Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ამირეჯიბი:ვისი რეკომენდაციით აღმოჩნდნენ საეჭვო რეპუტაციის ადამიანები “ქართულ ოცნებაში”

ლაშა ამირეჯიბი:ვისი რეკომენდაციით აღმოჩნდნენ საეჭვო რეპუტაციის ადამიანები “ქართულ ოცნებაში”

731

წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ «ნაცმოძრაობას» «ოცნების» წევრებზე კომპრომატები ჰქონდა, დიდი მოლოდინიც იყო, რომ გამოქვეყნდებოდა, მაგრამ ამაოდ. არსებობს თუ არა სინამდვილეში აღნიშნული მასალა და წარმოადგენს თუ არა მმართველი გუნდისთვის საშიშროებას?! _ ამ და სხვა მეტად საგულისხმო საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» სახალხო კრების ერთერთ ლიდერი ლაშა ამირეჯიბი ესაუბრა.

_ ლაშა, კუდის ყოფილი უფროსის, ვაჟა ლილუაშვილის, პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მედიით არაერთი და თანაც ძალზე შემაშფოთებელი განცხადება გააკეთეთ. მართლა ასე საშიშია ეს პიროვნება?

_ ლილუაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით აღიძრა საქმე, მაგრამ ბოლოს ერთადერთი 333-ე მუხლით გაგრძელდა ძიება, მას ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება წაუყენეს და ამ მუხლსაც ამნისტია შეეხო. ციხიდან გაათავისუფლეს დათა ახალაიას მოადგილე, რომელსაც მასთან ერთად უამრავი უბედურება აქვს ბოლო წლების განმავლობაში დატრიალებული. მან ბევრი ოჯახი გააუბედურა. ლილუაშვილის გარეთ ყოფნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და  გია ხუხაშვილს აძლევთ ხელს. შეკითხვაზე თუ რატომ ათავისუფლებდნენ ლილუაშვილს?! _ ხვედელიძემ უპასუხა: _ ლილუაშვილის ციხიდან გამოსვლა ქვეყნის ინტერესებშიაო.

საქმე ისაა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლდა, ბიზნესმენები ხელისუფლებისგან შეწერილ ფულს აღარ იხდიან. ხუხაშვილსა და ხვედელიძეს კი ლილუაშვილი სწორედ ბიზნესიდან ფულის ამოსაქაჩად სჭირდებათ. მან ზეპირად იცის თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში რომელი ბიზნესმენი რით სუნთქავს, ვინ რისი შემძლე და რა თანხის გადამხდელია, ცხადია, ისიც იცის, «ნაციონალებს» ვინ რამდენს უხდიდა. მის ხელთ არსებული კომპრომატების საშუალებით ლილუაშვილი ბიზნესმენებს აიძულებს, ფული გადაიხადონ.

დღეს რომ ჩივიან, «ქართულ ოცნებაში» «ნაციონალების» უამრავი აგენტია ჩანერგილიო, იქნებ იკითხოს ბიძინა ივანიშვილმა, მათ რიგებში საეჭვო ადამიანები ხვედელიძისა და ხუხაშვილის რეკომენდაციით ხომ არ აღმოჩნდნენ?! გელა ხვედელიძე «ქართული ოცნების» რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, ხოლო გია ხუხაშვილი ივანიშვილის პირველი ვეზირი. «ქართულ ოცნებაში» რაც ხდება და მოხდება, სწორედ ამ ორი ადამიანის სინდისზეა, რადგან ივანიშვილის კარზე საკადრო პოლიტიკას მთლიანად ხვედელიძე-ხუხაშვილი განაგებდნენ. ლილუაშვილის საქმეში მთავარ ფიგურად ხუხაშვილი გვევლინება, მაგრამ ხვედელიძეც მასთან ერთად არის. ამ რამდენიმე ხნის წინ ხუხაშვილმა განაცხადა: _ ჩემთან ბიზნესმენები მოდიან და თავიანთ გასაჭირზე მოყვებიანო. დაზუსტებით ვიცი, მასთან მართლა იყვნენ ისეთი ბიზნესმენები, რომელთაც «კრიშის» გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ.  ხუხაშვილი მათ მფარველობას დაჰპირდა. სწორედ ასეთ ბიზნესმენებს ლილუაშვილი გააკონტროლებს. მოკლედ, ამ ადამიანს ორმაგი ფუნქცია ექნება: _ მორჩილი ბიზნესის გაკონტროლება და ურჩი  ბიზნესმენებისგან  ფულის «ვიშიბალურად» ამოღება. კომპრომატები, რომლებიც ლილუაშვილს გააჩნია, კუდის არქივში აღარ არის, რადგან მან თვითონვე წამოიღო _ რა იცი, რაში გამომადგესო.

ერთი სიტყვით, იქ, სადაც ვერ გამოჩნდებიან ხვედელიძე და ხუხაშვილი, ლილუაშვილი იმუშავებს და რადგანაც მას თანამდებობაზე ვერ დანიშნავენ, შესაძლოა, ვაკეში, «პიქსელის» შენობაში ხუხაშვილმა თავისთან დაისვას.

კუდის ერთ-ერთი თანამშრომელი ლილუაშვილთან დაკავშირებით ასეთ ფაქტს იხსენებს: _ დაზუსტებული და გადამოწმებული  ინფორმაცია გვქონდა, რომ კონკრეტულ დროს სატვირთო მანქანას საზღვარი უნდა გადმოეკვეთა, რომელიც  სხვადასხვა საქონლით იქნებოდა დატვირთული, მაგრამ მანქანის საიდუმლო სამალავში 1 კილოგრამი ჰეროინი ინახებოდა. ვიცოდით მანქანის ნომერიც. მართლაც, დათქმულ დროს სატვირთომ საზღვარი გადმოკვეთა. მანქანა დავაკავეთ, დავლუქეთ და  მძღოლი «მოდულის» შენობაში წავიყვანეთ. ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყო ბრძანება, რომ მანქანა დაგვეშალა და ჰეროინი ამოგვეღო, 3 საათში ვაჟა ლილუაშვილმა დაგვირეკა და გვიბრძანა მანქანისთვის ხელი არ გვეხლო, მძღოლი კი თავადვე გაუშვაო.

ლილუაშვილი საფრთხეს წარმოდგენს არა მარტო ბიზნესისთვის, მას ბევრი საშინელების ჩადენა შეუძლია და, ხელისუფლებამ თუ დროზე არ მიხედა ამ კაცს, სანანებელი გაუხდება.

_ კიდევ რა უბედურების დატრიალება შეუძლია ვაჟა ლილუაშვილს? მას ხომ ის ბერკეტები აღარ გააჩნია, რომელთა საშუალებითაც ბევრი თავის დროზე გაამწარა?

_ ბევრს ეგრე ჰგონია, მაგრამ საქმე სხვაგვარად არის. თუ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა: _ არჩევნებამდე ჩემი თანაგუნდელები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების შესახებ ფარულად გადაღებული კადრები არსებობსო, მაგრამ მე დავამშვიდე ეს ხალხი და ვუთხარი, რომ სხვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში არ ვერევი-თქო. «ქართული ოცნების» პოლიტიკურ და პარტიულ ლიდერებსა და მათი ოჯახის წევრებზე კომპრომატები სწორედ ვაჟა ლილუაშვილს აქვს.

აღნიშნული მასალები მან კუდიდან წამოიღო, სავარაუდოდ, პირად არქივში ინახავს. მასალების ტელევიზიებით გაშვებას «ნაციონალები» საპარლამენტო არჩევნების დროს აპირებდნენ, მაგრამ «ციხის კადრებმა» ისინი შოკში ჩააგდო, კუდის მიერ მოგროვებული კომპრომატების გამოქვეყნება აზრს და ეფექტს კარგავდა, ამიტომაც საჭირო დროს ელოდებოდნენ.

_ და ახლა დადგა კადრების გავრცელების დრო?

_ ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით. ვაჟა ლილუაშვილი მრავალჯერადი გამოყენების, ნელი მოქმედების ნაღმია. ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა იმ ოპერაციას, რომლის შედეგადაც ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, ბესო სურმავა, გადაიბირა კუდმა. სურმავას კომპრომატები დაუდეს და ამით აიძულეს კუდთან თანამშრომლობა. წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსებზე რა კომპრომატები ექნება.

ვაჟა ლილუაშვილი რამდენიმე რეგიონს კურირებდა, მათ შორის, ქვემო ქართლს. ამ რეგიონში დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელები, შეიძლება ითქვას, «დავერბოვკებული» ჰყავს. ამ კაცს აქვს სერიოზული ბერკეტები და აგენტურა ჰყავს ქვემო ქართლში. თუ «ნაციონალურ» მოძრაობას»ქვეყანაში  სიტუაციის არევა დასჭირდა, ქვემო ქართლში ყველაფერს ლილუაშვილი მოაგვარებს. მას უმოკლეს დროში შეუძლია რეგიონის აბუნტება. ლილუაშვილს მჭიდრო კავშირი აქვს რეგიონში მცხოვრებ იმ აზერბაიჯანელებთან, რომლებიც სეპარატისტულ იდეებს გულში ინახავენ და ჯერ არ ახმოვანებენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის მთავარ სეპარატისტებს ფარულად შეხვდა.

მკითხველის ყურადღება კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციაზე მინდა შევაჩერო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადისტი, მეგის ქარდავა, მოგეხსენებათ, ძებნილია. ქარდავა სამეგრელოს ტყეებში იმალება. მაქვს ინფორმაცია, რომ ქარდავას აქვს დიდძალი იარაღი და მასთან ერთად არიან «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერები…

_ ის ადამიანები ხომ არ არიან, არჩევნების წინ სამეგრელოს ტყეებში სამხედრო ბანაკები რომ ჰქონდათ და მაშინდელი ხელისუფლება რეზერვისტებად ასაღებდა? ამ თემაზე ირაკლი ალასანიას განცხადების პასუხად, გიგა ბოკერიამ სიაც გამოაქვეყნა. მათი უმრავლესობა, როგორც ბოკერია ამტკიცებდა, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან და სარეზერვო მომზადებას გადიანო.

_ ამ სიაში ნახსენები ადამიანები არჩევნების შემდეგ ტყიდან სამსახურებში დაბრუნდნენ, მაგრამ, თუ დასჭირდათ, მათ ისევ გაიყვანენ ტყეში, მეგის ქარდავასთან კი ამჟამად «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერები  არიან. რამდენიმე დღის წინ ლევან ქარდავაც გამოუშვეს ციხიდან და «ბუკეტიც» შეიკრა.

_ «ბუკეტში» ლევან და მეგის ქარდავებს გულისხმობთ?

_ ძმებ ქარდავებსა და თენგიზ გუნავას. სააკაშვილს გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად შემთხვევით არ დაუნიშნავს. ის ხომ იმავე რეგიონის პოლიციის უფროსი იყო, მასაც ქარდავების მსგავსად უამრავი აგენტურა ჰყავს. სააკაშვილს ძმები ახალაიები ჩამოაშორეს, მაგრამ აღნიშნული «ბუკეტით» დიდ უბედურებას გვიმზადებს.

_ მაინც რას გვიმზადებს?

_ სამოქალაქო ომსაც არ მოერიდება. მეგის ქარდავას ტყეში რამდენიმე მსუბუქად შეიარაღებული კაცი კი არ ჰყავს, სერიოზული შეირაღება და სამხედრო ტექნიკა აქვთ და ბევრნიც არიან. მხარდამჭრებს ტყის გარეთაც იპოვიან. გაიხსენეთ ვითომ შემთხვევით აგორებული თემა, სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში უნდა გადავიდესო. ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება _ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, რაც, დიდი შანსია, სამოქალაქო ომშიც კი გადაიზარდოს. სააკაშვილი ამაზეც წავა, თუ მას ძალაუფლების გახანგრძლივების საშუალებად გამოადგება. სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება სააკაშვილს მხოლოდ 2 რეგიონში შეუძლია _ ქვემო ქართლსა და სამეგრელოში. ყველასთვის ცნობილია, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» ყველაზე მეტად სწორედ ამ რეგიონებში ჰქონდა ფესვები გადგმული, ხალხი ყველაზე მეტად სწორედ ქვემო ქართლსა და სამეგრელოში ჰყავდა დაბეჩავებული და ვანო მერაბიშვილის უწყება განსაკუთრებით ამ რეგიონებში მუშაობდა.

_ კუდის მიერ გადაღებული კადრების გამომზეურებას როდის აპირებენ «ნაციონალები»?

_ ხალხის ასაბუნტებლად სწორედ იმ კადრებს გამოიყენებენ.

_ იმ კადრებში რა არის ისეთი, რომ ხალხი აბუნტდეს?

_ დანამდვილებით ვიცი, რომ «ქართული ოცნების» საპარლამენტო და სამთავრობო ლიდერების, მათი ოჯახის წევრების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე პიკანტური კადრებია გადაღებული. ეს ლილუაშვილისა და კუდის «შემოქმედებაა». აღნიშნულ კადრებს «ნაციონალები» ფონად და საბაბად გამოიყენებენ, პიარი და ხალხის მოტყუება კარგად იციან. ქუჩაში გამოიყვანენ მომხრეებს და შეეცდებიან, სიტუაცია უმართავი გახადონ. მესმის, რასაც ვამბობ, მაგრამ ასეა _ სააკაშვილი სამოქალაქო ომზე წამსვლელია.

_ რაც თქვენ მითხარით, ამის შესახებ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  არაფერი იცის და «ნაციონალთა» შესაძლო ქმედებების პრევენციაზე არ მუშაობს?

_ ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამ იცის, მაგრამ მისთვის ინფორმაციის მთავარი მიმწოდებელი გელა ხვედელიძეა. არ დაგავიწყდეთ, რომ ხვედელიძე მისი მოადგილეა უშიშროების განხრით. როგორ ფიქრობთ, ხვედელიძე ლილუაშვილზე რეალურ ინფორმაციას მიაწვდის მინისტრს? ეს კადრები ხომ ლილუაშვილის ხელთაა?

_ გელა ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელია და ამ ხელისუფლებაში ერთერთი საკვანძო პოსტი უჭირავს, ქვეყნის მთელი უშიშროების სამსახურები მას ემორჩილებიან.

_ ხვედელიძე ვისი თანაგუნდელია თავადაც არ იცის. იმაში კი გეთანხმებით, რომ ძალიან მაღალი პოსტი უკავია და გავლენაც პოსტის შესაფერისი აქვს. რახანია ვამბობ, რომ ხვედელიძე არ არის ივანიშვილის ერთგული ადამიანი და სხვის თამაშს თამაშობს-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებენ.

წარმოიდგინეთ, კოალიცია «ქართული ოცნება» დაიშალა და ივანიშვილთან ის ხალხი დარჩა, ვისზეც კომპრომატები არსებობს, ფაქტია, რომ ის, ვის ხელშიც ეს კომპრომატებია, სიტუაციის უპირობო მმართველი ხდება. გელა ხვედელიძე მეტად საეჭვო პიროვნებაა და ეს არაერთხელ მითქვამს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, ვაჟა ლილუაშვილის მრავალი წლის მეგობარი და ახლა პატრონი, შეუძლებელია, ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ერთგული იყოს.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. ბატ.ლაშა!მიშა სააკოვს,როცა მთელი ძალოვანი სტრუქტურები ხელში ყავდა,მაშინ ვერაფერი გააკეთა ,თუმცა სცადა არჩევნებზე და ეხლა გამოუვა,რამდენიმე ასეული კრიმინალის სახით??თუ Bიძინა ივანიშვილს და აშშ-ს სძინავთ.ასე ფიქრობთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here