Home რუბრიკები საზოგადოება მარინა ჯანაშია: კარგია ის, რაც ხდება, ახია, ღირსნი არიან. რაც დათესეს, იმას...

მარინა ჯანაშია: კარგია ის, რაც ხდება, ახია, ღირსნი არიან. რაც დათესეს, იმას იმკიან!

2498

ეს იყო ერთი მსახიობის აკადემიური თეატრის სპექტაკლი: გულწრფელი, რეალისტური, გონიერებითა და ემოციურობით დატვირთული, ისეთი ზუსტი მიგნებებითა და ფორმულირებებით, რომ ტაშის დაკვრა მოგინდებოდა. მაგრამ უხერხული იყო. მიუღებელი. რადგან ჯერ არავის უნახავს ინტერვიუს ჩამორთმევის დროს რეპორტიორის რეაქცია, ტაშისკვრით გამოხატული. ინტერვიუზე ვლაპარაკობ, რომელიც საქართველოს დამსახურებულ არტისტ მარინა ჯანაშიას ჩამოვართვი 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 8 თებერვალს რუსთაველის თეატრში სპექტაკლი ჰქონდა _ «პრინცი ჰომბურგი», და იმ დღეს განვითარებული მოვლენებისთვის განუწყვეტლივ ეკრანთან მჯდარს თვალი არ უდევნებია. თანაც არც ახსოვდა, რომ თვითმარქვია პრეზიდენტიარ მიყვარს ასეთი გამოთქმები, მაგრამ სააკაშვილი დღეს ნამდვილად ასეთ მდგომარეობაშია») საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა მისულიყო. სპექტაკლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მსახიობი თავის როლშია და მისით ცხოვრობს.

_ ვაღიარებ, რომ ჩემი მხრიდან არაპროფესიული საქციელი იყო, თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან სირენების ხმა და ჩოჩქოლი რომ მომესმა, ჩავრთე რადიო და სპექტაკლისთვის მზადების მთელი დროის განმავლობაში ვუსმენდი, რაც იმ აქციაზე ხდებოდა. შინ რომ დავბრუნდი, მაშინ შევავლე თვალი იმდღევანდელ ნაგლეჯ-ნაგლეჯ კადრებს. მაგრამ ესეც კი საკმარისი იყო სრული სურათის წარმოსადგენად.

იცით რა? ყოველთვის ვცდილობ, წონასწორობა და ობიექტურობა შევინარჩუნო, არ გავბოროტდე, დავამშვიდო ადამიანები, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჩემი თავი დავიჭირე საშინელ რაღაცაში: ვამბობდი, რომ კარგია ის, რაც ხდება, ახია, ღირსნი არიან! ერთხელ მაინც იწვნიონ თავის თავზე, რაც ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ გადავიტანეთ, ყველამ, სრულიად საქართველომ. იმიტომ, რომ, რაც მათ ჩაიდინეს, იმის პატიება არ შეიძლება!

ესენი ახალ მთავრობაზე ამბობენ, რომ ცუდად იქცევა, სამაგიეროს გადახდას ცდილობსო. ხალხი კი პირიქით, ახალ ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ ნელა ირჯება, თუმცა მე ვეთანხმები, რომ სჯობს ნელა აკეთონ და სამართლიანად. მაგრამ, რაც გუშინ ხდებოდა იქ და იმ დროს, მე რომ მკითხოთ, სამართლიანობის შენარჩუნება ძნელად წარმომიდგენია.

მეტსაც გეტყვით, უფრო ცუდ რამეში დავიჭირე ჩემი თავი. აი, რომ გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ყოველთვის დემოკრატიულ პრინციპებს ქადაგებენ და გუშინაც ამბობდნენ, რომ დემოკრატია შეილახა, კი, ვეთანხმები, რომ ეს არადემოკრატიულია, მაგრამ გარდაუვალია.

გარდაუვალი!

რაც დათესეს, იმას იმკიან. ხდება სწორედ ეს. აბსოლუტურად.

ჩემთვის ყველაზე უარესი იყო ის სასიგნალო მოწოდებები, რომლებითაც თუნდაც ჩემთვის ყოვლად არასიმპათიური ტიპი, მიშა თავხელიძე გამოვიდა და  პრეზიდენტმაც გაიმეორა: ესენი ხალხს ისეთ მესიჯებს უგზავნიან, თითქოს გარდუვალია სამოქალაქო ომი, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ახალი ხელისუფლება ხალხს დაღუპვამდე მიიყვანს.

_ თვითონ კი მშვიდობის მტრედები არიან, ხელს იბანენ და განზე დგებიან: ჩვენ გაფრთხილებთო. ალიბით წინასწარ უზრუნველყოფას ჰგავს მათი ასეთი ტაქტიკა. მარტივი საქმეა.

_ მაგრამ უბედურების მომტანია. მათ უკვე ისე დაგვღუპეს და გადაგვჩეხეს, რომ იმის იქით გადასაჩეხიც აღარაა.

ახლა, მე მგონი, დადგა ის ეტაპი, როცა ჩვენ, ღვთის წყალობით, ამოვდივართ იმ ჯურღმულებიდან, რომლებშიც ჩაგვყარეს.

იცით რა? ზოგი დააპატიმრეს ფიზიკურად, დილეგებში გამოამწყვდიეს ხალხი, ზოგი სულიერად დაგვასახიჩრეს. რომელი უფრო საშინელია _ როცა დასახიჩრებული ხარ შიგნით თუ როცა დასახიჩრებული ხარ გარეგნულად?

დღეს ყველანი დასახიჩრებული ვართ! ჩვენ სრულ განკურნებას, განსაკუთრებით, სულიერ განკურნებას, სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

ხანდახან, და ამასაც გულახდილად გეუბნებით, ჩემთვის ძალიან სიმპათიური ჟურნალისტები კვლავ და კვლავ ტელევიზიის ეთერში და გაზეთებში იწვევენ «ნაციონალების» მხარდამჭერებს და «ნაციონალების» «მოლაპარაკე თავებს». რატომ გვიშლიან ნერვებს? დაგვანებონ თავი, ცოტა ხანს მაინც დაგვასვენონ ამ სახეებისგან, ამ გამორეცხილი გონების ადამიანებისგან, სინდისგარეცხილებისგან.

_ ამას დაბალანსებულ ჟურნალისტიკას უწოდებენ.

_ გუშინ, გვიან ღამით, ისევ ნაგლეჯ-ნაგლეჯ ვუყურე და ვუსმინე ჟიჟილაშვილის პროგრამას. მიწვეული ჰყავდათ ქეთა, არ მახსოვს, რა გვარია.

_ გაბიანი.

_ დიახ, ქეთა გაბიანი. იქ მყოფმა ერთმა ქალბატონმა გაიხსენა და თქვა, რომ, მართალია, ქეთამ ბოდიში მოიხადა თავისი როყიო გამონათქვამის გამო ერთი გამწარებული ლტოლვილი ქალის მისამართით _ იმ ბენზინის საყიდელი ფული ხომ იშოვა, რომლითაც თავი დაიწვაო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, ჩვენი მეხსიერებიდან ამოიშალა და გაქრაო.

ასეთ მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად ჩვენი რწმენისა, სარწმუნოებისა და ა.შ. ჩვენი მეხსიერებიდან ყველაფერს ვერ ამოვშლით, ყველაფერს ვერ აპატიებ. ეტყობა, პატიებასაც დრო სჭირდება. მე ჯერჯერობით ვერ ვაპატიებ. ძალიან ბევრი უბედურება დაატრიალეს. ერთი-ორი აგებული შენობით თავბრუს როცა გვახვევენ, მე მგონი, თვითონ არიან ამით თავბრუდახვეულები.

რამდენიმე ათეული კაცი ბედნიერი რომ გახდა და გალაღებული ცხოვრობდა, კეთილი უნდა ენებათ და გადმოეხედათ თავიანთი «სიმაღლიდან» ჩვენთვის _ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისთვის. დაენახათ, რა დღეში ჩაგვყარეს. ძალიან ძნელი საპატიებელია, როცა ხედავ, რომ ერს მეხსიერებას ურეცხავენ, უსპობენ წარსულს, უნგრევენ ყველაფერ საუკეთესოს, რითაც ვამაყობთ, და თავს გვახვევენ ყურითმოთრეულ უცხოსა და მიუღებელს. აი, ამის პატიებაც არ შემიძლია.

ბოლოს გამომივიდა, რომ არაფრის პატიება არ შემიძლია (ეცინება).

_ თქვენ დღეს გუშინდელ ამბებზე ისე ემოციურად ლაპარაკობთ, რომ წარმოუდგენელია, ეს ემოცია სცენაზე არ გაგყოლოდათ.

_ დიახ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა რეჟისორმა (ძალიან კარგი ახალგაზრდა ყმაწვილია გოშა გორგოშაძე) თქვა, რომ ისეთი საოცარი რიტმით მიდიოდა სპექტაკლი, ისეთი მუხტით, რომ ათი წუთით ადრე დავამთავრეთ.

_ ამის გამო რაღაც აქცენტები განსაკუთრებით ხომ არ გამოიკვეთა სპექტაკლში?

_ სპექტაკლიც სწორედ ასეთია. გერმანელი კლასიკოსი დრამატურგის კლაისტის პიესაში «პრინცი ჰომბურგი» ძველ და ახალ თაობებს შორის ბრძოლაა ასახული. მთავარი ამბობს, რომ ბრძანება აუცილებლად უნდა შესრულდეს, რადგან იგი პირველადია. მაგრამ არის ახალგაზრდა კაცი განსხვავებული პოზიციით, რომელიც ამბობს, რომ კი, ბრძანება უნდა შესრულდეს, მაგრამ, თუ შემიძლია, რომ ამ ბრძანების შეუსრულებლად ომი მოვიგო, რატომ არ უნდა დავარღვიო პირველადი ბრძანება?! პოზიციების ჭიდილია. პოლიტიკაზე, ფაქტობრივად, არ არის ლაპარაკი, მაგრამ გუშინ განსაკუთრებით შევიგრძენი ის, რაც ჩვენს სპექტაკლშია ჩადებული, რისი თქმაც სურდა პიესის ავტორს. ყოველთვის მეგონა, რომ მესმოდა, ვიცოდი, მაგრამ გუშინდელ დღეს ყველაფერი უფრო გამძაფრებული ტონებით წამოვიდა. და ყველაფერი კარგად გამოვიდა.

_ თქვენი დღევანდელი პოზიცია ემთხვევა თქვენი გმირის პოზიციას სპექტაკლში?

_ აბსოლუტურად. მე მთავრის მეუღლეს ვთამაშობ, დოროთეას. მას აქვს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება მეუღლესთან. პრინც ჰომბურგს ადრე გარდაეცვალა დედა, და მთავარმა და მისმა ცოლმა გაზარდეს იგი. თაობათა დაპირისპირებაა.

საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ადამიანი ასაკში შედიხარ, ინარჩუნებ ახალგაზრდულ აზროვნებას და შინაგანად ხარ ახალგაზრდა.

ბატონი მიშა თუმანიშვილი, ჩემი პედაგოგი, ჩემი ოსტატი და გზის გამკვალავი, ყოველთვის გვეუბნებოდა _ არ დაბერდეთ, არ დაბერდეთო! მაშინ მე ეს არ მესმოდა, მაგრამ გავიდა ხანი და ახლა, როცა თავდაღმართს მივუყვები ნელ-ნელა, უფრო მძაფრად მესმის, არდაბერებაში რას გულისხმობდა ბატონი მიშა. დიდი ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდობასთან გაქვს ურთიერთობა. თეატრი ამის საშუალებას მაძლევს. ბევრ საზრდოს მაძლევს, ბევრი რამით მკვებავს.

ეს ბავშვები, ჩემი კოლეგები, მეხმარებიან, რომ ოდნავ მაინც შევძლო და ახალგაზრდული აზროვნება, ხედვა, დამოკიდებულება მოვლენების მიმართ შევინარჩუნო.

რასაკვირველია, გუშინდელ დღეში არ ვგულისხმობ მაინც და მაინც ახალგაზრდულ მომენტს, იმიტომ, რომ, თუკი ადამიანი ხარ (თუკი ადამიანი ხარ! _ იმეორებს), შეიძლება ახლა მე ძალიან ცუდად ვიქცევი, ამას რომ ვამბობ, ისინი ადამიანები არ არიან _ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი გადაიქცნენ რაღაც მომხვეჭელ რობოტებად, გაბოროტებულ მონსტრებად საშინელებათა ფილმებიდან. ბოროტების რაღაც ქვაბად გადაიქცნენ, რომელშიც თვითონ იხარშებიან და უნდათ, რომ სხვებიც ჩაითრიონ, ჩაითრიონ და იმ ათუხთუხებული კუპრიდან არასოდეს არავინ ამოვიდეს.

იცით, რა? დარჩნენ თვითონ ამ კუპრში და ჩვენ დაგვანებონ თავი!

სპექტაკლში არის ქალის, დედის პოზიცია, რომელმაც უნდა დაიცვას თავისი გაზრდილი და აღზრდილი პრინცი. მეც ახლა ქალის და, თუ გნებავთ, დედის პოზიციიდან გამოვდივარ. არ მემეტება არც ერთი ბავშვი, ამათი ხელწამოსაკრავი რომ გახდეს.

ქუჩაში გამოსულ ხალხს ისინი ბრბოს უწოდებენ. ჩვენ მათთვის უწინაც და ახლაც ბრბო ვართ, მათ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი მათ შესახებ. მაგრამ, როცა ერთი ჩემნაირი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი კუპრში იხარშებიან, ამაზე უფრო მძიმე განაჩენი სხვა რა უნდა იყოს?!

_ დედის პოზიციიდან ვლაპარაკობო, თქვით თქვენ. ამიტომ გეკითხებით: გაუსამართლებლად ჩაცხრილული გენერლის, გია კრიალაშვილის, დედამ აღგზნებულ გიგი უგულავას მიაძახა _ ჩემი შვილის მკვლელოო!

თავი უნდა შეეკავებინა გამწარებულ დედას, რომელიმე დასავლელ დიპლომატს დემოკრატიული ეთიკის (ასეთი თუ არსებობს) დარღვევაში რომ არ დაედანაშაულებინა?!

შეიძლება ვცდები, მაგრამ ესეც და

«იქნება, ვეფხვის დედაი

ჩემზე მწარედა სტირისა,

წავიდე, მეც იქ მივიდე,

სამძიმარ უთხრა შვილისა».

ორივე ერთი მაღალი, ქართული მორალის გამჟღავნებაა.

თქვენ როგორ მიიჩნევთ?

_ თავისუფალ თეატრში _ «ჯინსების თაობაში» გეგა კობახიძის დედის როლს ვთამაშობ. ჩემამდე ამ როლს ასრულებდა ძალიან კარგი მსახიობი ნინო ხომასურიძე, რომელსაც ეს ტრაგედია თვითონ აქვს გადატანილი. სპექტაკლში არის შვილის დატირების სცენა. ეს ადამიანი ამ სპექტაკლიდან წავიდა იმიტომ, რომ მე ჩემს შვილს აღარ დავიტირებო. ყოველთვის, როცა ვიწყებ ამ სცენას…

(საოცარი ამბავი ხდება: ქალბატონი მარინა თვალებზე ხელებს აიფარებს, აქვითინდება და ჩუმად, ძალიან ჩუმად, თითქოს ბოდიშს იხდისო, იტყვის: «ახლაც არ შემიძლია ამაზე მშვიდად ლაპარაკი».

ცრემლიანი პაუზა. დაძაბული სიჩუმე. მოერევა ემოციას და თავს ხელში აიყვანს. მაგრამ მანამდე მეც ჩემი მემართება. არ ვმალავ).

_ ამ სცენას ვიწყებ ვედრებით: ღმერთო, კარგად მიმყოფე ჩემი შვილები, _ ამბობს აკანკალებული ხმით, _ შემდეგ ვთამაშობ ამ სცენას.

პირჯვარს გადაიწერს და იტყვის:

_ არც ერთი სპექტაკლი არ ყოფილა ამ ლოცვისა და ამ ნატვრის გარეშე. ამიტომ არც მინდა წარმოვიდგინო არც ერთი დედის… (თავს უყრის სიტყვებს) გავაანალიზო, რა მდგომარეობაში არიან ისინი, რადგან ქვეცნობიერად ვგრძნობ ყველაფერს.

ირინა, ირინა ენუქიძე, რომელიც გადაიქცა ქართლის დედის სიმბოლოდ და განსახიერებად, დედისა, რომელიც თავის შვილს კი არ იცავდა, იმას რაღა ეშველებოდა, არამედ ჩვენს შვილებს, ყველა დანარჩენ შვილს.

_ შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ ამ ტრაგედიასა და დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირიდან წამსკდარ სისხლს შორის?

_ ადამიანმა სისხლი არ მოიწმინდა, საგანგებოდ, შეგნებულად არ მოიწმინდა. სამაგიეროდ, იცით, რა გააკეთა? «იმედის» ჟურნალისტს ჩაარტყა და თავის კამერიანად ძირს დააგდო.

დღეს თეატრში მითხრეს, რა ტექსტს ყვიროდა ამ დროს.

_ მოღალატეებოო!

_ ამას გარდა, რაღაც საშინელებას ყვიროდა _ მოდით, მოდით, თუ მირტყამთ, დამარტყითო.

_ პროვოკაციაზე იწვევდა?

_ ასე გამოდის. კიდევ უფრო საშინელი ინფორმაცია მომაწოდეს იმის შესახებ, რომ მათ მოყვანილი ჰყავდათ შეიარაღებული ჯავშანჟილეტიანი ხალხი. წარმოგიდგენიათ?! მარწმუნებდნენ, რომ ისინი კვლავ და კვლავ წავლენ პროვოკაციაზე, რათა სამოქალაქო დაპირისპირება გადაიზარდოს სამოქალაქო ომში.

ძალიან ცუდ ზღვარზე ვდგავართ. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა შეინარჩუნონ, რაც მოიხვეჭეს. არ დათმობენ. უსისხლოდ ესენი არ წავლენ. ამას მიდასტურებს ის, რომ ისინი სისხლით მოვიდნენ: სადაც კი ჩადიოდა «ნაციონალური მოძრაობა», დროშებს აფრიალებდნენ და დროშის ტარებს ხალხს ურტყამდნენ. დასისხლიანებულები იყვნენ თვითონაც და ხალხიც.

ძალიან ცოტანი არიან დარჩენილები, მაგრამ უსისხლოდ არ წავლენ. 8 თებერვალი, ჩემი აზრით, ამის დასტური და წინაპირობა იყო.

_ სააკაშვილის გამოსვლაზე იტყვით რამეს?

_ ვუსმენდი და ვითვლიდი: ტყუილი ნომერი ერთი, ტყუილი ნომერი ორი, ტყუილი ნომერი სამი, ტყუილი ნომერი ოთხი… ამ სათვალავს არ უჩანს ბოლო. მატყუარა პრეზიდენტი, ამორალური პრეზიდენტი! ყველა ქვეყანაში უპირველესი არის ოჯახი, ჩვენ კი ყველამ ვიცით, რომ ეს კაცი არის აღვირახსნილი, ამორალური ადამიანი. ამ ნიადაგზე დაავადებული. თუნდაც არ ყოფილიყო მართალი ის, რასაც მასზე ამბობენ, რაც ჭორ-მართლად ვრცელდება, ხომ იყო ეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ, ხალხს ამოგვეღო ხმა და მოგვეშორებინა პრეზიდენტობიდან?!

მაგრამ ჩვენი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

ძალიან ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი რაღაც პოზიტიური სახით წარმდგარიყო ხალხის წინაშე, მაგრამ მე, როგორც მსახიობი, ვერ მომატყუა. ჩვენ, მსახიობებს, ხომ ამოცანები გვაქვს, მაგალითად, პარტნიორს ვათქმევინო ის, რაც მე მინდა, ან, რასაც ვეუბნები, ისე მოვახვიო თავს, რომ ჩემი სათქმელი კარგად შევნიღბო. მან ვერც ერთი სათქმელი ვერ შენიღბა. ჩემთვის ყველა მისი სათქმელი იყო ცუდად, ძალიან უნიჭოდ ნათამაშები ტყუილი. და თუნდაც ის, რომ ამერიკის ელჩი ასეთი ნეიტრალური განცხადებით გამოვიდა, ჩემთვის იყო სიგნალი იმისა, რომ ისიც და დანარჩენი დიპკორპუსიც მიხვდა _ მიშა უნიჭოდ თამაშობდა.

უცბად რომ გაიბავშვებდა თავს და ენამოჩლექით გველაპარაკებოდა, ასე ჩემს შვილიშვილს არ ველაპარაკები. ცხრა წლის შემდეგ გველაპარაკები ენის მოჩლექით?!

იანვარში ხომ უნდა წასულიყავი? წადი, დაგვანებე თავი! ერთი პირობა იმის მომხრე ვიყავი, ოქტომბრამდე დარჩენილიყო, რადგან მისი ყოველი გამოსვლა თავისმომჭრელი იქნებოდა მისთვის. ლეგენდად სურს დარჩენა? მაგრამ ამისთვის ან ჭკუა უნდა გქონდეს, ან ჭკუის დამრიგებელი გყავდეს. მას არც ერთი აქვს, არც მეორე ჰყავს. იგივე მინდა ვთქვა სრულიად «ნაციონალურ მოძრაობაზე».

_ ამ ვითარებაში ჩვენ რა ვქნათ, ხალხმა?

_ ბატონი რობერტ სტურუა, მოგეხსენებათ, დაბრუნდა რუსთაველის თეატრში. დღეს გვქონდა ძალიან კარგი კრება, რომლის მსგავსი ამ წლების განმავლობაში არ მახსოვს. ბატონმა რობიკომ ილაპარაკა რუსთაველის თეატრზე, იმაზე, თუ ვისი სულები, რა აურა ტრიალებს აქ. 90-იანი წლებიდან წამოსული ლექი, სამწუხაროდ, ზედაპირზე დარჩა. ზოგი სრულად ინარჩუნებს სისუფთავეს, ვიღაც _ უფრო ნაკლებად. თეატრზე ეს პირდაპირ აისახება. თეატრი ტაძარია. მორწმუნენი ზოგჯერ მსაყვედურობენ, ამას რომ ვამბობ. მაგრამ სცენაზე რომ გამოდიხარ ყოველ საღამოს და შენ წინაშე 700 მაყურებელია, ან ნაკლები, და შენ მათ ეუბნები, სად არის სიკეთე, სად _ ბოროტება, არწმუნებ, რომ სიკეთისკენ უნდა წავიდნენ და არა ბოროტებისკენ, მგონია, რომ ეკლესია და თეატრი ერთსა და იმავე ამოცანას ვემსახურებით.

სამწუხაროდ, შეგრძნებები მოგვიცვდა ადამიანებს იმიტომ, რომ ბევრმა სიცუდემ გადაიარა ჩვენს თავს. თვითონ უნდა შევძლოთ, რომ ეს შეგრძნებები კვლავ გავიღვივოთ და გავიცოცხლოთ.

ჩვენმა კრებამ, იმან, რაც გუშინ მოხდა, ბევრ რამეზე დამაფიქრა, რომელთა შორის მთავარია ერთი: უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ საზოგადოებრივ სიმაღლეზე, არ მოვუწოდოთ ადამიანებს სიკეთისკენ. მე პლაკატურ მოწოდებებს არ ვგულისხმობ.

ასეთია ზეამოცანა.

(და ამის შემდეგ ქალბატონი მარინა იხსენებს კრებას მოყოლილ ფაქტს, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მრუდე სარკეების სივრცეში ვცხოვრობთ. რობიკო სტურუას განუცხადებია, რომ თეატრიდან არავის გაშვებას არ აპირებს, მაგრამ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს «სენსაციური» ცნობა, თითქოს მაესტრომ მსახიობები ქუჩაში გაყარა, რომ ისინი თეატრის წინ არიან შეკრებილები და არის ერთი ვაივიში და წივილკივილი. პირველი არხის გადამღები ჯგუფისთვის დაუვალებია იქაურ ხელმძღვანელობას ადგილზე მისვლა და ამ ფაქტის გაშუქება).

_ 12 საათზე გვქონდა კრება და ეს ამბავი პირველ საათზე ხდება.

_ შესაშური ოპერატიულობაა.

_ გეკითხებით, 8 თებერვლის შემდეგ, როგორ არ რცხვენიათ სააგენტოებს, მთავარი ფაქტიდან ყურადღება ასეთ ტყუილზე რომ გადააქვთ?! დალოცვილო, შეამოწმე მაინც.

_ რა ვქნათ?

_ დიდი მოთმინება გვმართებს, რამენაირად უნდა ავიტანოთ ესენი ცოტა ხანი. ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც კი აღარ იქნება სააკაშვილი, ყველანი გაქრებიან, ვერც ერთ სახეს ვერ დავინახავთ. ვისაც მცირე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ისინი, ალბათ, უცხოეთში წავლენ, უცხოეთში დაგვეკარგებიან. მაგრამ ვინც დიდი დამნაშავეა, იმან პასუხი უნდა აგოს არა მარტო სამართლის წინაშე, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთის წინაშე, და ეს ასეც იქნება!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ინტერვიუ რომ დამთავრდა, ავდექი და ტაში დავუკარი.

 

1 COMMENT

  1. მარინა ჯანაშია, ან რა მსახიობია, ან რა ადამინი…აი ზუსტად ასეთები არიან გამუდმებით სიძულვილს რომ თესავენ. ჟურნალისტი კი ადგა და ტაში დაუკრა, ვაშა!ჩვენი ჟურნალისტიკის დონეზე აღარ მაქვს საუბარი საერთოდ!

  2. რა სამწუხაროა, ეოცა ჟურნალისტობას გაბრალებენ, შენც იცი რომარ ხარ მაგრამ რაღაცით ხომ უნდა ირჩინო თავი. ან მარინა რომელი პოლიტიკოსი ნახე, რომ პოლიტიკაზე ესაუბრები? ეგ არის ჩვენი, ქართველების პრობლემა, ყველამ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ, ყველაფერი ხუთიანზე იქნება. მაგრამ არა, ყველა პოლიტიკოსები ვართ, თვით მეხინკლე და 20 000 დოლარის, თუ ლარის მონა დავითაშვილიც, ან ბესელია ფულის მონა, ან ზვიადაური, ან თვითონ ბიძინა, მოკლედ ქართვეპების მომავალი ბურუსით არის მოცული, ამაზე კი დღეს უფრო გამიმძაფრდა შეგრძნნება. რაო ევროპამ უთხრა ქოცებს აახვიეთო, პრინციპში ქოცებს კი არა მთელ საქართველოს გვითხრეს ქოცებუს გამო.

  3. ნანას-ვერ გავიგე ვინ გყავთ მხედველობაში,ნაცების მომხრეები თუ ჟურნალისტი და რესპოდენტი? ძალიან მომეწონა ინტერვიუ.100%-ით ვეთანხმები ქ-ნ მარინას.

  4. უსაყვარლესი მსახიობი ხართ ქალბატონო მარინა, შესანიშნავი ინტერვიუ გამოგივიდათ, ვერაფერს შეცვლიდა ადამიანი, მხოლოდ ერთს, გეტყოდით, 90იან წლებთან დაკავშირებით, არ შეგეფერებათ ის გამოთქმა, ზუსტად იმ ზოდვების გამო ვართ ასე დასჯილები,ეროვნული ტქვენ არ გაინტერესებდათ , მივიხეთ ის რაც მივიხეთ…ტქვენი ხელოვნების თაყვანის მცემელი, უნიჭიერეს ადამიანს.

  5. უსაყვარლესი მსახიობი ხართ ქალბატონო მარინა, შესანიშნავი ინტერვიუ გამოგივიდათ, ვერაფერს შეცვლიდა ადამიანი, მხოლოდ ერთს, გეტყოდით, 90იან წლებთან დაკავშირებით, არ შეგეფერებათ ის გამოთქმა, ზუსტად იმ ზოდვების გამო ვართ ასე დასჯილები,ეროვნული ტქვენ არ გაინტერესებდათ , მივიხეთ ის რაც მივიხეთ…ტქვენი ხელოვნების თაყვანის მცემელი, უნიჭიერეს ადამიანს.

  6. უსაყვარლესი მსახიობი ხართ ქალბატონო მარინა, შესანიშნავი ინტერვიუ გამოგივიდათ, ვერაფერს შეცვლიდა ადამიანი, მხოლოდ ერთს, გეტყოდით, 90იან წლებთან დაკავშირებით, არ შეგეფერებათ ის გამოთქმა, ზუსტად იმ ზოდვების გამო ვართ ასე დასჯილები,ეროვნული ტქვენ არ გაინტერესებდათ , მივიხეთ ის რაც მივიხეთ…ტქვენი ხელოვნების თაყვანის მცემელი, უნიჭიერეს ადამიანს.

  7. მართლა მეცოდებით ისინი ვინც ხელოვნების არაფერი გაგეგებათ, თქვენ ნამდვილად ვერ მიხვდებით მარინა ჯანაშია როგორი მსახიობია, თქვენი ტვინები მაგდენს ვერ აიტანენ

  8. ისე როგორ დაგაბრმავათ ნაცებო! სეთურმა ძაღლიშვილმა და მისმა ბანდამ რომ მსგავს კომენტარებს წერთ!
    ნაცებო და მისმა მიმდევრებმო საკუთარი შვილები შთამომავლობა შეიცოდეთ ამდენი ბოროტება რომ გაქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე!!!!!

  9. ნანას,ვერ გავიგე ორივეში რომლები გყავთ მხედველობაში?ქ-ნ მარინას ინტერვიუ ძალიან მომეწონა,100%-ით ვეთანხმები ყველაფერში.ნაციონალს-არმაზ სანებლიძე თუ ჟურნალისტობას იბრალებს,მაშ ვინღა არის ნამდვილი ჟურნალისტი?თქვენ ვისი მონა ხართ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here