Home რუბრიკები საზოგადოება გრიგოლ შონია: რატომ ამხედრდა ქურდების წინააღმდეგ სააკაშვილი?

გრიგოლ შონია: რატომ ამხედრდა ქურდების წინააღმდეგ სააკაშვილი?

1460

«საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია გადამდგარი პოლკოვნიკი გრიგოლ შონია.

_ წლების განმავლობაში თქვენ, ბატონო გრიგოლ, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდით და ებრძოდით, მათ შორის, დამნაშავეობის ისეთ სახეობას, რომელსაც დღეს კერძო მესაქმეობა, ანუ ბიზნესი ჰქვია.

_ მაშინ სხვა სახელმწიფოებრივი წყობილება იყო და სხვა პრინციპებზე იყო აგებული ქვეყანა. მაგალითად, სპეკულაცია მაშინ კანონდარღვევად ითვლებოდა, უწინ სპეკულანტი მოგებაზე მუშაობდა, დღეს მთელი ბიზნესი ამ საფუძველზე დგას. მაშინ ეს ამორალურ ქმედებად ითვლებოდა, დღეს წარმატებულობის ნიშანია.

_ ქურდობა, რომელიც ჯერ ლოკალური მოვლენა იყო, შემდეგ ორგანიზებულ დანაშაულად ჩამოყალიბდა და სახელმწიფო წყობილებას დაემუქრა.

_ ამიტომაც ვებრძოდით. კორუფცია, რომელსაც ელიტური ვუწოდეთ, იმავე პრინციპზეა აგებული, ოღონდ ამ შემთხვევაში ყვლეფენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ითვისებენ სახელმწიფო ხარჯებს.

იყო დრო, როცა ქურდებს საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში გადამწყვეტი ხმა ჰქონდათ: შრომა-გასწორების სისტემა მათზე იყო დამოკიდებული. 90-იან წლებამდე პერიოდზე მოგახსენებთ. გროვდებოდა «ობშჩიაკი», ციხეში პატიმრების საკითხებს ისინი წყვეტდნენ, სახელმწიფო სისტემა მოშლილი იყო და საქართველოს შსს ხელმძღვანელობა იძულებული იყო, რასაკვირველია,  საკავშირო ორგანოების თანხმობით, კანონიერი ქურდების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ჩვენს საპატიმრო ადგილებში, გადაგვეყვანა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხარის კოლონიებში _ ცენტრალური რუსეთი, ურალი, ციმბირი.

წელიწადში ზოგჯერ 100-მდე პროფესიონალი კრიმინალი იგზავნებოდა ამ მარშრუტებით.

იმ პერიოდში საქართველოში პირველად შეიქმნა შსს-ს სისტემის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამსახური, რომლის მუშაობა ქურდული სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

_ როგორ ებრძოდით?

_ უპირველეს ყოვლისა, ოპერატიული დამუშავებით, მაგრამ ხშირად ისინი მშვენივრად იძვრენდნენ თავს მოსალოდნელი სანქციისგან.

ისინი ხომ შეკვეთას იღებდნენ ძირითადად ე.წ. საქმოსნებისგან, ვინც მაშინ დამნაშავედ იყვნენ მიჩნეულნი და რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. ამ «ელემენტს» თვითონ ხმა არ ამოეღებოდა კანონის წინაშე. მათი კანონი და განმსჯელი ორგანიზებული დანაშაულის «ბოსები» იყვნენ, ისინი «ურჩევდნენ» საქმეებს.

ამიტომ იყო, რომ ერთი კანონიერი ქურდის დაჭერას უამრავი დრო და ენერგია სჭირდებოდა. ახალმა კანონმა კანონიერი ქურდების შესახებ ოპერატიულად გაწმინდა სიტუაცია. არ შეიძლება, სახელმწიფო შეურიგდეს მის სინამდვილეში ფაქტობრივად არსებული კრიმინალურ ტრადიციებს, მოქმედი კანონი მათ «მრწამსისთვის”, ე.ი. გულში რაც უდევს, იმისთვის კი არ სჯის, არამედ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რაც კანონში გარკვეულადაა ასახული. ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეს თუ მოვუსმენთ და დავუჯერებთ, მაშინ კრიმინალური იდეების პროპაგანდას საზოგადოებაში გზა უნდა გაეხსნას.

_ მაშასადამე, ამ ლოგიკით, ქურდების ამნისტირება უარყოფითი მოვლენაა?

_ ვისაც ამნისტია შეეხო, უნდა გამოსულიყო კიდეც ციხიდან. ამნისტირებულის ციხეში დატოვება ანტიკონსტიტუციური, კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა, ადამიანის უფლებათა დარღვევა. საქართველოში ამოქმედებული ამნისტია ყველას ეხება, მათ შორის, ქურდს. მისი გამოსწორება დროის ამბავია. ამნისტია პრობლემის ერთი მხარეა. მეორე მხარე პოტენციური კრიმინალების წინააღმდეგ პრევენციული ქმედების, კრიმინალურ ვითარებასთან ბრძოლის მაქსიმალური გაძლიერებაა, რომელიც ქვეყანაში ვითარების გაწმენდისკენ იქნება მიმართული. და არ მესმის, რატომაა ამის წინააღმდეგი ბატონი სააკაშვილი?!

პერსპექტივა კომპლექსშია განსახილველი. მაინცდამაინც ხალხის დაშინება ამნისტიის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგებით, მე რომ მკითხოთ, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა და არა ხალხზე ზრუნვის დემონსტრირება, რასაც ასე მონდომებით ცდილობენ რიგი ოპოზიციონერებისა.

_ ამნისტიით ციხიდან გამოსული პროფესიონალი ქურდი, ადრე მიღებული კანონით, საქართველოში ვერ იცხოვრებს.

_ ეს მცდარი შეხედულებაა. თუ იგი ხელს აიღებს ქურდობაზე, უარს იტყვის ქურდულ «გაგებაზე», პატიოსან შრომას თუ შეუდგება, მას შეეძლება იცხოვროს ისე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქეს.

_ თუ უარს არ იტყვის, მაშინ ერთი გზა აქვს დარჩენილი _ ქვეყნიდან გასვლა.

_ თუ უარს არ იტყვის, ორი გზა აქვს დარჩენილი: ერთი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მეორე _ შებრუნდეს უკან, ციხეში.

_ ხომ არ იქმნება ჩიხური სიტუაცია? ჯერ ერთი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლოს ქურდული მენტალიტეტის დაძლევა, მეორეც, არც ერთი ქვეყანა ჩვენს ქურდებს არ მიიღებს, თავისიც ყოფნის.

_ ამნისტია სახელმწიფოს ნების გამოხატვაა: გზასაცდენილს სრულფასოვან მოქალაქედ გარდაქმნის შესაძლებლობის პირობას უქმნის. ხოლო ისარგებლებს თუ არა ამნისტირებული ადამიანი ამ პირობით, მისი გადასაწყვეტია.

_ სახელმწიფო ხელს იბანს?

_ არა. ჩვენს დროს (არ გეგონოთ წარსულს ვაიდეალებ), თქვენც გახსოვთ, მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურები, მთელი სისტემა სასჯელმოხდილების საზოგადოებაში ადაპტირებისთვის. წინა ხელისუფლებას ამაზე არ უზრუნია. შეწყალების აქტები, რომელთაც პრეზიდენტი გამოსცემდა, მისივე პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო.

მთავარი მაინც ის არის, რომ ერთპიროვნული მმართველობა, რისი მოწმეც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვიყავით, თვით იყო დანაშაულის წყარო. ერთ მაგალითს დაგისახელებთ.

იმაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს, როცა მილიონიან ქონებას ქვეყნის მმართველი ვიღაცეებს, როგორც წესი, მასთან დაახლოებულ ადამიანებს, ერთ ლარად მიჰყიდის. ეს ხომ ხალხის მიერ დაგროვილი სიმდიდრის მითვისებაა!

ის პიროვნება, რომელიც ამ «მეფურ საჩუქარს» ხელის აუკანკალებლად მიიღებს, იმავე დანაშაულს არ სჩადის? ისიც მიმთვისებელია.

საზოგადოებრიობა კი ხმას არ იღებს. ხომ არ მივეჩვიეთ, როცა ქალაქის მერიის სტრუქტურებში ყალბ სამსახურს ქმნიან და ამ სამსახურში «ნაცმოძრაობის» აქტივისტებს აფორმებენ, რაშიც 5 მილიონ ლარს ხარჯავენ, ხოლო თბილისელები ასეთ თავხედურ კანონდარღვევას, როგორც კინოფილმის მოგონილ სიუჟეტს? ვუყურებთ და ინტერესით ველით მოქმედების განვითარებას, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი აღშფოთება ქუჩაში გამოვიტანოთ. ხომ არ დავიჯერეთ, რომ არჩევნებში ხმის მიცემით ამოვწურეთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა?

მე მგონი, ამის ნიშნები აშკარად ჩანს.

სააკაშვილის ყოველდღიურ «ქადაგებებს» ჩვენი ელექტონული მედია რომ გვასმენინებს და გვაყურებინებს, ამასაც, როგორც გასართობ ატრაქციონს, ისე ვუდგებით. არ გვაშფოთებს. მე არ მინახავს არც ერთი ტელევიზიის წინ შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ვადაგასული პრეზიდენტის ტელევარსკვლავად ქცევის გამო. ეს, ჩემი აზრით, არც «დაბალანსებული პოლიტიკაა», არც ჭეშმარიტი დემოკრატია… უფრო მოდელირებულს ჰგავს.

_ ამნისტიით ციხიდან გამოსული დამნაშავეები დაამძიმებენ ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას?

_ ჩემი პასუხი დამყარებული იქნება იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და პროფესიონალების მიერ არის გამოწვლილვით გაანალიზებული.

ამნისტიით თუ რომელიმე სხვა სახელმწიფოებრივი აქტით გათავისუფლებულთა საერთო რაოდენობიდან ციხეებში ბრუნდებოდა 20-30 პროცენტი. ეს მაქსიმუმი იყო.

იმის შიშით, რომ პატიმარი თავისუფლდება, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება უარი ვთქვათ ამნისტიაზე, შეწყალებაზე, პატიმრობის ვადის გასვლისთანავე ადამიანის საპყრობილიდან გათავისუფლებაზეარ შეიძლება ჩვენი მასშტაბის ქვეყანას ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანები ჰყავდეს დამწყვდეული საპატიმრო ადგილებში.

ამიტომ მე მხარს ვუჭერ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ოღონდ გათავისუფლებულ ადამიანებს უნდა მიეცეთ რაღაც ფუნქცია, რათა გარიყულად არ იგრძნონ თავი. ესაა ახლა საზრუნავი, რადგან სწორედ ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებითაც მაქსიმალურად შევამცირებთ რეციდივების საშიშროებას, ანუ დამნაშავეობის გაზრდის შესაძლებლობას.

საზოგადოება შეიძლება «გაგებით მოეკიდოს», მაგრამ ვინც ამ საქმეზეა პასუხისმგებელი, ანუ ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელებდაკაპიწებულებმა უნდა იმუშაონ. თუ საჭიროება მოითხოვს, სპეციალური დანაყოფები და სამსახურებიც კი შექმნან.

ერთსაც ვიტყვი: ჩვენს დროს საპატიმრო ადგილებში უმძიმესი მდგომარეობა იყო, მაგრამ პატიმრის ცემა იშვიათი მოვლენა იყო. რატომ, რისთვის უნდა ეცემა ვინმეს პატიმარი, რომელიც ისედაც დასჯილი და საზოგადოებისგან იზოლირებული იყო?! იმას თავისი ჰყოფნიდა!

წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ოპერატიულ და რეჟიმის სამსახურებს და, გულწრფელად გეტყვით, ასეთი შემთხვევები ერთეული იყო. გამონაკლისი ყველგან არის და, შეიძლება, მაშინაც გვქონდა. საპატიმრო ადგილებში მუშაობის აქცენტი პატიმრების შრომით დასაქმებაზე იყო გადატანილი.

_ მოწმის ჩვენებისადმი, როგორც დანაშაულის დადგენის სამხილისადმი, თქვენი დამოკიდებულება როგორია?

_ როცა 200 კაცზე მეტს დაკითხავ და ყველა ერთსა და იმავეს ამბობს ერთ დანაშაულთან დაკავშირებით, ეს სარწმუნოდ მიმაჩნია, როგორც ეს იყო თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის შემთხვევაში.

მაგრამ ერთი მოწმის ჩვენებით ხუთ კაცს რომ უსჯიდნენ და ციხეებში აგზავნიდნენ დიდი ვადით, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, დაუშვებელია. ჩემს პრაქტიკაში მილიციის თანამშრომლის მოწმედ გაყვანა იშვიათი გამონაკლისი იყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებით არ შეიძლება გადაწყვიტო სამართალში მიცემულის ბედი. ამიტომ მივესალმები ჩვენი პროკურატურის მოქმედებას, რომელიც არ ჩქარობს დანაშაულის დამტკიცებას ნახევრადფაბრიკატული მტკიცებულებებით.

_ დღევანდელი მთავრობის წევრებს შორის, თქვენი აზრით, ვის მიიჩნევთ ყველაზე ღირსეულად?

_ იმედია, სხვები ცუდად არ გამიგებენ, მაგრამ ძალიან მომწონს ქალბატონი თეა წულუკიანი _ იუსტიციის მინისტრი. სიმტკიცესთან ერთად იგი ინარჩუნებს ჰუმანურობის გრძნობას. სასწაული ადამიანია. დიდი ხანია, ქართველებს ასეთი ხელმძღვანელი ქალბატონი არ გვყოლია.

დავასახელებ არჩილ კბილაშვილს _ საქართველოს მთავარ პროკურორს. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ ვუსმენ. იგი არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი, რომელიც აღჭურვილია სხვისი ბედის გადაწყვეტის უფლებით.

ძალიან მომწონს ბატონი დავით საგანელიძე. მასაც არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან მტკიცე კაცი და მართალი პიროვნებაა. ეს თვისებები უაღრესად საჭიროა ქვეყნის სათავეში მოსული ახალი ძალის წარმომადგენლებისთვის.

უკეთილშობილესი პიროვნებაა ქალბატონი ეკა ბესელია, რომელმაც დიდი ბრძოლა გადაიტანა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პარლამენტში ამნისტიის საკითხის გატანისთვის.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. _ ხოლო ბატონ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შეფასების უფლებას საკუთარ თავს არ მივცემ, _ თქვა საუბრის დასასრულს ბატონმა გრიგოლ შონიამ, _ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს პიროვნება ყოველთვის ცდილობს გულახდილი და გულწრფელი იყოს თავისი ხალხის წინაშე. ეს ღვთივ ბოძებული ნიჭია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here