Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ კბილაშვილი: სკოლა დღეს ცარიელი კედლებია

ვასილ კბილაშვილი: სკოლა დღეს ცარიელი კედლებია

820

დიმში – არჩილ კბილაშვილის მშობლებთან

 

 

გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში დისკუსიის დიდი ტალღა აგორდა _ «ფიზიკოსები და ლირიკოსები», ანუ ზუსტი მეცნიერება თუ პოეტური სიტყვა უნდა მიჩნეულიყო აღმატებულად და უპირველესად. პრობლემა მოგონილს ჰგავდა, მაგრამ დავაკამათი საინტერესო და გულწრფელი იყო. ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ცხოვრობდა ფიზიკის მასწავლებელი ვასილ კბილაშვილი, რომელსაც თავისთვის გადაწყვეტილი ჰქონდა ეს საკითხი _ პოეზიის დიდი მოყვარული, დიმელ გოგობიჭებს ფიზიკას გატაცებით ასწავლიდა _ თვალსაჩინოებათა გამოყენებით, ცდების დემონსტრირებით. საინტერესოდ. და როცა ბიჭი წამოეზარდა, 3-4 წლისა რომ გახდა, ცხოვრების სიბრძნესა და სილამაზეს ვაჟაფშაველას პოემებით აზიარა: ბუხრის პირას დასვამდა და უკითხავდა. ზეპირადაც შეასწავლა. უპირველესი «სტუმარმასპინძელი» იყოჩვენც დავსხდებით იმ ბუხართან, ფიჩხს ცეცხლს წაუკიდებს ბატონი ვასო და იტყვის:

_ ჩვენი ტრადიციების პატივისცემა იმთავითვე უნდა ისწავლოს ბავშვმა, იგრძნოს და შეითვისოს. ჩემს შვილებს ვაჟას ლექსით ვუნერგავდი ამას. რა სიღრმეა, რა ფილოსოფია, როგორი ზნეობაროგორი აქტუალურია დღესაც:

«სიკვდილი ყველას

გვაშინებს,

სხვას თუ ჰკვლენ,

ცქერა გვწადიან,

კაცნი ვერ ჰგრძნობენ

ბევრჯელა,

როგორ დიდ ცოდვას

სჩადიან.

რამდენი ავსული ვიცი,

წარბშეუხრელად დადიან:

თავის მტანჯველის

შემუსვრა

ან კი ვის არა სწადიან?!»

_ ვენახი გვაქვს სახლიდან ცოტა მოშორებით, ორ კილომეტრზე მეტია, სამი არ იქნება, _ იხსენებს დედა, ქალბატონი ლეილა, _ ბაღდათის ხედი იქიდან არაჩვეულებრივად ჩანს. ფერდზეა. დადგებოდა აჩიკო და იქიდან ზეპირად ამბობდა «სტუმარ-მასპინძელს». სამი წლისა თუ იქნებოდა მაშინ.

«დღეს სტუმარია ეგ ჩემი»

ეს საუბარი მას შემდეგ შედგება, რაც დაუპატიჟებელი სტუმრის სტატუსიდან გაშინაურებაში გადასვლა კბილაშვილების პატარა ეზოში ფეხის შედგმისთანავე ბუნებრივად, დაუძალებლად მოხდება: მამისა და შვილის მსგავსება იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ უნებურად აღმომხდა:

_ როგორ გგავთ თქვენი ვაჟი!

მასპინძელს გულიანად გაეცინა:

_ პირიქით რომ გეთქვათ, მეწყინებოდა.

და თავისით დაირღვა უხერხულობის ბარიერი, როგორც ყოველთვის, როცა ინტელიგენტურ ოჯახში შეხვალ, განათლებული ადამიანების უბრალოებაში.

მობოდიშებით დაგვხვდა ოჯახის უფროსი _ ვაზსა ვსხლავდი და «კალოშების» გახდა ვერ მოვასწარიო.

ახლა კი დროა ფრჩხილების გახსნის: საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მშობლებს ვსტუმრობთ მე, ამ სტრიქონების ავტორი, და ჩემი სამი მეგობარი.

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში.

სახლი სართულნახევრიანია _ ბელეტაჟი. მამაპაპისეული. მიწის მუშა ყოფილა ბატონი სანდრო _ არჩილის ბაბუა, კარგი მეურნე. იმას აუშენებია. ნახევარი საუკუნის განმავლობაში კბილაშვილებს ორიოდ ოთახი მიუმატებიათ. აივანიც. ჩვენი საზაფხულო რეზიდენციააო. ჩეროა ამ მხარეს და გრილა.

დღეს კი ისეთი მზიანი ამინდია, ისეთი სითბო დგას ამ შუა იანვარში, რომ ბარემ აქვე დავსხდეთ სასაუბროთ-მეთქი, შევთავაზე.

შევცდი: სტუმარს ეზოში როგორ მიიღებს იმერელი კაცი?! ეს ერთი. მეორეც, სოფელს დიდი თვალები აქვს. მით უფრო, როცა კბილაშვილებისკენ იყურება.

შინ შევედით და პატარა ოთახში პატარა, ოთხკუთხა მაგიდას მივუსხედით.

«თემს რაც სწადიან, მას იზამს თავის თემობის წესითა»

_ შრომაში ვზრდიდით შვილებს, მათი ასაკის შესაფერისად. 3-4 წლის ბიჭს მამა ვენახში რომ წაიყვანდა, ხან წყალს მიაწოდებდა, ხან რა დავალებას შეუსრულებდა. შრომისადმი პატივისცემას ბავშვობიდან ვუნერგავდით, _ ყვება ქალბატონი ლეილა.

_ თქვენმა შვილმა თქვა, მამას ებარაო ვენახის პატრონობა.

_ დღესაც ასე გრძელდება. ოღონდ ძველებური შეძლება აღარ მოგვდევს, _ ეღიმება დედას.

_ იქით სკოლის მოსწავლეები, აქეთ საკუთარი შვილები, პლიუს ოჯახის საქმეებიროგორ ასწრებდით ყველაფერს?

_ ვიჭირვებდით. შაბათ-კვირაც ხომ ჩვენი იყო.

_ დამოუკიდებელ საქართველოშიც აგრძელებდით მასწავლებლობას თუ უკვე პენსიაში ხართ?

_ დიდი ხნის სტაჟი მაქვს, _ ამბობს მამა, _ 1962 წლიდან დღემდე სასკოლო ჟურნალი ხელიდან არ გამიგდია.

_ რუსულის მასწავლებლად ვმუშაობდი, _ განაგრძობს ქალბატონი ლეილა, _ სანამ სააკაშვილმა «ჩარეცხილები» უწოდა ჩვენს თაობას. არ გავკადნიერდები და ბევრს არ ვიტყვი, მაგრამ სკოლაში სანამ ვიყავი, თავი არ დამიზოგავს, სულ იმას ვცდილობდი, რაც ვიცოდი, ყველაფერი ბავშვებისთვის გადამეცა, მესწავლებინა. ძალიან განვიცდიდი, თუ მოსწავლე მოუმზადებელი მოვიდოდა კლასში. მიზეზს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებდი: ალბათ, რაღაც დავაკელი, ალბათ, კარგად ვერ მივიტანე ბავშვებამდე.

ლეილა, მეუბნებოდნენ ჩვენი გამოცდილი პედაგოგები, ყველაფერი ასე გულთან თუ მიიტანე, ვერ გაუძლებო. მაგრამ გავუძელი. ისიც გადავიტანე «ჩარეცხილები» რომ გვიწოდა სააკაშვილმა, თუმცა გამიჭირდა, რადგან უდიდეს შეურაცხყოფად მივიღეთ მეც და ჩემმა დამსახურებულმა კოლეგებმაც.

_ რუსულს ასწავლიდით, ხომ ასეა?

_ დიახ, დიახ.

_ რა მოიგეს ქართველმა ბავშვებმა იმით, რომ არ იციან პუშკინი, ტოლსტოი არ იციან, არაფერი გაუგიათ ლერმონტოვზე, ორიგინალში ვერ კითხულობენ თავიანთი თანამემამულის _ ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებას.

Только

нога

вступила в Кавказ,

Я вспомнил

что я –

грузин.

Эльбрус,

Казбек.

И еще –

как вас?!

На гору

горы грузи!…

_ სამამულო ომის დროს ჩვენს სკოლებში გერმანულის სწავლება გრძელდებოდა. თუ მტერია, მისი ენა მით უფრო უნდა იცოდე.

ბავშვებმა ძალიან ბევრი დაკარგეს რუსული კულტურის, მწერლობის მიუწვდომლობის გამო.

მთელი ჩვენი განათლების სისტემა უკუღმა შეატრიალეს. დღეს მოსწავლეს მოსწავლის სახე აღარ აქვს. მასწავლებელს შეუზღუდეს უფლებები, მოსწავლეებს _ გაუზარდეს. მაგრამ დაავიწყეს სწავლის მოვალეობა რომ აკისრიათ.

თანდათან გვეკარგება განათლებული ერის სახელი.

_ ბიბლიოთეკა არის დიმში?

_ იყო და, სამწუხაროდ, აღარ არის, _ თემას განაგრძობს ბატონი ვასილი, _ მითითება მოდიოდა ზემოდან ასეთი: ერთი პატარა კომპიუტერი უდრის ერთ ბიბლიოთეკას. მაგრამ სადაა ეს კომპიუტერი? დავერიეთ წიგნებს, ზოგი დავწვით, ზოგი გადავყარეთ. შეგეცოდებოდა, ისეთ დღეში ჩავყარეთ წიგნები.

სკოლის ბიბლიოთეკა გადავაქციეთ ნახმარი სახელმძღვანელოების საწყობად. სახელმძღვანელოები იმდენად ძვირია, რომ ბავშვები იძულებული გავხადეთ, ნახმარი წიგნებით გავიდნენ იოლად.

განათლების სისტემას პედაგოგი მინისტრი რომ არ ღირსებია, ამაზეც ვთქვით, მასწავლებლის პირად მაგალითზეც («ჩრდილში დაჯდომის» უგვანობაზე), ლოტოტრონით მოსულ დირექტორზეც, რომელიც «სულ არ იყო მოდებაში ამ საქმეზე».

_ ახლა გული იმაზე მწყდება, რომ გაკვეთილს არ ჩავატარებდი თვალსაჩინოების გარეშე, _ ამბობს ბატონი ვასილი, _ მთელი ეს მატერიალური ფასეულობა განადგურდა ისე, რომ არავის პასუხი არ უგია. სკოლაში აღარ არის სამნეო ნაწილის გამგე, აღარ არის ლაბორანტი.

_ სკოლა კი არის?

_ სკოლა დღეს ცარიელი კედლებია.

_ ქიმიის მასწავლებელმა შემომჩივლა ამასწინ, _ საუბარში ერთვება მაია, ამათი ქალიშვილი, _ თქვენი ბავშვობის დროინდელი რეაქტივები თუ შემომრჩა, თორემ სხვა არაფერი მაქვს, წლებია აღარაფერი ჩამომსვლიაო.

სოფლის გაჭირვებაზე მიდგა სიტყვა:

_ ფული აღარ ტრიალებს სოფელში. დიმელები საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ ფულის საშოვნელად.

_ კაცები, ქალები

_ ქალები მეტად, _ აზუსტებს ქალბატონი ლეილა, _ ბავშვებს დედა რომ სჭირდებათ, ბებიების ამარა დარჩნენ. იმათ კი რამდენი შეუძლიათ? დედები ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წასულები. ესაა ერის ტრაგედია.

_ თქვენმა ვაჟმა მითხრა, რომ ოჯახში უწმაწური სიტყვა არ გაუგონიასოფელი ზნეობის ოაზისად აღიქმებოდა ყოველთვის. დღესაც ასეა?

_ ზოგან შემორჩენილია. ზოგიერთი სოფელი ისეთია _ ხანი, საკრაულა, ზეგანი, სადაც მაცხოვრებელი გვარები _ ჩხეიძეები, კიკნაველიძეები ზრდილობის ნიმუშია. ცუდად არ შეიგინებიან. აგერ ცენტრში კი, ატეკასთან ისე იგინებიან, ყურს არ გაეგონება.

თქვენ წარმოიდგინეთ, ქალებიც კი იგინებიან. აგერ წუხელ თუ უყურებდით, «პროფილში», ასათიანთან რანაირი ქალები იყვნენ და რას ლაპარაკობდნენ. სულ სექსუალურ ურთიერთობაზე, _ წუხს ბატონი ვასო.

«წყევლა ხალხისა ჭექაა, ნაფურთხი წვიმის ცვარია»

ჩვენი საუბრის მომდევნო მონაკვეთი საკმაოდ მხიარული გამოდგა, რადგან მიხეილ სააკაშვილის ზეპირმეტყველებას, ნეოლოგიზმებსა და ლექსების ციტირებას შეეხო. პოლიტკორექტულობის გამომთავრობის კაცის» ოჯახში ვართ), როგორც ახლა იტყვიან, «არ გავვრცელდები». ცოტაც ჟურნალისტების ენაზეც ვთქვით. ეს კი ჩემი პრობლემაა _ კოლეგიალობის წინაღობას ასე იოლად ვერ გადააბიჯებ.

_ ძველი ნათქვამია: ისე უნდა ილოცო, როგორც მოგყვება მრევლი, _ ასკვნის ბატონი ვასილი.

_ ამ სააკაშვილმა ტელეეკრანზე თავის «ლოცვებს» რომ მოუხშირა, გაჰყვება ვითომ მრევლი?

_ ყველაფრის თქმა შეიძლება?! სირცხვილის გრძნობა დაკარგა და ხავსს მოჭიდებით ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება.

_ არ ვიცი, ფსიქიურად აიშალა თუ რა დაემართა. მილიონს გადააჭარბა ხელმოწერებმა მისი გადადგომის მოთხოვნით და ვერ შეიგნო, არ ესმის, რომ უნდა წავიდეს.

_ კუბოს რომ მიასვენებდნენ ზუგდიდში მისი სურათით, ამას რომ ნახავ, რა გაჩერებს, ადამიანო? სულ დაკარგე თავმოყვარეობა?

_ ვარდებით დაიწყო და ცოცხებით დაამთავრა. სიმართლე ესაა.

ასეთია მოკლე ამონარიდები კბილაშვილების პასუხებიდან.

_ სოფელი ჭრელია. რას ფიქრობთ, დარჩნენ დიმში მიშისტები?

_ სამწუხაროდ, _ კი. წინასაარჩევნო პერიოდში აჩიკოს დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები «ნაციონალებმა» სასწრაფოდ ჩამოხიეს. ახლაც ისეა ჩამოხეული.

შემორჩნენ. შეინიღბნენ ოღონდ. «ნაციონალები» ისე აშანტაჟებდნენ ხალხს, მეტი არ შეიძლებოდა _ არ გაბედოთო 41 ნომრის შემოხაზვა, თორემ დახმარებას მოგიხსნით, სამსახურებიდან დაგითხოვთ და ასე შემდეგო.

_ მაგრამ არჩილ კბილაშვილმა მაინც გაიმარჯვა.

_ ღმერთისა და ხალხის წყალობით, _ ამბობს დედა.

_ კი ვატყობდი, მაგრამ ასე დამუხტული თუ იყო ხალხი, ასე თუ იყო ავსებული მისი მოთმინების ფიალა, მაინც ვერ წარმომედგინა. ხალხი დიდი ძალაა, _ ამატებს მამა.

_ რახან ხალხზე დავიწყეთ ლაპარაკი, ბარემ ისიც ბრძანეთ, თქვენი ვაჟის მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ ხომ არ შეიცვალა თქვენდამი სოფლის დამოკიდებულება?

უწინ ადვოკატი იყო, სამართალში მიცემულის დამცველი. ახლა ბრალმდებელია. იმოქმედა თქვენს ურთიერთობაზე ასეთმა ცვალებადობამ?

_ არა, _ დარწმუნებულია ბატონი ვასო, _ რადგან ორივე პოზიცია სამართლიანობისთვის ბრძოლასთანაა დაკავშირებული. გულწრფელად მოგვილოცეს. უმეტესობამ მაინც. ამ უბანში გაზრდილი ბავშვია აჩიკო. მართლა გაუხარდათ…

ძვირი სანახავი გახდაო, დაიჩივლა დედამ. ესმით, როგორ არ ესმით, რომ დრო აღარ რჩება, მაგრამ სახლის გზა დაავიწყდება, ასე თუ გაგრძელდაო: პირველი ოქტომბრის შემდეგ შინ არ ყოფილა. ბაღდადში ჩასულა ერთი-ორჯერ, მაიასთან შევიკრიბეთ (ბაღდადში ცხოვრობს), რომ გვენახაო.

_ რძალს ვურეკავ და ამბავს მისგან ვიგებ, მაგრამ ღამის 2 საათამდე სახლში რომ ვერ შედის, აბა, მითხარით… _ წინადადებას ვერ ამთავრებს და ხელებსა შლის ცოტათი გულდაწყვეტილი ქალბატონი ლეილა. თუმცა აქვე ამატებს, _ ახლა წინა პლანზე, სოციალურზე უფრო, სამართლიანობისთვის ბრძოლაა წამოწეული.

და ვიწყებთ დაუსრულებელ ლაპარაკს კონკრეტულ ფაქტებზე, როცა უსამართლოდ მსჯავრდებულნი ციხიდან გათავისუფლდნენ პროკურატურის ძალისხმევით, უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებაზე, ბიზნესმა თავისუფლად რომ ამოისუნთქა იმაზეც და ასე შემდეგ, ჩვენი შენიშვნებისა და სურვილების გულწრფელი დაფიქსირებით.

«ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა»

_ აფასებს სოფელი დროის მოტანილ სიახლეებს?

_ როგორ არა. თუმცა ცოტა გულდაწყვეტილები არიან, აჩიკო რომ არ არის დეპუტატი, ამის გამო. ვინ იქნება აწი ჩვენი მაჟორიტარი და აჩიკოსავით ვინ მოგვხედავსო!

_ მაგრამ მაინც აჩიკოს იმედი აქვთ, _ ადასტურებს დაი მაია, _ ეამაყებათ აჩიკოს ბაღდათელობა. ეს გამოჩნდა იმ სამასამდე შეხვედრაზე, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა. ასეა დღესაც.

მაგრამ ისეთი სიტუაციაც იყო, რომ შეხვედრა, რომელიც აჩიკოს სკოლის ეზოში უნდა გამართულიყო, არ შედგა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით იქ არ შეუშვეს. რომ შეეშვათ, დირექტორსაც მოხსნიდნენ და მასწავლებლებსაც გაყრიდნენ.

ბაღდათში კლუბის კარი არ გაუხსნეს, ამიტომ სტადიონზე გაიმართა შეხვედრა და კიდევ კარგი, რადგან იმდენი ადამიანი მივიდა, რომ რვაასადგილიან კლუბში მაინც ვერ დაეტეოდა.

_ რაც გასცა აჩიკომ, უკან სიკეთედ უბრუნდება, _ ამბობს ბატონი ვასილი.

ჩვენი საუბრის მომდევნო მონაკვეთის მთავარი რესპონდენტია ქალბატონი ლეილა:

_ მითითება ისწავლეთო, ჩემს ბავშვებს არ სჭირდებოდა, მხოლოდ _ გაკონტროლება. სანამ არ მომეწონებოდა, როგორ ჰქონდათ ნასწავლი გაკვეთილები, არ მოვეშვებოდი.

_ აჩიკოს მედალზე ხომ არ დაუმთავრებია?

_ არა. იმ დროს მედალი რაიკომის მდივნების შვილებისთვის იყო განკუთვნილი. მამა სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ ნაჩუქარი ნიშნები რად გვინდოდა?! ჟურნალს რომ გადავხედავდი და აჩიკოსთვის ჩაწერილ ხუთიანს ვნახავდი, საგნის მასწავლებელს ვეკითხებოდი: ხუთიანი რომ უწერია, მისაღებ გამოცდაზე ოთხს მაინც მიიღებს? რად გვინდოდა ტყვილი ნიშანი?!

_ ეგ როდის?

_ დამამთავრებელ კლასში რომ იყო, 1989 წელს. ჩემს ხელშიც ხომ გაიარა, და იმდენს ვეკითხებოდი, მისი კლასელები მეუბნებოდნენ, ლეილა მასწავლებელო, კარგით რა, ეყოფაო. ჯერ ყველანაირად მინდოდა, ცოდნა რომ ჰქონოდა, მერე, ბავშვებს ვათქმევინებდი, ხუთიანი დაუმსახურებლად დაუწერაო?!

ყველაფერი კარგად აგიხდეთ, რა კარგადაც, სულ ხუთებზე ჩააბარა მისაღები გამოცდები იურიდიულ ფაკულტეტზე.

_ უნივერსიტეტის «კორუმპირებულ» ფაკულტეტზე?

_ ახლა მაგაზე გეტყვით. ისეთი თავისუფალი თემა დაწერა ქართულის გამოცდაზე, რომ უნივერსიტეტის ვესტიბიულში იყო გამოფენილი.

ძალიან ბევრს კითხულობდა.

_ შექსპირის ხუთტომეული გამოიცა მაშინ, _ იხსენებს მაია, _ გამოიტანდა აივანზე და კითხულობდა.

_ კითხვა რომ უყვარდა, კარგი იყო, მაგრამ გაკვეთილები _ პირველ რიგში! სამეცადინო ოთახში დაჯდებოდა განმარტოებით, ვასოს ოთახს ვეძახდით. შევიდოდი იმის სანახავად, თუ რას კითხულობდა. კითხვას როგორ დავუშლიდი, მაგრამ ჯერ გაკვეთილი უნდა ესწავლა!

ერთსაც ასწრებდა და მეორესაც.

სხვათა შორის _ ფეხბურთის თამაშსაც. ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ახლაც უყვარს. ტელევიზორში ფეხბურთს გატაცებით რომ უყურებდა, რაიმეს დავავალებდი, აბა, როგორ მოიქცევა-მეთქი, დათმობს თუ არა ფეხბურთს? ადგებოდა. უჭირდა, მაგრამ მაინც ადგებოდა, დედის დავალებას შეასრულებდა აუცილებლად.

მკაცრად ვზრდიდი.

დამამთავრებელ კლასში რომ იყო, აქ მდინარე ჩამოდის _ ხანის წყალი, არ ვუშვებდი, მეშინოდა, ცურვა არ იცოდა ბავშვმა.

_ ახლა იცის?

_ ახლა ისე იცის, მგონი, ზღვას გადაცურავს… მაშინ რომ მიმეშვა, ზოგიერთი თავისი ამხანაგივით «ბირჟაზე» იდგებოდა.

არმაზ სანებლიძე

ჯემალ კასრაძის ფოტო

P.S. გამომშვიდობებისას არჩილ კბილაშვილის მშობლებს ვკითხე:

_ რას უსურვებთ თქვენს ვაჟს?

_ ბატონმა ბიძინამ აჩიკოს უთხრა: გავაადამიანუროთ პროკურატურაო. ამ შეთავაზების შესრულებას ვუსურვებთ.

 

1 COMMENT

  1. გაადამიანურებულ საქართველოში გვეცხოვროს!
    ძალიან მიხარია, რომ აჩიკო ბაღდათელია(სხვათაშორის ყოფილი გენპროკურორიც, გია მეფარიშვილიც ბაღდათელია)….კაი ხალხი ცხოვრობს ამ ბაღდათსი და რას იზამ ახლა….
    აჩიკოს მამა ხომ კაი ადამიანია და ბიძა ყავდა არაჩვეულებრივი, ბატონი რეზო….უპატიოსნესი უნიჭიერესი და უბრალოდ კაი კაცი….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here