Home რუბრიკები პოლიტიკა ტროას ომი თუ ოპერაცია «ალასანიას ტრესტი»?

ტროას ომი თუ ოპერაცია «ალასანიას ტრესტი»?

881

იმ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც დღეს «ნაცმოძრაობის» წევრების უმრავლესობა იმყოფება, ყველაზე კარგად, ალბათ, მისი ერთერთი აქტივისტის რეპლიკა გადმოსცემს: «ბიუჯეტი ვერ შეივსება, უნდა გითხრათ და ეხლა ჩემ მეგობარ პენსიონერებს ვეუბნები, რომ ძალიან მალე პენსიას ვერ მიიღებთ და ძალიან მიხარია». ამ ფრაზას დარბაზში მყოფი მისი თანაპარტიელები მქუხარე ტაშით შეეგებნენ (11 თებერვლის შეხვედრა «ნაცმოძრაობის» სათაო ოფისში).

პენსიებს თავი დავანებოთ; თითქმის ყველა კრიმინალურ შემთხვევას ისინი სოციალურ ქსელებში ძალიან ცუდად შენიღბული სიხარულით ხვდებიან და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. «არ გინდოდათ სააკაშვილი?» _ ნიშნისმოგებით იმეორებენ ისინი, როდესაც ქვეყანაში რაიმე უსიამოვნო ხდება, თუნდაც ისეთი რამ, რაც მათი მმართველობის წლებში არაერთგზის მომხდარა და რისგანაც არც ერთი, თუნდაც ზე დალაგებული, ქვეყანა დაზღვეული არაა.

ძველი ოპოზიცია ანგელოზთა დასს ნამდვილად არ წარმოადგენდა, თუმცა მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც სააკაშვილის რომელიმე, თუნდაც ყველაზე რადიკალურ, ოპონენტს გახარებოდა, რომ პენსიონერებს (ან, ზოგადად, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პირებს) უჭირთ ან ახლო მომავალში შეიძლება ახალი პრობლემები შეექმნათ. ამისთვის, ალბათ, საჭიროა განსაკუთრებულ, ტრანსულ მდგომარეობაში შესვლა და სამშობლოს, თანამემამულეების და ზოგადად, კაცთა მოდგმის შეძულება; აბა, სხვანაირად, როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა, რომ მოხუც, გაჭირვებულ ადამიანს უთხრა: «პენსიას ვერ მიიღებ და ძალიან მიხარია». კლასიკური შიზოფრენია და თანამედროვე მიშიზმი ამ რეპლიკაში ერთმანეთს ძალიან მჭიდროდ ერწყმის.

როდესაც ისინი ტაშს უკრავდნენ ამ ფრაზას, ცხადი გახდა, რომ ჯერაც ვერ გაიგეს, თუ რატომ წააგეს არჩევნები და რატომ დაემსგავსა მათი რეიტინგი იერიქონის კედელს, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. ნაკლებად სავარაუდოა, ამ დამოკიდებულებამ ოდესმე არჩევნები მოაგებინოს, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის ქვაკუთხედს იმის მუდმივი მოლოდინი წარმოადგენს, რომ მოხდება რაღაც ძალიან ცუდი და ამომრჩეველი პირს ისევ «ნაციონალებისკენ» იბრუნებს.

განსაკუთრებული მონდომებით ისინი ელოდებიან განხეთქილებას «ქართული ოცნების» რიგებში, ივანიშვილიალასანიას უთანხმოებას ლამის მიკროსკოპით აკვირდებიან და «თეთრ ლაქებს» საკუთარი ინტერპრეტაციებით ავსებენ. ეს ისტორია «ნაციონალებისთვის» გამორჩეულად მნიშვნელოვანია, თუმცა ის არა მხოლოდ მათ აინტერესებთ.

აქ საქმე მხოლოდ ის როდია, რომ აუდიტორიას სკანდალი მოსწყურდა; მას შესაძლებლობა მიეცა, თუნდაც ცალი თვალით შეიჭყიტოს მმართველი კოალიციის კულისებში, სადაც მისთვის ამოუცნობი, ხშირ შემთხვევაში, სრულიად გაუმჭვირვალე პროცესები ვითარდება. ამასთანავე, დაინტერესებული საზოგადოება ცდილობს, განჭვრიტოს იმ სისტემის კონტურები, რომელსაც ივანიშვილი ქმნის და გაიგოს მეტი მართვის მისეულ სტილზე. არის კიდევ ერთი ფაქტორი: ბევრ ადამიანს მობეზრდა სიუჟეტები (ამ სიტყვის დრამატურგიული და არა სატელევიზიო მნიშვნელობით), რომლებშიც ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირად სააკაშვილი ან რომელიმე მისი თანაგუნდელი გვევლინება, თუნდაც იმიტომ, რომ «ნაცმოძრაობა», მისი ჰიპერაქტიურობის მიუხედავად, მიმავალი ძალაა, რომელიც ქვეყნის მომავალთან არ ასოცირდება. ადამიანებს კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ შეუძლიათ ყურადღება მხოლოდ წარსულს მიაჯაჭვონ, ეს იგივე იქნებოდა, მხოლოდ ისტორიკოსების წიგნები რომ ეკითხათ და «ვიასატ ჰისტორისთვის» ეყურებინათ; მათ მომავალი და ახალი გმირები (ისევ და ისევ დრამატურგიული და არა «ერთიანი ნაციონალური» გაგებით) აინტერესებთ.

საგულისხმოა, რომ გასულ კვირას სააკაშვილმა სცადა «მიერთება» საზოგადოებისთვის აქტუალურ ალასანია-ივანიშვილის სიუჟეტთან, ალბათ, უპირველესად, იმიტომ, რომ ასე მაინც მიეზიდა საზოგადოების ყურადღება და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მას ამ პროცესებში რაღაც იდუმალი როლი აკისრია. მან შეურაცხმყოფელი ლექსიკა აირჩია, ეს ძველი, პრიმიტიული ხერხია, რომელიც გამოუვალ სიტუაციებში განცხადების რეზონანსულობის გაზრდისთვის გამოიყენება: «მე მაქვს სამი გამოხატულება _ პირველი, მე ვარ პოლიტიკოსი. მე, როგორც პოლიტიკოსს, პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია მაინცდამაინც არ მომწონს, ხშირად ძალიან არ მომწონს. მეორე _ მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და, როგორც მოქალაქეს, არ მომწონს, როცა მას თავზე გამუდმებით აწუწებენ. მას ჰქვია საქართველოს თავდაცვის მინისტრი და დილა ისე არ გავა, რომ არ გავიგოთ, რომ მას პიროვნული თუ სხვა შეურაცხყოფა არ მიაყენეს. არ არის სწორი, განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრისთვის გამუდმებით თავზე ლაფისა და ტალახის დასხმა. როგორც მოქალაქისთვის, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მესამე _ მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება მაქვს მე და მე მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, საკადრო რყევები დღეს თავდაცვის სამინისტროში არის მიუღებელიამ სიტუაციაში თავდაცვის მინისტრის შეცვლას არ დავეთანხმები» (სააგენტო «პირველი»).

თუ ფიგურანტის «სამ გამოხატულებას» (კიდევ კარგი, «განსახიერება» არ თქვა) და სხვა უმნიშვნელო დეტალებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ვნახავთ, რომ სააკაშვილმა აღწერა ალასანიას მდგომარეობა, როგორც უკიდურესად შეურაცხმყოფელი მისი ღირსებისთვის და მის შესაძლო გადაყენებაზე მიუთითა. იყო კიდევ ერთი ქვეტექსტი _ შენიღბული მოწოდება სამხედროების მიმართ საკადრო იმედები ალასანიას (როგორც ჰაერში გამოკიდებულ მინისტრს) არ დაუკავშირონ, ხოლო მუნდირის ღირსება შელახულად ჩათვალონ.

გამორიცხული არაა, რომ, ამასთანავე, ალასანიას მოჩვენებითი  გამოსარჩლებით (უხეში სტილის მიუხედავად, ამ განცხადებაში ეს უდავოდ იყო) სააკაშვილმა სცადა, გაემყარებინა ვერსია იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მინისტრს «ნაციონალების» და პირადად მის მიმართ ზედმეტად ლმობიერი დამოკიდებულებისთვის სჯიან (გამორიცხული არაა, რომ იმასაც ვარაუდობდა, რომ ამით ივანიშვილის ეჭვებს გააღრმავებს). თავის უკიდურეს ვარიანტში ეს ვერსია იქამდეც კი მიდის, რომ თავდაცვის მინისტრი თითქოსდა შეიძლება «ნაციონალებს» შეეკრას ან სულაც, უკვე შეეკრა. ამ ვერსიის მიმზიდველობა სააკაშვილისთვის, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ მის ფარგლებში ის (და მისი გუნდი) წარმოჩენილია ანგარიშგასაწევ ძალად, ერთ-ერთ პოლუსად, რომელსაც ალასანია თავის, შესაძლოა, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებულ გათვლებში ითვალისწინებს. საინტერესოა, რამდენად ლოგიკურია ეს ვერსია.

ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირების გაღრმავებისთვის, ერთი შეხედვით, არაერთი წინაპირობა არსებობს. ალასანია არ (ან ვერ) მალავს, რომ ყოველთვის იქნება ორიენტირებული პირველკაცობაზე, თუნდაც მიზნის მისაღწევად გარკვეული დრო და მოთმინების გამოვლენა დასჭირდეს. პარტნიორები კოალიციაში და რიგი პოლიტიკოსებისა მის გარეთ მას საშიშ კონკურენტად აღიქვამენ და არასოდეს დაიშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა გაუფუჭონ. ალასანიას აქვს სერიოზული კონტაქტები ამერიკელ პარტნიორებთან და გამორიცხული არაა, რომ მას არ სურს, რომ ეს კომუნიკაცია ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ მოექცეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივანიშვილი ვერ მიანიჭებს რომელიმე პარტნიორს «პოლიტიკური მემკვიდრის» ან «მეორე კაცის»  განსაკუთრებულ სტატუსს, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია და არასასურველ შედეგებს მოიტანს. მაგრამ ალიანსი «ნაციონალებთან» მაინც სრულ ნონსენსად გამოიყურება; «ოცნების» ამომრჩევლების უმრავლესობისთვის ეს იგივეა, რაც ალიანსი გერმანელ ფაშისტებთან, თანაც ასე 1945 წლის მარტში, როდესაც მათ არანაირი პერსპექტივა აღარ ჰქონდათ. ეს ალასანიას ან კოალიციის სხვა წარმომადგენელს, 99%-იანი ალბათობით, არა მხოლოდ რეიტინგის განულებას, არამედ სამარადჟამო მინუსებში გადავარდნას მოუტანს. თუ კონსპიროლოგიაა, ბარემ სრულმასშტაბიანი კონსპიროლოგია იყოს _ ამ ნიადაგზე შეიძლება აღმოცენდეს ვერსია, რომ ალასანიას და სხვა მათი გავლენის ქვეშ მყოფ პოლიტიკოსებს (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიაში ირიცხებიან დღეს) ივანიშვილისთვის საპირწონეს შესაქმნელად ამერიკელი პარტნიორები იყენებენ, ხოლო ივანიშვილი, თავის მხრივ, პრევენციულ ზომებს იღებს.

თუმცა შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი, არანაკლებ კონსპიროლოგიური ვერსია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილისა და ალასანიას კონფლიქტი მოჩვენებითია და მის მიზანს, რუსების თქმის არ იყოს, «ლოვლია ნა ჟივცა» წარმოადგენს. ზოგიერთ ორგანიზაციაში ხელმძღვანელი ხანდახან აწყობს ხმაურიან სკანდალს, ლამის ტროას ომს ერთ-ერთ მოადგილესთან, ის განრისხებული გამოდის კაბინეტიდან, მასთან მირბის ყველა, ვისაც უფროსი გულზე არ ეხატება, ზოგი დაუყონებლივ, ზოგი კი მას შემდეგ, რაც ის «ოპოზიციის ლიდერი» ხდება, ბოლოს კი ირკვევა, რომ ეს შოუ დირექტორმა და მოადგილემ არალოიალური თანამშრომლების გამოსავლენად დადგეს. ხანდახან ეს ძველისძველი კომბინაცია გარე ძალების გეგმების ჩასაშლელად გამოიყენება (ბიზნეს-კონკურენტების, «ნაციონალების», ამერიკელების, პაპუასების… მნიშვნელობა არ აქვს). ირაკლი ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, იცის, რასაც ნიშნავს სიტყვები «ოპერაცია ტრესტი» და მსგავსი ტიპის თამაშის დამაჯერებელი წარმოება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.

ამდენი კონსპიროლოგიის გადამკიდე, ალბათ, სასურველია, ჩვეულებრივ ლოგიკას მოვუხმოთ. რა უფრო აახლოებს ირაკლი ალასანიას დასახულ მიზანთან ამ ეტაპზე _ კონფრონტაცია ბიძინა ივანიშვილთან თუ თანამშრომლობა მასთან? თანამშრომლობამ მის გუნდს მთავრობაში შესაშური პოზიციები მოუტანა, რაც შეეხება კონფრონტაციას, მასთან დაკავშირებული სირთულეები საკუთარ თავზე, პრინციპში, არ გამოუცდია, თუმცა შეუძლია ნახოს, რა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება დღეს მიხეილ სააკაშვილი. 

რეალურია კონფლიქტი ივანიშვილსა და ალასანიას შორის თუ მოდელირებული? (ამ სიტყვამ ქართულ ენაში «ნაციონალების» პროპაგანდის გადამკიდე განსაკუთრებული ჟღერადობა შეიძინა). არის ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მეორე ვარაუდისკენ წაგვიყვანოს: ეს გაკეთებული განცხადებების ოდნავ გადაჭარბებული სიმკვეთრე და დემონსტრაციულობაა, ის, რომ კავშირი უთანხმოების დეკლარირებულ მიზეზს და დამდგარ შედეგს შორის (გავიხსენოთ ივანიშვილის შესაბამისი განცხადებები) ოდნავ არაბუნებრივი ჩანს. გამორიცხული არაა, რომ ეშმაკი სწორედ ამ დეტალებში იმალება. ფსიქოლოგიური გათვლა შეიძლება შემდეგ გარემოებას ეფუძნებოდეს: მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი, ხავსს ჩაჭიდებული  «ნაციონალები» (თუ ვინც იქნება, ახლა ან მომავალში; ეს მცირე შენიშვნა მნიშვნელოვანია), დიდი ალბათობით, ირაციონალური აღტკინებით დაიჯერებენ, რომ ალასანიასთან დაკავშირებით მოვლენები სწორედ ისე ვითარდება, როგორც მათ სურთ. ეს მათი და, უპირველს ყოვლისა, მათი ბელადის საფირმო თვისებაა, დაინახონ ის, რაც უნდათ, და არა ის, რაც რეალურად არის; ამ შედეგის მისაღწევად შეიძლება თვალებიც კი დახუჭონ.

ისე, საინტერესო კია, გამწარდებიან თუ არა ისინი, როდესაც გაიგებენ, რომ ბიუჯეტი შესრულდა და პენსიები დარიგდა? ატირდებიან თუ არა, როდესაც დარწმუნდებიან, რომ ივანიშვილი და ალასანია ერთ თამაშს თამაშობენ? ალბათ, არა. ისინი, უბრალოდ, იტყვიან, რომ პენსიები სინამდვილეში არ დარიგებულა, ხოლო კოალიციის ლიდერებმა ერთმანეთი დახოცეს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here