Home რუბრიკები საზოგადოება «ოკეანედალეულების» «საყმაწვილო სენი» რატომ არ შეიძლება დემოკრატიის «სესხება»

«ოკეანედალეულების» «საყმაწვილო სენი» რატომ არ შეიძლება დემოკრატიის «სესხება»

947

თუ ამერიკელ ისტორიკოსს, პროფესორ სტივენ კოენს დავეთანხმებით, «გარდაქმნა _ ეს ახლის საძიებლად მოგზაურობაა», დავინახავთ, რომ «ვარდების რევოლუციის» შემდგომი პერიოდის საქართველოში «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური კლასი და მისი «ბელადები» მთლიანად სხვა ქვეყნების გამოცდილების ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

ახლის საძიებლად მოგზაურობამ საქართველო ცხრა წელი ახეტიალა დასავლეთში, აღმოსავლეთსა და აზიაში. ვაშინგტონი, დუბაი და სინგაპური გახდა ის მაცდუნებელი სიტყვები, რომელთა გაგონებაზე ახალგაზრდა «ოკეანედალეულები» უსიტყვოდ ხრიდნენ თავს და «ხბოს აღტაცებით» ჰპირდებოდნენ დემოკრატიისა და ეკონომიკის «ოქროს მთების» აშენებას საქართველოს მოსახლეობას.

თუ ისევ . კოენს გავიხსენებთ: სხვა ქვეყნიდან დემოკრატიის «სესხება» შეუძლებელია ორი მიზეზის გამო, ჯერ ერთი, ვერავითარი პოლიტიკური სისტემა ვერც ერთ სახელმწიფოში სტაბილური ვერ იქნება, თუ ის ამ ქვეყანაში მის ნიადაგზე არ იშვა, როგორც საკუთარი პოლიტიკური კულტურის განვითარების შედეგი.

მეორე, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც დიქტატურიდან დემოკრატიაზე უმტკივნეულოდ გადასულიყო. ამრიგად, საქართველომ საკუთარი გზა უნდა აირჩიოს, თავისი ტიპის დემოკრატიას მიაგნოს და უბრალოდ, არავისგან არაფერი ისესხოს.

უდავოა, ყველა ტიპის დემოკრატიას რაღაც საერთო აქვს. მითუმეტეს, ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიულობის სტაბილურობას განსაზღვრავს შემდეგი გარემოებები:

პოლიტიკური კულტურა _ შეთანხმება პოლიტიკური თამაშის წესებზე, გამარჯვებულებისა და დამარცხებულების მხრიდან;

კანონის მმართველობა _ სამართლებრივი სახელმწიფო;

სამართლებრივი კულტურა _ მართლშეგნება.

საქართველოში ამ ინსტიტუტების ერთობლიობა ვერ შედგა და, შესაბამისად, სისტემად ვერ ჩამოყალიბდა. იგნორირებული აღმოჩნდა დემოკრატიული რეჟიმის წესები. მაგ.: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობამ და ხელისუფლებიდან ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო გადატრიალებით ჩამოცილებამ დაარღვია საზოგადოების სტაბილურობა.

«ნაციონალურმა მოძრაობამ», რომელიც მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალების, ანუ პარლამენტის «გარეკვის» გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში, დემოკრატიის კომპონენტების «იმპორტირება», ანუ «ყიდვა» მოინდომა. მით უმეტეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საკუთარი შესაძლებლობებით ვერ შეძლებდნენ დემოკრატიის პრინციპების რეალურ აღიარებას, განვითარებასა და სრულყოფას.

«ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური ბირთვისთვის შეუცნობელი დარჩა ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა არაერთხელ სცადეს, «დემოკრატიისთვის ბრძოლის» დროშით, უხეში ძალის გამოყენებით, სხვა ქვეყნებისთვის თავს მოეხვიათ თავისი გამოცდილება, მაგრამ ამ გზით ვერსად დამკვიდრდა ამერიკული დემოკრატია.

უდავოა, ქართული დემოკრატია უნდა ფლობდეს დემოკრატიისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს, მაგრამ რეალობა გვკარნახობს, ჩამოყალიბდეს ქართული დემოკრატიის ტიპი, მისი კონკრეტული ფორმებითა და თავისებურებებით, რომელიც გამოთავისუფლებული იქნება «ნაციონალური მოძრაობის» იდეოლოგიის პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური «ეშმაკობებისა» თუ სიმახინჯეებისგან, რომელიც ასე უხვად იყო ჩაწნული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ თაიგულში.

შევარდნაძის მმართველობით დამძიმებულ საქართველოში ადვილი არ იყო პოლიტიკური სახისმეტყველების შეცვლა, თუმცა ეს პროცესი «ნაციონალური მოძრაობის» «მესიტყვემ» და მისმა გუნდმა თავისებური, გამუდმებული მოგზაურობა-ვიოაჟებით დაიწყო და დაემგვანა უკომპრომისო გემს, რომელიც გავიდა გაშლილ ზღვაში, მაგრამ უცნობი იყო, როდის მიაღწევდა სასურველ ნაპირს.

«ნაციონალურ მოძრაობას» რეალური სტრატეგიული კურსი არ ჰქონდა. სწორედ ამ კურსის უქონლობამ გამოიწვია ის, რომ ცხრა წლის მანძილზე საქართველო ვერც ნატოში გაწევრიანდა, ვერც ევროკავშირში შევიდა და ვერც რუსეთსაქართველოს ომი აიცდინა თავიდან.

ახალი თაობის ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის გაუგებარი დარჩა, რომ დემოკრატია და საყოველთაო კეთილდღეობა სხვადასხვა კატეგორიაა. მაგალითად, აშშ-ში მეტია დემოკრატია, მაგრამ ნაკლებია «საყოველთაო კეთილდღეობა»: გარკვეულ პერიოდში, საბჭოთა კავშირი იყო «საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო», თავისი ძლიერი სოციალური სისტემით. საბჭოეთის კონსტიტუცია გამოირჩეოდა დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით, მაგრამ პრაქტიკულად იგი არ სრულდებოდა.

«ვარდოსნებს» მიზნად არ დაუსახავთ დემოკრატიისა და კეთილდღეობის შერწყმაზე ზრუნვა პრინციპით «ჯერ დემოკრატია, შემდეგ _ კეთილდღეობა», ან კეთილდღეობა გაეხადათ დაინტერესების უპირველეს საგნად და შემდგომში დაეწყოთ დემოკრატიის განვითარება.

ახალი ხელისუფლების ლიდერების უმრავლესობა განუკურნებელი «საყმაწვილო სენით» დაავადდა. მათი გამუდმებული სიცრუე, სიჯიუტე და ავადმყოფური ახირებანი იქცა ვირტუალურ მირაჟად, რომელმაც ცხრაწლიანი «ნისლიანი», «წვიმიანი» და «სისხლიანი» წლები არგუნა საქართველოს.

ქართველი «ოკეანედალეულების» ეს ნაკადი თავს იწონებდა დემოკრატიის პარადიგმებით, სინამდვილეში კი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა და თანდათანობით უცხოვდებოდა საზოგადოებისგან.

დემოკრატიისა და კეთილდღეობის პრობლემის გადაწყვეტის ერთიანი მზა რეცეპტი მსოფლიოში არ არსებობს და ყველა საკუთარ გზას ირჩევს. საქართველოში გარდაქმნების თუ რეფორმების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. 2003 წლის ნოემბრიდან გარდაქმნების მოთავეები გახდნენ ქართველი «ხუნვეიბინები», რომლებმაც ბრძოლა გაუმართეს ყოველგვარ ძველს, მათ შორის, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, მწერლებს, კულტუროსნებს და სხვებს. გამოაცხადეს ისინი ე.წ. ჩარეცხილებად, «ნაციონალური მოძრაობის» «ახალ აზროვნებასთან» შეუთავსებლობის გამო.

თუ ახლო წარსულის საქართველოში ზვიად გამსახურდიას მმართველობა თავისუფლებიდან და კეთილდღეობიდან აპირებდა დემოკრატიისკენ თანდათანობით სვლას, ედუარდ შევარდნაძის ეპოქა ნულოვანი ვარიანტით ხასიათდებოდა. მიხეილ სააკაშვილის «ხელმწიფობის» დროს დემოკრატია მოეთხოვებოდა მხოლოდ ხალხს, მაგრამ «კეთილდღეობას» «ნაცმოძრაობის» ნომენკლატურა ეუფლებოდა პრინციპით: «დემოკრატია _ უმრავლესობას, კეთილდღეობა _ უმცირესობას».

ოც წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოში გარდაქმნა ფართო და პოპულარულ ცნებად იქცა და მას საზოგადოების ყველა ფენამ გამოუცხადა მხარდაჭერა, როგორც ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ გარდაქმნის განმსაზღვრელი კომპონენტები _ საჯაროობა, დემოკრატიზაცია, დეცენტრალიზაცია და საბაზრო რეფორმა ყოფილმა ხელისუფლებამ ხალხისთვის ერთიანად მისაღები ვერ გახადა.

ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრების ამ სფეროებში სახელმწიფო ძალაუფლების ჩარევას ზღუდავენ, «ნაციონალური» ხელისუფლების «მამებმა» გარდაქმნის ოთხივე კომპონენტი საკუთარი ძალაუფლების განვრცობის ჩარჩოში მოაქციეს.

მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურების პრაქტიკაში ძნელია იპოვო სააკაშვილის ქმედების მსგავსი მაგალითი, როდესაც სიცრუე, დემაგოგია და პიარკამპანიები, მოულოდნელად მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები, ინფორმაციების გადაუმოწმებლობა, ადამიანების აბუჩად აგდება, დაუმსახურებელი გაკილვა და ა. შ. პრეზიდენტის საკვანძო საქმიანობა ხდებოდა, თუმცა მ. სააკაშვილი უაღრესად გულუხვი იყო მისი ფავორიტების მიმართ და ამის დამამტკიცებელი არაერთი ფაქტი არსებობს.

სამწუხაროდ, ხელისუფლების მთლიანად პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული, ეკონომიკური გარდაქმნები ვერ შედგა და, თუ გამოჩენილი რუსი ისტორიკოსის, კლიუჩევსკის, ფრაზას გადავაკეთებთ, საქართველოს ისტორიის ცხრაწლიან მონაკვეთში «ხელისუფლება გასუქდა, ხალხი კი დასუსტდა».

ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებდა განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, თეატრებისა და სხვა სფეროების პოლიტიზირებას. მიმდინარეობდა სტუდენტების გადაბირებისა და მათზე ზემოქმედების პროცესი. იმავე დროს, «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერები ღებულობდნენ გრანტებს, სხვადასხვა პრემიას, ფინანსურ დახმარებებს, საჩუქრებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოები აუქმებდნენ ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, თუმცა მფარველობდნენ ხელისუფლების მხარდამჭერ უმაღლეს დაწესებულებებს.

«ნაციონალური მოძრაობა» მფარველობდა და ფინანსურ დახმარებას უწევდა გაზეთ «24 საათს», ჟურნალ «ტაბულას», «საზოგადოებრივ მაუწყებელს», «რუსთავი 2-ს», «იმედს», «კავკასიას» და სხვ. სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ინსტიტუტის კომპლექსი, ფაქტობრივად, საჩუქრად გადაეცა საზოგადოებაში უაღრესად დაბალი რეიტინგის მქონე პირს _ კახა ბენდუქიძეს, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა: «საქართველოში, სინდისის გარდა, ყველაფერი უნდა გაიყიდოს», თუმცა ხელისუფლებამ ქართულ მიწა-წყალთან ერთად სინდისიც გაყიდა და ქართული ღირებულებებიც.

უდავოა, ყოველივე ამან და ერისთვის მიუღებელმა სხვა ქმედებებმა მკვეთრად უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყანაში ვოლუნტარიზმის, ადამიანის უფლებათა დარღვევის, პატიმართა არაადამიანური წამებისა და სხვა მოვლენების დამკვიდრებაში და ხელი შეუწყო სააკაშვილის პიროვნების კულტად ჩამოყალიბების პროცესს.

საბოლოოდ, 2012 წლისთვის, საქართველოში ჩამოყალიბდა «ნაციონალური მოძრაობის» ნომენკლატურა, ე. წ. მონოლითური სახელისუფლო წრე, ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფენა, რომელთა ხელში აღმოჩნდა ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სადავეები. ფაქტობრივად, სახელმწიფომ დაიმორჩილა საქართველოს საბაზრო სექტორი და ვერ მოხერხდა საზოგადოების დაცვა ხელისუფლების ფრთებზე დასკუპებული თვითნება ადამიანებისგან.

ახალი დავით აღმაშენებლის ტოლი სახელის მოპოვების იდეაფიქსით შეპყრობილი ქვეყნის პრეზიდენტი ისე გაიტაცა ქუთაისურ-ბათუმურმა და სხვა ვოიაჟებმა, რომ საქართველოს დედაქალაქი ახალი «აღმოსაჩენი» გახდა. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ქვეყნის მფლობელთა, მეფეთა თუ იმპერატორთა, პრეზიდენტთა თუ პრემიერთა, დიქტატორთა თუ დემოკრატთა მმართველობის ასეთი სტილი _ გამუდმებული ტყუილები და გამუდმებული პიარმოგზაურობანი ხმელეთზე, ზღვებსა და ცაში.

ახლო წარსულის საქართველოს ხელისუფლების მეთაურებისთვის ყოველთვის «აქილევსის ქუსლად» რჩებოდა საკადრო პოლიტიკა. ამ «სენისგან» ნ. ჟორდანია, ზ. გამსახურდია და ე. შევარდნაძეც ვერ განთავისუფლდნენ, მაგრამ მ. სააკაშვილის საკადრო შეცდომებმა მარაზმის ხასიათი მიიღო. კადრების შერჩევის პრინციპი გახდა მხოლოდ «ნაციონალური მოძრაობის» უსიტყვო ერთგულება. პრეზიდენტი და მისი ახლო გარემოცვა სხვადასხვა თანამდებობას «ურიგებდნენ» გაურკვეველი ან შეუფერებელი პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც «ზემოდან» ეძლეოდათ განკარგულება, «ჩართულიყვნენ» სხვადასხვა საკადრო, საფინანსო და ელიტარულ კორუფციულ გარიგებაში, შემუშავდა «კაპიტალის შოვნის» თავისებური მექანიზმი, რომელიც საკმაოდ მყარი იყო და ითვალისწინებდა საქართველოში რამდენიმე ათეული ოჯახის ფინანსურ გაძლიერებას, მათივე კლანური, სახელისუფლო მმართველობის მუდმივად დამკვიდრების მიზნით. ამ სქემაში ბევრი არაქართული წარმოშობის ოჯახი მონაწილეობდა და ხელისუფლების დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობდა.

«ნაციონალური მოძრაობის» იდეოლოგიაში თანდათანობით გაქრა ეროვნულპატრიოტული ცნობიერების გამომხატველი ლექსიკა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველო თავისი ცნობიერებით და ახალი არქიტექტურული სახით ყალიბდებოდა მრავალფეროვან, თავისი თავისებურებებისგან მკვეთრად განსხვავებულ კუნძულად, რომელსაც ჰყავდა ერთგული «ფეოდალებითა» და «შინაყმებით» გარშემორტყმული ერთი თავნება და ცრუ დიქტატორი _ მეპატრონე, რომელიც ცდილობდა, საქართველო კავკასიაში გადაექცია «ამერიკის სადგისად რუსეთის საჯდომში».

საკადრო მანიპულაციები პარლამენტსაც შეეხო. «ნაციონალური მოძრაობა» შეეცადა, შეემუშავებინა არა ქვეყნის, არამედ «ნაციონალური მოძრაობის» კონსტიტუცია, მითუმეტეს, მის ხელში იყო მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება. ამ მიზნით ჩამოყალიბდა წერა-კითხვის მცირედ მცოდნე ან ნაკლებად განათლებული საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც მოკლებული არ იყო «ელიტარულ კეთილდღეობას».

პრეზიდენტისა და «ნაციონალური მოძრაობის» სხვა «გმირების» მიერ საკანონმდებლო ორგანოებში «გამწესებულმა» პარლამენტარებმა ვერაფერი სასახელო ვერ შესძინეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პირიქით, «დიდ სირცხვილად» მოევლინენ პარლამენტს და კიდევ უფრო მეტად მოჭრეს თავი «ნაციონალურ მოძრაობას» და ამ «სასიამოვნო» საქმეს დღესაც აგრძელებენ.

სამწუხაროდ, ნაციონალურ უმცირესობაში მოყოლილი ხუთ ათეულზე მეტი ძველი «ნათელი სახე»: დ. დარჩიაშვილი, მ. მაჭავარიანი, გ. გაბაშვილი, ა. მინაშვილი, პ. ცისკარიშვილი, გ. წერეთელი, გ. ბარამიძე, ა. ბობოხიძე, ნ. წიკლაური, გ. კანდელაკი და მათ მიმხრობილი ახალი «ოქტომბრელ-პიონერები»: ზ. ჯაფარიძე, გ. ვაშაძე, დ. საყვარლიძე, მ. საჯაია, თ. ბოკუჩავა, ი. ნადირაშვილი, ს. რატიანი… კვლავ დიდი შემართებით ებრძვიან «ქარის წისქვილებს» და «ვერაფერი ისწავლეს და ვერაფერი დაივიწყეს».

მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფოს მეთაური, რომელიც საკუთარ მთავრობას და პარლამენტს ასე გულმოდგინედ და მიზანმიმართულად ლანძღავდეს გარე სამყაროში. სწორედ ეს არის სამშობლოს ღალატი, ხელფანდურობა და არაქართველობა. ქვეყნის პრეზიდენტი თავის წარსულს ასე არ უნდა ემშვიდობებოდეს. რაც შეეხება უცხოელ, «საჩუქრებისა» და «კეთილდღეობის» მოყვარულ «ნაციონალური მოძრაობის» ცალკეულ მხარდამჭერებს, არა მგონია, მათმა «ყეფამ» «ქართული ოცნების» დიდი ქარავანი შეაჩეროს. დამარცხებულს პოლიტიკურ საფლავში არავინ ჩაჰყვება.

საინტერესოა, რომელ «ღობეზე მიხტუნაობენ» ახლა მედროვე ბუბა კიკაბიძე, მიხეილ თავხელიძე, მგოსნად წოდებული დეფი გოგიბედაშვილი, გაურკვეველი განათლების მქონე თეა თუთბერიძე, გიგა ნასარიძე, ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები.

მსოფლიო ძალაუფლების ისტორია იცნობს «სამეულების» თუ «ხუთეულების» კოლექტიურ მმართველობას. ეს სინდრომი ახასიათებდა საბჭოეთის ბოლშევიკურ-კომუნისტურ რეჟიმსაც. 2003 წლის ნოებრიდან საქართველოში კვლავ «გაცოცხლდნენ» თანამედროვე «სამეულები» და «ხუთეულები». «ნაციონალური მოძრაობის» «დიდი სამეული» _ მ. სააკაშვილი, ზ. ადეიშვილი, ვ. მერაბიშვილი _ წარმოადგენდა «ნაციონალური მოძრაობის» მთავარ ორგანიზაციულ ბირთვს, რომელიც გეგმავდა ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლებიც შემდგომში ცნობილი ხდებოდა «ხუთეულისთვისაც». მათ კაბინეტებში იგეგმებოდა ყველა «სიკეთე» თუ ბოროტება. როგორც ფაუსტი არჩევდა ჯოჯოხეთისთვის მსახურად უსწრაფეს სულებს, ისე შეძლო მ. სააკაშვილმა, ფაუსტის მსგავსად, ბევრი პრეტენდენტიდან ის სული შეერჩია, რომელსაც უნარი ჰქონდა, უსწრაფესად გადასულიყო სიკეთიდან ბოროტებაში. ეს მსახური კი, არც მეტი, არც ნაკლები, ზურაბ ადეიშვილი იყო. მართალი იყო დიდი ეპოპეის _ «ასერგასის დღის» ავტორი მიხეილ კვესელავა, როდესაც წერდა, რომ «გერმანელი ნაცისტების ბოროტებას საზღვარი არ ჰქონდა». როგორც ჩანს, ქართველი «ნაცების» ბოროტებაც უსაზღვროა.

ბოლო ცხრა წლის მანძილზე საქართველოში გაბატონებულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სამართლებრივმა «ჟამიანობამ», საშინელმა რეპრესიებმა, კლანურმა ეკონომიკურმა იდეოლოგიამ და არაადამიანურმა სადამსჯელო სისტემამ, ხელისუფლების მიერ პროვოცირებულმა რუსეთ-საქართველოს ომმა და სხვა ნეგატივებმა მთლიანად გააშიშვლა «ნაციონალური მოძრაობის» საქმიანობა, რაც ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად დაედო საპარლამენტო არჩევნებში მათ დამარცხებას. ამ მიმართულებით საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრის საქმეში აქტიური როლი ითამაშეს ოპოზიციურმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო სტრუქტურებმა და სახალხო მოძრაობებმა. მათ შორის იყვნენ: «დემოკრატიული მოძრაობა», «სახალხო კრება», «თავისუფალი დემოკრატები», «კონსერვატორები», «მრეწველები», «ქართული დასი».

«ნაციონალური მოძრაობის» რეჟიმის წინააღმდეგ გაბედულად იბრძოდნენ ოპოზიციური ტელეარხები და პრესა. «ობიექტივი», «კავკასია», «მაესტრო», «მეცხრე არხი», «ასავალ-დასავალი», «ქრონიკა», «ალია», «საქართველო და მსოფლიო», «საქართველოს რესპუბლიკა», «რეზონანსი», «ახალი თაობა», «ჯორჯიან თაიმსი», «ვერსია», «ახალი 7 დღე», «საერთო გაზეთი», «ილორი» და სხვა გამოცემები.

«ნაციონალური მოძრაობის» ცხრაწლიან მძიმე «ჟამიანობას» გაემიჯნენ ქართველი მწერლები, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები: ჭაბუა ამირეჯიბი, რევაზ მიშველაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო ამაშუკელი, თამაზ წივწივაძე, სოსო სიგუა, რეზო ჩხეიძე, მერაბ ბერძენიშვილი, ვახტანგ დავითაია, გურამ ფირცხალავა, ნინელი ჭანკვეტაძე, ვანო კიღურაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ლელიკო ჯაფარიძე და სხვ.

როდესაც ქვეყნის წინაშე მწვავედ დადგა ეროვნული თვითმყოფადობისა და ცნობიერების გადარჩენის საკითხი, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ცნობილი ბიზნესმენი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შეძლო ერის ეროვნულ-პატრიოტული ძალების გაერთიანება ერთი საერთო მიზნისთვის _ საქართველოს გადასარჩენად. კოალიცია «ქართული ოცნება» გახდა ის ძალა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში.

კოალიცია «ქართულმა ოცნებამ» იტვირთა ქვეყნის გადარჩენისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ურთულესი საქმე. მან უარი თქვა მოხმარებაზე ორიენტირებულ ყალბ იდეოლოგიასა და ავტორიტარიზმზე დაფუძნებულ კოლექტიურ კაპიტალიზმზე, მხარს უჭერს საშუალო კლასის _ ეროვნული ბურჟუაზიის შექმნას. . ივანიშვილის გუნდისთვის მისაღებია პრინციპი: «ლიბერალური ეკონომიკა და სოციალური სოლიდარობა».

ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კლასს მოუწევს, გარდაქმნას მეცნიერებისა და განათლების არსებული სისტემა, მოახდინოს პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია, მიაღწიოს ეროვნულ თანხმობასა და კონსოლიდაციას, იბრძოლოს სრული დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითდამკვიდრებისთვის, ცალსახად არ მიებას ამერიკულ, რუსულ და ევროპულ სამყაროს, მიაღწიოს სამართლის აღსრულებასა და რეალურ დამნაშავეთა დასჯას. მითუმეტეს, ქრისტიანული იდეოლოგია მოგვიწოდებს, «ვისაც ტყვედ მიჰყავს სხვა, თვითონაც ტყვედ წაიყვანება, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილითვე განიგმირება».

ცნობილია, რომ პოლიტიკური სივრცე სიცარიელეს ვერ ეგუება და, შესაბამისად, უნდა არსებობდეს ოპოზიცია და ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი ბანკების თანამშრომლობის კულტურა.

ახლა ძნელია, დაბეჯითებით ვამტკიცოთ, როგორი ტიპის პარტია ჩამოყალიბდება ჩვენთან მომავალში, საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობის პირობებში. მით უმეტეს, პარტიებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ საკუთარი დანიშნულება და კონკრეტული ფუნქციები.

პოლიტიკური გაერთიანება «ქართული ოცნება» დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდია, რომლის მთავარი მესაჭე ბიძინა ივანიშვილია.

 მისი სახით ქვეყანას დღეს ჰყავს ეროვნული, სახელმწიფო და პოლიტიკური მესიტყვე, რომელიც არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი პოლიტიკური კლასის წინამძღოლს ან რომელიმე ჯგუფის ინტერესების გამომხატველ ლიდერს. ის საქართველოს მთელი მოსახლეობის საერთო ინტერესების დამცველი მოღვაწეა.

უდავოა, ქვეყანაში ამოქმედდა ცვლილებათა მექანიზმი, რომელმაც დემოკრატიული და რეალური რეფორმები შეუქცევადი უნდა გახადოს. მაგრამ რამდენ რეფორმას უნდა გაუძლოს ხალხმა?

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ კითხვას ასე ვუპასუხებთ: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ქვეყნის სათავეში მოვიდა პოლიტიკური კოალიცია «ქართული ოცნება», რომელიც ჰგავს თვითმფრინავს, რომელიც აფრინდა და იცის, სად უნდა დაფრინდეს, განსხვავებით «ნაციონალური მოძრაობის» იმ თვითმფრინავისგან, რომელიც აფრინდა, მაგრამ ცაში დაეხეტებოდა და არ იცოდა, სად უნდა დაშვებულიყო.

იგორ კვესელავა,

საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგობრივი

აკადემიის პრეზიდენტი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here