Home რუბრიკები პოლიტიკა მეზღაპრე პოლიტიკოსი და «მაშველი რგოლი» «ნაცმოძრაობისთვის»

მეზღაპრე პოლიტიკოსი და «მაშველი რგოლი» «ნაცმოძრაობისთვის»

891

საქართველოში ქართველი მილიონერი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მინდია გულუა დაბრუნდა. კულუარული ინფორმაციით, გულუა აქტიურად აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას. მას ხომ საკუთარი პარტიაც აქვს _ «განახლებული საქართველოსთვის», რომელიც 2011 წლის ზაფხულში დააფუძნა და რომლის მრჩეველიც არის საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თავად გულუა პარტიას სათავეში იმიტომ ვერ ჩაუდგა, რომ საქართველოს მოქალაქეც არ იყო და ვერც საქართველოში ჩამოდიოდა (არ უშვებდნენ). პარტიის დე იურე ლიდერი მისი და, ნანა გულუა, გახლავთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამ პარტიის ყრილობა გაიმართება და მინდია გულუა ოფიციალურად გახდება მისი თავკაცი.

«მაშველი რგოლი»

პოლიტიკური კულუარების თანახმად, მინდია გულუა ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ფიგურა, სავარაუდოდ, არასდროს ყოფილა და ამჟამადაც კონკრეტული პოლიტიკური ძალის დაკვეთას შეასრულებს. ეს პოლიტიკური ძალა კი, როგორც ვარაუდობენ, ამჯერადაც «ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა». საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროცესები იქითკენ მიდის, რომ მალე რამდენიმე არაპროდასავლური ორიენტაციის პარტია შეიქმნება საქართველოში. ეს ცხადია, საგრძნობლად შეცვლის პოლიტიკურ ბალანსს ქვეყანაში და განსაკუთრებით მძიმე დარტყმას პროამერიკულ «ნაციონალურ მოძრაობას» მიაყენებს. გულუა სწორედ სააკაშვილისა და მისი გუნდის შეკვეთას შეასრულებს. მინდია გულუა შესანიშნავი საშუალებაა პრორუსი პოლიტიკური ძალების დაქსაქსვისთვის, მით უფრო, რომ მას, როგორც თავად აცხადებს, რუსეთის პოლიტიკურ ბომონდთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს. 

მინდია გულუა ქართული მედიით აცხადებდა, რომ მას დათა და ბაჩო ახალაიები ებრძოდნენ, ვანო მერაბიშვილთან კი ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მისი ეს განცხადება იქცა კობა დავითაშვილთან პოლიტიკური ალიანსის ჩაშლის მიზეზად _ დავითაშვილმა შეწყვიტა დაწყებული მოლაპარაკებები გულუასთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ კაცი, რომელსაც მერაბიშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს, ვერ იქნება «ნაციონალური მოძრაობის» ოპოზიციონერი და სააკაშვილი-მერაბიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში პარტნიორად ვერ გამოადგებოდა.

მინდია გულუა შემდეგ რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ და მისმა მეუღლემ, ქორეოგრაფმა ლელა მაქაცარიამ ამხილეს. დაადასტურეს, რომ სტამბულში მათ მინდია გულუამ განუცხადა _ ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანა საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის პარტიისთვის ხმების გაყოფააო. აქედანაც ჩანს, როგორი გააფთრებითაც «ებრძოდა» გულუა სააკაშვილის რეჟიმს, რასაც ის კარგა ხანს იბრალებდა.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინდია გულუას ერეკლე კოდუასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. კრასნოდარში, ერთ-ერთ რესტორანში გულუამ რუსეთში მცხოვრებ გავლენიან ქართველ ბიზნესმენებს  უმასპინძლა, რომელთაც ქართულ პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით სურდათ ჩართვა. სწორედ ამ საკითხის განსახილველად ეწვივნენ ისინი გულუას კრასნოდარში. შუა ლხინისას კი მასპინძელმა მათ «სიურპრიზი» შესთავაზა _ დარბაზში ძმები, ერეკლე და გიორგი კოდუები, გამოჩნდნენ და სუფრას მიუსხდნენ. გულუას სტუმრებმა პროტესტით დატოვეს რესტორანიც და კრასნოდარიც _ აქ კოდუების სანახავად არ ჩამოვსულვართ და, ვინც კოდუებთან მეგობრობს, არც იმ კაცთან გვსურს საქმის დაჭერაო. კულუარული ინფორმაციით, მინდია გულუასა და ერეკლე კოდუა საერთო ნავთობკომპანიას ფლობენ, ბიზნესპარტნიორები არიან და დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვთ.

მკითხველს უთუოდ ემახსოვრება წინასაარჩევნოდ, ირაკლი ალასანიას სკანდალური განცხადება: სამეგრელოს ტყეებში მიხეილ სააკაშვილი შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებს და მათ გამოყენებას, თუკი დასჭირდა და გაუჭირდა, საარჩევნოდ აპირებსო. მართალია, «ნაცმოძრაობის» ლიდერებმა და მათ შორის, გიგა ბოკერიამ განაცხადეს, რომ ისინი ჩვეულებრივი რეზერვისტები იყვნენ, მაგრამ მედიასაშუალებებმა დადეს ფაქტები, რომლებიც ამ ვერსიას აბათილებდა. დადასტურდა ის ფაქტი, რომ «რეზერვისტთა» უმეტესობას შს სამინისტროს სპეცრაზმელები, სამეგრელოს რაიონების კუდის თანამშრომლები შეადგენდნენ. მედიით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ «რეზერვისტთა» ერთ-ერთ ბანაკში «ტყის ძმების» მეთაური დავით შენგელიაც იმყოფებოდა. იმავე დროს მედიით ისიც ითქვა, რომ ვანო მერაბიშვილის სპეცსამსახურების მეშვეობით, მინდია გულუასა და დავით შენგელიას ფარული კავშირი ჰქონდათ და გულუა ტყის ძმებს აფინანსებდა.

ახლა კი _ იმის შესახებ, რაც არ თქმულა: აფინანსებდა თუ არა გულუა კონკრეტულად შენგელიას არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებას? ძნელი სათქმელია, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მისთვის «საძულველი» ძმების, დათა და ბაჩო ახალაიების, ხელით  მინდია გულუა არც ძღვენს იშურებდა საქართველოს ხელისუფლების დიდჩინოსანთათვის. პრინციპში ძღვენია: ვანო მერაბიშვილს, როგორც ამბობენ, საკუთარი ინიციატივითა და ხარჯით, ჩხოროწყუს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა აუშენა, უფეშქაშა;

თავის «მოსისხლე მტერს», იმხანად თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას კი 130000 დოლარად ღირებული «რენჯ როვერი» აჩუქა. აი, ასე _ პოლიციის შენობის აშენებითა და ქვეყნის ყველაზე ცნობილი სადისტის დასაჩუქრებით «უპირისპირდებოდა» ოპოზიციონერი ბიზნესმენი და შემდეგ პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის პოლიციურ რეჟიმს.

შესაძლოა, საქმეში ჩახედულ მკითხველს მთელი რიგი შეკითხვები გაუჩნდეს: თუ მინდია გულუა სააკაშვილის ხელისუფლებასთან იყო შეკრული, 3 წლის მანძილზე რატომ არ დართეს ნება, საქართველოში ჩამოსულიყო? რატომ დაუყადაღეს საქართველოში რამდენიმე ფონდის ანგარიში? რატომ არ გაატარა ცესკომ რეგისტრაციაში მისი პარტია, რის შემდეგაც «განახლებულ საქართველოს» არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება? კონტროლის პალატამ რატომ დააჯარიმა «განახლებული საქართველოს» 6 წევრი პარტიის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ათმაგი ოდენობით _ ჯამში 650000 ლარით? კი, ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ, რაც წაიკითხეთ და რასაც ქვემოთ მოგითხრობთ, იმის ფონზე, ერთადერთი პასუხი მაქვს: მინდია გულუას წამებული ოპოზიციონერის სახელი უნდა გავარდნოდა, რომ მერე მისი ფსევდოოპოზიციური ქმედებები სარწმუნო ყოფილიყო, ხალხს  მისი ნდობა ჰქონოდა, გაჰყოლოდა და რეალური ოპოზიციური ძალების ხმები გულუას პარტიას წაეღო. მაგრამ პოლიტიკური პროექტი «მინდია გულუა» «ნაციონალურმა მოძრაობამ» ჯეროვნად არ (ან ვერ) გამოიყენა. ყოფილმა ხელისუფლებამ ის პოლიტიკურ მინდორზე სათამაშოდ შემოუშვა, მაგრამ რიგიანად არ დატვირთა. რატომ? ეს, ალბათ, მინდია გულუამ და ვანო მერაბიშვილმა იციან.

მეზღაპრე

ძნელია მოიძებნოს ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი, რომლის სიტყვა და საქმე ისე იყოს ერთმანეთისგან დაშორებული, როგორც მინდია გულუასი. ამის დასტურად რამდენიმე ფაქტის მოხმობაც კმარა.

2010 წლის 25 ოქტომბერს მინდია გულუამ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად დააფუძნა ფონდი მსოფლიოს ქართველთა მოძრაობა საქართველოსთვის სახელწოდებით «მზე შინა და მზე გარეთა». ფონდის იურიდიული მისამართიც კი საპატრიარქოსი იყო _ ერეკლეს მოედანი #2. მისი მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში არსებული მონასტრების რესტავრაცია და ახალი მონასტრების აშენება. ამ ფონდის ეგიდით მინდია გულუამ 2 ეკლესიის მშენებლობა დაიწყო _ სამების საკათედრო ტაძარში სვიმონ კანანელის სახელობის მონასტრისა და ჩხოროწყუს ეკლესიისა. ჩხოროწყუში მშენებლობა ბოლომდე კი მიიყვანა, თუმცა შუა მშენებლობის დროს, დაფუძნებიდან 7 თვის შემდეგ, საპატრიარქომ ფონდი დატოვა. ეს მეუფე შიოს გადაწყვეტილებით მოხდა. ოფიციალური ვერსიით, საპატრიარქომ იმიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ გულუა ეკლესიის სახელის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის აპირებდა. ის უკვე პოლიტიკაში მოდიოდა, თან როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მხარდაჭერილი და მისი ფავორიტი. მეუფე შიომაც ეს განაცხადა _ ფონდი პოლიტიკურ ელფერს იძენს და საპატრიარქომ ამიტომაც დატოვაო. მინდია გულუა თავს იმით იმართლებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აძლევდა ნებას, ფონდს საქმიანობა გაეგრძელებინა. ფონდის ანგარიში მართლა დააყადაღეს, მაგრამ გულუას მხრიდან  ნათლად და გასაგებად არაფერი თქმულა საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ფონდი. ერთ-ერთი ვერსიით, გულუას პარტნიორობაზე კიდევ 2 მიზეზით თქვა უარი საპატრიარქომ: 1. მინდია გულუა ითხოვდა საპატრიარქოსგან, მისი სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკებები რუსეთში, რაზედაც საპატრიარქომ უარი განაცხადა, 2. საპატრიარქოს  წარმომადგენლებს გაუჩნდათ ეჭვი ეკლესიების მშენებლობისას დახარჯული თანხების საეჭვო წარმომავლობის, მათ შოროს, ე. წ. შავი ფულის გათეთრების შესახებ. კულუარული ინფორმაციით, სხვათა შორის, ამ დროისთვის გულუას საპატრიარქოს სოლიდური ფინანსური დავალიანება გააჩნია.

შარშან მინდია გულუას პარტიამ «განახლებული საქართველოსთვის» 2 თვით ადრე დააანონსა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 100000-კაციან აქციას მართავდა, რომელიც ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების დღედ გამოცხადდებოდა. ეს გულუას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო, რომლის მთავარი მიზანიც სამეგრელოში ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გულების (ხმების) მონადირება იყო. შეკრების დღეც გამოცხადდა _ 12 მაისი. აქციაზე ათასიოდე კაცი მოაგროვეს. გულუა აცხადებდა, რომ მას  სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შეუშალეს ხელი, ხალხი დააშინეს და აქციაზე წასვლა აუკრძალეს. რეალურად კი სამეგრელოს კუდის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს საკუთარი ავტომანქანებით მიჰყავდათ ხალხი აქციაზე. ამ შეკრებას სპეცსამსახურების უამრავი თანამშრომელი და «ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტებიც დაესწრნენ, მაგრამ გულუას ბენეფისი მაინც ვერ შედგა.

მინდია გულუამ, როცა «დევნილთა კონგრესი» შექმნა, განაცხადა, რომ  კონგრესთან შეიქმნებოდა მრავალმილიონიანი ფონდი და ეს უზარმაზარი თანხები დევნილთა პრობლემების გადაჭრას მოხმარდებოდა, ხოლო პირველ შენატანს, 50 მილიონ დოლარს, თავად გადარიცხავდა. სიტყვა სიტყვად დარჩა.

მინდია გულუას პარტიას «განახლებული საქართველოსთვის» ცესკომ უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ამის შემდეგ ბაღათურიას დაჰპირდა, რომ  მთელ საარჩევნო კამპანიას დააფინანსებდა, თუ გაერთიანდებოდნენ, შეთანხმდნენ და ამის მერე დაიწყო ტყუილების წვიმა მინდია გულუასგან. 2012 წლის 2 სექტემბერს მინდია გულუამ განაცხადა, რომ ერთდროულად აპირებდა «თელასის», «ყაზტრანსგაზისა» და «თბილისის წყლის» საკონტროლო პაკეტების შეძენას.

სათავისოდ როცა დაიგულებდა ამ კომპანიებს, გულუა ხალხს  უპრეცედენტოდ დაბალ გადასახადებს დაჰპირდა ელენერგიასა და გაზზე, ხოლო წყალი უფასოდ გექნებათო. ხალხს იმასაც შეჰპირდა, რომ ყველა კომუნალურ დავალიანებას ჩამოაწერდა. გულუას ეს ნათქვამი მეორე დღეს ჯონდი ბაღათურიამ  ბრიფინგით გაამყარა. თუმცა ყველა სახტად დარჩა, როცა «თელასის», «ყაზტრანსგაზისა» და «თბილისის  წყლის» წარმომადგენლებმა ერთნაირი განცხადებები გააკეთეს _ კომპანიების წილების გაყიდვას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ამის თაობაზე არც არავის მოუმართავს, მინდია გულუა კი რა ხილია, საერთოდ არ ვიცითო. ჰო, აქვე გულუას კიდევ ერთი წინასაარჩევნო ტყუილი გავიხსენოთ. წარბი არ შეუხრია, ისე თქვა, თითქოს «საქართველოს რკინიგზის» 25%-ის შეძენას აპირებდა და ამის თაობაზე თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, მოლაპარაკება უკვე დაწყებული ჰქონდა. თბილისის მერიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, _ ჩვენთვის  არავის მოუმართავს «საქართველოს რკინიგზის»  შეძენის სურვილითო.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მინდია გულუამ საკუთარი დის, «განახლებული საქართველოს» თავმჯდომარის, ნანა გულუას, საარჩევნო კამპანიაც კი არ დააფინანსა, რომელიც ჩხოროწყუს რაიონში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

ჯერ სადა ხართ! გულუამ განაცხადა: მე შევქმნი «ქართული ოჯახების გადარჩენის ფონდს», რომელიც მოიზიდავს 2 მილიარდ ლარს. ეს ფონდი საქართველოს ყველა იმ მოქალაქის უძრავ ქონებას გამოისყიდის, რომელთაც ის ბანკებში აქვთ ჩადებულიო. გულუას ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა.

ამ მილიარდებთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც ვიტყვი: რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე ადანაშაულებს მინდია გულუას _ აფხაზეთზე ფილმის გადაღება შემიკვეთა, სცენარიც დაწერილი მქონდა და ბოლოს ფილმის გადასაღები ფული არ მომცაო. ანჯაფარიძე ირწმუნება, რომ გულუამ ის 60000 დოლარში «გადააგდო».

ლევან ჯავახიშვილი

 

2 COMMENTS

  1. იმის დაწერა დაავიწყდა ავტორს, რომ ეს ის მინდია გულუა რომელიც 19 წლის ასაკში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here