Home რუბრიკები საზოგადოება ვახუშტი ფარცვანია: უკეთესის მოლოდინში უარესი მივიღეთ!

ვახუშტი ფარცვანია: უკეთესის მოლოდინში უარესი მივიღეთ!

708

ამ დღეებში ზუგდიდში პარტია «ქართული ოცნების» დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა, რასაც ბევრი მითქმამოთქმა მოჰყვა. კონფერენცია თითქმის დახურულ ვითარებაში წარიმართა, მასზე დასწრების უფლება არ მისცეს «ქართული ოცნების» ერთერთ აქტივისტს, ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორ ვახუშტი ფარცვანიას. დღეს ის ჩვენი გაზეთის სტუმარია და თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.

_ ბატონო ვახუშტი, «ქართული ოცნების» პარტიული კონფერენცია, შეიძლება ითქვას, კონსპირაციულად ჩატარდა. მას არ ესწრებოდა ბევრი აქტივისტი. თბილისის ცენტრალური ოფისიდან არ ჩამოსულა არც ერთი წარმომადგენელი. თქვენ რატომ არ შეგიშვეს კონფერენციაზე?

_ ეს კონფერენცია კი არა, მარაზმის კულმინაცია იყო. დასცინიან კომუნისტებს, ვერტიკალური პრინციპით ნიშნავდნენ კადრებსო, მაგრამ ისინი ღირსეულ კადრებს მაინც არჩევდნენ. მე შემთხვევით გავიგე, რომ ზუგდიდში დანიშნული იყო «ქართული ოცნების» დამფუძნებელი კონფერენცია. გამიკვირდა, ასე საიდუმლოდ რატომ ტარდებოდა. ვიფიქრე, ალბათ, ვერ მოასწრეს ჩემი  გაფრთხილება-მეთქი, ამიტომაც საგანგებოდ მოვემზადე, მაგრამ ჩემთვის არამარტო არ იყო გამოწერილი მანდატი, არამედ საერთოდ სიაშიც არ ვიყავი. პატარა წვლილი მაინც ხომ მიმიძღოდა, სტუმრის სტატუსით რომ ვყოფილიყავი ამ კონფერენციაზე. ასე რომ, ლამაზად გამომაპანღურეს კონფერენციიდან. გამოდის ვინმე ერთი უსახელო ქალბატონი და ამბობს: კუმ ფეხი გამოყოო და ვიღაცები მოვიდნენო, ახლა უნდათ პარტიაში გაწევრიანებაო. ეს ჩემს თავზე მივიღე. უსირცხვილო ხალხის ბოდვებია ეს. გავიგე, რომ თბილისში დაუნიშნავთ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თვალის ასახვევად მაინც წამოეყენებინათ რამდენიმე კანდიდატი. ზუგდიდის შეურაცხყოფაა, რომ წინასწარ დანიშნული პიროვნება დასვეს «ქართული ოცნების» ადგილობრივ ხელმძღვანელად. ეს არის უზნეობა, ხალხის აბუჩად აგდება. მე ეს დანიშნული პიროვნება, ლაშა გოგოხია, საერთოდ არ მინახავს ზუგდიდში, არც წინასაარჩევნო და არც შემდგომ პერიოდში. თბილისიდანაც არავინ ინება ჩამობრძანება. ასე რომ, სამეგრელოში, როგორც სრულიად საქართველოში, არ შეცვლილა ვითარება. უკეთესის მოლოდინში მივიღეთ უარესი. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. პოლიტიკა და სირცხვილი სინონიმები გახდა.

_ ბატონო ვახუშტი, როგორ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა?

_ ბატონი ბიძინას მოსვლა პოლიტიკაში ძალიან გამეხარდა. ისე, რომ მთელი ღამეები არ მიძინია და მზად ვიყავი მასთან თანამშრომლობაზე. არაფერი მინდოდა, კარისკაცად დადგომას ვითხოვდი, ოღონდ ქვეყანას დასდგომოდა საშველი. შევუთვალე რამდენიმეჯერ, რომ დიდი სურვილი მქონდა მასთან საუბრისა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თეორიულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 27-ჯერ ჩავედი «ქართული ოცნების» ოფისში და ბატონ ბიძინას რეზიდენციასთან მივედი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, 27-ჯერვე გამომიჯახუნეს კარი, თანაც უნდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური შრომით მოპოვებული ფინანსური სახსრებით 27-ჯერ თბილისში წასვლა-წამოსვლა, მოგეხსენებათ, რა ხარჯებს უკავშირდება. თანაც საგულისხმოა ისიც, რომ არ მეუბნებოდნენ, რატომ არ უნდოდათ ჩვენი შეხვედრა.

_ მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც გაწევრიანდით «ქართულ ოცნებაში»,  რატომ?

_ დიახ, მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჯერ გავწევრიანდი საზოგადოებრივ მოძრაობაში თბილისში, ხოლო პარტიაში _ ზუგდიდში. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი, გარდა «ქართული ოცნებისა». ამ ღვთისნიერ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, დავუდექი გვერდით სამშობლოს სიყვარულის გამო.

_ არსებობს მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი განაწყენებულია სამეგრელოზე, რადგან «ქართულმა ოცნებამ» არჩევნები წააგო სამეგრელოში. თქვენ აქტიურად იყავით ჩართული წინასაარჩევნო პროცესში. რამ განაპირობა «ქართული ოცნების» მარცხი სამეგრელოში?

_ მე უშუალოდ მომსწრე ვიყავი ზუგდიდში მიმდინარე საშინელი პროცესებისა. «ქართული ოცნების» წარმომადგენლები იქნებიან თუ ოფისის თანამშრომლები ზუგდიდში, 98% მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის. მე მივმართავ ბატონ ბიძინას თხოვნით: ყველა ის პირი დაიბაროს, რომელთაც ანდო საკადრო პოლიტიკა. ეს იყო «ქართული ოცნების» მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ღირსეული სახეები, ავტორიტეტული ადამიანები კოალიციაში წარმოდგენილნი არ იყვნენ. წინა პლანზე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ამბიციურობით და ყველა ხელისუფლებაში ინტრიგების ხლართვით იყვნენ დაკავებულნი.

 ამის შესახებ მე თქვენს გაზეთში ადრეც ვწერდი, მაგრამ ჩემი რჩევა ყურად არავინ იღო. ამიტომაც იმას, რასაც სამეგრელოზე ამბობენ, სირცხვილი სამეგრელოს ამომრჩევლებსო, ახალაიას და მისთანებს მისცეს ხმაო, არ ვეთანხმები. ისეთი სიტუაცია იყო «ქართული ოცნების» მხრიდან, მე არ გამკვირვებია, რომ ჯალათებმა გაიმარჯვეს სამეგრელოში. ფაქტობრივად, არავის უმუშავნია, ღირსეული ადამიანები სახლებში ისხდნენ, დღეს კი ხალხი იფურთხება და იმედი აქვს გადაწურული.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ ყველა ფაქტი, რაც ხდება; არ ჩანს ის მერცხალი, იმ იმედის ნაპერწკალი, რომელიც მოგვათმენინებდა არსებულ ვითარებას. ზუგდიდში გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა კანონის სრული დარღვევით. მე შევიტანე განცხადება ზუგდიდში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც კონკურსის წესით უნდა აირჩეს. ძალიან მაინტერესებს, ვინ დამიპირისპირდება.

_ ბატონო ვახუშტი, რამდენად არის მომგებიანი ქვეყნის პირველი პირებისთვის ისეთი რეგიონის იგნორირება, როგორიც სამეგრელოა?

_ მე ვერ დავიჯერებ, რომ ბატონი ბიძინა სამეგრელოს იგნორირებას უკეთებს, თუმცა დანაპირები ჯერ არ შეუსრულებია – პირველად სამეგრელოს ვეწვევიო. რამდენიმეჯერ მითქვამს: კონფლიქტისპირა, ფრონტისპირა რეგიონს, როგორიც სამეგრელოა, უდიდესი და განსაკუთრებული როლი და მისია აკისრია და მისი იგნორირებით საქართველოში ვერასოდეს გამოსწორდება პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაცია. ჩემი აზრით, სამოქალაქო ჯგუფს უნდა ჰყავდეს თავისი საპრეზიდენტო და სამთავრობო კანდიდატები, ყველას უნდა ჰყავდეს თავისი გუნდი წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენთან, პარტიის გარდა, არავის აქვს უფლება, წამოაყენოს კანდიდატები ამა თუ იმ პოსტზე. სამოქალაქო სექტორი ჩაკლულია ჩვენთან.

_ ბატონო ვახუშტი, რა გვეშველება, სადაა გამოსავალი?

_ თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ღირსეულო მამულიშვილო, მე თქვენ არაერთხელ მოგმართეთ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი დაგიდგებათ გვერდით, ოღონდ თქვენ შექმენით მექანიზმი, გამოავლინოთ ეს სახეები. ჩააჩოჩეთ უწიგნურნი, ილიას თქმისა არ იყოს: «ყველა ყრუი და ყველა ცრუი». სირცხვილია, რომ სამეგრელოში, დადიანების კუთხეში, უწიგნური ხალხი ბოგინობდეს. სირცხვილია, როცა კატები ყეფენ და ძაღლები დადუმებულნი არიან და ძალიან მწყინს, რომ თქვენი იმიჯი ილახება სამეგრელოში. ბატონო ბიძინა, ერთი ანთებული ლამპარი ათიათასობით სანთელს ააკიაფებს. რაც უფრო მეტ ღირსეულ ადამიანს შემოიკრებთ, უფრო წაადგება ქვეყნის მომავალს.

და ბოლოს, მინდა დავამატო: ძალიან საწყენია, რომ ისეთი სუფთა წარსულის მქონე, შემართული, პატრიოტი მამულიშვილი, როგორიცაა ბატონი ალექსანდრე ჭაჭია, არ არის ჩართული ამ პროცესებში, რომელთა მოგვარების და რეგიონში «ნაციონალების» ალაგმვის თვალსაზრისით, მას მართლაც ბევრის გაკეთება შეუძლია. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მისი პოტენციალი როგორც კონფლიქტურ რეგიონებთან, ასევე საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ახალმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

ესაუბრა ლადო ქირია, ზუგდიდი

 

1 COMMENT

  1. ბატონო ვახუშტი ძალიან ცდებით სამცუხაროთ,უცხოტომელი ოლიგარქი საქართველოს დაღუპავს ან თვითონ დაიღუპება, რას ერჩით? არ გეცოდებათ?, საქართველოს ქართული სული სჭირდება,ეძიეთ და იპოვით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here