება სახლში უნდა შევინახოთ, რადგან შენახვა ფეთქებადი საშუალებისა საფრთხის მოხსნას კი არ ნიშნავს, საფრთხის შენახვას ნიშნავს, რაც აბსურდია, ნონსენსია, სისულელეა

არ მინდა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ვაკადრო, რომ სისულელეს აკეთებენ, მაგრამ შენახვა არაადეკვატური ადამიანისა, რომელსაც თავი პრეზიდენტი ჰგონია და არამარტო ჰგონია, არამედ საამისო გარკვეული ბერკეტებითაც არის აღჭურვილი, სწორედ რომ საცხოვრებელ სახლში ბომბის შენახვას ჰგავს. პრეზიდნტყოფილი მიხეილ სააკაშვილი წელზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილ ქამარშემოკრულ იმ შაჰიდ ქალს ჰგავს, რომელიც იქამდეა ზომბირებული, რომ ერთადერთი და ისიც ქვეცნობიერი იმპულსის მიღება შეუძლია, _ ააფეთქე! ზომბი და ბომბი ერთად რასაც ნიშნავს, ამის მაგალითი უამრავია დღევანდელ მსოფლიოში!

როგორც საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა,  მიხეილ სააკაშვილი ძალიან ახლოსაა იმ ვითარებასთან, როდესაც შესაძლებელია, მას მისმა ქვეცნობიერმა იმპულსმა ან ვიღაცამ ქვეყნის გარედან უკარნახოს: ააფეთქე! ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილი ააფეთქებს იმ ბომბს, რომელსაც სამოქალაქო დაპირისპირების ბომბი ჰქვია, რომელსაც ძმათამკვლელი ომი და უაზრო სისხლისღვრა ჰქვია.

მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა ბატონ ივანიშვილის მთავრობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან:

ბატონებო, რატომ ინახავთ ამ ადამიან-ბომბს (მიხეილ სააკშვილს) მას შემდეგ, რაც მას საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაუვიდა?

რისთვის ინახავთ ადამიანს, რომელიც დენთის საწყობთან დგას და ხელში ასანთის ანთებული ღერი უჭირავს?

რატომ არ შეუსრულეთ ქართველ ხალხს თქვენი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ქვეყანას მოაშორებდით ფაშისტურ რეჟიმს?

სამართალდამცავი ორგანოები ფაშისტური რეჟიმის მხოლოდ ცალკეულ წარმომადგენლებს რატომ უყენებენ ბრალს მათ მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებების გამო და რატომ არ უყენებენ ბრალს მთელ გუნდს იმ გუნდური დანაშაულის გამო, რასაც ქვეყანაში ფაშისტური რეჟიმის ჩამოყალიბება ჰქვია?

კონკრეტული სამხილები გნებავთ? _ ციხის კადრები; 190 პოლიტიკური პატიმარი; სამ ნაწილად დაშლილი საქართველო; ლუკმა-პურის საძებნელად საზღვარგარეთ გადახვეწილი ერთი მესამედი მოსახლეობისა და კიდევ უამრავი რამ, რაც ფაქტია და რასაც მტკიცება არ სჭირდება. ეს არის ის, რაც სცილდება ცალკეულ პირთა მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებს და გადადის ქვეყნის წინაშე გუნდურად ჩადენილ დანაშაულში.

თქვენს სამართალდამცავ ორგანოებს ასი დღე ჰქონდათ იმისათვის, რომ ეს ბრალდება იურიდიულად სწორად ყოფილიყო ფორმულირებული და საქართველო გათავისუფლებულიყო იმ ყოვლადგაუმართლებლად და მეტისმეტად სახიფათოდ შენახული ბომბისგან, რომელსაც არაადეკვატური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰქვია და რომელიც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქვეყანასა და ხალხს.

ქვეყანაში ადამიანი-ბომბის შენახვა ამ ბომბის თითოეული ჩვენგანის ოჯახში შენახვას ნიშნავს. «დასავლეთს მოეწონება-არ მოეწონება» არგუმენტი არ არის. არგუმენტი ისაა, რომ ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმა, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ თქვენ მის ამ პოლიტიკურ არჩევანს დაიცავდით, მაგრამ თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი-საშიშროება, ადამიანი-ბომბი, ადამიანი-ზომბი, ადამიანი-არაადეკვატურობა მოგვაცილოთ, გვაიძულებთ, მთელი წელიწადი დანაღმულ სახელმწიფოსა და დანაღმულ სახლებში ვიცხოვროთ აფეთქების ყოველწუთიერი და ყოველწამიერი მოლოდინით გულგახეთქილებმა და სისხლგათეთრებულებმა.

გაბერილ ტარიფებს ავიტანთ!

სოციალურ უსამართლობას ავიტანთ!

სოციალურ დაუცველობას ავიტანთ!

არსებობისთვის ბრძოლის ვითარებაში ცხოვრებას ავიტანთ!

კიდევ ბევრ რამეს ავიტანთ, მაგრამ ვერ ავიტანთ ადამიანბომბს, რომელიც არ ვიცით როდის აფეთქდება და ააფეთქებს ამ ქვეყანასაც!

ვერ ავიტანთ, ამ რეჟიმის გაორმაგებული და გაათმაგებული შემოტევის საშიშროებას, ვინაიდან ვიცით, რასაც ნიშნავს მათი რევანში!

ჩვენ, ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა, თქვენ გადმოგაბარეთ ქვეყნის მართვის სადავეები _ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა. ახლა თქვენგან მოვითხოვთ: დაიცავით ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნუ ინახავთ ვადაგასულ პრეზიდენტს, გადააყენეთ იგი თანამდებობიდან, კანონიერ ვადებში დანიშნეთ საპრეზიდენტო არჩევნები და გპირდებით, რომ ჩვენ მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტი მთლად  ბრძენი თუ ვერ გამოდგება, შერაცხადი მაინც იქნება!

ვალერი კვარაცხელია,

2013 წლის 8 თებერვალი

 

1 COMMENT

  1. ბიძინა და მიშა ერთი ხელიდან იმართება, ვეგარ გაიგეთ?საქართველოს გადარჩენა ნეიტრალიტეტსა სისტემის შეცვლაშია,ამიტომ უსმინეთ აკაკი ჯორჯაძეს! ნუ ვაგვიანებთ.ერთადერთი სცორი გზა ეს არის, ამიტომ ვისაცერი და ქვეყანა გიყვართ გავერთიანდეთ სრულიად საქართველოს ეროვნულ ფრონტში, დრო მცირე გვაქვს ქართველებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here